წმინდა გიორგი და ზიგმუნდ ფროიდი, ანუ მფარველი მამის ძიებაში

წმინდა გიორგი, რომლის დღესასწაულიც საქართველოში 6 მაისსა და 23 ნოემბერს აღინიშნება, გამოგონილ წმინდანთა რიცხვს მიეკუთვნება, ანუ ის არა ისტორიული პიროვნება, არამედ სხვადასხვა ისტორიული თუ მითოლოგიური ხატების სინთეზითაა შექმნილი. 325 წელს ნიკეის მსოფლიო საეკლესიო კრებამ, რომელსაც პირველი ქრისტიანი იმპერატორი, თავადვე წმინდანი – კონსტანტინე I თავმჯდომარეობდა, წმინდა გიორგის მოწამეობის ლეგენდები აპოკრიფად გამოაცხადა. V საუკუნეში პაპმა გელასიუს I-მა გიორგის სასწაულებში ეჭვი შეიტანა, ხოლო 812 წელს კონსტანტინოპოლის პატრიარქმა ნიკეფორუს I-მა წმინდა გიორგის ლეგენდების დიდ ნაწილს „ჰაგიოგრაფიის“ სტატუსი ჩამოართვა და საეკლესიო ხმარებაში აკრძალა.

მიუხედავად თავად ეკლესიის მხრიდან მიღებული ამგვარი ცენზურული ზომებისა, წმინდა გიორგი დღემდე ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ წმინდანად რჩება და მისი ხატება, უპირველეს ყოვლისა, იწვევს საბრძოლო-საომარ ასოციაციებს, სადაცაა საძიებელი მისი კულტის დასაბამიც. „მე ვარ ჩემი მბრძანებლის (იმპერატორის) - ქრისტეს მეომარი!“ – ასე წარმოაჩენდნენ თავს პირველი ქრისტიანები და სწორედ მათ წიაღში გაჩნდა ქრისტესათვის მოწამე მეომარი წმინდანების კულტები, რომელთა მოტივებიც ყველაზე სრულყოფილად გიორგის ფიგურაში გაერთიანდა.

ამასთანავე, წმინდანის სახე, ისევე, როგორც მისი ცხოვრების ამსახველი ლეგენდები, თითქმის ყოველ ისტორიულ ეპოქაში რადიკალურად იცვლებოდა. შესაბამისად, იცვლებოდა ის შინაარსები, რომლებსაც ეს ცვალებადი სახის წმინდანი გამოხატავდა. წმინდა გიორგის კულტი სავარაუდოდ IV საუკუნეში გაჩნდა და, პირველი ჰაგიოგრაფიული თხზულებების მიხედვით, ის – ადრექრისტიანული ხანის იმ მეომარ-მოწამეთა კატეგორიას მიეკუთვნებოდა, რომლებმაც უარი თქვეს ძალის გამოყენებაზე, იარაღი გადააგდეს და მოწამეობრივი გზა აირჩიეს. მოწამეობა, რწმენისათვის თავგანწირვა, პირველი ქრისტიანებისათვის ქრისტეს მიბაძვად გაიგებოდა. „ერთადერთი გასაღები სამოთხეში შესასვლელად შენი სისხლია“ - წერდა II საუკუნის უდიდესი ღვთისმეტყვეთლი და ეკლესიის მამა ტერტულიანე. დევნილი ქრისტიანები საკუთარ ხსნას ქრისტეს მოწამეობის გამეორებაში ხედავდნენ. წმინდა გიორგის პირველი ლეგენდებიც რწმენისათვის მის თავგანწირვას და სრულიად ფანტასტიურ მოწამეობას აღწერენ. მისი ჯალათი ასევე გამოგონილი მეფე დაციანია. ქრისტიანობის ლეგალიზაციისა და შემდგომ რომის იმპერიის სახელმწიფო რელიგიად აღზევების შემდეგ გიორგი გარდაისახება ქრისტიანების მდევნელ რომის იმპერატორ დიოკლეტიანეს სარდლად, რომელიც პატივსა და დიდებას მოწამეობრივ სიკვდილს ამჯობინებს. აქვე ჩნდება შურისძიების მოტივიც, როდესაც მკვდრეთით აღმდგარი წმინდა მახვილით განგმირავს წარმართ კეისარს. ეს მოტივი გამარჯვებული ქრისტიანობის მხრიდან შეიძლება გაგებულ იქნეს მუქარადაც, რომლითაც ახალი სარწმუნოება მის მოწინააღმდეგეებს ან მისი ძალის აღმატებულებაში დაეჭვებულებს აფრთხილებდა.

