„პოსტმოდერნისტული ეპოქა“
კათალიკოს-პატრიარქ ილია II-ის წლევანდელ საშობაო ეპისტოლეში, რომელსაც სასწაულებრივი უნარი აღმოაჩნდა, საქართველოში ისედაც ურთიერთდაპირისპირებული საზოგადოებრივი ჯგუფები ერთმანეთის წინააღმდეგ კიდევ უფრო მეტად წაექეზებინა, საუბარია „თანამედროვე პოსტმოდერნისტულ ეპოქაზე“, რომელიც „ახალი გამოწვევაა“ მართლმადიდებელი ეკლესიისათვის, რათა წინ აღუდგეს იმ საფრთხეებს, რომლებიც ამ „ეპოქამ“ მოიტანა. აქვე თავად პოსტმოდერნიზმის ახსნა-განმარტებაცაა მოცემული:
„პოსტმოდერნიზმის მთავარი არსი იმაში მდგომარეობს, რომ სინამდვილის ხედვა, რომელიც ამა თუ იმ რელიგიურ მიმდინარეობას ეყრდნობა, არასწორადაა მიჩნეული, რადგან, მათი გაგებით, ცდება ყველა, ვინც აცხადებს, რომ ჭეშმარიტება იცის. თვით ათეისტებიც ცდებიან, რადგან ამტკიცებენ რაღაცას, მაგალითად, უღმერთოებას. მართალია მხოლოდ ის, ვინც არავის განსჯის.
ასეთი აზროვნებისათვის, სწორი და არასწორი აღარ არსებობს. გვაქვს უბრალოდ სისტემა, რომლისთვისაც მნიშვნელოვანი ის კი არ არის, მართალია თუ არა ესა თუ ის პრინციპი, არამედ ის, თუ რამდენად მუშაობს და რამდენად სარგებლიანია იგი დღეს.
ამ სისტემაში მიჩნეულია, რომ თვითონ ადამიანია ყველაფრის განმსაზღვრელი და რაც მას მოესურვება, ისაა კარგი. ამიტომაც პიროვნების გამოსწორება კი არ არის საჭირო, არამედ მისი აზროვნების შეცვლაა მისაღწევი. მაგალითად, თუ ვინმეს ჭუჭყიანი სამოსი აცვია, და იგი ჩათვლის, რომ მისი ტანსაცმელი სუფთაა და ამას თვითონაც დაიჯერებს, ის მართალი იქნება. მნიშვნელობა არა აქვს, სხვაც ასე ფიქრობს თუ არა.
თუ ვიღაც მიიჩნევს, რომ ნაძვი მარადყვითელი მცენარეა, სხვა კი ამბობს, რომ იგი იასამნისფერია, სწორი იქნება ორივე და მცდარია იმის მტკიცება, თითქოს, ნაძვი მხოლოდ მარადმწვანეა.“
თუ პოსტმოდერნიზმის ასეთ განმარტებას მივიღებთ, რომელიც უფრო პოსტმოდერნის თემაზე შარჟს წააგავს, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ საპატრიარქოც აღიარებს ამგვარად გაგებული პოსტმოდერნიზმის იმ პრინციპს, რომ ყველა ინტერპრეტაცია სწორია და თავადვე იძლევა იმის ნიმუშს, თუ როგორ უნდა ვთქვათ ნაძვზე, რომ ის „იასამნისფერია“. და მაშინ შესაძლებელი უნდა იყოს ეპისტოლეში ჩამოყალიბებული პოსტმოდერნიზმის ნიშნებით თავად თანამედროვე ქართული მართლმადიდებლობის, როგორც პოსტმოდერნიზმის ქართული ნაირსახეობის შესახებ ლაპარაკი.
