ოპერაცია „აპრილი“

ერთ მშვენიერ დღეს (რამდენიმე კვირის წინ) ნაციონალური მოძრაობის ცნობილმა „სახეებმა“ ფეისბუკზე შეთქმულებივით დაიწყეს ერთსიტყვიანი გზავნილის გამოქვეყნება: „აპრილი!“ „აპრილი!!“ „აპრილი!!!“. ფეისბუკის საზოგადოების ნაწილი შეშფოთდა და შეუდგა გამოკითხვას, თუ რას ნიშნავდა ეს უცნაური თამაში. ბევრი კი მაშინვე მიხვდა, რომ „აპრილი“ ნიშნავდა იმ თარიღს, როცა მიხეილ სააკაშვილს შეეძლო, დაეთხოვა პარლამენტი და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაენიშნა.

ის იმედიანი და ხალისიანი განწყობა, რომლითაც სააკაშვილის თანამებრძოლები და მომხრეები ამ ერთსიტყვიან პოსტს აზიარებდნენ, პირადად ჩემთვის თვალნათლივ ადასტურებდა, რომ სააკაშვილს ჰქონდა გეგმა - ვადამდელი არჩევნები საკუთარი მთავრობით ჩაეტარებინა და საქმე გამარჯვებამდე მიეყვანა. შესაბამისად, მრავალჯერ გაზიარებული „აპრილი“ იყო არა თამაშის ნაწილი, არამედ პოლიტიკური გეგმის კოდური სიტყვა, რომელსაც სააკაშვილის მომხრეებში მხნეობა უნდა შეეტანა და გაემრავლებინა.

„აპრილი“ დღემდე რჩება პრეზიდენტის გუნდის ერთადერთ იმედად, ერთადერთ ხავსად, რომელიც ხელისუფლებაში კანონიერად დაბრუნების თეორიულ შანსს უტოვებს ნაციონალურ მოძრაობას. თუ აპრილის თვე პარლამენტის დათხოვნის გარეშე ჩაივლის, თეორიულადაც და პრაქტიკულადაც შემდეგი „მსხვილი“ პოლიტიკური მოვლენა იქნება ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნები, რომელზეც მიხეილ სააკაშვილის ნაცვლად საქართველო ახალ პრეზიდენტს აირჩევს.

როგორც დეკემბრის ბოლო დღეებში გაირკვა, ბიძინა ივანიშვილსაც სათანადოდ უფიქრია აპრილზე და შეუმუშავებია გეგმა, რომელიც, მისივე შეფასებით, „ქართულ ოცნებას“ საბოლოო გამარჯვებას მოუტანს. ამ გეგმის ერთადერთი საჯაროდ გახმაურებული პუნქტია ისეთი საკონსტიტუციო ცვლილების მიღება, რომელიც უზრუნველყოფს, რომ თუ ვადამდელი არჩევნები დაინიშნება, მას ჩაატარებს არა სააკაშვილის, არამედ ივანიშვილის მთავრობა.

თავი რომ არ შეგაწყინოთ იურიდიული დეტალებით, პირდაპირ გეტყვით: ამ ბრძოლაში გასამარჯვებლად ბიძინა ივანიშვილს პარლამენტში 100 ხმა (სრული შემადგენლობის ორი მესამედი) სჭირდება. როდის დაითხოვს სააკაშვილი მთავრობას, როდის მიიღებს პარლამენტი საკონსტიტუციო ცვლილებებს, როდის დანიშნავს პრეზიდენტი ვადამდელ არჩევნებს - ეს პროცესის დეტალებია. ფინალში კი გამარჯვება ელოდება იმას, ვინც მთელი ამ ხნის განმავლობაში პარლამენტში 100 ხმას გააკონტროლებს.

როგორც „ოცნება“ იუწყება, საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის მას უკვე ჰყავს ასი და მეტი მომხრე. თუ ეს მართალია, დაზუსტებით შეიძლება ითქვას, რომ ოპერაცია „აპრილი“ მის დაწყებამდე კარგა ხნით ადრე მარცხით დამთავრებულა; ნაციონალურ მოძრაობას ხელისუფლებაში დაბრუნების ბოლო შანსი დაუკარგავს და ახლა მხოლოდ ამ რეალობის დადასტურებას უნდა ველოდოთ აპრილის თვეში.

თუმცა, ვიცით, რომ მიხეილ სააკაშვილი მებრძოლი ხასიათით გამოირჩევა. შესაძლოა, მას ალტერნატიული გეგმებიც ჰქონდეს, მაგრამ ის გეგმები კანონისა და კონსტიტუციის ჩარჩოში ვეღარ ჩაეტევა. ერთადერთი ქმედება, რომელიც პრეზიდენტს კანონიერების ჩარჩოში დატოვებდა და ბრძოლის გაგრძელების შანსსაც შეუნარჩუნებდა, მის მიერ დანიშნული მთავრობით ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება იყო, არის და იქნება. სხვა შანსი არ არსებობს. ამიტომ, სააკაშვილის მომხრეებისთვის კოდური სიტყვა „აპრილი“ თავის სასიცოცხლო მნიშვნელობას აპრილის თვის ამოწურვამდე შეინარჩუნებს.

