ახალციხის მუნიციპალიტეტში 2017 წლის ბიუჯეტის პროექტს განიხილავენ

ახალციხე

ახალციხის მუნიციპალიტეტში 2017 წლის მთავარი საფინანსო დოკუმენტის განხილვა დაიწყო. თვითმმართველობაში ამბობენ, რომ პრიორიტეტი ისევ ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაა. მომავალი წლის ბიუჯეტი 6 მლნ. 320 ათასი ლარით განისაზღვრა. გარდა ამისა, რეგიონალური განვითარების ფონდიდან ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის მუნიციპალიტეტი 2 მლნ-მდე ლარს მიიღებს. ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსი გელა ლომიძე განმარტავს, რომ ცენტრალური ბიუჯეტიდან ახალციხის თემს მხოლოდ მიზნობრივი ტრანსფერი აქვს ამ ეტაპზე.

Your browser doesn’t support HTML5

ახალციხის მუნიციპალიტეტში 2017 წლის ბიუჯეტის პროექტს განიხილავენ

ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოში, კომისიებსა და ფრაქციებში მთავარი საფინანსო დოკუმენტის განხილვა დაიწყეს. წარმომადგენლობითი ორგანოს თავმჯდომარე დავით ლომიძე განმარტავს, რომ გამგეობის მიერ შედგენილი ბიუჯეტის პროექტის მიმართ საკრებულოს წევრებს შენიშვნები არა აქვთ.

ბიუჯეტის პროექტს სწავლობს და შენიშვნებს ამზადებს ოპოზიციონერი დეპუტატი. მაკა სუდაძე ამბობს, რომ მთავარ ფინანსურ დოკუმენტში სხვადასხვა სფეროზე თანხა არასწორად არის გადანაწილებული. ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი საკუთარი წინადადებების დაფიქსირებას საკრებულოს მომდევნო სხდომაზე აპირებს.

ახალციხის მუნიციპალიტეტის მოსახლეობა ამბობს, რომ მათი ძირითადი პრობლემები სოციალურ და ინფრასტრუქტურულ საკითხებს უკავშირდება. ადგილობრივები ითხოვენ ხელისუფლებამ მომავალი წლის ბიუჯეტზე მუშაობისას მათი პრიორიტეტები გაითვალისწინოს.

ბიუჯეტის პროექტი განსახილველად საკრებულოში 10 ნოემბერს შევიდა. დეპუტატებსა და მოსახლეობას შენიშვნებისა და რეკომენდაციებისთვის ვადა 25 ნოემბრამდე აქვთ. 10 დღის შემდეგ მთავარი ფინანსური დოკუმენტი ჩასასწორებლად ისევ გამგეობას დაუბრუნდება.