პროდასავლური კურსიდან უმცირესობების უფლებებამდე
ამერიკულმა საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციამ, „ნაციონალური დემოკრატიის ინსტიტუტმა“ (NDI) გამოაქვეყნა საქართველოში საზოგადოებრივი განწყობების კვლევის შედეგები. ეს კვლევა დაფინანსებულა შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (SIDA) მიერ და მას NDI-ს დაკვეთით ასრულებს კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი (CRRC). 2012 წლის ოქტომბრის არჩევნებამდე NDI-ს კვლევების მიმართ მაინცდამაინც დიდი ნდობა არ არსებობდა, მაგრამ დიდწილად ეს მაშინდელი პოლიტიკური კლიმატის გამო იყო და არა იმიტომ, რომ თავად NDI ან CRRC ნდობას არ იმსახურებენ. დღესდღეობით ეს კვლევები საქართველოში ჩატარებულ მსგავსი პროფილის კვლევებს შორის ერთ-ერთი ყველაზე სანდო და დაწვრილებითია. ერთადერთი მინუსი რაც მათ აქვთ ის არის, რომ კვლევის ანგარიშთან ერთად არ ქვეყნდება ხოლმე ის მონაცემთა ბაზა, რის საფუძველზეც არის შედგენილი ანგარიშები. მონაცემთა ბაზის გამოქვეყნება არა მხოლოდ მეტ სანდოობას შესძენდა კვლევას, არამედ ქართული პოლიტიკით დაინტერესებულ მკვლევრებს მისცემდა უხვ მასალას სტატისტიკური ანალიზისთვის. თუ მომავალში NDI კვლევის ანგარიშებთან ერთად მონაცემთა ბაზასა და კითხვარსაც გამოაქვეყნებს, ამით ყველას დიდ სამსახურს გაგვიწევს.
მცირე შესავლის შემდეგ პირდაპირ 2014 წლის აგვისტოს კვლევითი ანგარიშის განხილვაზე გადავალ. საზოგადოებრივ ნაწილში ჩემი ყურადღება ოთხმა კონკრეტულმა თემამ მიიქცია. ეს თემები NDI-ს წინა, 2014 წლის აპრილის კვლევის ანგარიშშიც იყო ასახული, მაგრამ ბუნებრივია, უმჯობესი იქნება, თუ უახლოეს მონაცემებს განვიხილავ (წინა კვლევების ხილვაც ასევე NDI-ს ვებსაიტზე შეგიძლიათ).
პირველ რიგში ყურადღებას იქცევს ის, რომ გამოკითხულთა 60% ქვეყნის პროდასავლური კურსის მხარდამჭერია. მხოლოდ 20%, ანუ მოსახლეობის მეხუთედი, არის პრორუსული კურსის მხარდამჭერი. 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნებს თუ გავიხსენებთ, თბილისში ღიად პრორუსულმა ძალებმა - ნინო ბურჯანაძის ერთიანმა ოპოზიციამ და დავით თარხან-მოურავის „პატრიოტთა ალიანსმა“ - დაახლოებით 17% დააგროვეს. ცხადია, ძნელია პირდაპირ იმის მტკიცება, რომ ეს ამომრჩეველი პრორუსული კურსის მხარდამჭერია (შესაძლოა, ასეთი ამომრჩეველი „ქართულ ოცნებასაც“ ჰყავდეს). იქიდან გამომდინარე, რომ შესაბამისი მონაცემთა ბაზები არ გვაქვს, დასკვნებს ვერ გამოვიტანთ, მაგრამ იმაზე დაკვირვება ნამდვილად შეგვიძლია, რომ ზემოთხსენებული ორი მაჩვენებელი დაახლოებით მსგავსია.
შემდეგი საკითხი, რომელმაც ყურადღება მიიქცია, იყო ყველაზე მნიშვნელოვანი ეროვნული საკითხების ჩამონათვალი. გამოკითხულთა 63%-ისთვის ასეთი არის უმუშევრობა, 32%-ისთვის სიღარიბე, 30%-ისთვის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, 25%-ისთვის პენსიები და 24%-ისთვის ხელმისაწვდომი ჯანდაცვა. ეს ჩამონათვალი დიდი ხანია, რაც არ იცვლება. ინტერპრეტატორები რასაც სათანადო ყურადღებას არ აქცევენ ხოლმე, არის ის, რომ უმუშევრობა და არა სიღარიბე მუდმივად იკავებს პირველ ადგილს. მოსახლეობის უდიდესი ნაწილისთვის სიღარიბის მთავარი წყარო არის უმუშევრობა და არა, ვთქვათ, ის, რომ ხელფასები დაბალია. შესაბამისად, მოსახლეობა ხელისუფლებისგან პირველ რიგში მოითხოვს დასაქმების პრობლემის გადაწყვეტას და შემდეგ უკვე სიღარიბისას. პრიორიტეტთა ეს რიგითობა ხსნის იმასაც, თუ რატომ არის ისეთი საკითხები საქართველოში ნაკლებად პოპულარული, როგორიცაა შრომითი უფლებები ან პროფკავშირები. შრომითი უფლებების თემას დასაქმების პრობლემა ფარავს.
