2 აპრილს განახლდა კონფლიქტი აზერბაიჯანსა და სომხეთისგან მხარდაჭერილ თვითაღიარებულ ყარაბაღის რესპუბლიკას შორის. კონფლიქტის განახლების ზუსტი მიზეზი უცნობია. ექსპერტების ნაწილი აზერბაიჯანულ მხარეს ადანაშაულებს და ამტკიცებს, რომ ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკაზე აზერბაიჯანის მხრიდან კარგად მომზადებული შეტევა განხორციელდა. მეორე ნაწილი კი მიიჩნევს, რომ ეს იყო ცეცხლის გაცვლა-გამოცვლა მხარეებს შორის, რომელიც მოულოდნელად უფრო მასშტაბურ შეტაკებაში გადაიზარდა. დაპირისპირებული მხარეები მსხვერპლის ზუსტ მონაცემებს არ ამხელენ (სომხების ვერსიით, კონფლიქტს 200-მდე აზერბაიჯანელის სიცოცხლე შეეწირა, აზერბაიჯენის ოფიციალური წყაროებით მიხედვით, სომხეთის მხრიდან მსხვერპლი 100-ზე მეტი ჯარისკაცია). ამ ეტაპზე ორივე მხარე ძირითადად პროპაგანდისტული ინფორმაციის გავრცელებით არის დაკავებული.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა მხარეებს ოფიციალურად ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდა. არაოფიციალურად, ყველასთვის ცნობილია, რომ რუსეთი სომხეთის სტრატეგიული პარტნიორია. სომხეთის ტერიტორიაზე, თურქეთის საზღვართან ახლოს, განთავსებულია რუსეთის გიუმრის სამხედრო ბაზა, რომლის მიზანიც აზერბაიჯანის მოკავშირე თურქეთის შეკავებაა. რუსეთი ასევე ბოლო წლებში აქტიურად ყიდის იარაღს აზერბაიჯანზე. აზერბაიჯანის სამხედრო შესაძლებლობები ბოლო დროს სწორედ რუსეთისგან შეძენილი იარაღით გაიზარდა. ფაქტობრივად, გამოდის, რომ რუსეთმა იარაღი მიჰყიდა თავისი სტრატეგიული მოკავშირის, სომხეთის მთავარ მოწინააღმდეგეს და ამით ირიბად შეუწყო ხელი კონფლიქტის გაჩაღებას.
თავის მხრივ, თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეპ ტაიპ ერდოანმა კონფლიქტის განახლებისთავანავე განაცხადა, რომ ის „ბოლომდე დაუჭერს მხარს“ აზერბაიჯანს. ერდოანს, ცხადია, არ დაუკონკრეტებია, ეს სამხედრო მხარდაჭერა იქნება, ფინანსური, თუ რამე სხვა სახის.
რაც შეეხება საქართველოს მთავრობას, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის შესახებ მისი ოფიციალური პოზიცია უცვლელია. საქართველო ახალი ხელისუფლების პირობებშიც კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარების მომხრეა.
მივიჩნევ, რომ ამ ეტაპზე ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ მტკიცედ შევინარჩუნოთ ნეიტრალური პოზიცია კონფლიქტთან მიმართებაში და არ დავუჭიროთ მხარი არც ღიად და არც ფარულად, არც ერთ დაპირისპირებულ სახელმწიფოს. პირიქით, ჩვენ არა მხოლოდ ნეიტრალიტეტს უნდა დავუჭიროთ მხარი, არამედ აქტიურად უნდა დავუჭიროთ მხარი მშვიდობას. შეიძლება ზოგისთვის ეს პოზიცია მიუღებელი იყოს იმ მიზეზით, რომ სომხეთი რუსეთის მოკავშირეა, მაშინ, როდესაც აზერბაიჯანი და თურქეთი - საქართველოსი. ამის მიუხედავად, ნეიტრალური და მშვიდობიანი პოზიციის მიტოვება, სულ მცირე, სამი მიზეზით იქნება გაუმართლებელი.
