“კავკასიური ცარცვის წრე”

ენის მოფხანა უფრო ადვილია, ვიდრე ტვინის განძრევა.

ჩინური ანდაზა

შევთანხმდეთ იმაზე, რომ “მედიის თავისუფლება” იმას კი არ ნიშნავს, რომ რომელიმე გაზეთს ან ტელევიზიას საკუთარი აზრი არ გააჩნდეს, არამედ იმას, რომ მოქალაქეებს შეუძლიათ მიიღონ ინფორმაცია სხვადასხვა წყაროდან და თუ სურვილი, დრო და შესაძლებლობა ექნებათ, თავად გამოიტანონ დასკვნები. შევთანხმდეთ იმაზეც, რომ მედია არა მარტო “მეოთხე ხელისუფლებაა”, არამედ იარაღიც საინფორმაციო ომში ამავე მოქალქეების აზრის ჩამოყალიბებაში, რომელიც ხანდახან ძალიან ჰგავს ტვინის გა(მო)რეცხვას. მიუხედავად ამისა, უმეტესობა მაინც ვთანხმდებით, რომ თავისუფალი და მრავალფეროვანი მედია, ცალკეული გაზეთის ან მაუწყებლის ხარისხის, მიკერძოებულობის, პროფესიონალიზმის მიუხედავად არის დემოკრატიული სახელმწიფოს ერთ-ერთი აუცილებელი წინაპირობა. ამიტომ მხარს ვუჭერ რუსთავი 2-ს, ისევე როგორც ნებისმიერ ტელევიზიას ან გაზეთს, რომლის უკანონოდ (თუნდაც კანონის ნიღბით) გაჩუმებას შეეცდებიან.

მოდი, ისიც ვიკითხოთ, რას ნიშნავს დღეს რუსთავი 2-ის მხარდაჭერა და რა საშუალება გვაქვს იმისათვის, რომ რუსთავი 2-ს მხარი დავუჭიროთ.

საქართველოს პოსტსაბჭოთა ისტორია ისე წარიმართა რომ, რომელიმე მთავრობის დაშვებული (და საზოგადოების ასე თუ ისე დიდი ნაწილის მიერ გამართლებული) შეცდომები ძალიან ძვირად დაგვიჯდა და დღესაც გვიჯდება. არჩევანი კანონიერებასა და რომელიმე მითიურ “გადაუდებელ აუცილებლობას” შორის, რომელიც უკანონობას ამართლებდა, სხვა, უფრო დიდ უკანონობას უთავისუფლებდა გზას. საკუთარი გამოცდილება რომ გავიხსენო, პრეზიდენტ გამსახურდიას წინააღმდეგ შეიარაღებული გამოსვლა, რომელსაც მაშინ, 16 წლის ასაკში, მხურვალედ მივესალმებოდი, იყო აშკარა შეცდომა და დანაშაული, რომლის შედეგებსაც დღემდე ვიმკით, მიუხედავად იმისა, რომ არც პრეზიდენტ გამსახურდიას, არც მისი პოლიტიკის მიმართ ჩემი უკიდურესად უარყოფითი დამოკიდებულება დღემდე არ შეცვლილა და არა მგონია, როდისმე შეიცვალოს.

საქართველოს თითქმის ყველა მთავრობა უშვებდა ერთსა და იმავე (საბედისწერო) შეცდომას, რომელიც პირდაპირ გვიჩვენებს, რომ საბჭოთა მემკვიდრეობა ჯერ არ დაგვიძლევია და ტოტალიტარული სახელმწიფოს ლოგიკით (თუმცა არა მისი შესაძლებლობებით) ვცხოვრობთ. ამ შეცდომას ჰქვია ძალაუფლების მონოპოლიზაცია, რომელიც მედიის კონტროლსაც გულისხმობს. ყველა მთავრობა თავისი უნარების და შესაძლებლობებისდა მიხედვით ცდილობდა, ხელისუფლება მთლიანად ხელში ჩაეგდო და შესაშური თანმიმდევრულობით იტეხდა ცხვირსა და კისერს. ყველაზე წარმატებული აღმოჩნდა ეფექტიანი მმართველობისათვის არაერთგზის შექებული “ნაციონალური მოძრაობა”, რომელმაც მართლაც მოახერხა დიდი ტელევიზიების უკანონოდ ხელში ჩაგდება და თავისი მხარდამჭერებისათვის კანონით შენიღბული გაუმჭვირვალე მექანიზმებით გადაცემა.

