ბიზნესსექტორი - რეგისტრაცია, დასაქმებულები და ხელფასი 2017 წელს

მიმდინარე წლის მაისში ქვეყანაში რეგისტრირებული ბიზნესსუბიექტების რაოდენობამ 4 827 შეადგინა, რაც, აპრილთან შედარებით, 26.8 %-ით, 2016 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით კი, 26.5 %-ით მეტია. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, მაისში რეგისტრირებული ბიზნესსუბიექტებიდან 97.3 % სამეწარმეო სუბიექტია,ხოლო 2.7 % - არასამეწარმეო სუბიექტი.

გასულ თვეში ქვეყანაში დარეგისტრირდა: 128 არასამეწარმეო იურიდიული პირი, 28 კოოპერატივი, 21 უცხოური სამეწარმეო იურიდიული პირის ფილიალი, 16 სააქციო საზოგადოება და 2 სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოება. აღნიშნულ პერიოდში ყველაზე მეტი - 2 029 - ბიზნესსუბიექტი თბილისში, ყველაზე ცოტა კი - 71 ერთეული - წყალტუბოს მუნიციპალიტეტში დარეგისტრირდა.

Your browser doesn’t support HTML5

ეკონომიკის მიმოხილვა

რეგისტრაციის მაჩვენებლებზე უფრო საინტერესო კი, მოგეხსენებათ, არსებული ბიზნესსექტორის ბრუნვაა. სტატისტიკური მონაცემების თანახმად, რომელსაც PMCG ეყრდნობა თავის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში, 2017 წლის პირველ კვარტალში დასაქმებულთა რაოდენობა ბიზნესსექტორში, 2016 წლის მეოთხე კვარტალთან შედარებით, 16 ათასი ადამიანითაა შემცირებული, თუმცა, 2016 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 4.7%-ითაა გაზრდილი. დასაქმებულთა რაოდენობა ყველაზე მეტად, 15%-ით, გაიზარდა ადმინისტრაციულ საქმიანობაში, 17%-ით მოიმატა პროფესიულ, სამეცნიერო და ტექნიკურ საქმიანობაში, 12 %-ით - წყალმომარაგებაში და 16%-ით - მოპოვებით მრეწველობაში. იმავე მონაცემების მიხედვით, დასაქმებულთა რიცხვი 8 %-ით შემცირდა ინფორმაციისა და კომუნიკაციის დარგში.

2017 წლის პირველი კვარტალის მდგომარეობით, ბიზნესსექტორში ყველაზე მეტი -155 367 - დასაქმებული ვაჭრობის სფეროში დაფიქსირდა, შემდეგ მოდის დამამუშავებელი მრეწველობა (80 387 კაცი), ჯანდაცვა და სოციალური მომსახურება (64 838 კაცი), მშენებლობა (59 366 კაცი) და ტრანსპორტირება და დასაწყობება (50 295 კაცი).

2017 წლის პირველ კვარტალში, 2016 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ბიზნესსექტორში დასაქმებულთა საშუალო თვიური შრომის ანაზღაურება 11 %-ით -101.6 ლარით - გაიზარდა. ანაზღაურება ეკონომიკური საქმიანობის ყველა სფეროში გაზრდილია. აღნიშნულ პერიოდში ყველაზე მაღალი - 30 %-იანი - ზრდა ფიქსირდება თევზჭერაში. 21 %-ით გაიზარდა ანაზღაურება უძრავი ქონებით ოპერაციებში, 19 %-ით - სოფლის მეურნეობაში და 16 %-ით - განათლებაში.

ბიზნესსექტორში დასაქმებულთა საშუალო თვიური შრომის ანაზღაურება 2 %-ით შემცირდა რაჭა-ლეჩხუმში, 8.45 %-ით კი ქვემო სვანეთში. ამ რეგიონების გარდა, ყველა სხვა რეგიონში ზრდა დაფიქსირდა. საშუალო თვიური შრომის ანაზღაურება 31 %-ით არის გაზრდილი შიდა ქართლში, 16 %-ით - სამეგრელო-ზემო სვანეთში, 15%-ით - კახეთში და 13 %-ით თბილისში.