შემდეგი მნიშვნელოვანი საკითხი იყო მოსახლეობის დამოკიდებულება ეკლესიისა და სახელმწიფოს ურთიერთობაზე. გამოკითხულთა 63% თვლის, რომ მეუფე იაკობის მიერ „ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ ხმის მიცემისადმი მოწოდება გაუმართლებელია. მხოლოდ 13% ამართლებს ამგვარ საქციელს და 23%-ს კი კითხვაზე პასუხი არ აქვს. სოციოლოგიაში ერთ-ერთი ძირითადი წესია ის, რომ კითხვაზე პასუხის არქონის ინტერპრეტირება არ შეიძლება, მაგრამ ამ შემთხვევაში გამონაკლისს დავუშვებ. ჩემი ღრმა რწმენით, იმ 23%-ის დიდი ნაწილი, ვისაც კითხვაზე პასუხი არ ჰქონდა, სავარაუდოდ, დაბნეული მორწმუნეები არიან, რომლებმაც ჯერ კიდევ არ იციან, რა პოზიცია უნდა ჰქონდეთ მსგავს საკითხებზე. თუ ეკლესია გააგრძელებს პოლიტიკაში ჩარევას, სავარაუდოდ, ამ 23%-ის დიდი ნაწილიც იმ უმრავლესობას შეუერთდება, ვისთვისაც ამგვარი საქციელი მიუღებელია.
დაბოლოს, ჩემი განსაკუთრებული ყურადღება მიიქცია უმცირესობების საკითხმა. კერძოდ იმან, რომ მოსახლეობის უმრავლესობა ყველა სხვა უმცირესობების უფლებების დაცვას ემხრობა, გარდა სექსუალური უმცირესობებისა. გამოკითხულთა მხოლოდ 27% თვლის, რომ სექსუალური უმცირესობების უფლებების დაცვა მნიშვნელოვანია და აქედან მხოლოდ 4% თვლის, რომ ძალიან მნიშვნელოვანია.
აქ კარგად ჩანს ისიც, რომ დამოკიდებულება უფრო მეტად დადებითია იმ უმცირესობათა მიმართ, რომლებიც ეთნიკური, რელიგიური, სექსუალური და გენდერული ნიშნით არ არიან გამორჩეული. მაგალითად, იძულებით გადაადგილებულურ პირთა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა მიმართ დამოკიდებულება უფრო მეტად პოზიტიურია, ვიდრე დანარჩენი უმცირესობების მიმართ (ყურადღება მიაქციეთ დიაგრამაზე მუქი მწვანით აღნიშნულ პროცენტებს).
ეკლესიის მიერ პოლიტიკაში ჩარევის მიმართ დამოკიდებულების და უმცირესობათა უფლებების მიმართ დამოკიდებულებების დიაგრამები რომ შევაჯამოთ, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ მოსახლეობის უმრავლესობას ეკლესიის მიმართ უპირობო ნდობა აქვს მხოლოდ გარკვეულ თემებზე. მართალია, ამაზე ცალკე კითხვა არ ყოფილა, მაგრამ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ეს ძირითადად ეთნიკურ, რელიგიურ და გენდერულ იდენტობასთან დაკავშირებული თემებია. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, როდესაც საქმე იდენტობის დაცვას შეეხება, მოსახლეობის დიდი ნაწილი ეკლესიის პოზიციით კმაყოფილია, მაგრამ სხვა შემთხვევაში ეკლესიას გარანტირებული მხარდაჭერა არ აქვს.
ამაზე უფრო სერიოზული ანალიზის ჩატარება ბლოგის ფარგლებში (და სრული მონაცემთა ბაზის არქონის პირობებში), სამწუხაროდ, შეუძლებელია, მაგრამ ეს ნედლი რიცხვებიც წესით საკმარისი უნდა იყოს იმისთვის, რომ ზოგადი წარმოდგენა შეგვექმნას საზოგადოების განწყობებზე. მე ჩემი მხრივ გირჩევდით, რომ მთლიან ანგარიშსაც გადახედოთ, იმ პირობით, თუ კითხვებზე პასუხების ინტერეპრეტირების დროს ჩემზე მეტ სიფრთხილეს დაიცავთ. ამგვარი სოციოლოგიური გამოკითხვების ანალიზი მთლიანობაში დაგვეხმარება იმაში, რომ პოლიტიკა და სამოქალაქო აქტივობა სწორი მიმართულებით წარვმართოთ.
(იხ. ნაწილი 2)