წესით, როცა გინდა, რომ წლის მიმოხილვა დაწერო, უნდა მოემზადო, სულ ცოტა, ინტერნეტ-გამოცემებს და ჟურნალ-გაზეთებს მაინც გადაავლო თვალი. ეს მომზადება კი ჩემთვის ზედმეტად სერიოზულ საქმედ მივიჩნიე და გადავწყვიტე მეხსიერებას მივნდობოდი. აქედან კი ბევრი არაფერი გამოვიდა.

წლევანდელი პირველი მნიშვნელოვანი ფაქტი, რაც გავიხსენე, საქართველოსთან არ იყო დაკავშირებული: 24 იანვარს, მიტოციკლეტზე ამხედრებული პოლიციელი დაეჯახა დიდ ბერძენ რეჟისორს, თეო ანგელოპულოსს, რომელიც საავადმყოფოში გარდაიცვალა.

არც მეორე ფაქტი იყო მხიარული, პირიქით - ძალიან მძიმე და მტკივნეულად გასახსენებელი: საქართველოს პრეზიდენტის ავღანეთში ჩასვლიდან მეორე დღეს, 22 თებერვალს დაიღუპა სამი ქართველი სამხედრო მოსამსახურე.

შემდეგი, რაც გავიხსენე, ფეხბურთი იყო. ჩემპიონთა ლიგის მოგებით მაისში “ჩელსიმ” გამახარა. არა, მათ არ ვგულშემატკივრობ. პრემიერ-ლიგაში ჩემთვის ყველაზე საძულველი კლუბია. აბრამოვიჩი მაღიზიანებს - ძალიან არაპრემიერლიგურად იქცევა. თანაც მის სამშობლოს ჩემი სამშობლოს 20 პროცენტი აქვს ოკუპირებული. მაგრამ ეს ტურნირი რომ მოიგეს, გამიხარდა. ჯერ ერთი, “ბაიერნს” ფინალი სახლში, მიუნხენში მოუგო და თანაც ნახევფინალში უძლეველი “ბარსელონა” დაამარცხა. ეს უკანასკნელი განსაკუთრებით გამიხარდა. “ბარსას” კი არ ვერჩი რამეს - მაგარი გუნდია, მაგრამ მთელი საქართველო და მსოფლიო რომ ყველაზე მაგარს გულშემატკივრობს, ეგ არ მომწონს ცოტა. მაგრის “ბალელშიკობა” ადვილია: შენ სუსტი თქვი. მაგილათად, “ფულემს” მგონი ჰიუ გრანტისა და ჩემი ინგლისელი ძმაკაცის გარდა აღარავინ “ბალელშიკობს”. ერთხელ ძმაკაცს ვკითხე, “ფულემი” რატომ აირჩიე-თქო. არ ამირჩევია, მისი სიყვარული მემკვიდრეობით მერგო წინაპრებისგანო. სიყვარულის რა მოგახსენოთ, მაგრამ წინაპრებისგან ბოლშევიკების სიძულვილი ნამდვილად მერგო. ეტყობა ამის ბრალია, რომ “ბარსელონის” ფანი არ ვარ და კიდევ ყველანაირი უმრავლესობა რომ მაღიზიანებს.

ივნისში უფრო ლიტერატურული მოტივებით ვიყავი დაკავებული. ეს “საბას” ბრალია. ამასთან დაკავშირებით, კიდევ ერთხელ უნდა განვაცხადო - მიხარია, რომ ფეისბუკზე არ ვარ დარეგისტრირებული: იქ თურმე ამბები ხდებოდა, ლიტერატურა არა - იხვი.

კიდევ კარგი, ივლისში დროზე მომისწრო ევროპის ჩემპიონატმა ფეხბურთში. მერე კიდე აგვისტოში ლონდონის ოლიმპიური თამაშები იყო თავისი გახსნა-დახურვიანად და ცოტა გავერთე.

