ქუთაისში ბიზნესობიექტების ყველაზე მაღალი წილი ვაჭრობას უჭირავს

ქუთაისის მერიის მიერ ჩატარებულმა „სამეწარმეო აქტივობის კვლევამ“ აჩვენა, რომ ქალაქში ყველაზე დიდი მოთხოვნილება ისეთ კვალიფიციურ პროფესიებზეა, როგორიც ადმინისტრატორი, მენეჯერი, შეფმზარეული, გიდი, დურგალი, ენერგეტიკოსი, მეტალურგი, შემდუღებელი, ხარატი და ქვის ხელოსანია. ადგილობრივი წარმოების, მომსახურებისა და ვაჭრობის სფეროებში დასაქმებულთა ხელშეწყობისთვის კვლევა მერიის ორმა სამსახურმა ჩაატარა და ანკეტური წესით 3279 სუბიექტი გამოიკითხა.

როგორც მერიის ეკონომიკური განვითარებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ქონების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი პაატა კლდიაშვილი ამბობს, კვლევაში მონაწილეობა ნებაყოფლობითი იყო, მიღებული ინფორმაცია კი კონფიდენციალურია და ბიზნესისთვის რაიმე საფრთხეს არ შეიცავს. პაატა კლდიაშვილისვე ინფორმაციით, კვლევის მიზანი ქალაქში არსებული ბიზნესობიექტების საჭიროებათა გამოვლენა, საინვესტიციო გარემოს ანალიზი და ქუთაისის ბიზნესრუკის მომზადებაა. პაატა კლდიაშვილი იმ პრობლემებზე საუბრობს, რომლებიც გამოკითხვისას სხვადასხვა სფეროში მომუშავე ბიზნესსუბიექტების მიერ დასახელდა და ადგილობრივი თვითმმართველობის კომპეტენციის ფარგლებში მათი მოგვარება აუცილებლად იქნა მიჩნეული.

ქუთაისის მერიის ეკონომიკური განვითარებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ქონების მართვის და საბინაო ინფრასტრუქტურის მართვისა და განვითარების სამსახურების მიერ ჩატარებული კვლევის შედეგებით, ქალაქში აღრიცხული ბიზნესობიექტების ყველაზე მაღალი წილი - 56% - ვაჭრობას უჭირავს, 35% მომსახურების სფეროს წარმოადგენს და მხოლოდ 9%-ია წარმოება. აქედან დასაქმებულთა 55% ქალია, სამივე სფეროში მომუშავე მამაკაცთა რაოდენობა კი საერთო რაოდენობის 45%-ია. საყურადღებოა ისიც, რომ, კვლევის თანახმად, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის ადაპტირებული გარემო ბიზნესსექტორის წარმომადგენელთა მხოლოდ 4% -ს აქვს. სამეწარმეო აქტივობის კვლევის მიხედვით, 2014 წელს ფინანსური შედეგი დადებითი ჰქონდა კომპანიების 86%-ს, აქედან ბიზნესის განვითარებისთვის საკუთარ რესურსს იყენებს 57%, 38% კი ბანკიდან გამოტანილი სესხით ფუნქციონირებს. ამასთან, მომდევნო სამ წელიწადში ბიზნესის გაფართოებისა და ინვესტიციის განხორციელებისგან თავს იკავებს სუბიექტების 83% და მხოლოდ 16% გეგმავს თანხების მოძიებას და ვაჭრობაში, წარმოებასა და მომსახურებაში დამატებითი თანხისჩადებას.

ქუთაისის მერის შოთა მურღულიას განმარტებით, დაფიქსირებულია საწყისი მონაცემები და ინფორმაცია ყოველ ექვს თვეში განახლდება, რაც საშუალებას მისცემს ადგილობრივ თვითმმართველობას პროექტები საჭიროების მიხედვით დაგეგმოს.

ქუთაისის მერის შოთა მურღულიასვე განმარტებით, მუშავდება ქალაქის განვითარების გენერალური გეგმა, რომელიც, თავის მხრივ, ეკონომიკური განვითარების სტრატეგიას მოიცავს და კვლევის შედეგები მომდევნო 5 წელიწადზე გათვლილი სტრატეგიის შემუშავების დროს იქნება გამოყენებული.