ამერიკელი მომღერალი, კომპოზიტორი და ტუჩის გარმონზე დამკვრელი ბიგ უოლტერ ჰორტონი არასათანადოდ დაფასებელ არტისტად ითვლება ამერიკის ბლუზის ისტორიაში.
Your browser doesn’t support HTML5
30-იან წლებში, მუსიკოსის შემოქმედებითი აქტიურობის პერიოდში, ბლუზს მეტწილად აფრო-ამერიკელი მსმენელი ჰყავდა და მისი სახელი სამხრეთ შტატებს არ გასცდენია. საყოველთაო აღიარება მხოლოდ კარიერის დასასრულს დაიმსახურა, როცა ჟანრისადმი ინტერესი მთელ ამერიკასა და ევროპაში გაიზარდა. მოასწრო და ისეთ სახელოვან არტისტებსა თუ ჯგუფებთან ითანამშრომლა, როგორებიც იყვნენ ფლიტვუდ მაკი და ჯონი უინტერი, საკონცერტო ტურნე გამართა დიდ ბრიტანეთში, სადაც მსმენელის აღფრთოვანება მოახერხა და რამდენიმე სტუდიური ჩანაწერიც გააკეთა.
ბიგ უოლტერ ჰორტონი 1921 წელს მისისიპის შტატის ქალაქ ჰორნ ლეიკში დაიბადა. ტუჩის გარმონზე დაკვრა 5 წლის ასაკში ისწავლა და სულ მალე ჯგუფ "Memphis Jug Band"-თან ერთად კონცერტებით მოიარა სამხრეთის შტატები. 50-იანი წლებისთვის ჰორტონი უკვე საკმაოდ გამოცდილი ინსტრუმენტალისტი გახლდათ. მას ლითლ უოლტერს, სონი ბოი უილიამსონისა და სხვა ლეგენდარული ტუჩის გარმონზე დამკვრელთა შორის მოიაზრებდნენ და დიდებულ მომავალსაც უწინასწარმეტყველებდნენ. თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ ბიგ უოლტერ ჰორტონმა მაინც ვერ მოახერხა ბლუზურ სცენაზე ღირსეული ადგილის დაკავება. არც ხეირიანი მენეჯერი ჰყოლია და თავადაც არ გამოირჩეოდა საქმისადმი სერიოზული მიდგომით. შესაბამისად, მუდამ კოლეგების ჩრდილქვეშ ექცეოდა და ძალიან იშვიათად თუ გამოჩნდებოდა ლიდერის ამპლუაში.
50-იან წლებში ბიგ უოლტერ ჰორტონი სამუშაოდ ჩიკაგოში გადავიდა. ჩიკაგური ბლუზის სამყაროში ის სხვადასხვა არტისტის საიდმენად მუშაობდა, ხოლო როგორც დამოუკიდებელი არტისტი, იშვიათად თუ გამოჩნდებოდა, ისიც მუსიკალურ ფესტივალებზე. მიუხედავად ამგვარი პასიურობისა, მასზე საკმაოდ დიდი იყო მოთხოვნილება. მადი უოტერსი და ჯონ ლი ჰუკერი ხშირად იწვევდნენ საკუთარ პროექტებში.
ბიგ უოლტერ ჰორტონს მხოლოდ 4 სოლო ალბომი აქვს გამოცემული. მათგან გამოვარჩევდი 1972 წლის დისკს, რომელიც ხმის ჩამწერმა ლეიბლმა "ალიგატორ რეკორდსმა" გამოუშვა. პროექტში მონაწილეობა მიიღეს ისეთმა მუსიკოსებმა, როგორებიც არიან: ჰორტონის ძველი მეგობარი გიტარისტი ედი ტეილორი, ბასისტი ბელა ჯო ჰარპერი, უილი დიქსონის დრამერი ფრენკ სვანი და ჩიკაგოელი ტუჩის გარმონზე დამკვრელი კერი ბელი. ალბომი ჰორტონის საშემსრულებლო ოსტატობისა და მისი საკომპოზიტორო ნიჭის ერთ-ერთი საუკეთესო ნიმუშია.