პოსტმოდერნიზმს ამ ტერმინის შემომტანი თეორეტიკოსები არა მიმდინარეობას ან თეორიულ მოძღვრებას, არამედ სამყაროს მდგომარეობას ან „ეპოქის დიაგნოზსაც“ უწოდებენ. ამ მდგომარეობის ერთ-ერთი პირველი აღმწერი, ფრანგი ფილოსოფოსი ჟან-ფრანსუა ლიოტარი პოსტმოდერნის მთავარ ნიშნად „მეტა-ნარატივის“, ანუ „ზე-თხზულების“ აღარ არსებობას გამოყოფს. „მეტა-ნარატივი“ კი განმანათლებლობის ეპოქაში ჩასახული მოდერნის, ანუ ახალი ეპოქის პროექტია, რომელიც მიზნად გონიერების გამარჯვებას, კაცობრიობის წინსვლას, საყოველთაო თავისუფლებისა და სოციალური თანასწორობის იდეებს ისახავდა. სოციალიზმი და კომუნიზმიც სწორედ მოდერნის დიდი პროექტები იყო. ლიოტარის და პოსტმოდერნიზმის სხვა თეორეტიკოსების აზრით, ასეთი მეტა-თხზულებებისგან მხოლოდ უტოპიებიღა შემოგვრჩა. თუკი, ვთქვათ, კომუნისტურ იდეოლოგიას ჰქონდა იმის პრეტენზია, რომ მეცნიერული რაციონალიზმი, ზნეობრივი ნორმატივები და პოლიტიკური სამართლიანობის წარმოდგენები თუნდაც იძულებითი მეთოდებით ერთ სისტემაში მოექცია, თავად საბჭოთა წყობილებამ და შემდგომში მისმა ნგრევამ ასეთი მთლიანობის შეუძლებლობა აჩვენა. პოსტმოდერნიზმის, როგორც ეპოქის დიაგნოზის ნიშანი მეტა-ნარატივების, ყოვლისმომცველი იდეოლოგიებისა და ა.შ. წინააღმდეგობრივ და ხშირად ურთიერთგამომრიცხავ ნაწილებად დაშლაა. პოსტმოდერნული კულტურა გარეგნულადაც ეკლექტურია: მასში ჟანრები, კრიტერიუმები, ისტორიული ფორმები, დროის აღქმაც კი აღრეულია. ერთიანი დიდი თხზულებებიც ცალკეულ ფრაგმენტებადაა დანაწევრებული. ახლა, ამ ყველაფრის გათვალისწინებით, დღევანდელ, ახლადდამდგარი 2014 წლის საქართველოში გადმოვინაცვლოთ და მისი პოსტმოდერნული მდგომარეობის აღწერა ვცადოთ.
დედა პარასკევა და „მერკანტილიზმი“
2014 წლის 5 იანვარს საქართველოში მოხდა პირველი ღირსეშანიშნავი მოვლენა, რომელმაც თვით კათალიკოს-პატრიარქ ილია II-ის დაბადების დღის ამაღელვებელი სცენები და მანამდე კი მისი აღსაყდრების საიუბილეო ბანკეტის პომპეზური ბრწყინვალებაც გადაფარა: მცხეთის მიმართულებით დაიძრა ასობით ადამიანი, რომელიც იქ განსვენებული, წმინდანად შერაცხული ბერი გაბრიელის საფლავისაკენ მიილტვოდა. ამ სახალხო, უფრო სწორად, სამრევლო მღელვარების მიზეზი სამთავროს დედათა მონასტრის მონაზონ დედა პარასკევას „ხილვა“ იყო, რომ ვინც შობამდე მამა გაბრიელის საფლავს მოინახულებს და „გულწრფელი ლოცვით“ მიმართავს განსვენებულ წმინდანს, ის მათ ორ სურვილს შეუსრულებს. როგორც მოგვიანებით გაირკვა, დედა პარასკევას ხილვა კი არ ჰქონია, არამედ მან მამა გაბრიელის საფლავისგან ნიშანი მიიღო. როდესაც ამ „ინფორმაციამ“ გაჟონა, წმინდანის საფლავს იმდენი ხალხი მიაწყდა, რომ მცხეთასა და მის შემოგარენში ავტომანქანების მოძრაობა შეფერხდა. ადამიანები საფლავს ხელით ეხებოდნენ, ზედ ბავშვებს აწვენდნენ „მადლის მისაღებად“ და სურვილების ასრულებას თხოვდნენ წმინდანს. ეს სანახაობა, რომელიც მაგიურ რიტუალს უფრო ჰგავდა, ვიდრე ქრისტიანულ მომლოცველობას, რამდენიმე სამღვდელო პირსაც კი იმდენად ულამაზო და არაქრისტიანული ეჩვენა, რომ საჯაროდ გამოხატა საკუთარი აღშფოთება თუ არა, უკმაყოფილება მაინც. ერთი მღვდელი იმასაც ჩიოდა, ადამიანები მამა გაბრიელს ჯეკპოტის მოგებას სთხოვენ და წმინდანი თოვლის ბაბუად წარმოუდგენიათო.
