პოლიტიკური ტრანსფორმაციის ოთხი ელემენტი

მკითხველს წინასწარ უნდა მოვუხადო ბოდიში იმის გამეორებისათვის, რაც მას, სავარაუდოდ, ისედაც შესანიშნავად მოეხსენება. მაგრამ ისეთი შთაბეჭდილება მექმნება, რომ ხანდახან შეიძლება რაღაც იცოდე, მაგრამ მაინც ვერ ან არ აკეთებდე, ამიტომაც კარგად ცნობილის გამეორება, შესაძლოა, მაინც სასარგებლო იყოს.

I.
საქართველო, როგორც ბოლო დროს სჩვევია, ორ განსხვავებულ რეალობაში ცხოვრობს. ერთ რეალობაში დაემხო სააკაშვილის "სისხლისმსმელი რეჟიმი". მეორეში პირველად საქართველოს ისტორიაში (ნუ კარგი, მეორედ) მოხდა ხელისუფლების მშვიდობიანად გადაბარება. ერთ რეალობაში სისხლიანი რეჟიმის მესვეურებს ნიურნბერგის პროცესი უნდა მოუწყონ, მეორე რეალობაში საპარლამენტო უმრავლესობამ საპარლამეტო უმცირესობასთან ერთად ქვეყნის საკეთილდღეოდ უნდა ითანამშრომლოს. ამ ორ რეალობას ერთმანეთთან იოლად ვერ შეათანხმებ. მაგალითად, პირველ რეალობაში, თუ დაიჭერ, ვთქვათ, სისხლიანი რეჟიმის მიერ სიზმრებრივ სწრაფად გაგენერლებულ გენერალური შტაბის უფროსს, მეორე რეალობაში საყვედურს მიიღებ ნატოს გენერალური მდივნისაგან პოლიტიკური ოპონენტების დევნისთვის. მეორე რეალობაში ყოფნას თუ გადაწყვეტ და წინა მთავრობის ყველა მოხელე-ჩინოვნიკს ერთიანად ვირის აბანოში არ ამოაყოფინებ თავს, მაშინ მომხრეთა დიდი ნაწილი, რომელმაც პური ჯერ ვერ მიიღო, სეირსაც თუ ვერ მიიღებს (მაგალითად ისეთს, როგორსაც საქართველოს კულტურის მინისტრის ერთ-ერთი მოადგილე გვპირდება), ძალიან გაბრაზდება. საქართველოს ახალი მთავრობის ერთი მხრივ სიფრთხილე, ბოლოს და ბოლოს იკისროს პასუხისმგებლობა და დაიწყოს პოლიტიკური გეგმის განხორციელება, მეორე მხრივ კი იმპულსურობა წინა მთავრობის მომხრეთა უხეირო დაჭერებში (პარადოქსულია, მაგრამ ასეა), ჩემი აზრით, სწორედ იქიდან მომდინარეობს, რომ ის ხან ერთ კურდღელს მისდევს, ხანაც მეორეს.

პირველი კუდღლის დევნა, რომელსაც „კბილი კბილისა წილ“ ჰქვია, ფაქტიურად ნიშნავს იმ რევოლუციას, რომელზეც „ქართულმა ოცნებამ“ არჩევნებამდე თითქოს უარი გამოაცხადა და აბათილებს ხელისუფლების მშვიდობიანად გადაბარების ყველა უპირატესობას.

ეს უპირატესობა კი იმაში მდგომარეობს, რომ კიდევ ერთხელ მოგვეცა საქართველოს თავიდან დაფუძნების შესაძლებლობა (შესაძლებლობა, რომელიც ნაციონალურმა მოძრაობამ ცხრა წლის განმავლობაში ვერ და არ გამოიყენა), არა როგორც ერთპარტიულად მართული ჰიბრიდული ქვეყნისა, არამედ როგორც მრავალპარტიული დემოკრატიის. ნებისმიერი დაფუძნება, მათ შორის ესეც, რევოლუციურ მომენტს გულისხმობს, ოღონდ ეს რევოლუცია განსხვავდება იმ რევოლუციისაგან, რომელიც ერთ ხელისუფლებას მეორით ანაცვლებს, ხოლო „სისტემას“ (რომელიც თითქოს უნდა დანგრეულიყო) - ხელუხლებელს ტოვებს. ნებისმიერი ხელისუფლება, რომელიც უკანონობას სჩადის იმ მოტივით, რომ ამას წინა ხელისუფლებაც აკეთებდა და ამ უკანონობას წინა ხელისუფლების წარმომადგენელთა ბრძოლის ინსტრუმენტად იყენებს, იმ სისტემის რეპროდუქციას ახდენს, რომელსაც თითქოს თავად ებრძოდა. ეს შეცდომა დაუშვა ნაციონალურმა მოძრაობამ ცხრა წლის წინ, იმავე შეცდომას იმეორებს „ქართული ოცნება“ დღეს. რევოლუციურობა, რომელიც ახალ დაფუძნებას ახლავს თან, გულისხმობს რადიკალურ ცეზურას ძველსა და ახალს შორის; თავიდან დაწყებას; ახალ პრინციპებს; იმდენად ახალს, რომ დღევანდელი და გუშინდელი ადამიანი ერთი და იგივე აღარ იქნება.

