ბურკინისგან გადაღლილი ღმერთი

„მსოფლიო მასშტაბის არეულობები აუცილებლად ტოვებენ კვალს პარიზზე. მსოფლიოს ეს ეპიცენტრი ადვილად იღებს დაბეჟილობებს და სილურჯეებს. და რატომ იპყრობდა და იპყრობს საუკუნეების მანძილზე პარიზი ასეთ ყურადღებას? იმიტომ, რომ ეს არის სეკულარისტების ზეციური ქალაქი. „როგორც ღმერთი საფრანგეთში“ - ამ გამოთქმას ხმარობდნენ აღმოსავლეთევროპელი ებრაელები საკუთარი სრული ბედნიერების გამოსახატად. მე წლების განმავლობაში ვიტეხდი თავს ამ ებრაული გამონათქვამის გამო და ვთვლი, რომ ახლა მოვიძიე ჭეშმარიტი ახსნა-განმარტება: ღმერთი მართლაც რომ იქნებოდა სრულიად ბედნიერი საფრანგეთში, ვინაიდან მას არ შეაწუხებდნენ არც მლოცველები და არც მარხვის დამცველები. საფრანგეთში ღმერთს ასევე თავს არ შეაწყენდნენ მორწმუნეები კურთხევის ან მარხვის გამო არსებული აკრძალვების რთული საკითხების ინტერპრეტაციის მოთხოვნით. ასე რომ, ურწმუნოებით გარშემორტყმული ღმერთი საღამოს დამდეგს კარგად დაისვენებდა, როგორც ეს ათასობით პარიზელს სჩვევია გააკეთოს თავის საყვარელ კაფეში. მართლაც რომ ცოტა რამ არსებობს ამ ქვეყანაზე უფრო სასიამოვნო, უფრო ცივილიზებული, ვიდრე მშვიდი პარიზული ტერასა შებინდებისას“.

ეს პატარა ნაწყვეტი დიდი ამერიკელი მწერლის სტატიიდან, რომელიც 1983 წლის მარტში გამოქვეყნდა „ნიუ-იორკ ტაიმსში“, აგვისტოს თვეში გამახსენდა, როცა იგივე გაზეთი საკუთარ პირველ გვერდს დაჟინებით უთმობდა ბურკინის თემას. წესით, აგვისტოს ცხელი მზით გაბრუებულ პრესას სხვა უფრო საინტერესო თემისთვის უნდა დაეთმო ეს საპატიო კათედრა. რისთვის? მაგალითად, პრეზიდენტად ჰილარი კლინტონის არჩევის შემდეგ (ვინმეს კიდევ ეჭვი ეპარება ამაში?), როგორ მოიხსენიებენ მის მეუღლე ბილს: Mr. President-ად, First Gentleman-ად, თუ უბრალოდ და ლაკონურად Mr. First Lady-დ... მაგრამ 1983 წლის შემდეგ ბევრმა წყალმა ჩაიარა და ბევრი პრინციპიც ჩარეცხა... როგორც სალმან რუშდის უყვარს ხშირად გამეორება, დღეს რომ მას „სატანური ლექსები“ დაეწერა (წიგნი 1988 წელს გამოაქვეყნა), დასავლეთის პრესის დიდი ნაწილი მას ისლამოფობად და რასისტად შერაცხავდა. ანგლო-საქსონურმა პრესამ ხომ „შარლი ებდოზე“ განხორციელებული ტერაქტის შემდეგაც გამოხატვის თავისუფლების დასაცავად უკეთესი ვერაფერი მოიფიქრა გარდა იმისა, რომ ის კარიკატურები არ დაებეჭდა, რომელთა გამოც მათი ფრანგი კოლეგები მოკლეს... გაუფრთხილდნენ მორწმუნეების გრძნობებს... თითოეული დემოკრატია თავისი ხუშტურით თუ ტრადიციით...

რაც შეეხება ფრანგული დემოკრატიის ხუშტურებს (და ბურკინი ნამდვილად ასეთის რიგს მიეკუთვნება), ფრანგების ამ აჩემებას თავისი წინაისტორია და აქედან გამომდინარე ახსნა-განმარტება აქვს.

საფრანგეთის რესპუბლიკისათვის ყოველთვის მიუღებელი იყო ნებისმიერი სახის პარტიკულარიზმი: იქნება ეს ლოიალურობა დინასტიის მიმართ (ისე, როგორც ეს დიდ ბრიტანეთშია), იქნება ეს რეგიონალიზმი (როგორც ეს ესპანეთში ან იტალიაშია), თუ რელიგიურ-ეთნიკური მულტიკულტურალიზმი (როგორც ეს ანგლო-საქსონურ ქვეყნებშია). საფრანგეთის რესპუბლიკისათვის ნებისმიერი სახის პარტიკულარიზმი შეიცავდა საფრთხეს სამოქალაქო მშვიდობისთვის.

როგორც ორი მსოფლიო ომის საშინელებებმა სული ჩაბერეს ევროპულ პაციფიზმს, ისე XVI-XVII საუკუნეების საფრანგეთის რელიგიურმა სამოქალაქო ომმა და შემდეგ რესპუბლიკასა და ეკლესიას შორის კონფლიქტმა ხორცი შეასხეს ფრანგულ იდეას, რომელიც 1905 წელს კანონად იქცა და რომლის მიხედვითაც ღმერთს არაფერი ესაქმება პოლიტიკაში. ამ კანონმა სამოქალაქო მშვიდობა მოუტანა საფრანგეთის რესპუბლიკას და მის მკვიდრთ. და, ფრანგების აზრით, ეს არის იმის წინაპირობა, რომ ხვალაც პარიზის კაფეში შებინდებისას ყველამ წყნარად მოილხინოს.

50 წელია, რაც ისლამი თავბრუდამხვევ ტრანსფორმაციას განიცდის და სულ უფრო დიდ ადგილს იკავებს პოლიტიკურ სივრცეში. და ნახევარი საუკუნეა, რაც საფრანგეთი ცდილობს, ისლამს ისეთი ადგილი მოუნახოს საზოგადოებაში, რომელიც მოქალაქეების მშვიდობიან თანაცხოვრებას უზრუნველყოფს.

აქედან გამომდინარე, ფრანგების დიდი ნაწილი ბურკინის აღიქვამს როგორც პოლიტიკური სეპარატიზმის სიმბოლოს. კომიკურია? შეიძლება, თუ გავიხსენებთ, რომ მხოლოდ სალაფისტურმა და ვაჰაბისტურმა კიბერსივრცემ მოიწონა ფრანგული ეს აკრძალვა. მაგრამ თუ შევხედავთ სოციოლოგიური გამოკითხვების შედეგებს, რომელთა მიხედვით, ქალების 2/3 ბურკინი აცვია ეთნიკურ-რელიგიური პარტიკულარიზმის გამო, მაშინ ფრანგების ნაწილის დისკომფორტი (მით უმეტეს, ტერორისტული ტალღის ფონზე), გასაგები შეიძლება გახდეს...

XIX საუკუნეში ფრანგ ებრაელებს უყვარდათ ოჯახში ერთი ფრაზის გამეორება: „შენი ქვეყნის კანონი შენი კანონიცაა“. იქნებ დროა, რომ საფრანგეთის ზოგიერთმა მოქალაქემ გაუნდოს საკუთარ ოჯახის წევრებს ეს ძველი ებრაული წესი, რათა ყველამ ისე იცხოვროს, „როგორც ღმერთმა საფრანგეთში“...