კრიტიკული პოზიციის მქონე რამდენიმე სამღვდელო პირის კრიტიკის საგანი, უპირველეს ყოვლისა, მრევლის მერკანტილურობა და სამომხმარებლო სურვილები აღმოჩნდა. დეკანოზმა ლევან მათეშვილმა ამგვარი რწმენა-წარმოდგენის არაქრისტიანულ ბუნებაზეც ილაპარაკა და ხაზი გაუსვა იმას, რომ რწმენა სურვილების ასრულებას არ ნიშნავს და არც სასწაულს აქვს რამე კავშირი დედა პარასკევას სიზმრებსა თუ ნიშნების დანახვასთან. ინფორმაციაც კი გავრცელდა, დედა პარასკევა საპატრიარქომ შეიძლება გაკიცხოს კიდევაცო.
როგორ ოდიოზურადაც უნდა გამოიყურებოდეს მრევლის ქმედება თუ დედა პარასკევას ხან „ხილვა“, ხანაც „ნიშანი“, ეს ამბავი არც გამონაკლისი შემთხვევაა და არც რომელიღაც მარგინალური ჯგუფის ქმედება, არამედ ზუსტად გამოხატავს იმ სარწმუნოების რეალურ, შეულამაზებელ სახეს, რომელსაც საქართველოში მართლმადიდებლობა ეწოდება. ამასთანავე ეს ფაქტი იმ მენტალურ მდგომარეობასაც ასახავს, რომელშიც დღევანდელი საქართველო იმყოფება.
პირველ რიგში, მრევლის „მერკანტილურობა“, რამაც კრიტიკულად განწყობილი სასულიერო პირები შეაშფოთა, პირდაპირი ანარეკლია იმ რელიგიური პოლიტიკისა, რომელსაც მას საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ახორციელებს. არ არსებობს და შეუძლებელია არსებობდეს კრიტერიუმები, რომელთა მიხედვითაც ძვირადღირებული ავტომანქანებით მოსიარულე და ფუფუნებაში მცხოვრები სამღვდელოება მერკანტილურობას გაკიცხავდა. ვერც მოოქროვილი გუმბათები და ოქროს ხატები, ვერც ოქროთი და ძვირფასი თვლებით მოკაზმული საეკლესიო იერარქები, მათი სასახლე-რეზიდენციები, ვერც ხუთვარსკვლავიან სასტუმროებს დამსგავსებული მონასტრები ვერ გამოხატავენ მიწიერი ფასეულობების წარმავალობის ქრისტიანულ იდეალებს. ეკლესიის მთავარი მოწოდება, რომელიც ყველა სუპერმარკეტსა თუ ბანკის ფილიალში სალაროების ბუნებრივ კომპონენტად იქცა, ფულის შემოწირვაა. მაგრამ განსხვავებით მრევლისაგან, ეკლესიის მერკანტილურობა საკრალურ ხარისხშია აყვანილი, რაც მისი მიწიერი ნეტარების ლეგიტიმაციის საფუძველია. ანუ თუ ეკლესიას აძლევ ფულს, ამით ღმერთს სწირავ, რაც სასუფეველში მოხვედრის სადაზღვევო გადასახადადაა წარმოდგენილი. ფუფუნებაში მცხოვრები „მოძღვარი“ ან „მეუფე“ კი, როგორც ჩანს, იმ ფუფუნების ნიმუშია, რომელიც შემომწირავს საიქიოში უნდა ელოდეს. შესაბამისად, მრევლის მერკანტილურობა პირდაპირპროპორციულია ეკლესიის მერკანტილურობისა და, ამდენად, ის თანამედროვე ქართული მართლმადიდებლობის არსობრივი მახასიათებელია და არა გადახრა.
