ქოსატყუილა

ეს ამბავი ძალიან დიდი ხნის წინ მოხდა. პატარა ვიყავი, მაგრამ მაინც ყველაფერი კარგად მახსოვს. ეს ის დროა, რომელსაც დღეს ისტორიკოსები სამი მიკის ეპოქად მოიხსენიებენ.

მაშინ ერთი ჯგუფი იყო პოპულარული - “როლინგსტოუნზი” ერქვა. თქვენ ალბათ არც კი გაგიგიათ. მე, უბრალოდ, იმიტომ მახსოვს, რომ მაგ ჯგუფში ბებიაჩემი უკრავდა გიტარაზე. ბებიაჩემი მაგარი იყო, მაგრამ ჯგუფში პოპულარობით მომღერალი ჯობდა - მიკ ჯაგერი. ის სხვებზე წინ იდგა ხოლმე სცენაზე და ყოველთვის ყურადღების ცენტრში იყო. კონცერტის დროს ქუჩის ბიჭის, ხულიგნის იმიჯი ჰქონდა. იმდენად კარგად გამოსდიოდა, რომ ქუჩის ბიჭები უკვე მას ბაძავდნენ. მოკლედ თავსა და ბოლოს ვერ გაუგებდი, იმიტომ რომ, მიკ ჯაგერი ბაძავდა ბიჭებს, რომლებიც მას ბაძავდნენ ისეთს, როგორსაც ის ბაძავდა ბიჭებს, რომლებიც ბაძავდნენ... დანარჩენი ორი მიკისგან რომ გაერჩიათ, მას ხალხი მიკი ბოის ეძახდა.

მეორე მიკი თაგვი იყო და მას მიკი მაუსს ეძახდნენ. ისიც ძალიან პოპულარული იყო. გარდა იმისა, რომ მასზე ყველა ბავშვი ჭკუას კარგავდა, ის უფროსებსაც ძალიან უყვარდათ. ყველა თაგვი მას ბაძავდა და რაც განსაკუთრებით საოცარია, მიკი მაუსს თვით კატებიც კი აღმერთებდნენ.

მესამე მიკი ერთი პატარა ქვეყნის მეფე იყო. ქვეყანას ლაზანია ერქვა, მეფეს - მიკი ფონტანა. ადრე ლაზანიას სხვა სახელი ჰქონდა, თუ სწორად მახსოვს, მიწათმოქმედებასთან იყო დაკავშირებული, მაგრამ მიკი ფონტანამ იქ უფრო მეტი ლაზარეთი ააშენა, ვიდრე ექიმი ჰყავდათ. ლაზარეთებში ძირითადად ლაზერული ეპილაციის სპეციალისტები მუშაობდნენ. გარდა ამისა, იქაურების ყველაზე საყვარელი გასართობი ლაზერ-შოუები იყო. მოკლედ, მიკი ფონტანამ ყველა პირობა შექმნა იმისთვის, რომ ქვეყნისთვის ლაზანია დაერქმიათ.

მეფის სახელიც მშენებლობასთან იყო დაკავშირებული. საქმე ისაა, რომ ახალგაზრდობაში განათლება ლას ვეგასის გრანდ კაზინოში მიიღო, ნევადის უდაბნოში, სადაც წყლის დეფიციტი იყო. ჰოდა, როგორც კი მეფე გახდა, თავის ქვეყანაში შადრევნების მშენებლობა დაიწყო. შადრევანი კი სუაჰილის ენაზე ფონტანაა.

სუაჰილი მიკი ფონტანამ ნევადაში ისწავლა თავისი აღმოსავლეთ აფრიკელი კურსელისაგან, რომელიც მოგვიანებით ერთი მძლავრი სახელმწიფოს მეფე გახდა. ნევადაშივე, ოღონდ სხვა კურსელისგან, რომელმაც მოგვიანებით ვაშლის გადასამუშავებელი კომპანია დააარსა და ყველა მეფეზე მდიდარი გახდა, ისწავლა ოთხმოქმედებიან კალკულატორზე მუშაობა. მიკი ფოტანას იმდენად შეუყვარდა სუაჰილი და კალკულატორი, რომ ყველა ლაზანიელს, ვინც სუაჰილის და კალკულატორს აითვისებდა, კაზინოს ჩიპებით აჯილდოვებდა. ეს ჩიპები ლაზანიაში ერთობ ღირებული იყო, რადგან კაზინოები და სათამაშო ბიზნესი ქვეყნის ბიუჯეტის შევსების უმნიშვნელოვანეს წყაროს წარმოადგენდა.

