კიდევ ერთხელ სეკულარიზმზე

ბერძნულ-რომაული რელიგიები, რომლებსაც ცოტა აგდებულად პოლითეისტურ რელიგიებს უწოდებენ, ინკლუზიური რელიგიები იყო. ინკლუზიური რელიგიის „გადმოსახედიდან“ კი, ანტიკური ხანის რომაელისათვის, სამყარო ნაკლებად მანიქეური იყო, ვიდრე მონოთეისტი ებრაელისათვის. რომაელი, რომელიც მიიჩნევდა, რომ იუპიტერი მისი ღმერთი იყო, არ თვლიდა ბერძენს ერეტიკოსად იმის გამო, რომ „სადღაც“ ათენში იუპიტერის მაგივრად „ვიღაც“ ზევსის ქანდაკება იდგა (ზოგადად ანტიკური ხანის როგორც რომაელისთვის, ისე ათენელისთვის, ცნება ერეტიკოსი უცხო გახლდათ). ისევე, როგორც რომაელი თვლიდა, რომ ზევსი და იუპიტერი ერთი და იგივე ღმერთი იყო, ასევე ათენელი მიიჩნევდა, რომ ეგვიპტელების ღმერთი ამონი იგივე ზევსი იყო. მხოლოდ ებრაელები უყურებდნენ სამყაროს სხვაგვარად, რაც ხშირად ხდებოდა მიზეზი კონფლიქტისა არა მარტო რომაელებთან და ბერძნებთან, არამედ ზოგჯერ სხვა, ე.წ. „ერეტიკოს“ ებრაელებთანაც კი (შემთხვევითი არ არის, რომ მითი ბაბილონის გოდოლის შესახებ ბიბლიაში მოხვდა). მოგვიანებით ებრაელებს დაემატნენ ჯერ ქრისტიანები და შემდეგ მუსულმანები.

იუდაიზმი, ქრისტიანობა და ისლამი - სამივე ექსკლუზიური რელიგიებია. ამ რელიგიების მიხედვით, ყოველ რელიგიურ ან კონფესიურ თემს აქვს თავისი დადგენილი საზღვრები და ამ საზღვრებს გარეთ დარჩენილი სხვა თემი მიეკუთვნება ერეტიკოსთა და ბიწიერთა საზოგადოებას. ექსკლუზიური რელიგიების ეპოქიდან მოყოლებული ერთი ადამიანი მეორეს კლავს არა იმიტომ, რომ იგი მისი მტერია, არამედ იმიტომ, რომ მეორე ისე არ ფიქრობს როგორც პირველი. აქედან გამომდინარე ამ სამ რელიგიაში ღმერთის შესახებ მთელი მეცნიერება ხშირად სხვა არაფერია, თუ არა კონფლიქტი ღმერთებს შორის და ომი ხალხებს შორის.

დღეს ჩვენ გვავიწყდება, რომ სიტყვა რელიგია მოდის ლათინური სიტყვიდან religio და მას ორი ეტიმოლოგიური საფუძველი აქვს: relegere და religere. თუ პირველი ნიშნავს ფეხზე დგომას, თვალების ცისკენ აღმართვას, მეორე ნიშნავს დაკავშირებას, სხვასთან გაერთიანებას. პირველი ეტიმოლოგიური საფუძველი ვერტიკალურია, ხოლო მეორესი - ჰორიზონტალური. თუ პირველის საშუალებით ადამიანი ცდილობს შეიცნოს უხილავი და ტრანსცენდენტული, მეორე მას საშუალებას აძლევს სხვებთან ერთად შექმნას ერთიანი სოციალური სხეული, რაც, თავის მხრივ, სამოქალაქო მშვიდობის საწინდარია. ვინაიდან ექსკლუზიური რელიგიები ზუსტად ამ მეორე, ჰორიზონტალურ ნაწილს აყენებდნენ საფრთხის ქვეშ, ერთ მშვენიერ დღეს დასავლეთში გადაწყვიტეს, რომ სასულიერო და საერო საბოლოოდ გაემიჯნათ ერთმანეთისაგან, რათა სამოქალაქო მშვიდობა არ დარღვეულიყო.

ის დასავლელი პოლიტიკოსები, რომლებმაც საკუთარ ქვეყნებს სეკულარიზმი მოახვიეს თავს, ძალზედ ხშირად მორწმუნეები იყვნენ. მაგრამ მორწმუნეობასთან ერთად ისინი პრაგმატიკოსი პოლიტიკოსები გახლდნენ და იცოდნენ, რომ უპრიანია საკუთარ რელიგიურ აზრებს „პირზე ხმის ჩამხშობი ჩამოაცვან“, რათა სახელმწიფოში სამოქალაქო მშვიდობას და, აქედან გამომდინარე, საკუთარ მმართველობას „წყალი არ შეუყენონ ქვეშ“. ასე რომ, რიგორისტული სეკულარიზმი არც ვინმეს ახირებაა და არც შეთქმულებაა რაიმე ინსტიტუციის წინააღმდეგ. იგი უბრალოდ სამოქალაქო მშვიდობისათვის აუცილებელი „საარსებო მინიმუმია“.