მართლმადიდებლურ პოსტმოდერნიზმში მრევლის ლტოლვა სურვილების ასრულებისაკენ ისეთივე ლეგიტიმურია, როგორიც სასულიერო პირების დაუშრეტელი მადა სიმდიდრისა და ფუფუნებისადმი. ბოლოს და ბოლოს, მრევლს სურვილების ასრულების „გარანტია“ სასულიერო პირმა – მონაზონმა დედა პარასკევამ ამცნო, თანაც წმინდანი ბერის სახელით. რაც ამ სანახაობაში იჩქმალება, ის თანხები და ფულის ბრუნვაა, რომელიც ეკლესიამ თუნდაც ათასობით გაყიდული სანთლით მიიღო.
წერილები საიქიოდან და გულნარა კუკულაძის ხილვა
მეორე თემა, რამაც კრიტიკულად განწყობილ სამღვდელოებასთან ერთად სოციალური ქსელების აჟიოტაჟი გამოიწვია, გაბრიელ სალოსის საფლავზე ჩატარებული რიტუალები იყო, რომლებიც მაგიურ-ჯადოქრულ ქმედებებთან და წარმართობასთან იქნა შედარებული. „წარმართობა“ ყველა ეკლესიისათვის ისეთივე ორგანულია, როგორც შემოწირულობების ხარჯზე სასუფევლის ადგილის ყიდვა (გამონაკლისს აქ პროტესტანტული ეკლესიები წარმოადგენენ). თავად ტერმინი „წარმართობა“, ანუ საეკლესიო ენაზე „პაგანიზმი“ უკვე IV საუკუნეში გაჩნდა სწორედ ქრისტიანობაში, განსაკუთრებით არაურბანულ რეგიონებში, ტრადიციული რწმენა-წარმოდგენების აღსანიშნავად და მათ წინააღმდეგ საბრძოლველად, თუმცა ეკლესია საკმაოდ მალე შეურიგდა ამ სახის გადმონაშთებს, იმ პირობით, რომ გარეგნულად მრევლი ქრისტიანობას აღიარებდა და შესაბამის გადასახადსაც ეკლესიას გადაუხდიდა. დროთა განმავლობაში მართლმადიდებლობამაც და კათოლიციზმმაც ისე გაითავისა ეს „წარმართობები“, რომ ისინი, თუმცა არაოფიციალურად, მაგრამ მაინც მის ორგანულ და კომერციულ ნაწილადაც იქცა. თანამედროვე ქართულ პოსტმოდერნისტულ მართლმადიდებლობაში კი ჯადოქრულ-მაგიური ქმედებები და „პარანორმალური“ მოვლენები, რომლებიც თავისი არსით ოკულტურია და არა კანონიკურ-ქრისტიანული, საეკლესიო ცნობიერების წარმმართველი ხაზია.
2013 წლის ზაფხულში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ერთ-ერთმა ყველაზე გავლენიანმა მოძღვარმა, დეკანოზმა არჩილ მინდიაშვილმა მამა გაბრიელის საფლავზე მრევლს აუწყა, რომ ის წერილებს იღებდა დიდი ხნის გარდაცვლილი წმინდანისგან, რომელიც მან წერილების ადრესატს – კათალიკოს-პატრიარქ ილია II-ს გადასცა. მიტროპოლიტი იობი, რომელიც საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების არაერთი წარმომადგენლის პირადი მოძღვარიცაა, წინასწარმეტყველებდა 2013 წლისთვის დედამიწის მოსახლეობის დიდი ნაწილის გაგიჟებას და უზარმაზარი მწერების გაჩენას, რომლებიც ცოდვილ და ურწმუნო ადამიანებს დაკბენდნენ. რომ არა პოსტმოდერნიზმი, ასეთ მოვლენებს კლასიკური მოდერნი, თავისი ყოვლისმომცველი რაციონალიზმით, ფსიქიკურ შეშლილობას დაარქმევდა, მაგრამ პოსტმოდერნისტულ მართლმადიდებლობაში, სადაც არათუ მეცნიერული, არამედ საღვთისმეტყველო განსჯის კრიტერიუმებიც გამქრალია, ამგვარი პარალოგიკური აზროვნება რელიგიური ცნობიერების და რწმენის ფაქტობრივად ერთადერთი განსახიერებაა.