ძველსა და ახალს შორის განსხვავების პატარა მაგალითი გასულ კვირაში ვნახეთ: ნატოს გენერალური მდივნის (და არა მარტო მისი) კრიტიკა (შეშფოთება, გაფრთხილება) „პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებების გამო“ ნამდვილად არ არის ნაციონალური მოძრაობის ლობისტური ჯგუფების დამსახურება, როგორც ეს მიამიტურად ჰგონიათ ზოგიერთებს. უბრალოდ, ხელისუფლების მშვიდობიანად, არჩევნების შედეგად გადაბარების შემდეგ საქართველოს დემოკრატიული სახელმწიფოს სტანდარტებით ზომავენ. ახლა უკვე მთავრობის ხელშია, რას იზამს: გააგრძელებს ყველაფერს, რის გამოც ის აკრიტიკებდა ნაციონალურ მოძრაობას და ახლა გაოპოზიციონერებული ნაციონალური მოძრაობა აკრიტიკებს მას, ქარს გაატანს ნდობის კრედიტს თუ მას კონკრეტულ სიკეთეებად (მაგალითად, MAP-ის მოპოვებად) გადააქცევს.

II.
„ქართული ოცნების“ პირველი ნაბიჯები - სააკაშვილის მომხრეთა დაჭერები (უფრო ფორმა, მაგრამ შინაარსიც) - გვიჩვენებს, რომ პოლიტიკურ ტრანსფორმაციამდე, რომლის იმედიც ხელისუფლების არჩევნებით შეცვლამ მოგვცა, ჯერ კიდევ ძალიან ბევრი გვაკლია.

ვინ არის ამ პოლიტიკური ტრანსფორმაციის მატარებელი? წინა მთავრობას ჰქონდა ამბიცია (დავამატებდი - თავხედობაც!), რომ პოლიტიკური ტრანსფორმაციის მატარებლად მხოლოდ თავისი თავი მიეჩნია. მისი წინასაარჩევნო ლოზუნგი - „მეტი სარგებელი ხალხს“ - ქვეცნობიერად (ვიცი, რომ ნაციონალურ მოძრაობაში ფსიქოანალიზს არ ცნობენ, მაგრამ ეს მათ ქვეცნობიერისაგან მაინც ვერ გაათავისუფლებს) იმაზე მიგვანიშნებდა, რომ სარგებელს იქამდე ძალიან პატარა ჯგუფი იღებდა. ნაციონალური მოძრაობის პროექტის წარუმატებლობამ გვიჩვენა, რომ „ელიტარული მოდერნიზაცია“ XXI საუკუნეში (XX საუკუნისაგან განსხვავებით) აღარ მუშაობს. არ მუშაობს იმიტომ, რომ დისტანცია „ელიტასა“ და გასამოდერნიზებელ „ხალხს“ შორის (განათლების და, თუნდაც, მატერიალური რესურსების თვალსაზრისით) უკიდურესად არის შემცირებული. დღევანდელ ხალხს მეტი ინტერესი და საშუალება აქვს, მონაწილეობა მიიღოს პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღებაში, ვიდრე 70 წლის წინ ექნებოდა.

გამოცდილებამ გვასწავლა, რომ რაც უნდა დიდი ნდობით იყოს აღჭურვილი მთავრობა, რაც უნდა დიდი მხარდაჭერა ჰქონდეს, მას (მარტო) არ შესწევს მოდერნიზაციის ძალა. მოდერნიზაციას, სულ ცოტა, კიდევ სამი რამ სჭირდება.