რუსთავი 2-მა ორჯერ შეიცვალა მესაკუთრე. ერთ-ერთი მათგანი გახლდათ არცთუ კრისტალური რეპუტაციის საქმოსანი ქიბარ ხალვაში, ყოფილი გენერალური პროკურორის, თავდაცვის, სხვათა და სხვათა მინისტრის, ირაკლი ოქრუაშვილის ახლობელი. ხალვაში, რომელიც ტელევიზიაზე კონტროლის დამყარებაში მაშინაც მთავრობის ინსტრუმენტად მოგვევლინა, დღესაც იმავე, მისთვის ჩვეულ ფუნქციას ასრულებს. ძალიან კორექტულად რომ ვცადო აზრის ჩამოყალიბება, არსებობს ეჭვი, რომ დღევანდელი მთავრობა (რომელიც უფრო ბიძინა ივანიშვილის ინტერესებს წარმოადგენს, ვიდრე ქართველი ამომრჩევლისა), ცდილობს რუსთავი 2-ის ხელში ჩაგდებას, ისევე, როგორც ეს მისმა წინამორბედმა მთავრობამ გააკეთა. ამ კონტექსტს კიდევ უფრო ამძიმებს რუსთავი 2-ის დამფუძნებელი მამის, ეროსი კიწმარიშვილის გამოუძიებელი მკვლელობა. რუსთავი 2 ამჟამად ერთადერთი დიდი მაუწყებლობაა, რომელიც ღარიბაშვილის (წაიკითხე: ივანიშვილის) მთავრობას აკრიტიკებს და მოქალაქეებს “არაოფიციალური” ინფორმაციის მიღების საშუალებას აძლევს, რისთვისაც არაერთხელ გამხდარა ოლიგარქის და მისი მთავრობის კრიტიკის და თავდასხმის საგანი.

ახლა კი განვიხილოთ (არც თუ სახარბიელო) ფაქტები. ქიბარ ხალვაშს, როგორც რუსთავი 2-ის ყოფილ მესაკუთრეს, აქვს უფლება, მიმართოს სასამართლოს ტელეკომპანია რუსთავი 2-ში საკუთარი წილის დასაბრუნებლად. როგორც იურისტები ამბობენ, ასეთ შემთხვევაში ქონების დაყადაღება ჩვეულებრივი სასამართლო პრაქტიკაა, თუმცა, “მაღალი საზოგადოებრივი ინტერესებიდან” და სიტყვის თავისუფლების დაცვის აუცილებლობიდან გამომდინარე, მოსამართლეს, სავარაუდოდ, შეეძლო ტელევიზიის ქონება არ დაეყადაღებინა. მისი მოქმედების შეფასება ჩემს კომპეტენციას სცილდება და ამიტომ პასუხისათვის იურისტებს უნდა მივმართო.

ალბათ არავის, მათ შორის არც ქიბარ ხალვაშს, სჯერა, რომ ეს ჩვეულებრივი ქონებრივი დავაა და ამას საერთო არაფერი აქვს რუსათვი 2-ისა და ივანიშვილ-ღარიბაშვილის მთავრობის კონფლიქტთან. მიუხედავად ამისა, ალბათ მაინც, კიდევ ერთხელ, უნდა ვიკითხოთ, რა მექანიზმებით უნდა დავიცვათ რუსთავი 2, რომელიც ამ კერძო შემთხვევაში, კიდევ ერთხელ გახდა მედიის თავისუფლების სიმბოლო. რა შეიძლება მოგვცეს მხარდაჭერის მრავალრიცხოვანმა დეკლარაციებმა, ქუჩაში გასვლამ, მიტინგებმა? ვის წინააღმდეგ უნდა იყოს ეს აქციები მიმართული? ქიბარ ხალვაშის? და ქიბარ ხალვაში, ამ მიტინგებით და დეკლარაციებით შეწუხებული, სარჩელზე უარს იტყვის? მთავრობის წინააღმდეგ, რომელიც რუსთავი 2-ზე შეტევის ნამდვილი ავტორია (კორექტულობისათვის დავუმატებ სიტყვას “სავარაუდოდ”), რომელიც მაშინვე გადაგვამისამართებს ქიბარ ხალვაშთან დავის კერძო ბუნებაზე მითითებით? სამწუხაროდ ამ შეკითხვებზე პასუხი არც მე მაქვს და ჯერ-ჯერობით ვერც სხვისგან მოვისმინე.