თუკი დედა პარასკევას „ზმანებამ“ თავად საეკლესიო წრეების არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია, ბევრად უფრო წარმატებული აღმოჩნდა სამოქალაქო პირის, გულნარა კუკულაძის „ხილვა“: „მე მქონდა ხილვა 2001 წლის 10 სექტემბერს. ღვთისმშობელი მობრძანდა მახათას მთაზე და ითხოვდა ტაძრის მშენებლობას, ითხოვდა საყდარი ამიშენეთო. ვუთხარი ვინ დამიჯერებს ამასთქო და მაჩვენა ამერიკაში 2 შენობა იწვოდა. მითხრა ეს მოხდებაო. თავს ვიკავებდი ამის თქმისგან, რადგან ამერიკა უზარმაზარი ქვეყანაა და რთული იყო ასეთი რამ მეთქვა. როცა ეს ამბავი მოხდა მივხვდი, რომ სიმართლე იყო. ამის შემდეგ მივედი ტაძრებში და მოძღვრებს ვუყვებოდი. ბოლოს საპატრიარქოში მივედი და მოვყევი, ყველა გაოცდა. იქ ღვთისმშობლის კარიბჭის ხატი მაჩვენეს, მაგრამ ვერ ვიცანი, ქართული კაბა ეცვა, მე კი რუსულ კაბაში მყავდა ნანახი. თურმე რამდენიმე წლის წინ ხატმა გაიხადა რუსული სამოსი. მე მან ხილვაში მითხრა საქართველოში ქართული კაბით მოვდივარო.“ სწორედ გულნარა კუკულაძის ხილვის საფუძველზე შენდება მახათას მთის გიგანტური ტაძარი, რომლის საძირკველიც თავად პატრიარქმა აკურთხა და თავისი ლოცვა-კურთხევით არა მხოლოდ ლეგიტიმურად შერაცხა, არამედ საერთო-ეროვნულ საქმედ აქცია ერთი ქალბატონის მართლმადიდიდებლური თეოლოგიისთვისაც ერთობ საეჭვო შინაარსის ზმანება.
მსგავსი მაგალითების უსასრულოდ გაგრძელება შეიძლებოდა, მაგრამ, მოკლედ რომ შევაჯამოთ, ჯადოქრობები, პარანორმალური მოვლენები და ოკულტისტური შეფერილობის პრაქტიკები ქართული პოსტმოდერნისტული მართლმადიდებლობის მეინსტრიმია. მერკანტილურობა, რომელიც საკრალურობით ინიღბება და მაგიურ-ჯადოქრული პრაქტიკები, რომლებიც საკრალურის, ღვთაებრივთან კავშირის, ერთადერთი გზაა, პოსტმოდერნისტული მართლმადიდებლობის ორი ძირითადი ელემენტია.
