ბიძინა ივანიშვილი: ”კოჰაბიტაცია ვერ იქნება ხელოვნური”

ბიძინა ივანიშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ახალი მთავრობის ერთ-ერთ მთავარ დამსახურებად 2013 წლის სოციალურ საკითხებზე ორიენტირებულ ბიუჯეტს მიიჩნევს და აცხადებს, რომ ეს სამართლიანი სახელმწიფოს ჩამოყალიბებისაკენ გადადგმული პირველი ნაბიჯია - სწორედ ამ თემით გახსნა პრემიერმა 24 დეკემბერს ”შერატონ მეტეხი პალასში” გამართული, უკვე ტრადიციად ქცეული, ყოველთვიური პრესკონფერენცია. თუმცა ახალი მთავრობის ოპონენტები ოპოზიციიდან და ექსპერტთა ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ ბოლო რამდენიმე თვეა ქვეყნის ეკონომიკური განვითარება მნიშვნელოვნადაა შეფერხებული, ისინი მთავრობას პროდასავლური კურსიდან გადახვევაშიც ადანაშაულებენ.

როდის იგრძნობს საქართველოს თითოეული მოქალაქე იმ ეკონომიკურ კეთილდღეობას, რაზეც ივანიშვილის მთავრობა ლაპარაკობს და რის დასტურადაც მომავალი წლიდან გაზრდილ პენსიებს, მოქალაქეების დაზღვევას თუ სოფლის მეურნეობის კონკრეტულ პროექტებს ასახელებს? პრემიერი ბიძინა ივანიშვილი პირველ შედეგებს ოთხ წელიწადში ელის:

”პირველ წელს ეს იქნება ძალიან რთული, რადგან ამ ყველაფერს ძალიან დიდი მოსამზადებელი პერიოდი დასჭირდება. მეორე წელი იქნება საგრძნობლად უკეთესი, მესამე წელს მოსახლეობის დიდი ნაწილი ამას საკუთარ ჯიბესა და ოჯახზე იგრძნობს და მეოთხე წელი იქნება ძალიან კარგი”.

ბოლო დროს ქვეყნის ეკონომიკის განვითარების ტემპის შენელების თაობაზე ივანიშვილს შეკითხვა რამდენიმე მედიასაშუალებამ დაუსვა. შეკითხვები ეხებოდა პრემიერის ბოლოდრონდელ განცხადებებს ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის პროექტთან დაკვშირებითაც, რომელიც დასრულების სტადიაშია და რომლის შესახებაც ივანიშვილმა განაცხადა, რომ ის ”შეკითხვებს ბადებს”. ხომ არ იგეგმება კიდევ სხვა მიმდინარე დიდი პროექტების გადახედვა ან შეჩერება? ივანიშვილი თავის დამოკიდებულებას ასე ხსნის:

”არსებობს საფრთხე იმისა, რომ პირველ ეტაპზე, როდესაც ახალი რკინიგზა დაიწყებს მუშაობას, ტვირთბრუნვა შეუმცირდეს ძველ რკინიგზას. ამავდროულად, შესაძლებელია, პორტებიც ვერ დაიტვირთოს”.
მე გადავიხდი, მოვუმატებ, ვაჭმევ, ვასმევ. ასეთი დამოკიდებულებაა, რაც ბიზნესმენს ესმის ასე: ესე იგი, გამოდის, მე უნდა გადავიხადო მათ მიერ აღებული ვალდებულებისათვის საჭირო ფული ...
პაატა შეშელიძე

პრემიერმა 24 დეკემბრის პრესკონფერენციაზე ასევე განაცხადა, რომ დროებით შეჩერებულია კიდევ ერთი მსხვილი პროექტის განხორციელება, გარდაბნის თბოელექტროსადგურის მშენებლობა, რადგან აქაც, მისი სიტყვებით, ჯერჯერობით რჩება უპასუხო კითხვები. თუმცა პრემიერ-მინისტრი ამბობს, რომ ამ კითხვებზე პასუხების მოძებნისთანავე პროექტი გაგრძელდება. რევიზიას დაექვემდებარება წინა ხელისუფლების დროს წამოწყებული სხვა არაერთი დიდი პროექტიც:

”მე ეჭვით ვუყურებ წინა ხელისუფლების ყველა ქმედებას და ამის საფუძველი მაქვს, ამიტომ რევიზიის და გარკვეული კორექტირების მოლოდინი უნდა არსებობდეს. ყველა გაიგებს, რომ არსებობს წინა ხელისუფლების დროს წამოწყებული ისეთი პროექტები, რომლებიც არ არის სასარგებლო ქვეყნისათვის, მაგრამ ეს ისე გვინდა გავაკეთოთ, რომ ბიზნესი არ დავაშინოთ”.