პირველი (ეს თანმიმდევრობა მაინცდამაინც იერარქიას არ გულისხმობს) პოლიტიკური ოპოზიციაა. გასაკვირია, როდესაც ახალი მთავრობის მინისტრები გვეუბნებიან, რომ „ქართულმა ოცნებამ“ არა მარტო აღმასრულებელი ხელისუფლება დააკომპლექტა, არამედ საკანონმდებლო ხელისუფლებაც და სწორედ აქედან გამოაქვთ დასკვნა, რომ ოპოზიციამ, როგორც წაგებულმა, ახლა გამარჯვებულს უნდა აცალოს. საკანონმდებლო ხელისუფლებას საქართველოში დღეს ორი პარტია ქმნის და საპარლამენტო უმცირესობის ფუნქცია შემდეგ არჩევნებამდე მოცდა ნამდვილად ვერ იქნება. ოპოზიციისათვის ოპონირების შესაძლებლობის ჩამორთმევა სწორედ იმ ერთპარტიული ხელისუფლების გაგრძელება იქნება, რომელიც ასე არ მოგვწონდა ნაციონალური მოძრაობის (და მისი წინამორბედების) დროს. მეორე მხრივ, აშკარა დემაგოგიაა ნაციონალური მოძრაობის მიერ ისეთი რაღაცების გაპროტესტება, რასაც ის თვითონ ამკვიდრებდა და აკრიტიკებდა უკანასკნელი ცხრა წლის განმავლობაში. ჩემი მოკრძალებული აზრით, თუკი „ქართულ ოცნებას“ და ნაციონალურ მოძრაობას კიდევ რამე ინტერესი დარჩათ საკუთარი ვიწროპარტიული ან ვიწრობლოკური ინტერესის გარდა, ერთადერთი შესაძლებლობა, ქვეყნის ინტერესებში, არა მარტო ძაღლი და კატასავით თანა-ცხოვრებაა, არამედ თანამშრომლობაც. ეს თანამშრომლობა იმას კი არ გულისხმობს, რომ მხარეებმა თავიანთი პოლიტიკური შეხედულებები უნდა შეუთანხმონ ერთმანეთს, არამედ გულისხმობს შეთანხმებას თამაშის ახალ წესებზე, ისეთზე, რომელიც ხელისუფლების მშვიდობიანი გადაბარების შემდეგ წარმოშობილმა რეალობამ მოიტანა. ახალი წესები წარსულის შეფასებას და აქედან გამომდინარე შეთანხმებას გულისხმობს: მაგალითად, ნაციონალური მოძრაობის ცხრაწლიანი მოღვაწეობის შეფასებას (თუნდაც გაფართოებული საპარლამენტო კომისიის მიერ, რომელშიც სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებიც შევლენ). ასეთი შეფასება კონსენსუსს უნდა წარმოადგენდეს იმის შესახებ, რა იყო კარგი და რა იყო ცუდი, რა უნდა გაგრძელდეს და რა არ უნდა განმეორდეს არაფრის დიდებით. ნაციონალური მოძრაობისაგან ეს კეთილ ნებას და (მისთვის) არცთუ ისე სასიამოვნო თვითანალიზსს მოითხოვს. მეორე მხრივ, კი „ქართულმა ოცნებამ“ ხელი უნდა აიღოს ოპოზიციის განადგურების ნებისმიერ მცდელობაზე და იმოქმედოს ისე, რომ პოლიტიკური დევნის ეჭვიც არ გააჩინოს. კარგად მესმის, რომ ეს მოთხოვნა ორივე მხარის მიმართ ილუზიის ზღვარზეა, მაგრამ მთლად შეუძლებელიც არაა.

მეორე: ის, რომ ნებისმიერ სახელმწიფოს აქვს საბოლოო პოლიტიკური მიზანი, რომელიც არ არის დამოკიდებული მთავრობის ცვლილებაზე, ცალკე აღსანიშნავი არ არის. ამ მიზნის მიღწევა შეუძლებელი იქნება სახელმწიფო სამსახურში გარკვეული თანმიმდევრობის გარეშე: თუ ყოველი ახალი მთავრობა ყველა სამინისტროში გამოცვლის არა მარტო მინისტრებსა და მათს მოადგილეებს, არამედ ჩინოვნიკებსაც, და ახალ მოხელეებს დანიშნავს არა პროფესიონალიზმის, არამედ მის მიმართ ლოიალობის ნიშნით, ქვეყანა ვერასოდეს გამოვა მოჯადოებული წრიდან. ეს მოჯადოებული წრე კი რომელიმე მთავრობამ ნამდვილად უნდა გაარღვიოს. როდისმე უნდა დაიწყოს სახელმწიფო მოხელეების, ჩინოვნიკების, მასწავლებლების, პოლიციელების, სამხედროების დეპოლიტიზაცია - ამ ხალხის საკუთარ ინტერესებში გამოყენება იყო სააკაშვილის მთავრობის ერთ-ერთი უდიდესი შეცდომა, რომელიც ძალიან ძნელი გამოსასწორებელია და რომელზეც მისი მომხრეები (რუსეთის გარდა, ტრადიციულად, ვერც ერთ სხვა პრობლემას რომ ვერ ხედავენ) თვალებს ხუჭავენ.

