1 მარტს აშშ-ის რესპუბლიკური პარტიის შიდა არჩევნებზე (ამ დღეს ე.წ. „სუპერ სამშაბათის“ არჩევნები გაიმართა) 11 შტატიდან 7 შტატში დონალდ ტრამპმა გაიმარჯვა. 5 მარტის 4 პრაიმერიში ტრამპმა და ტედ კრუზმა ორ-ორ შტატში გაიმარჯვეს. 9 მარტისთვის, ტრამპს 446 დელეგატი ჰყავდა (თითოეულ შტატში კანდიდატები გარკვეული რაოდენობის დელეგატებს აგროვებენ), ტედ კრუზს 347 დელეგატი, ხოლო მარკო რუბიოს 151 დელეგატი. აღსანიშნავია ის, რომ ტედ კრუზმა უკვე მოიგო თავისი მშობლიური შტატი ტეხასი (კრუზი ტეხასის სენატორია), საიდანაც 102 დელეგატი წამოიყვანა. ფაქტობრივად, კრუზმა თავისი ყველაზე მაღალი კოზირი უკვე გამოიყენა (ტრამპის მშობლიურ შტატში, ნიუ-იორკში, შიდაპარტიული არჩევნები, ანუ პრაიმერი ჯერ არ გამართულება; ის აპრილისთვის იგეგმება). მარკო რუბიოს, მართალია, ამ ეტაპზე ყველაზე ცოტა დელეგატი ჰყავს, მაგრამ ზოგიერთი ექსპერტის პროგნოზით, მას თეორიულად მაინც შეუძლია დანარჩენ ორს გაუსწროს. ამ ეტაპზე კი ისე ჩანს, რომ ვერც კრუზი და ვერც რუბიო, თუ ხმის მიცემის დამკვიდრებული კონფიგურაცია შენარჩუნდება, ტრამპს ვერ დაამარცხებენ. ასეთი პროგნოზი კი ამერიკის რესპუბლიკურ პარტიას კარგს არაფერს უქადის.
როგორც წინა სტატიაშიც აღვნიშნე, დონალდ ტრამპი და ბერნი სანდერსი ამერიკის წინასაპრეზიდენტო არჩევნების ორი არაორდინარული კანდიდატია. ისინი განსაკუთრებულები არიან იმით, რომ თავიანთი პარტიების ისტებლიშმენტს გამოწვევას უგზავნიან და დამკვიდრებული ნორმებიდან გადახრას ითხოვენ.
ტრამპი არ არის რესპუბლიკური პარტიის ყველაზე მსხვილი დონორების საყვარელი კანდიდატი. რესპუბლიკური პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატებს შორის დონორებისგან ყველაზე დიდი თანხა უმცროსი ჯორჯ ბუშის ძმამ, ჯებ ბუშმა მოაგროვა (157,6 მილიონი დოლარი); მას მოსდევენ ტედ კრუზი (104,2 მილიონი დოლარი) და მარკო რუბიო (84,6 მილიონი დოლარი). ჯებ ბუში საპრეზიდენტო რბოლას 2016 წლის 20 თებერვალს გამოაკლდა. კრუზს და რუბიოს კი ახლაც უფრო მეტი დაფინანსება აქვთ, ვიდრე ტრამპს.
ამის მიუხედავად, ტრამპი შტატს შტატზე იგებს და ისე ჩანს, რომ ადრე თუ გვიან, მსხვილი დონორებიც და პარტიული ისტებლიშმენტიც მის მხარეს გადავლენ, თუ სიტუაცია რადიკალურად არ შეიცვალა. თუ ასე მოხდება, რესპუბლიკური პარტიის ოფიციალური გენერალური ხაზი ფუნდამენტურად შეიცვლება. ფაქტობრივად, აშშ-ის რესპუბლიკური პარტია აღარ იქნება ის, რაც ახლაა. ტრამპის რესპუბლიკური პარტია, მაშინაც კი, თუ იგი ვერ გაიმარჯვებს საპრეზიდენტო არჩევნებში, იქნება გაცილებით უფრო პოპულისტური, რადიკალურად კონსერვატორული და ქსენოფობიური, ვიდრე ოდესმე ყოფილა ბოლო 60 წლის მანძილზე.
რამ წარმოშვა ტრამპის ფენომენი? ეს კითხვა ბუნებრივად გაუჩნდება ყველას, ვინც თვალს ადევნებს აშშ-ის მიმდინარე საარჩევნო კამპანიას. ამ კითხვაზე პასუხის გაცემა მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ამერიკის პოლიტიკის (და მსოფლიო პოლიტიკაზე მისი გავლენის) უკეთ გასაგებად, არამედ ასევე დემოკრატიული სახელმწიფოების შიდა პოლიტიკის რაობის ასახსნელად.