აქ ერთი ნიუანსის გახსენებაც შეიძლება: წმინდა გიორგის მიერ კეისარ დიოკლეტიანეს მოკვლის იკონოგრაფია X-XI საუკუნეების საქართველოში ვრცელდება, რაც საქართველოს ბიზანტიასთან დაპირისპირების ხანას ემთხვევა და სავარაუდოა, რომ კეისრის მკვლელობის მოტივში ბიზანტიისგან დაჩაგრული საქართველოს სურვილის ფანტაზია იყოს ჩადებული.

წმინდა გიორგის საყოველთაო აღზევება უკავშირდება მაღალი შუა საუკუნეების მთავარ მოვლენას – ჯვაროსნულ ომებს, სადაც მან ზეციური ლაშქრის მთავარსარდლის, მთავარანგელოზ მიქაელის ადგილი დაიკავა და ქრისტეს მახვილით ხელში იავარქმნა ურჯულოები. XII საუკუნის ბოლოს ინგლისის ჯვაროსანმა მეფემ და რობინ ჰუდის მეგობარმა რიჩარდ ლომგულმა წმინდა გიორგი ინგლისის პატრონად, ხოლო ინგლისი კი წმინდა გიორგის წილხვედრ ქვეყნად გამოაცხადა.

ჯვაროსნული ომების ხანაში რადიკალურად შეიცვალა წმინდა გიორგის ლეგენდებიც და იკონოგრაფიაც: მოწამეობის სიუჟეტს ურჩხულის მკვლელობა და ქალაქის ან მეფის ასულის ხსნა ჩაენაცვლა, რამაც ერთ დროს დიდმოწამე წმინდანი ზღაპრის გმირად აქცია. წმინდა გიორგიმაც სწორედ ასეთი სახით – როგორც ურჩხულის მკვლელმა და გასაჭირში მყოფთა მხსნელმა – დაიმკვიდრა თავი. ასეთი სახითაა ის თანამედროვე საქართველოში წარმოდგენილი – ის ხან საბჭოთა კავშირს გმირავს თავისი მახვილით, ხანაც პუტინის რუსეთს და, როგორც ერთხელ მიხეილ სააკშვილმა თავისუფლების მოედანზე მდგარი წმინდა გიორგის ოქროსფერ მონუმენტთან თქვა, სამუდამოდ ასამარებს იმპერიალიზმს.

შემთხვევითი არ უნდა იყოს, რომ პოსტსაბჭოთა ქართული დემოკრატიის პირველი განსაზღვრება - „დემოკრატია ლობიოობა არაა“ – საქართველოს მხედრიონის დამაარსებელს, ჯაბა იოსელიანს ეკუთვნის. მხედრიონელის ნიშანზე წმინდა გიორგის მიერ ურჩხულის მოკვლაა გამოსახული, რაც საშუალებას გვაძლევს ვივარაუდოთ, რომ მხედრიონის იავარქმნებიც წმინდა გიორგის სიუჟეტის პირველი თანამედროვე ქართული პრაქტიკული ინტერპრეტაცია იყო. თეორიულ-პოეტური გააზრება კი საქართველოს პირველმა პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიამ შექმნა თავისი ლექსით „წმინდა გიორგი“:

„წმინდაო გიორგი, დიდების მხედარო,

ვუმზერ შენს ხატებას და სული მხნედ არი.…

შემუსრე უწმინდურ დრაკონთა ორგია,

იხსენი სამკვიდრო შენი – გეორგია,

დიდების უფალი მართალთა მწედ არი.

