ბინა უზრუნველყოფილი სიბერის სანაცვლოდ

საქართველოში მარტოხელა მოხუცები ხშირად მოვლა-პატრონობის სანაცვლოდ ახლობლებს ან, უბრალოდ, ნაცნობებს საკუთარი ბინის დატოვებას ჰპირდებიან. ეს გადაწყვეტილება ხანდახან ამართლებს, თუმცა არის შემთხვევები, როდესაც მოხუცს სათანადოდ მაინც არ უვლიან.

Your browser doesn’t support HTML5

ბინა უზრუნველყოფილი სიბერის სანაცვლოდ

ექსპერტების თქმით, მსგავსი გარიგების შემთხვევაში აუცილებელია სიცოცხლის ბოლომდე რჩენის ხელშეკრულების გაფორმება, თუმცა საზღვარგარეთ არსებობს უფრო მოქნილი სისტემებიც, რომლებიც მოხუცს საკუთარი ქონების უფრო ოპტიმალურად გამოყენების საშუალებას მისცემს.

2016 წლის მონაცემებით, საქართველოში 360 ათასზე მეტი ადამიანია, რომლის ასაკიც 70 წელი და მეტია. ბევრი მათგანი ცხოვრობს რაიონებში, ხშირად - მარტო. რადიო თავისუფლებასთან საუბარში გამოკითხულები ამბობენ, რომ მოხუცები ვერ ახერხებენ საკუთარი შემოსავლით ღირსეული სიბერის უზრუნველყოფას, რადგან ასაკოვანი ადამიანების დასაქმება ჭირს, პენსია კი თითქმის არაფრისთვის ჰყოფნით.

„პრობლემა ის არის, რომ 150 ლარის წამალი არ მყოფნის თვეში“.

„თვითონ სიტუაცია არის სახელმწიფოში ასეთი - დაუცველები ვართ. რამე რომ იყოს, ვერავინ დაგეხმარება - ასეთი გრძნობა მაქვს“.

„30 წლის ზემოთ თითქოს არა ხარ. გარიყულები არიან. მეც არ ვარ ასაკოვანი, მაგრამ მაინც, თითქოს ვეღარ პოულობ საკუთარ თავს. არ სჭირდები შენს საზოგდოებას“.

„არიან პენსიონერები, მთელ ოჯახს ინახავენ თავისი პენსიით. მიმაჩნია, რომ ეს ძალიან რთულია ოჯახისთვის და თავად ამ პენსიონერისთვისაც ძნელია ფსიქოლოგიურად“.

განსაკუთრებით რთულია მარტოხელა მოხუცების მდგომარეობა. ხშირად ისინი მხოლოდ პენსიისა და საკუთარი უძრავი ქონების იმედად არიან დარჩენილები. შესაბამისად, ცდილობენ სწორედ ამ უძრავი ქონებით გაიტანონ თავი.

ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტი ნესტან ლონდარიძე ამბობს, რომ მსგავს შემთხვევებთან დაკავშირებით მას ხშირად მიმართავენ კონსულტაციისთვის. იყო ისეთი ფაქტებიც, როდესაც საქმე პოლიციამდე და სასამართლომდეც მივიდა. ნესტან ლონდარიძე იხსენებს ერთ შემთხვევას: მოხუცმა ახლობლებს თავის სახლში ცხოვრების უფლება მისცა იმ პირობით, რომ წლების შემდეგ მას მოუვლიდნენ, სანაცვლოდ კი მისი გარდაცვალების შემდეგ ახლობლებს საბურთალოზე სამოთახიანი ბინა დარჩებოდათ.

„სამწუხაროდ, სანამ ეს ქალბატონი მუშაობდა, მშვიდად ცხოვრობდნენ, მაგრამ როცა უკვე პენსიაზე გავიდა და მოვლა-პატრონობა ესაჭიროებოდა, აღარავითარ ყურადღებას არ აქცევდნენ. ამ სახლში უკვე ვეღარ ცხოვრობდა, მუდმივად ეჩხუბებოდნენ. თავის ოთახში (თავისივე სახლში) დენი გამოურთეს. საბოლოოდ, იძულებული გახადეს სახლიდან წასულიყო. ხან ერთ მეგობართან ათევდა ღამეს, ხან - მეორესთან“.

ამ მდგომარეობაში რამდენიმე წელიწადი გავიდა. ბოლოს, ერთ-ერთი ახლობლის რჩევით, მოხუცმა ადამიანის უფლებათა ცენტრს მიმართა, სადაც ადვოკატის მომსახურება უფასოა. ცენტრმა მოახერხა, რომ პირები, რომლებიც ამ ქალბატონის ბინას იყვნენ დაპატრონებულნი, გარეთ გამოესახლებინა.

ნესტან ლონდარიძე ამბობს, რომ მსგავსი შემთხვევების თავიდან ასაცილებლად აუცილებელია ახლობლებთან არა მხოლოდ სიტყვიერად შეთანხმება, არამედ სიცოცხლის ბოლომდე რჩენის ხელშეკრულების გაფორმებაც, სადაც ორივე მხარის ვალდებულებები გაიწერება.