ასეთი სპორტული ზაფხულის შემდეგ წინასაარჩევნო სექტემბერი ნამდვილი ჯოჯოხეთი იყო. ალბათ ჩემზე უკეთ გახსოვთ ხელისუფლება-ოპოზიციამ რა ტყუილების ქარბუქი, ურთიერთბრალდებების კორიანტელი და ვიდეო-მტკიცებულებების ნიაღვარი დაგვატეხა თავს. ასეთ ვითარებაში ახალგაზრდებმა გადაწყვიტეს, რომ სისტემა უნდა დაინგრეს და საბოლოოდ, ვარდებით მოსული ხელისუფლება 1 ოქტომბერს ცოცხებით გააცილეს უმცირესობაში.

ეს ყველაფერი ჩემთვის კი ასე ჩანდა: ადამიანმა, რომელმაც მაღალი ისტორიული და ესთეტიკური ღირებულების ბაგრატის ტაძრის ნანგრევებზე რელიგიური დანიშნულების ოფისი ააშენა, ძალაუფლება გადააბარა ადამიანს, რომელმაც ერთობ სერიოზული ფინანსური წვლილი შეიტანა თბილისში ანალოგიური პროფილის, ოღონდ გაუმართლებელი მასშტაბების, უგემოვნებო ნაგებობის მშენებლობაში.

ადამიანი, რომელმაც საქართველოს ქალაქების ისტორიული უბნები კიტჩად აქცია, შეცვალა ადამიანმა, რომელმაც ფსიქოანალიზი აქცია კიტჩად.

ადამიანი, რომელმაც რიყეზე უშველებელი დოქები დაყარა, უპირისპირდება ადამიანს, რომელმაც სოლოლაკის ფერდობზე, მაწვნის ქილა შემოდგა.

ამ ორის და მათი ნაზირ-ვეზირების დაპირისპირების ფონზე შემოდგომა-ზამთარში განვითარებული ისეთი მოვლენები, როგორიცაა გაფიცვები, დაჭერები, მედიაორგანიზაციების ტრანსფორმაციები, დირექტორების გადადგომა-გადაყენება-არჩევნები, ჟურნალისტების უაზრო მოძრაობები არხიდან არხზე, მედიიდან პოლიტიკაში და უკან, მასშტაბური შეწყალებები, სპორტულ ფედერაციებში ატეხილი არასპორტული აქტივობები, კულტურის სამინისტროსთან დაკავშირებული უკულტურო ვნებები, მორიგი ფსიქიურად გაუწონასწორებელი ამერიკელის 27 მსხვერპლი, კიდევ ერთი ტრაგედია ავღანეთში და სხვა მრავალი, - მეორე პლანზე გადაიწია.

წლის უკანასკნელი თვე მუსიკალური თვალსაზრისითაც სევდიანი გამოდგა: ერთი კვირის ინტერვალით გარდაიცვალა თანამედროვეობის ორი უდიდესი მუსიკოსი - ამერიკელი დეივ ბრუბეკი და ინდოელი რავი შანკარი. ორივემ დიდხანს - 92 წელი (ბრუბეკს ერთი დღე დააკლდა) და ძალიან ნაყოფიერად იცხოვრა. მათ დიდი შემოქმედებითი და გენეტიკური მემკვიდრეობა დაუტოვეს კაცობრიობას: ბრუბეკი ერთ დროს თავის შვილებთან - დარიუსთან, დენისთან, მეთიუსთან და ქრისთან ერთად გამოდიოდა სცენაზე, რავი შანკარის შვილები ცნობილი მუსიკოსები - ნორა ჯონსი და ანუშკა შანკარი არიან.

ძალიან სავსე და ხანგრძლივი ცხოვრების შემდეგ მათი ამ ქვეყნიდან წასვლა შეიძლება ერთგვარად ლოგიკურიც კი ჩანდეს. ყოველ შემთხვევაში, ასეთი ადამიანების წყალობით ცხოვრება ბევრად უფრო დიდებულია, ვიდრე ამ პოსტიდან ჩანს.