ზოგიერთი კომენტატორი ტრამპის ფენომენის დაბადებას უკავშირებს ამერიკის მოსახლეობის ნაწილის მიდრეკილებას ავტორიტარიზმისკენ. მაგალითად, პოპულარულ ამერიკულ საინტერნეტო გამოცემა VOX-ში გამოქვეყნდა სტატია, რომელშიც ტრამპის წარმატებას ამერიკაში ავტორიტარიზმის აღმავლობას უკავშირებენ. ცხადია, სტატიაში აღნიშნულია ისიც, რომ ავტორიტარიზმი ჰაერიდან არ მოსულა და მის გაძლიერებას თავისი მიზეზები აქვს, მაგრამ ამ მიზეზებს ავტორი და მისი თანამოაზრეები აღარ უღრმავდებიან.
ტრამპის ფენომენის გაცილებით უფრო რეალისტური ახსნა ერთ-ერთმა უძველესმა ამერიკულმა ჟურნალმა The Atlantic-მა შემოგვთავაზა. 2016 წლის 1 მარტს, „სუპერ სამშაბათის“ დღეს, ამ ჟურნალში გამოქვეყნდა სტატია სათაურით: „სინამდვილეში ვინ არიან დონალდ ტრამპის ამომრჩევლები?“ სტატიაში აღნიშნულია, რომ ყველაზე მეტად ტრამპის ამომრჩევლებს ისინი შეადგენენ, ვისაც უმაღლესი განათლება არ მიუღია; ამავდროულად, ისინი უფრო ხშირად არიან თეთრკანიანები და მამრობითი სქესისა. თეთრკანიანი უმაღლესი განათლების არმქონე მამაკაცების დასაქმების მაჩვენებელი 1990 წელს 76 % იყო, 2013 წლისთვის ეს მაჩვენებელი 8 %-ით შემცირდა. ასევე აღსანიშნავია ისიც, რომ იმ ფონზე, რომ უმაღლესი განათლების მქონეთა ხელფასი გაიზარდა, უმაღლესი განათლების დიპლომის არმქონეთა ხელფასი შემცირდა.
RAND Corporation-ის კვლევის მიხედვით, რომელიც ამავე სტატიაში არის მოცემული, ტრამპსა და ტედ კრუზს შორის განხვავება ყველაზე მეტად რამდენიმე ასპექტში ჩანს. ერთი ის არის, რომ ამომრჩეველთა 86,5 %, რომელიც მტკიცებას „ჩემნაირ ადამიანებს არ აქვთ გავლენა მთავრობაზე“ ეთანხმება, ტრამპს უჭერს მხარს და არა კრუზს. ასევე, მკვლევრებმა აღმოაჩინეს, რომ ტრამპი კრუზს უგებს იმ ამომრჩევლებშიც, რომლებიც ეთანხმებიან მტკიცებას, რომ „იმიგრანტები საფრთხეს უქმნიან ამერიკულ ჩვეულებებს და ღირებულებებს“ და ასევე იმათ შორის, ვინც მდიდრებისთვის გადასახადების გაზრდის მომხრეა. ერთი სიტყვით, ტრამპის ამომრჩევლების ბაზას ძირითადად შეადგენენ ღარიბი თეთრკანიანი ამერიკელები, რომლებსაც ამერიკაში ეკონომიკური ცვლილებები ყველაზე მეტად აზარალებს სოციალურად.
რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ამ კატეგორიის ამომრჩეველმა აუცილებლად ტრამპისნაირ ავტორიტარიზმისკენ მიდრეკილ და უკიდურესად ქსენოფობ კანდიდატს უნდა დაუჭიროს მხარი (ტრამპი არა უბრალოდ ქსენოფობია, არამედ იგი იმის მომხრეც არის, რომ ამერიკის სამხედრო ძალებმა ტერორისტების ოჯახის წევრები დახოცონ, რაზეც CIA-ის ყოფილმა დირექტორმა მაიკლ ჰეიდენმა განაცხადა, ასეთ შემთხვევაში ამერიკის ჯარი ტრამპს არ დაემორჩილებაო). ეს მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ თუ პოლიტიკური ელიტა ყურადღებას არ მიაქცევს სოციალურ უთანასწორობას და ეკონომიკურ ცვლილებებს, ამგვარი ექსტრემიზმის გაძლიერების საფრთხე კიდევ უფრო იზრდება (გაიხსენეთ სხვა ისტორიულ შემთხვევებში ავტორიტარიზმის წარმოქმნის წინაპირობებიც).
2008-2009 წლების ფინანსური კრიზისის შემდეგ, ის სოციალური ფაქტორები, რომლებმაც ტრამპის ფენომენის წარმოშობას შეუწყვეს ხელი, გაცილებით უფრო გამწვავდა. ამ ფაქტორების უგულებელყოფა და ამერიკული პოლიტიკის მეორადი ფაქტორებით ახსნამ (მაგალითად, ავტორიტარიზმით) ვითარება შეიძლება კიდევ უფრო გაამწვავოს. ტრამპის აღმასვლა ასევე უნდა იყოს ნიშანი სხვა დასავლური და არადასავლური დემოკრატიებისთვისაც, რომ თუ სოციალურ უთანასწორობას და გლობალიზაციით გამოწვეულ ეკონომიკურ გარდაქმნებს სათანადო ყურადღებას არ მიაქცევენ (და მათ არ დააბალანსებენ გონივრული სახელმწიფო პოლიტიკით), შეიძლება მათთანაც განმეორდეს მსგავსი ან უარესი.