თუმცა ამ შემთხვევაშიც რჩება საფრთხე, რომ ახლობლებმა მოხუცს სათანადოდ არ მოუარონ, მას კი ჩივილის საშუალება ასაკისა და ჯანმრთელობის გამო ნაკლებად მიეცემა. თუ რამდენად სრულდება ხელშეკრულებაში ჩადებული მოთხოვნები, ამას მესამე პირი არ ამოწმებს.

„საზედამხედველო ფუნქცია ამ შეთხვევაში ვერავის ექნება და ამ მხრივ ვერ გააკონტროლებს, ანუ ოჯახებზე ამ მხრივ კონტროლი ვერ იქნება, თუმცა, რა თქმა უნდა, ესეც საფიქრია, რადგან, როდესაც პირი ვერ აცნობიერებს, რა ხდება, მას დამხმარე სჭირდება. რამდენად კარგად ასრულებენ თავიანთ მოვალეობას, ამის კონტროლი დღევანდელი კანონმდებლობით შეუძლებელია“.

უჩა ვახანია, აღმასრულებელი დირექტორი კოალიციისა „შინმოვლა საქართველოში“, ამბობს, რომ შინმოვლა, როგორც მომსახურება, მსოფლიოში უფრო და უფრო დიდ სეგმენტს იკავებს. საქართველოში, ამ მხრივ, მხოლოდ რამდენიმე პროგრამაა, თან ძალიან დაბალბიუჯეტიანი. მისივე თქმით, არსებობს, ასევე, შავი ბაზარი, სადაც მარტო დარჩენილი მოხუცები ბინის სანაცვლოდ გარკვეული პირებისგან მომსახურებას იღებენ. ვახანია ამბობს, რომ ამგვარი მოხუცი საქართველოში საკმაოდ ბევრია, რადგან ახალგაზრდების დიდი ნაწილი საზღვარგარეთ არის წასული. მისივე თქმით, როდესაც ადამიანი შავ ბაზარს მიმართავს, შედეგი, როგორც წესი, ცუდია:

„ჯერ ერთი, იმ ადამიანს, რომელიც იღებს პასუხისმგებლობას მოვლაზე, არა აქვს სათანადო კვალიფიკაცია. მეორეც, ნახეთ, მოტივაცია როგორია: რაც უფრო მალე მოკვდება, მით უფრო მალე მიიღებს ქონებას. ბუნებრივია, ჩნდება მოტივაცია, რაც შეიძლება მალე გარდაიცვალოს ეს ადამიანი და ქონებაც მალე მიიღოს. ეს ძალიან ცუდია. უნდა შევიმუშაოთ ისეთი მოდელი, რომელიც სწორედ დიდხანს სიცოცხლესა და უკეთეს სერვისზე იქნება ორიენტირებული“.

უჩა ვახანია აღწერს მოდელს, თუ როგორ შეიძლება მსგავსი საკითხი უფრო ცივილიზებურად გადაწყდეს. ამ მოდელის მონაწილეები არიან: თავად პირი, რომელსაც მოვლა-პატრონობა სჭირდება, ამ სერვისის მიმწოდებელი ორგანიზაცია, რომელსაც ბანკი აფინანსებს, ბანკი, სადაც მოხუცი ბინას იპოთეკით ტვირთავს და სადაზღვევო კომპანია, რომელიც რისკებს აზღვევს. რისკი კი შემდეგი შეიძლება იყოს: ბინის ღირებულებამ მოვლა-პატრონობის ხარჯი ვერ დაფაროს. თუ პირიქით მოხდა, ბინის ღირებულებიდან მიღებული ნაშთი მოხუცის მემკვიდრეს გადაეცემა.

უჩა ვახანიას თქმით, მსგავსი მოდელები განვითარებულ ქვეყნებში მოქმედებს და კარგი იქნებოდა საქართველოშიც დანერგილიყო. თუმცა, მისივე თქმით, მოხუცებისთვის ასევე საჭიროა შინმოვლის სახელმწიფო პროგრამაც.

„თუმცაღა, მათი საჭიროება შეიძლება აღემატებოდეს სახელმწიფო პროგრამის შესაძლებლობებს და, ამდენად, მათ უნდა ჰქონდეთ საშუალება, რომ თავიანთი ქონება (ძირითადად, უძრავი ქონება) გამოიყენონ ცხოვრების ღირსეულად დამთავრებისთვის. პარადოქსია, მაგრამ ჩვენს ქვეყანაში, განსხვავებით განვითარებული ქევყნებისგან, სიღარიბის მიუხედავად, ყველას აქვს საკუთარი საცხოვრებელი და არა „ნაქირავები“. და ეს არის დიდი რესურსი, რომელიც ადეკვატურად უნდა გამოვიყენოთ“.

უჩა ვახანია ამბობს, რომ ამით არა მარტო მარტოხელა მოხუცების პრობლემა მოგვარდებოდა, არამედ იმ პირების დასაქმებაც შეიძლება, ვინც ამჯერად საზღვარგარეთ არის წასული და იქ სწორედ მოხუცებს უვლის. მისი თქმით, ამას სჭირდება, რომ მსგავსი სერვისის შესრულებაში მათ აქაც შესაბამისი ანაზღაურება მიიღონ.