წმინდაო რაინდო, გველი არ დაინდო,

მოგვმადლე იმედი და უფლის სვე-დარი.“

თანამედროვე საქართველოში მომძლავრებული რელიგიურობისა და ეკლესიურობის ფონზე წმინდა გიორგის კულტის როგორც პოლიტიკური, ასევე არაპოლიტიკური ინტერპრეტაციების გაგებაში შეიძლება დაგვეხმაროს გიორგობის დღეს, 6 მაისს, ავსტრია-უნგრეთის იმპერიაში დაბადებული ზიგმუნდ ფროიდი, რომელმაც მთელი თავისი ცხოვრება ადამიანების ნევროზებისგან განკურნებას მიუძღვნა და ამ მიზნით ახალი მოძღვრება – ფსიქოანალიზი – შექმნა. ერთი შეხედვით ფროიდს და ფსიქოანალიზს არაფერი საერთო მეომარ წმინდანთან არ უნდა ჰქონდეს. საერთოდაც, ფროიდი ხაზს უსვამდა საკუთარ ურწმუნობას და რელიგიის თანდათანობით გაქრობას, – რაზეც არაერთი მისი თანამედროვე ინტელექტუალი შიშითა და სინანულით ლაპარაკობდა, – ფროიდი მხოლოდ მიესალმებოდა, რადგანაც, მისი აზრით, რელიგიებმა ადამიანებს არც სულიერი შვება შესძინეს, ისინი არც მორალურ და ზნეობრივ არსებებად განავითარეს და არც სოციალური თანასწორობისა თუ სამართლიანობას უწყობდნენ ხელს. დაპყრობითი და მძარცველური ომების დიდი ნაწილიც რელიგიების სახელით და რელიგიური ინსტიტუციების ლოცვა-კურთხევით იყო განხორციელებული.

ნევროზების მკვლევარი და მკურნალი ფროიდი იმ დასკვნამდე მივიდა, რომ რელიგია თავადაა ნევროზი, თანაც კოლექტიური, ზოგადსაკაცობრიო, რომელთანაც ისეთივე მოპყრობაა საჭირო, როგორიც ყველა სხვა სახის ნევროზებთან. ფროიდი რელიგიას ეგრეთწოდებულ „აკვიატებულ ნევროზთა“ კატეგორიას მიაკუთვნებდა“. ფსიქოანალიტიკური მოძღვრების თანახმად, ნევროზები სურვილსა და მის ასრულებასთან დაკავშირებული შიშის კონფლიქტის შედეგად წარმოიშვება ადრეულ ასაკში. ყოველ ადამიანში არსებობს ძლიერი სწრაფვა სიამოვნების მიღებისაკენ. მაგრამ მთელი რიგი გარემოებები მას აიძულებენ, უარი თქვას საკუთარ სწრაფვაზე, რაც მის პირველად სურვილებს სახეს უცვლის და შიშითა თუ თავდაცვის მექანიზმით განდევნილი სურვილი ადამიანს ნევროზების სახით უკან უბრუნდება. აკვიატებული ნევროზი ფროიდმა ისეთი სახის ნევროზებს უწოდა, რომლებიც აკვიატებული იდეებისა თუ ქმედებების სახით ვლინდება. იმისათვის, რომ ადამიანმა თავი დაიცვას თავისი საკუთარი ბოლომდე გაუცნობიერებელი სურვილებისა თუ ფიქრებისაგან, ის მიმართავს გარკვეულ რიტუალურ ქმედებებს, შელოცვებს, რომლებსაც ის უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებს და მიაჩნია, რომ მათი დარღვევა, ან არშესრულება კატასტროფის მომასწავებელი იქნება. ასეთი მდგომარეობა ადამიანის აზროვნებისა და სიცოცხლის ენერგიების დამუხრუჭებას იწვევს. ფროიდის აზრით, აკვიატებული ნევროზი ადამიანის ინდივიდუალური რელიგიაა, ხოლო თავად რელიგია უნივერსალური, ანუ ზოგადსაკაცობრიო ნევროზი.