იმდროინდელი მსოფლიო ორად იყო გაყოფილი - ქვეყნების ნახევარს კატო აკონტროლებდა, მეორეს - რუსლანი. ერთადერთი დამოუკიდებელი ქვეყანა ლაზანია იყო და კატოს და რუსლანის დაპირისპირების საფუძველს სწორედ ლაზანიაზე გავლენის მოპოვება წარმოადგენდა. ამ ორ ძალას შორის ბალანსირება კი მიკი ფონტანას ძალიან ძვირი უჯდებოდა.

მიკი ფონტანაზე ყველა ერთნაირად არ კარგავდა ჭკუას. მის მომხრეებს ლაზანიაში მიკერძოებულები ერქვათ, მისადმი გულგრილებს კი მოქალაქეები. ხანდახან მოქალაქეები მიკერძოებულებს დასცინოდნენ - ეგენი მიკირტუმები არიანო. თუმცა, სინამდვილეში, ისინი ნამდვილი მიკერძოებულები იყვნენ.

ფონტანას სხვა მიკებისგან კიდევ ის განასხვავებდა, რომ მას არავინ ბაძავდა უნიჭო პაროდისტების გარდა.

მაგრამ ერთ დღესაც ყველაფერი შეიცვალა. ჰოლივუდში გადაწყვიტეს, გადაეღოთ მხატვრული ფილმი იმაზე, თუ როგორ იბრძოდნენ რუსლანი და კატო ლაზანიისთვის. ლაზანიის მეფის როლი კი ცნობილმა ჰოლივუდელმა ვარსკვლავმა ქენდი გრაციამ შეასრულა. მიკი ფონტანას ისე მოეწონა გრაციას მიერ განსახიერებული თავისი თავი, რომ გრაციას მიბაძვა დაიწყო. უნდა ითქვას, რომ ეს საოცრად კარგად გამოსდიოდა. იმდენად, რომ ნამდვილი მანია გრაციოზა დაემართა. ვერც ლაზანიაში და ვერც მის საზღვრებს გარეთ უკვე ვეღარ ხვდებოდნენ, რომელი იყო მიკი ფონტანა და რომელი - ქენდი გრაცია.

ერთხელ, როცა ჰოლივუდში ახალი ფილმისთვის ქენდი გრაციას გადაღება დასჭირდათ, ის დაკავებული აღმოჩნდა ძალიან წარმატებული ფილმის, “დედამთილი 3”-ის გადაღებაზე. ამის გამო, მისივე რჩევით, მთავარ როლზე მიკი ფონტანა მიიწვიეს. ეს იყო ფილმი იმის შესახებ, თუ როგორ გადაიღალა ერთი პატარა ქვეყნის მეფე თავისი ქვეყნის მართვით და როგორ წავიდა ის ჰოლივუდში, სადაც ძალიან წარმატებული მსახიობი გახდა. ფილმს ასეც ერქვა: Mickey Goes to Hollywood (“მიკი ჰოლივუდში მიდის”). ფილმს ძალიან დიდი წარმატება ხვდა წილად და მიკი ფონტანამ მეფის როლის საუკეთესო შესრულებისათვის ყველა კინოვარსკვლავის საოცნებო ჯილდო, “ოთარი” დაიმსახურა.

მან ამ როლში ბევრად მეტი ფული აიღო, ვიდრე ლაზანიის წლიური ბიუჯეტი იყო. ამიტომ, გადაწყვიტა, მეფობისთვის თავი დაენებებინა და კარიერა ჰოლივუდისთვის მიეძღვნა. აი, სწორედ მაშინ გახდა მიკი ფონტანა ძალიან პოპულარული არა მხოლოდ ლაზანიაში, არამედ მთელ მსოფლიოში. და სწორედ ამის გამო იყო, რომ ამ ეპოქას არა ორი, არამედ სამი მიკის ეპოქა ეწოდა.

ჭირი იქა, ლხინი აქა,
რუსლანი იქა, კატო აქა.