ძალიან გაგვიჭირდება იმის გამოსწორება, რომ საქართველოში არსებობდა (და არსებობას განაგრძობს) მედიაზე თავდასხმის და საეჭვო მეთოდებით მესაკუთრეთა ცვლილების პრაქტიკა მოქმედი მთავრობის ინტერესებიდან გამომდინარე. რა გზებს ვხედავთ და რა მექანიზმები გვაქვს იმისათვის, რომ ეს პრაქტიკა ერთხელ და სამუდმოდ დასრულდეს, ამოიძირკვოს და ჩაბარდეს წარსულს? გადავაბაროთ ეს პროცესი სასამართლოს, რომელიც დაადგენს კანონიერ მფლობელებს? თუ მივიღოთ გადაწყვეტილება სტატუს კვოს შენარჩუნების, დროის და სივრცის ამ კონკრეტული წერტილიდან გაგრძელების და, შესაბამისად, წარსული შეცდომების და დანაშაულის დავიწყების, ამნისტირების შესახებ? საბოლოო ჯამში, სწორედ ამ შეკითხვას უნდა ვუპასუხოთ.

გვაქვს თუ არა რაიმე ორიენტირი ისეთი გადაწყვეტილებისთვის, რომლის თაობაზეც მეტ-ნაკლებად იქნება მიღწეული კონსენსუსი? ასეთი ორიენტირი ორია და ორივე - ამ კონკრეტულ შემთხვევაში - უკიდურესად პრობლემური, რაც სულაც არ ხდის რუსთავი 2-ის საქმეს ისეთ მარტივს და ტრივიალურს, როგორც ეს ჩვენს გულში მჯიღის ცემის მოყვარულ მოღვაწეებს წარმოუდგენიათ ხოლმე. ერთი ორიენტირი არის სამართალი, ხოლო მეორე, ქვეყნის გრძელვადიანი ინტერესები, რის განმარტებაც, თავისთავად სულაც არაა მარტივი საქმე. ამ შემთხვევაში სახელმწიფო ინტერესებში მედიის თავისუფლების უზრუნველყოფას ვგულისხმობ. ასეთი დილემის მაგალითია რუსთაველის ცნობილი აფორიზმი “ქმნა მართლისა სამართლისა ხესა შეიქმს ხმელსა ნედლად”. ამ თვალსაზრისით, ნესტან-დარეჯანი “ამართლებს თავისი საქმროს, ხვარაზმშას შვილის, მკველელობას (ანუ აშკარა დანაშაულს), უფრო მაღალი, უზენაესი სამართლის პოზიციიდან, რომელსაც მკვდრის გაცოცხლება, ანუ სასწაულის მოხდენა შეუძლია.

თუ ვიტყვით, რომ სტატუს კვოზე უნდა შევთანხმდეთ, ამისათვის მარტო საზოგადოებრივი აზრი არ არის საკმარისი, საჭიროა კანონი, რომელიც ამ სტატუს კვოს დააკანონებს. ეჭვი მეპარება, რომ “სამართლიანობის აღდგენის” ლოზუნგით მოსულ მთავრობას, რუსთავი 2-ის ხელში ჩაგდების სურვილი რომც არ ამოძრავებდეს, აღმოაჩნდეს ასეთი კანონის მიღების პოლიტიკური ნება. თუკი ჩვენ რაიმე გონიერი პროტესტის ფორმა გვინდა რუსთავი 2-ის დასაცავად, მაშინ სწორედ ასეთი კანონის მიღება უნდა მოვითხოვოთ, რომელიც, ცხადია, მარტო რუსთავი 2-ს არ შეეხება. მაგრამ ამასთანავე უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენ, ფაქტობრივად, მედიის თავისუფლებას ამ შემთხვევაში საკუთრების უფლებაზე წინ დავაყენებთ და პრობლემის ისეთ გადაჭრას ვითხოვთ, რომელიც ბევრ მოქალაქეს უშუალოდ დააზარალებს, კიდევ უფრო მეტს უკმაყოფილოს დატოვებს და, სავარაუდოდ, არ მოგვცემს იმ სამართლებრივ მშვიდობას, რომელიც ასე ძალიან გვჭირდება. თუკი პირიქით, გადავწყვეტთ, რომ მხარი დავუჭიროთ მესაკუთრეთა უფლებების დაცვას და წარსულ მთავრობათა ყველა საეჭვო გარიგების გამოძიებას, თეორიულად როდისმე მივიღებთ სამართლებრივ მშვიდობას, მაგრამ პრაქტიკულად წავაწყდებით პრობლემას, რომ ასეთ გამოძიებას მოქმედი მთავრობები საკუთარი არალეგიტიმური ინტერესების გატარებისათვის გამოიყენებენ. ჭადრაკის ენაზე ასეთ პოზიციას ცუგცვანგი ჰქვია, როცა ყოველი სვლა წამგებიანია.

