2008-2009 წლების მსოფლიო ფინანსურმა და ეკონომიკურმა კრიზისმა საბერძნეთის ეკონომიკას განსაკუთრებით მძიმე დარტყმა მიაყენა. ამის საპასუხოდ, 2010 წელს ევროკომისიამ, ევროპის ცენტრალურმა ბანკმა და საერთაშორისო სავალუტო ფონდმა (შემდეგში ცნობილმა, როგორც „ტროიკამ“) შეიმუშავეს გადარჩენის (Bailout) პროგრამა, რომლის მთავარი წინაპირობა უნდა ყოფილიყო სახელმწიფო ხარჯების შემცირება საბერძნეთში. ეკონომიკურ პოლიტიკას, რომელიც ორიენტირებულია სახელმწიფო ხარჯების შემცირებაზე, უწოდებენ ფისკალურ კონსერვატიზმს ან მეორენაირად „ქამრების შემოჭერის პოლიტიკას“ (ინგლ. “Austerity Measures”). ამ პოლიტიკას საბერძნეთი პირველ ეტაპზე დაემორჩილა კიდეც და შედეგად ქვეყანაში ეკონომიკური მდგომარეობა გაუმჯობესების ნაცვლად, უფრო მეტად გამწვავდა.2015 წლის 25 იანვრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, საბერძნეთის სათავეში მემარცხენე პარტია „სირიზა“ მოვიდა. „სირიზას“ ლიდერი ალექსის ციპრასი საბერძნეთის პრემიერ-მინისტრი გახდა. მისი მთავარი დაპირება მდგომარეობდა იმაში, რომ საბერძნეთი „ტროიკის“ მოთხოვნებს არ უნდა დამორჩილებოდა და ახალ მთავრობას ბოლო უნდა მოეღო „ქამრების შემოჭერის პოლიტიკისთვის“. თავის მხრივ, „ტროიკაც“ ჯიუტად არ იხევს უკან და საბერძნეთისგან, ვალის მიღების სანაცვლოდ, მორჩილებას მოითხოვს. სიტუაცია უკვე იქამდე გამწვავდა, რომ 5 ივლისს ბერძნები საყოველთაო რეფერენდუმის გზით გადაწყვეტენ, მიიღონ თუ არა „ტროიკის“ შეთავაზება. სხვა შეთხვევაში შესაძლოა საბერძნეთის ევროზონიდან გასვლის საკითხი დადგეს.
ამ დროისთვის საბერძნეთსა და „ტროიკას“ შორის წარმოქმნილ უთანხმოებაში თითქმის ყველა წონიანი მემარცხენე ინტელექტუალი და ეკონომისტი საბერძნეთის მხარეს დგას, მემარჯვენეები ძირითადად „ტროიკის“ მოთხოვნებს ეთანხმებიან. საქართველოში მემარცხენე-მემარჯვენე დისკურსი მაინცდამაინც განვითარებული არ არის და, აქედან გამომდინარე, უთანხმოების მიზეზი კარგად გაანალიზებული არ არის. საბერძნეთსა და „ტროიკას“ შორის არსებულ უთანხმოებას საქართველოში ძირითადად ისევ „დასავლეთი-რუსეთის დაპირისპირების“ ჭრილში უყურებენ. ვინაიდან ევროკავშირიდან საბერძნეთის გასვლა ავტომატურად ევროკავშირის დასუსტებას ნიშნავს, ბევრმა ქართველმა „ტროიკის“ პოზიცია დაიკავა და საბერძნეთის კრიტიკას მიჰყო ხელი. ზოგ შემთხვევაში საქმე იქამდე მივიდა, რომ ბერძნებს „მეორე რიგის ევროპელები“ უწოდეს და ბერძენი ხალხი და მათი მთავრობა სხვადასხვა რასისტული ეპითეტებით შეამკეს. ასევე გაისმა სრულიად აბსურდული ბრალდებაც, რომ თითქოს ბერძნები ზარმაცები არიან და ცოტას მუშაობენ (ამ ბრალდებას მთლიანად უარყოფს რეალური სტატისტიკური მონაცემები). ერთი სიტყვით, უთანხმოების პოლიტიკურ-ეკონომიკური ასპექტი მთლიანად გადაიფარა ამგვარი კოლონიალისტური და ზოგჯერ, რასისტული დისკურსით.
რეალური პრობლემა, როგორც აღვნიშნე, პოლიტიკურ-ეკონომიკურია და მის გასაგებად აუცილებელია ვიცოდეთ, ვის რა ეკონომიკური ინტერესები ამოძრავებს. „ტროიკის“ ინტერესი იმაში მდგომარეობს, რომ შეინარჩუნოს ევროს სტაბილურობა და დაიცვას ინვესტორების ინტერესი. საბერძნეთის მთავრობა ცდილობს, თავისი მოქალაქეებისთვის სამუშაო ადგილები და ხელფასები გარანტირებული იყოს. კრიზისიდან ისე გამოსვლა, რომ ამან სამუშაო ადგილები და მოქალაქეების შემოსავლების დიდი ნაწილი არ შეიწიროს, სახელმწიფო ხარჯების გაზრდაა. ეს უკვე იმდენად მიღებული ჭეშმარიტებაა, რომ ამერიკის მემარჯვენე კონსერვატორმა მთავრობამ და ბუშმაც კი, 2008 წელს მასობრივი ფინანსური ხსნის პროგრამა (Bailout) განახორციელეს, იმის ნაცვლად, რომ სახელმწიფო ხარჯები შეემცირებინათ. ბევრი სერიოზული ამერიკელი ეკონომისტი თვლის, რომ ეს იყო ერთადერთი გზა კრიზისიდან ისე გამოსასვლელად, რომ სოციალური ფონი საგრძნობლად არ გაუარესებულიყო. მაგალითად, პრინსტონის უნივერსიტეტის ეკონომიკის პროფესორის, ალან ბლაინდერის და Moody’s Analytics-ის მთავარი ეკონომისტის, მარკ ზენდლის ანალიზის მიხედვით, რომ არა სახელმწიფო ხარჯები, ამერიკის ეკონომიკა დღეს გაცილებით უფრო მძიმე მდგომარეობაში იქნებოდა. ნობელის პრემიის ლაურეატი ეკონომისტები, პოლ კრუგმანი და ჯოზეგ სტიგლიცი ანალოგიურად თვლიან, რომ საბერძნეთის ეკონომიკისთვისაც „ქამრების შემოჭერის პოლიტიკამ“ კრიზისი უფრო მეტად გაამწვავა. ერთი სიტყვით, წონიანი ეკონომისტებისაზრით, ეკონომიკური კრიზისის დროს სახელმწიფო ხარჯების გაზრდა ეკონომიკის გაზრდას ხელს უწყობს.