„როგორც პატრიარქი გადაწყვეტს“
თუ პატრიარქს მიაჩნია, როგორც მან ეს თავის საშობაო ეპისტოლეში თქვა, რომ ხელოვნური განაყოფიერებით ჩასახული ან სუროგაციით გაჩენილი ბავშვები სიყვარულს მოკლებული იზრდებიან, მაშინ ასეც ხდება. ჭეშმარიტების ერთადერთი კრიტერიუმი თავად პატრიარქი, საპატრიარქო ან მოძღვარი სამღვდელოებაა. სწორედ მათ სიტყვას შეუძლია განსაზღვროს ნაძვი მარადყვითელი ხეა თუ მარადიასამნისფერი. თუკი ეს პრინციპი აქამდე ძირითადად მხოლოდ მრევლზე ვრცელდებოდა და სახელმწიფო ან საგანმანათლებლო ინსტიტუტები მეტ-ნაკლებად ავტონომიურობას ინარჩუნებდნენ, განსაკუთრებით 2013 წლის შემოდგომიდან ის სულ უფრო მეტად ტოტალურ, ყოვლისმომცველ სახეს და მასშტაბებს იძენს. მართლმადიდებლურ პოსტმოდერნიზმში გადამწყვეტი არა ისეთი „დიდი ნარაციებია“, როგორიც კონსტიტუცია ან სამართლიანობის, ჰუმანურობისა თუ თავისუფლების ზოგადსაკაცობრიო განსაზღვრებები, ან თუნდაც სამეცნიერო კვლევისა და ექსპერიმენტების საფუძველზე დადგენილი დასკვნები, არამედ საეკლესიო ავტორიტეტების სუბიექტური შეხედულებები და ხილვა-ზმანებები. ეს „პოსტმოდერნული“ მდგომარეობა თანდათანობით თანამედროვე ქართულ სახელმწიფოზეც იწყებს გავრცელებას. შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში კონსტიტუციური სისტემის სერიოზული შეყანყალების ნიშნები შეიმჩნევა. თუკი კონსტიტუციური სისტემა მიიჩნეოდა ახალი ეპოქის მთავარ მიღწევად, რომელიც შესაძლებელს ხდიდა, რომ კანონის წინაშე ყველა მოქალაქე გაეთანაბრებინა და ძირითადი კანონი სახელმწიფოს უმაღლეს ავტორიტეტად ექცია, თანამედროვე საქართველოში არმოჩნდა, რომ კანონზე მაღლა კიდევ არსებობს ერთი ინსტანცია – პატრიარქი, რომლის ერთ განცხადებასაც შეუძლია პარლამენტში მიღებული კანონები ან განხილვის პროცესში მყოფი კანონპროექტები შეაჩეროს. არადა საქართველო კონსტიტუციით სეკულარული სახელმწიფოა, რომელშიც სახელმწიფო და ეკლესია ერთმანეთისგანაა გამიჯნული. მიუხედავად ამისა, საქართველოს მთავრობაც და პარლამენტიც ძირითადად პატრიარქის ნება-სურვილს ემორჩილება. მინისტრები და სხვა მაღალი რანგის პოლიტიკოსებიც ისე ჩამწკრივდებიან ხოლმე სამების ტაძარში, თითქოს მათ წირვაზე დასწრებას პროტოკოლი ავალდებულებდეთ.
ქართული მართლმადიდებლური პოსტმოდერნიზმის მთავარი ნიშანი, ობიექტური კრიტერიუმების გაქრობასთან და მათი საეკლესიო ავტორიტეტების სუბიექტურ ნებასა თუ ხილვებზე დაქვემდებარებასთან ერთად, დროის და ეპოქების აღრევა და სრული ეკლექტურობაა. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიაც, მისი მრევლიც და უკვე ქართული სახელმწიფოც ერთდროულად რამდენიმე ეპოქაში იმყოფება: ერთმანეთის პარალელურად თანაარსებობენ შუა საუკუნეები და XXI საუკუნე, პირველყოფილი ტოტემიზმი და მაღალი ტექნოლოგიები, პრიმიტიული მაგია და ასტროფიზიკა, რაინდები და ბიზნესმენები, ანუ ერთი პოსტმოდერნისტული ტერმინი რომ ვიხმაროთ, ქართული მართლამადიდებლური პოსტმოდერნიზმი ერთი დიდი ჰიბრიდია, რომელსაც არათუ სივრცის აღქმა აქვს აღრეული და ვერ გაურკვევია, რა მიმართულებით მიიწევს, არამედ დროის ვერტიკალი ჰორიზონტალურ მდგომარეობაშია გადასული, რაც ერთდროულად მრავალ ეპოქასა და დროით განზომილებაში ყოფნას ხდის შესაძლებელს.
პოსტმოდერნიზმის ნიშნები განსაკუთრებით ნათლად თანამედროვე ქართულ მართლმადიდებლურ კულტურაში შეიმჩნევა, მაგრამ ეს ცალკე წერილის თემაა.