ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნების ორი არაორდინარული კანდიდატი

2016 წლის 8 ნოემბერს აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნები არის დანიშნული. ამ არჩევნებს არა მხოლოდ ამერიკაში, არამედ მთელ მსოფლიოში აქტიურად ადევნებენ თვალს, რადგან მისი შედეგები მთელი მსოფლიოს პოლიტიკისთვის იქნება მნიშვნელოვანი.

როგორც მოგეხსენებათ, ამერიკაში ორი მთავარი პარტია ებრძვის ერთმანეთს: მემარჯვენე კონსერვატორული რესპუბლიკური პარტია და მემარცხენე ლიბერალური დემოკრატიული პარტია. წინა ორი საპრეზიდენტო არჩევნები (2008 წლის და 2012 წლის) იმით იყო მნიშვნელოვანი, რომ ამერიკაში ზედიზედ ორჯერ აირჩიეს პირველი შავკანიანი პრეზიდენტი, დემოკრატი ბარაკ ობამა, რომელმაც შეცვალა ამერიკის სოციალური და ეკონომიკური პოლიტიკა (საგარეო პოლიტიკა შედარებით ნაკლებად). ეს არჩევნები იმით იქნება მნიშვნელოვანი, რომ ორივე პარტიაში გამოჩნდნენ პარტიული ისტებლიშმენტების წინააღმდეგ მოლაშქრე საპრეზიდენტო კანდიდატები. რესპუბლიკურ პარტიაში ასეთი არის დონალდ ტრამპი, დემოკრატიულ პარტიაში - ბერნი სანდერსი.

ამ სტატიაში შევეცდები იმის განხილვას, თუ რას ითხოვენ ტრამპი და სანდერსი და რანაირად შეიძლება შეიცვალოს ამერიკული პოლიტიკა, თუ ერთ-ერთი მათგანი მაინც გაიმარჯვებს. აქვე ვვარაუდობ, რომ თუ დემოკრატიული პარტიიდან ჰილარი კლინტონი გაიმარჯვებს, დემოკრატიული პარტიის პოლიტიკა ამით რადიკალურად არ შეიცვლება; ხოლო თუ რესპუბლიკური პარტიიდან ტედ კრუზი ან მარკო რუბიო გაიმარჯვებენ, რესპუბლიკური პარტიის პოლიტიკა ამით შესაძლოა უფრო რადიკალური გახდეს (ვიდრე უმცროსი ბუშის მეორე ვადით არჩევის შემდეგ იყო), მაგრამ არა იმდენად რადიკალური, როგორიც ტრამპის გამარჯვების შემთხვევაში.

დავიწყოთ იმით, თუ ვინ არის დონალდ ტრამპი და რა არის მისი პოლიტიკური პლატფორმა. ტრამპი არის ნიუ-იორკელი მილიარდერი, რომელიც წარსულში იყო ამერიკული რეალიტი შოუ „შეგირდის“ (The Apprentice) ერთ-ერთი მთავარი მონაწილე (მსგავსი რეალიტი შოუ წარსულში ქართულ ტელეეთერშიც გადიოდა). ტრამპის 2016 წლის საპრეზიდენტო კამპანიის ყველაზე მთავარი განმსაზღვრელი ნიშანი არის მისი აგრესიული რიტორიკა არალეგალური იმიგრანტების მისამართით. მან განაცხადა, რომ საჭიროა არალეგალური იმიგრანტების დეპორტაცია ამერიკიდან. ამჟამად, ამერიკაში დაახლოებით 11 მილიონი არალეგალური იმიგრანტი იმყოფება. ტრამპი თითოეული მათგანის დეპორტაციის წინადადებით გამოდის. ასევე, ტრამპის აზრით, აუცილებელია მექსიკის საზღვარზე აშენდეს კედელი, რომელიც ამ ქვეყნიდან არალეგალური მიგრანტების დენას შეაჩერებს. როდესაც საქმე მუსლიმებს ეხება, ტრამპი არა მხოლოდ მუსლიმი მიგრანტების წინააღმდეგ ილაშქრებს, არამედ იგი ამტკიცებს, რომ დროებით უნდა აიკრძალოს ამერიკაში მუსლიმების შესვლაც კი.

რაც შეეხება ეკონომიკურ საკითხს, ტრამპი ამ შემთხვევაში რესპუბლიკური პარტიისთვის ზედმეტად მემარცხენე ხედვებით გამოირჩევა. ტრამპი ერთადერთია, რომელიც მიიჩნევს, რომ მდიდართა ნაწილმა მეტი გადასახადი უნდა იხადოს, ვიდრე ახლა იხდის. განსაკუთრებით, მას მხედველობაში ჰყავს ფინანსურ სექტორში მოღვაწე მდიდრები.

