ბიუჯეტის 9 თვის გეგმის შესრულების საკითხი

ერთი თვეა დარჩენილი 9 თვის ბიუჯეტის გეგმის შესასრულებლად. ექსპერტები უკვე იმაზე ლაპარაკობენ, რომ ბიუჯეტის შესრულება გართულდება. რა იძლევა ამის საფუძველს და რა მდგომარეობაა ბიუჯეტის შესრულების მხრივ 26 აგვისტოს მდომარეობით?

პირველი იანვრიდან ბიუჯეტში მობილიზებული შემოსულობების ჯამურმა რაოდენობამ 5 მილიარდ 340 ლარი შეადგინა, რაც 9 თვის გეგმის 81 პროცენტია. შესაბამისად, 9 თვის გეგმა რომ შესრულდეს, ერთი თვის განმავლობაში ბიუჯეტში მილიარდზე მეტი ლარის მობილიზება უნდა მოხდეს. 9 თვის გეგმის თანახმად კი, თვეზე საშუალოდ 726 მილიონი ლარის შემოსულობა იყო განსაზღვრული. შესაბამისად, ერთი თვის განმავლობაში მილიარდზე მეტი ლარის მობილიზება, სავარაუდოდ, ძნელი იქნება. ამ არგუმენტებზე დაყრდონიბით, უხეში გათვლებით, ბიუჯეტს შემოსულობების მიმართულებით 400 მილიონზე მეტი ლარი დააკლდება.

თუმცა დადებითად უნდა შეფასდეს ის ფაქტი, რომ დანაკლისი არ მოდის გადასახადებიდან მიღებულ შემოსავლებზე. 9 თვის გეგმა 4 მილიარდ 908 მილიონით იყო განსაზღვრული, 8 თვის მდომარეობით კი უკვე მობილიზებულია 4 მილიარდ 319 მილიონი ლარი - 87 პროცენტზე მეტი.

შესაბამისად, დანაკლისი შემოსულობებში, წინა თვეების მსგავსად, სხვა მუხლებზე მოდის. კერძოდ, გრანტებიდან 7 თვის განმავლობაში მიღებულია 9 თვის გეგმით განსაზღვრული რაოდენობის ნახევარზე ნაკლები - მხოლოდ 50 მილიონ 520 ლარი. მსგავსი მდგომარეობაა სხვა შემოსავლების კუთხითაც. 9 თვის გეგმა 52,2 პროცენტით იყო შესრულებული, 7 თვის მონაცემებით. კერძოდ, ვერ მოხდა საკუთრებიდან მისაღები შემოსავლების მობილიზება, მათ შორის - დივიდენდებიდან, პროცენტიდან და რენტიდან მისაღები შემოსავლებისა. დაგეგმილზე ნაკლები შეგროვდა ჯარიმებიდან და საურავებიდან მისაღები თანხებიც.

9 თვის გეგმის შეუსრულებლობის ერთ-ერთი მიზეზი, სავარაუდოდ, იქნება საგარეო ვალდებულებების ზრდის ხარჯზე მისაღები ფინანსური რესურსის მიუღებლობა. 9 თვის განმავლობაში დაგეგმილია 629 მილიონ ლარზე მეტი ოდენობის გრძელვადიანი შეღავათიანი კრედიტის აღება - 7 თვის მდგომარეობით, აღნიშნული თანხის მხოლოდ 27,2 პროცენტი ჩამოირიცხა. მსგავს პრობლემას არ ჰქონია ადგილი შიდა ვალის აღების თვალსაზრისით - 7 თვის თავზე უკვე შესრულებული იყო 9 თვის გეგმის 83 პროცენტი.

გადასახდელების მხრივ, ყველაზე დიდი ჩავარდნა კვლავ კაპიტალურ დანახარჯებზე მოდის. 7 თვის განმავლობაში ამ მიმართულებით გახარჯულია 9 თვის გეგმის მიხედვით გამოყოფილი თანხის 50 პროცენტი.

მიუხედავად იმისა, რომ შემოსულობების თვალსაზრისით, ყველაზე მნიშვნელოვანი მიმართულებით - გადასახადების მობილიზების კუთხით - ბიუჯეტში გარღვევა არ არის, მნიშვნელოვანია საზოგადოებისთვის უფრო ნათელი გახდეს, თუ რა მიზეზით ვერ შესრულდა შემოსულობების სხვა წყაროებიდან - გრანტებიდან, ვალის აღებიდან და სხვა შემოსავლებიდან - მისაღები სახსრების გეგმა.