ერთი შესაძლო გამოსავალი, რომელიც შეიძლებოდა მეტ-ნაკლებად მისაღები ყოფილიყო ყველასთვის როგორც კანონიერების, ისე სახელმწიფო ინტერესების თვალსაზრისით, იქნებოდა მესაკუთრეთა სტატუს კვოს შენარჩუნება (როგორც რუსთავი 2-ის ისევე სხვა შემთხვევებში, იმიტომ რომ ასეთი გადაწყვეტილება ვერ იქნება გამონაკლისი), ოღონდ იმ პირობით, რომ მოდავე მხარეს (ყოფილ მესაკუთრეს) სახელმწიფო სასამართლო გადაწყვეტილების შესაბამისად კომპენსაციას გადაუხდის. ასეთი (ან, ყოველ შემთხვევაში, მსგავსი) პრაქტიკა არსებობდა მაგ. ყოფილი სოციალისტური ბანაკის ქვეყნებში. ამით გამოირიცხებოდა მედიის თავისუფლების პოლიტიკური შეზღუდვა და დაზარალებული მხარეც სამართლიან კომპენსაციას მიიღებდა. არ მაქვს პრეტენზია ვამტკიცო, რომ ეს გადაწყვეტილება ოპტიმალური ან ყველაზე სამართლიანია, მაგრამ შესაძლო ნამდვილად არის.

თუკი არ იქნა კანონი, რომელიც სტატუს კვოს დააკანონებს, რაც არ უნდა სამწუხარო იყოს, გვინდა თუ არ გვინდა, ვერაფრით მოვითხოვთ და რომც მოვითხოვოთ, ვერაფრით შევაჩერებთ სასამართლო პროცესს, რომელიც რუსთავი 2-ის კანონიერი მესაკუთრის საქმეს განიხილავს. ცხადია, რომ ეს პროცესი რუსთავი 2-ს დღევანდელი ფორმით უკიდურესად დაუცველს გახდის და რომ ეს მძიმედ დაარტყამს მედიის თავისუფლებას და ჯერ კიდევ ძალიან სუსტ თავისუფალ საჯარო სივრცეს.

შესაბამისად, თუ ჩვენი გრძელვადიანი მიზანი თავისუფალი საჯარო სივრცის დაფუძნება/შენარჩუნებაა სამართლიანობისა და სამართლებრივი მშვიდობის დაცვით, მის განსახორციელებლად პოლიტიკური ინსტრუმენტები არ ან ძალიან ცოტა გვაქვს. როგორც ისტორიამ და გამოცდილებამ გვაჩვენა, არცერთი პოლიტიკური ძალა არაა დაინტერესებული ჩართული, დელიბერატული დემოკრატიული სამართალწესრიგის შექმნაში. ერთადერთი სუსტი, მაგრამ რეალური ინსტრუმენტი, რომელიც მოქალაქეს, სუსტ სამოქალაქო საზოგადოებას რჩება ხოლმე, საერთაშორისო ყურადღების მობილიზება და მომავალი არჩევნებია. რუსთავი 2-ზე კონტროლის დამყარება კი სწორედ ამ არჩევნებში მედიური უპირატესობის მოპოვებაზეა მიმართული. წრე კიდევ ერთხელ და მერამდენედ იკვრება. ჩემი მოკრძალებული აზრით, ამ წრეს ვერც რომელიმე მითიური, ჯერ დაუბადებელი და ბაზალეთის ტბის ძირას აკვანში მწოლიარე მესამე ძალა ვერ გაარღვევს. მოქალაქეებმა მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ ის ინსტრუმენტები, რომლებიც გვაქვს. ამ წუთისათვის აშკარაა, რომ კოალიცია თუ პარტია “ქართულ ოცნებას”, რომელმაც წარუმატებელ პოლიტიკასთან ერთად დემოკრატიული რესპუბლიკის საწყისების შერყევით დემოკრატიულობის ნიღაბი საბოლოოდ ჩამოიხსნა, შემდეგ არჩევნებზე მთავრობის შექმნის თეორიული შესაძლებლობაც არ უნდა მიეცეს. მთავრობის ცვლა ამ წუთისათვის ჩვენი, მოქალაქეების ინტერესების დასაცავი ერთადერთი რეალური ინსტრუმენტია.