პირველი მიზეზი ის არის, რომ ჩვენს ინტერესებში არ უნდა შედიოდეს კონფლიქტის გაჩაღება რეგიონში. ომი ქვეყნებს შორის არსებული პრობლემების გადაჭრის გზა მხოლოდ უკიდურესად გამოუვალ მდგომარეობაში შეიძლება იყოს. ომი ბევრ შემთხვევაში თავისთავადი ბოროტებაა (გარდა, როგორც აღვნიშნე, უკიდურესად გამოუვალი შემთხვევებისა, მაგალითად, როდესაც საჭიროა გენოციდის შეჩერება ან იმპერიების შეკავება). ევროპულმა გამოცდილებამ ბოლო 50 წლის მანძილზე აჩვენა, რომ ქვეყნებს, რომლებიც ერთმანეთში არ ომობენ და ეკონომიკურად თანამშრომლობენ ერთმანეთთან, გაცილებით უფრო მეტი სიკეთე მოაქვთ თავიანთ მოქალაქეებისთვის, ვიდრე ქვეყნებს, რომლებიც მუდმივად ტერიტორიული კონფლიქტების სამხედრო გზით მოგვარებაზე არიან ორიენტირებული ან ახალი ტერიტორიების დაპყრობას ლამობენ. ევროკავშირი ამ თვალსაზრისით არის მისაბაძი მაგალითი მთელი მსოფლიოსთვის და დასტური იმისა, რომ განვითარების ერთადერთი გზა ქვეყნებს შორის თანამშრომლობაა და არა ომი.
მეორე მიზეზი ის არის, რომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რეგიონში რუსეთს არ მიეცეს საბაბი გააჩაღოს მასშტაბური კონფლიქტი, რითიც გაავრცელოს თავისი გავლენა საქართველოზეც. სრულიად მართებული წუხილია ის, რომ თუ რუსეთმა საქართველოსგან სამხედრო კორიდორი მოითხოვა, ამითი საქართველოს რეგიონებში, განსაკუთრებით ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულებში, სიტუაცია შესაძლოა უკონტროლო გახდეს. სამხედრო ოპერაციების შესასრულებლად რუსეთმა შეიძლება დამატებითი მოთხოვნებიც წამოაყენოს და რეჟიმის ცვლილებაც კი მოითხოვოს საქართველოში. ამიტომ, ამიერკავკასიაში ომის ყველანაირად თავიდან აცილება დღეს ჩვენი ერთ-ერთი უპირველესი ამოცანაა.
მესამე მიზეზი, რატომაც ჩვენ არ გვაწყობს ნეიტრალიტეტის დარღვევა, ის არის, რომ ჩვენ ვგეგმავთ კეთილმეზობლურ ურთიერთობას სომხეთთან და აზერბაიჯანთან. სომხეთისთვის საქართველო არის ლამის ერთადერთი ქვეყანა, რომელიც აკავშირებს გარე სამყაროსთან. სომხეთის ორი მთავარი საექსპორტო პარტნიორი არის რუსეთი და საქართველო. საქართველოდან განხორციელებული იმპორტის წილი კი სომხურ ბაზარზე რიგით მესამეა რუსეთისა და ჩინეთის შემდეგ. სომხეთის სავაჭრო და ეკონომიკური კავშირები თავის მეოთხე მეზობელთან, ირანთან, მინიმალურია. თურქეთთან და აზერბაიჯანთან კი დიპლომატიური და ეკონომიკური ურთიერთობა სომხეთს ფაქტობრივად არ აქვს. სომხეთისთვის, როგორც აღვნიშნე, საქართველო ლამის ერთადერთი სატრანსპორტო და სავაჭრო კორიდორია, რომლის შენარჩუნებაც, წესით, მის ინტერესებში უნდა შედიოდეს. საქართველოსთან ურთიერთობის გაფუჭება სომხეთისთვის საკუთარი თავის ეკონომიკურ ბლოკადაში ჩაგდების ტოლფასია.
ამ ყველაფრის გათვალისწინებით და ამ მოცემულობის პირობებში ყველანაირი საუბარი იმაზე, რომ ჩვენ ამ კონფლიქტში რომელიმე მხარეს უნდა გამოვუცხადოთ მხარდაჭერა, აუცილებლად უარყოფით შედეგებამდე მიგვიყვანს. ჩვენი სასიცოცხლო ინტერესი დღესდღეობით არის ნეიტრალიტეტის და მშვიდობიანი პოზიციის დაცვა ამიერკავკასიის რეგიონში.