არის კიდევ ერთი სერიოზული მიზეზი, რის გამოც აპრილს ის ადამიანებიც ველოდებით, ვისაც ახალი ხელისუფლების მიმართ მეტ-ნაკლებად მწვავე შეკითხვები და მეტ-ნაკლებად კრიტიკული მოსაზრებები დაგვიგროვდა. მართალია, ივანიშვილის მთავრობას ზოგი ძველი თანამშრომლების დატოვებისთვის აკრიტიკებს და ზოგი კიდევ - ძველების გაშვებისთვის; მართალია, ზოგი უკმაყოფილოა საკადრო პოლიტიკით; ზოგი წერს და ხმამაღლა საუბრობს იმ განუკითხაობის შესახებ, რაც ადგილობრივ ხელისუფლებებში ხდება; ზოგს მიღებული ამნისტია აეჭვებს და ზოგს - მისაღები; ნეპოტიზმიც განხილვის თემად იქცა; ყბადაღებული ტარიფებიც ქილიკის მიზეზია და დაკავებული თანამდებობის პირების მიმართ წაყენებული „რბილი“ ბრალდებებიც; „მეცხრე არხის“ ტკივილიც მოუშუშებელია და ვერც ის უცნაურობა გავარკვიეთ, რატომ მოუხდა ჩვენი ქვეყნის პრემიერს ბაქოში პირველივე ვიზიტისას ბოდიშის მოხდა; - მაინც შეიძლება ითქვას, რომ ბევრი ადამიანი - და, მათ შორის, მეც - ჯერჯერობით, თავს ვიკავებთ ახალი ხელისუფლების საქმიანობის ძირფესვიანი შეფასებისგან.

პირადად ჩემი და, რამდენადაც მესმის, სხვების არგუმენტიც მხოლოდ ის ასდღიანი ვადა არ არის, რომელიც ახალი მთავრობის შეფასებას სჭირდება ხოლმე დემოკრატიულ ქვეყნებში. მთავარი მიზეზი მიხეილ სააკაშვილი, მისი გუნდი და აპრილთან დაკავშირებული მათი გეგმებია. პრეზიდენტის თანამოაზრეებს და თანამებრძოლებს ვერ გაუგიათ, ხელისუფლებისთვის ბრძოლას აგრძელებენ, თუ ახალ ცხოვრებას იწყებენ ახალ პოლიტიკურ რეალობაში. ამიტომ, ისინი ერთდროულად არიან თავდაცვის და თავდასხმის რეჟიმში, რაც მათში ორმაგ აგრესიას აღვიძებს. საკმარისია, ვინმემ კრიტიკული შეკითხვა დასვას ახალი ხელისუფლების მიმართ, რომ სააკაშვილის ოდიოზური მხარდამჭერები მაშინვე გვერდით მჭიდროდ მიეკრობიან ქირქილით, ან ნიშნისმომგებიანი პოზით, ან ყალბი თანაგრძნობით, და იწყება არაადეკვატური გამოხმაურებების ზვავი: „ააა, აბა რა გეგონათ?!“ „ახლა აღარ მოგწონთ ივანიშვილი?!“ „დაგეწყოთ გულის ფრიალი?!“ „შეგიწყვიტათ ბიძინამ დაფინანსება?!“ „გრძნობთ მუხლების კანკალს?!“ „ჯერ სადა ხართ, ახლა ნახეთ ჩარეცხვა!“ „კარგია, თუ გონზე მოხვედით“ და ასე შემდეგ...

ასეთი არაჯანსაღი რეაქცია კრიტიკაზე აბსოლუტურად აუფასურებს ნებისმიერ სერიოზულ შეკითხვას თუ შეფასებას. საკუთარ მინდორზე „გადაქაჩვის“ ეს ძალისმიერი პოლიტიკა უკიდურესად აღიზიანებს ძალადობით დაღლილ ადამიანებს.

როცა აპრილი ჩაივლის და ყველას ზუსტად ეცოდინება, რომ ნაციონალური ხელისუფლების რეანიმაციის კანონიერი შანსი თეორიულადაც კი აღარ არსებობს, დარწმუნებული ვარ, ადამიანები დაკარგავენ მოტივსაც და სტიმულსაც, თავს გრძნობდნენ ერთდროულად მსხვერპლად და მოძალადედ. ეს ნიშნავს, რომ კარგი მოქალაქეობა აღარ იქნება გაიგივებული სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლასთან და, შესაბამისად, ჩაცხრება ბევრი დაუსაბუთებელი აგრესია.

იმ პირობებში, როდესაც კრიტიკა იქნება მხოლოდ კრიტიკა და არა მოგება-წაგების (ანუ „ნულოვანი ჯამის“) თამაშის ნაწილი; იმ პირობებში, როდესაც საზოგადოებას მეტი საშუალება მიეცემა, სწორად აღიქვას ჩვენი მცდელობა და ძალდაუტანებლად ჩამოაყალიბოს თავისი დამოკიდებულება ჩვენი მოსაზრების მიმართ, მეც და, იმედი მაქვს, სხვებიც ვიტყვით ყველაფერს, რაც გვაწუხებს და რის თქმასაც სასარგებლოდ მივიჩნევთ ჩვენი საერთო სამშობლოს მომავლისთვის.

ოპერაცია „აპრილის“ ოფიციალურ დახურვამდე კი მხოლოდ იმას გავიმეორებ, რაც ერთხელ უკვე დავწერე: შიში სწრაფად განქარდა, ხალხი გააქტიურდა, მომავლის დაგეგმვაც შესაძლებელი გახდა, არც უიმედობაა, ახალი წელიც დადგა, მაგრამ გულში სიხარული არ არის...