ფროიდის აზრით, "რელიგიის საბოლოო საფუძველი ადამიანის ინფანტილური უძლურებაა." ზოგადი განსაზღვრებებით, ადამიანი უძლურია ბუნების ძალების, ავადმყოფობებისა და სიკვდილის წინაშე. კლასობრივ და სოციალურ-ეკონომიკურად არათანასწორ, ან პოლიტიკურად არათავისუფალ და არასამართლებრივ საზოგადოებებში ადამიანის უძლურება განპირობებულია მასზე ფიზიკურად, სოციალურად თუ პოლიტიკურად აღმატებული ძალების ზემოქმედებით. ამ პრობლემათა რაციონალური გზით გადალახვის სანაცვლოდ, რაც საკუთარი უფლებებისათვის ბრძოლას, გონიერებას, აქტიურ დაპირისპირებას და საკუთარი მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის ძალისხმევას უნდა გულისხმობდეს, ადამიანები ხშირად პასიურ გზას ირჩევენ და ისეთი ძლიერი მფარველის გამოჩენაზე ოცნებობენ ან ისეთი ზეაღმატებული და ყოვლისშემძლე მხსნელის არსებობას იჯერებენ, რომელიც ყველა მის პრობლემას მოაგვარებდა. ამგვარი წარმოდგენის ინფანტილურობა ჰგავს ბავშვის ქცევას, რომელიც, თუკი მას დაჩაგრავენ, მამას მოუხმობს მაშველად. ღმერთის რწმენა, ფროიდის აზრით, სწორედ ასეთი ძლიერი მამის რწმენაა, რომელიც ადამიანს დაიცავს და დაეხმარება.

ახლა ისევ წმინდა გიორგის რომ დავუბრუნდეთ, რომლის კულტიც საქართველოში განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს, შეიძლება ითქვას, რომ ურჩხულის მკვლელი და მჩაგვრელი ურჩხულისგან ხალხის განმათავისუფლებელი წმინდანის ხატება პირდაპირ გამოხატავს ძლიერი მამის კოლექტიურ სურვილს, რომელიც მხსნელად და მაშველად მოევლინება ქვეყანას ბოროტი მჩაგვრელების შესამუსრად. ფსიქოლოგიური კუთხით თუ შევხედავთ, ესაა შურისძიებისა და დასჯის სურვილის სიმპტომი, ერთობ შორს მყოფი ქრისტესეული მიმტევებლობისა და სიყვარულის იდეალებისაგან. თანამედროვე ქართულ პოლიტიკაში ეს სიმპტომი სწორედ დიდი, ძლიერი და შურისმაძიებელი („სამართლიანობის აღდგენა“) „ზეკაცის“ თაყვანისცემაში გამოიხატება, რომელიც ამავე დროს ყველა პრობლემას მოგვიგვარებს, ჩვენ კი სანაცვლოდ მხოლოდ პასიურად მისი თაყვანისცემა გვევალება. არც ისაა შემთხვევითი, რომ მუქარითა და განკითხვა-შეჩვენებებით სახელგანთქმული საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია თანამედროვე საქართველოში ყველაზე მაღალი ავტორიტეტის მქონე ორგანიზაციაა. ამგვარი წარმოდგენების არაადეკვატურობა და გარდაუვალი გაწბილებისათვის განწირულობა კი საქართველოს უახლესი ისტორიაა.