ბიზნესი საშინაო დავალებად - “კვინტეტ ლონდონი”

რუბრიკა “სტარტ-აპის” სტუმარია თამთა მოსულიშვილი, საერთაშორისო კომპანია “კვინტეტ ლონდონის” ერთ-ერთი დამფუძნებელი.

Your browser doesn’t support HTML5

ბიზნესი საშინაო დავალებად - “კვინტეტ ლონდონი”

თამთა მოსულიშვილი ლონდონის სახელმწიფო სამხატვრო უნივერსიტეტის სტუდენტია, რომელმაც სტარტ-აპი მესამე სასწავლო სემესტრში მიღებული საშინაო დავალების შესრულებით დაიწყო.

"მოგვცეს დავალება, რომ გაგვეკეთებინა რაიმე ფირმა და გაგვეყიდა პროდუქცია საიტიდან ონლაინ. ძალიან ბევრ რამეზე ვფიქრობდით. ახლა არის გლობალიზაცია და ყველაფერი გაერთიანებულია და ჩვენ გვინდოდა ყველას საკუთარი ქვეყანა წინ წამოგვეწია. ჯგუფში ვიყავით ხუთი სხვადასხვა ადამიანი სხვადასხვა ქვეყნიდან. გადავწყვიტეთ შეგვექმნა აქსესუარები, რომელზეც იქნებოდა ამ ქვეყნების კულტურის ამსახველი ნახატები”.

ასე შეიქმნა „კვინტეტ ლონდონი“, რომელიც ამ დროისთვის მხოლოდ შარფებს აწარმოებს, თუმცა დროთა განმავლობაში სხვა ნივთებისა და აქსესუარების დამატებასაც გეგმავს. თითოეული კაშნე, რომელსაც „კვინტეტ ლონდონის“ წევრები მომხმარებელს სთავაზობენ, ორიგინალური, სხვადასხვა ეროვნებისა და კულტურის მქონე ხელოვანთა მიერ სპეციალურად ამ ბრენდისთვის შექმნილი ნახატებით არის გაფორმებული. ნახატები სხვადასხვა სტილისა და თემატიკის არის და თითოეულ კაშნეს ნახატის მიხედვით ჰქვია სახელი.

“ვიპოვეთ ქართველი ძალიან საინტერესო დიზაინერი, ანიკუშკა გოგუაძე, რომელმაც დაგვიხატა კარები ამ ქვეყნებიდან და გამოვიდა ულამაზესი ნახატი. დავმეგობრდით ჩინელ სტუდენტთან, რომელმაც დაგვიხატა დროშის ფერებით ნამუშევარი. ერთ-ერთ მოდელზე დავიტანეთ ასევე მცენარეები და, საბოლოოდ, ძალიან საინტერესო ხუთი სხვადასხვა დიზაინის მქონე პროდუქტი მივიღეთ”.

​ცხადია, მსოფლიო ინტერნეტში ამ ტიპის ძალიან ბევრი მაღაზია არსებობს და წარმატება მხოლოდ მას ხვდება წილად, ვინც სხვებისგან განსხვავებულს შესთავაზებს მომხმარებლებს. თამთა ამბობს, რომ, გარდა სპეციალურად მათთვის შექმნილი ნახატებისა, „კვინტენტ ლონდონის“ წარმატებას კიდევ ორი ფაქტორი განაპირობებს: ერთი ის, რომ მისი ხუთივე წევრი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან არის ლონდონში ჩასული და ერთ პროექტში 5 სხვადასხვა ერის კულტურა ერთიანდება; მეორე ის, რომ ყველაფერი, რასაც ისინი მომხმარებელს სთავაზობენ, ძალიან მაღალი ხარისხით და ტექნოლოგიით არის დამუშავებული ლონდონში. ამის ფუფუნება კი ხშირად არათუ საწყის ეტაპზე მყოფ მწარმოებლებს, დიდ კომპანიებსაც არ აქვთ და თავიანთი პროდუქციის შესაქმნელად აზიის სხვადასხვა ქვეყანას მიმართავენ.

“ყველაფერი, რასაც ვაკეთებთ, კეთდება ლონდონში. მოვიარეთ, ვიპოვეთ ფირმა, რომელიც ყველაფერს აკეთებს, შეღებვა-სუბლიმაციას, რაც გვჭირდება”.

რა თქმა უნდა, გარდა წარმოებისა, პროდუქციას სჭირდება შეფუთვა და მიწოდება. საიტი კვინტეტის წევრებმა თვითონ ააწყვეს, პროდუქციის მომხმარებლამდე მიწოდებას მთელ მსოფლიოში დიდი ბრიტანეთის ფოსტა უზრუნველყოფს.