მესამე: უკანასკნელი 21 წლის განმავლობაში პოლიტიკური კლასის რეპუტაცია გვარიანად შეილახა. პოლიტიკით (პარტიული პოლიტიკის გაგებით) იმედგაცრუება მარტო ქართული პრობლემა არ არის, ეს, ზოგადად, XXI საუკუნის პრობლემაცაა. გააქტიურებული ხალხი პოლიტიკურ გადაწყვეტილებებში თანამონაწილეობას მოითხოვს. პრობლემა ის არის, რომ ხალხს ამის ინტერესი და საშუალება კი აქვს, მაგრამ საამისო უნარი აკლია. ხოლო პოლიტიკური გამოხატვის, არტიკულირების უნარი მართლაც რომ აკლია, კარგად დაგვანახა ნატოს გენერალური მდივნის, ანდერს ფოგ რასმუსენის „ფეისბუკის“ გვერდზე ატეხილმა კორიანტელმა: ჩვენი თანამემამულეები ცდილობდნენ, აზრი გამოეხატათ, მაგრამ ხშირად სხვა რამე გამოსდიოდათ.

დილემა იმაში მდგომარეობს, რომ, ერთი მხრივ, საქართველოსნაირ ქვეყნებში წარმომადგენლობითი დემოკრატიის ტრადიციული ინსტრუმენტები საკმარისი (აღ)არ არის. საკმარისი არ არის იმიტომ, რომ ეს ინსტიტუტები, ისევე, როგორც კონსტიტუცია, მზა რეცეპტითა გვაქვს მიღებული და ჩვენთვის ჯერ ვერ გახდა ტრადიციული. ტრადიციული კი იმიტომ ვერ გახდა, რომ არსებობს აცდენა, ვთქვათ, პოლიტიკურ ფორმას, კონსტიტუციასა და საზოგადოების მოთხოვნილებებს შორის, რომელსაც ეს კონსტიტუცია და პოლიტიკური ფორმა წესით უნდა გამოხატავდეს. ჩვენ ჯერ პოლიტიკური ფორმა და კონსტიტუცია მივიღეთ, ახლა კი ვცდილობთ ამ ფორმას როგორმე მოვერგოთ. უფრო ტრადიციულ სახელმწიფოებში ეს პირიქით ხდებოდა: პოლიტიკური ფორმა და კონსტიტუცია საზოგადოების ინტერესების გამომხატველი იყო და მის თარგზე იყო მოჭრილი.

ეს გზა (რომელიც მოკლე არ იქნება) ჩვენ ჯერ კიდევ გასავლელი გვაქვს. მაგალითად, უკვე მივხვდით, რომ საპარლამენტო რესპუბლიკა ჩვენთვის უკეთესია, ვიდრე საპრეზიდენტო. მაგრამ როგორ უნდა მოახდინოს საზოგადოებამ საკუთარი ინტერესების არტიკულირება? თუ იმ გზით იარა, რომლითაც რასმუსენის კედელს მიადგა, კარგს ვერაფერს ვნახავთ. ჩემი აზრით, აუცილებელი გზა, რომელიც საქართველომ უნდა გაიაროს, ორგანიზებული მოქალაქეები - ანუ სამოქალაქო საზოგადოებაა. რაც უფრო მეტად მოახერხებს საქართველოს მოსახლეობა ორგანიზებას, მით უფრო მეტ და პირდაპირ გავლენას მოახდენს ის პოლიტიკაზე. მაგალითად, ტაქსის მძღოლების პროფკავშირი თუ იარსებებს, ფირმის მფლობელი ტაქსისტს კვირაში 7 დღის განმავლობაში 12 საათს ან მეტს ვერ ამუშავებს იმიტომ, რომ ამ პროფკავშირს შეეძლება შრომით კანონმდებლობაზე გავლენის მოხდენა. თუ გაძლიერდება მომხმარებელთა კავშირი, სუპერმარკეტები ვეღარ გაყიდიან უხარისხო პროდუქტებს, თუ ძლიერი გარემოსდაცვითი ორგანიზაციები გვეყოლება, გარემოს დაცვის სამინისტრო ვეღარ გაბედავს იშვიათი ჯიშის ცხოველებზე ნადირობის ლიცენზიის გაცემას და ა.შ.

მოკლედ, პოლიტიკურ ტრანსფორმაციას ოთხი ელემენტი სჭირდება: ძლიერი და დამოუკიდებელი მთავრობა, ოპოზიცია, სახელმწიფო მოხელეები და სამოქალაქო საზოგადოება (რომლებიც სახელმწიფოს თანმიმდევრულობას უზრუნველყოფენ პოლიტიკური აქტიურობის ფონზე). მეხუთე ელემენტად შეგვიძლია მივიჩნიოთ ბიზნესი, მაგრამ ეგ ცალკე ისტორიაა. ამიტომაც, ნებისმიერ მთავრობას, დაინტერესებულს იმ ქვეყნის გაძლიერებით, რომელსაც მართავს, უნდა აინტერესებდეს არა დანარჩენი ელემენტების შესუსტება და მოსპობა, არამედ მათი დამოუკიდებლობის გაძლიერება.