თუ ამერიკის მემარჯვენე კონსერვატორ პრეზიდენტსაც და მის ადმინისტრაციასაც კი გააზრებული ჰქონდა, რომ კრიზისის დროს სახელმწიფო ხარჯების გაზრდის გარეშე შეუძლებელი იყო ეკონომიკის გადარჩენა, მაშინ რატომ არ აქვს ეს გააზრებული „ტროიკას“? საქმე ის არის, რომ „ტროიკას“ ამ შემთხვევაში ქვეყანაში არსებული სოციალური ფონის გაუმჯობესება კი არა, უფრო მეტად ფინანსური ბაზრის სტაბილურობა, ევროს სტაბილურობა და ინფლაციის კონტროლი აინტერესებს. რა თქმა უნდა, ეს ლეგიტიმური მიზნებია, მაგრამ ამავე დროს არსებობს გარდაუვალი არჩევანი, რომლის გაკეთებაც კრიზისულ სიტუაციაში ყველა მთავრობას უწევს. ყველა ეკონომიკურ მიზანს ერთდროულად ვერ მიაღწევ, ამიტომ, მთავრობები ირჩევენ ისეთ მიზანს, რომლის მიღწევაც ყველაზე მეტად იმოქმედებს რიგით მოქალაქეებზე და სამუშაო ადგილებზე. საერთაშორისო სავალუტო ფონდი დიდი ხანია, რაც შემჩნეულია უბრალო მოქალაქეების ინტერესების უგულებელყოფაში (ამაზე ყველაზე სერიოზული ნაშრომი ეკუთვნის ზემოთნახსენებ ჯოზეფ სტიგლიცს, ნობელის პრემიის ლაურეატს ეკონომიკაში. ამ ნაშრომს ჰქვია „გლობალიზაცია და მისი თანმდევი უკმაყოფილება“ და ქართულადაც არის გამოცემული „რადარამის“ მიერ). მაგრამ რა დაემართა ევროკომისიას და ევროპის ცენტრალურ ბანკს? საქმე ის არის, რომ ევროკავშირის ინსტიტუტები იმდენად არიან დაშორებული ამომრჩეველს (იქიდან გამომდინარე, რომ მათ რეალური კავშირი ამომრჩეველთან ინსტიტუციურ და სამართლებრივ დონეზეც არ აქვთ), რომ ე.წ. ტექნოკრატიულ ინსტიტუტებად ჩამოყალიბდნენ. ტექნოკრატი ეწოდება მოხელეს, რომელიც ექსპერტულ ცოდნას (მაგალითად, ეკონომიკაში, ურბანისტიკაში, ჯანდაცვის სფეროში და ა.შ.) იყენებს იმისთვის, რომ საზოგადოებისთვის სასარგებლო გადაწყვეტილებები მიიღოს. ამავე დროს, გაუგებარია რას ნიშნავს ფრაზა „საზოგადოებისთვის სასარგებლო გადაწყვეტილებები“. ყველამ იცის, რომ პოლიტიკა აუცილებელ მსხვერპლშეწირვას მოითხოვს - ყველას ინტერესს ერთდროულად ვერ დააკმაყოფილებ, მოცემულ მომენტში აუცილებლად ვიღაცის ინტერესი უფრო მნიშვნელოვანი იქნება გადაწყვეტილების მიმღებისთვის. ამ შემთხვევაში ისე გამოვიდა, რომ „ევროტექნოკრატებისთვის“ მსხვილი ინვესტორების და ფინანსური ინსტიტუტების ინტერესები პირველ პლანზე დადგა და ნაკლებად პრივილეგირებული ქვეყნებისა და მათი მოქალაქეების - მეორე პლანზე.
ძნელი სათქმელია, რითი დამთავრდება საბერძნეთსა და „ტროიკას“ შორის არსებული დაპირისპირება, მაგრამ ერთი რამ ცალსახად უნდა ითქვას - პოლიტიკურ-ეკონომიკური ასპექტის გარეშე ამ დაპირისპირების განხილვა აბსურდულ დასკვნებამდე მიგვიყვანს. საქართველოშიც და სხვაგანაც, ხშირად კოლონიალისტური და რასისტული დისკურსით ხსნიანევროკავშირში განვითარებულ მოვლენებს. არადა, აუცილებელია, რომ ამ მოვლენებს გლობალური ეკონომიკური გადმოსახედიდან შევხედოთ და მარტივ და ხშირად კოლონიალისტური სტერეოტიპებით გაჟღენთილ დასკვნებს თავი ავარიდოთ.