დანარჩენ საკითხებში ტრამპისა და რესპუბლიკური პარტიის სხვა კანდიდატების შეხედულებები ფაქტობრივად იდენტურია. იმ თემებით კი, რითიც ტრამპი სხვა რესპუბლიკელი კანდიდატებისგან გამოირჩევა, ძირითადად, ის მუშათა კლასის რესპუბლიკელების მობილიზებას ახდენს. ბევრი გამოკითხვით, ტრამპი ყველაზე პოპულარული კანდიდატია მუშათა კლასის თეთრკანიან რესპუბლიკელებს შორის, რომელთაც უმაღლესი განათლება არ მიუღიათ. ამის მიზეზი ძირითადად ანტიიმიგრაციული რიტორიკაა და ფინანსური ელიტების გავლენის შემცირების დაპირება.

ბერნი სანდერსი ტრამპივით ებრძვის თავისი პარტიის ისტებლიშმენტს. ის ყველაზე პოპულარულია ახალგაზრდა ამომრჩეველს შორის. ახალგაზრდები ერთ-ერთი ყველაზე ეკონომიკურად მოწყვლადი ჯგუფია ამერიკაში. ახალგაზრდებს შორის უმუშევრობის დონე ამერიკაში 10 %-ზე მაღალია. სანდერსი თვლის, რომ ეს 10 %-იც კი ახალგაზრდებს შორის უმუშევრობის ზუსტი მაჩვენებელი არ არის და განსხვავებულ მონაცემებს ასახელებს, რომელთა მიხედვითაც, უმუშევრობის დონე თეთრკანიან საშუალოსკოლადამთავრებულთა შორის 33 %-ია, ლათინოსებს შორის - 37 % და აფროამერიკელებს შორის - 51 %.

ინტერნეტგამოცემა Vox-ისთვის მიცემულ ინტერვიუში, რომელიც გასულ წელს ქართულადაც გადავთარგმნე, სანდერსი თავის თავს დემოკრატ სოციალისტს უწოდებს და აცხადებს, რომ მისი მიზანია ამერიკაში ჯანდაცვის სისტემის რეფორმა, ისე, რომ ყველა ადამიანი იყოს დაზღვეული; და ასევე, მდიდრებისთვის გადასახადების გაზრდით უთანასწორობის შემცირება. ასევე, სანდერსის მთავარ შემოთავაზებებს შორისაა მინიმალური ხელფასის, სულ მცირე, 15 დოლარამდე გაზრდა.

სანდერსის დემოკრატიული სოციალიზმი გულისხმობს არა საბჭოთა კავშირის სოციალისტური მოდელის, არამედ სკანდინავიის ქვეყნების (სანდერსს ძირითადად, ნორვეგია, შვედეთი და დანია აქვს მხედველობაში) სოციალ-დემოკრატიული წყობის გადმოტანას. ამგვარ სოციალ-დემოკრატიაში უთანასწორობის მაჩვენებელი მცირეა და მოქალაქეთა ძირითადი სოციალური უფლებები დაცულია.

რა მიმართულებით შეიცვლება მსოფლიო პოლიტიკა, ხელისუფლებაში ტრამპი ან სანდერსი რომ მოვიდნენ? ტრამპის შემთხვევაში კონსერვატორული ქსენოფობიური პოპულიზმი (დაახლოებით ისეთი, როგორიც არის დამახასიათებელი მარინ ლე პენის პარტიისთვის საფრანგეთში) ლეგიტიმურ მიმართულებად შეიქმნება. თუ სანდერსმა გაიმარჯვა, მაშინ სოციალ-დემოკრატიული მოძრაობა აშკარად უფრო ძლიერი და გავლენიანი გახდება.

რაც შეეხება საგარეო პოლიტიკას, აქ ტრამპზე და სანდერსზე რამის შეცვლა ნაკლებად იქნება დამოკიდებული, რადგან მსოფლიო პოლიტიკის განმსაზღვრელ ქვეყნებს შედარებით სტაბილური ეროვნული ინტერესები აქვთ. ტრამპისა და სანდერსის საგარეო პოლიტიკაც, ჩემი აზრით, დიდად არ გასცდება რესპუბლიკური და დემოკრატიული პარტიების მეინსტრიმულ პლატფორმებს (თუ საპირისპიროს ფიქრობთ, მაშინ გაიხსენეთ ობამას წინასაარჩევნო რიტორიკა და არჩევნების შემდგომი პოლიტიკა და მათ შორის არსებული განსხავავება).

აშშ-ში 2016 წლის ნოემბერის არჩევნები შეიძლება გახდეს ერთ-ერთი გადამწყვეტი მომენტი არა მხოლოდ ამერიკის, არამედ დემოკრატიული სამყაროს და ასევე მთლანად მსოფლიოს ისტორიაში. ის, გაიმარჯვებს თუ არა არჩევნებში რომელიმე აქამდე ნაკლებად პოპულარული იდეოლოგია, განსაზღვრავს მსოფლიო იდეოლოგიურ კლიმატს მომდევნო ათწლეულის მანძილზე.