ივანიშვილის ოპტიმიზს არ იზიარებს ექსპერტთა ერთი ნაწილი. მაგალითად, ”ახალი ეკონომიკური სკოლის” პრეზიდენტი პაატა შეშელიძე ამბობს, რომ ბოლო ორ თვეში ეკონომიკის ზრდა შეჩერებულია და ჯერჯერობით არც ნათელი პერსპექტივა ჩანს, თუ რა იქნება, და ეს იმიტომ, ამბობს პაატა შეშელიძე, რომ ამ დრომდე ყველაფერი მთავრობის დაპირებებსა და ვალდებულებების აღების დეკლარირებას ვერ გასცდა:

”მე გადავიხდი, მოვუმატებ, ვაჭმევ, ვასმევ. ასეთი დამოკიდებულებაა, რაც ბიზნესმენს ესმის ასე: ესე იგი, გამოდის, მე უნდა გადავიხადო მათ მიერ აღებული ვალდებულებისათვის საჭირო ფული და მაწყობს ეს მე თუ არ მაწყობს? არის კიდევ რამდენიმე იდეა, მაგალითად, შრომის კანონმდებლობაში ისეთი ცვლილებების შეტანა, რომელიც სახელმწიფოსა და პროფკავშირების ჩარევას გულისხმობს. ეს, ვფიქრობ, გაურთულებს დამქირავებელს კომუნიკაციას და მისი საკუთრების მართვას. ასევე არის ანტიმონოპოლიური საქმიანობის მაკონტროლებელი ორგანოს ძველი ფორმით აღდგენის ინიციატივაც. მოკლედ, მთელი რიგი ინიციატივებია, რომლებიც, ჩემი აზრით, ზღუდავს წარმოებას, მეწარმეს, ბიზნესს”.
კოჰაბიტაცია ვერ იქნება ხელოვნური და არ უნდა გულისხმობდეს იმას, რომ ჩვენ კრიმინალებთან უნდა დავამყაროთ ურთიერთობა ...
ბიძინა ივანიშვილი

ბიძინა ივანიშვილმა 24 დეკემბერს განაცხადა, რომ ახალი მთავრობის მიერ დაგეგმილი კონკრეტული პროექტების შესახებ უახლოეს მომავალში დაგეგმილ დავოსის ეკონომიკურ ფორუმზეც ისაუბრებს. რადგან პრემიერის უცხოეთში ვიზიტებს შევეხეთ, აქვე ვთქვათ, რომ ივანიშვილის ვიზიტი აშშ-ში, გაზაფხულისათვის არის დაგეგმილი. ჯერჯერობით ცნობილი არ არის გაიმართება თუ არა ივანიშვილისა და რუსეთის წარმომადგენლების შეხვედრა დავოსის ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში, თუმცა თავად რუსეთთან ურთიერთობის საკითხს რაც შეეხება, ივანიშვილი ამბობს, რომ ის ძალიან ფრთხილობს. მისი სიტყვებით, საქართველოს მთავრობის პოზიცია იქნება კონსტრუქციული, მაგრამ პრინციპული.

კონსტრუქციულობას ივანიშვილი ამჟამინდელ ოპოზიციას უწუნებს და ამბობს, რომ ე.წ. კოჰაბიტაცია ვერ იქნება ხელოვნური. პრეზიდენტ სააკაშვილსაც მხოლოდ იმ შემთხვევაში შეხვდება, თუ ამის აუცილებლობა იარსებებს:

”კოჰაბიტაცია ვერ იქნება ხელოვნური და არ უნდა გულისხმობდეს იმას, რომ ჩვენ კრიმინალებთან უნდა დავამყაროთ ურთიერთობა. სამართლიანობის აღდგენის რეჟიმს ვერც ერთ შემთხვევაში ვერ შეაჩერებს ოპოზიციის ისტერიკული გამონათქვამები. მათ ვერ მოახერხეს კონსტრუქციულ რეჟიმში მუშაობა”.

მედია ასევე დაინტერესდა, როგორ აფასებს პრემიერი ბოლო დროის დაჭერების პროცესს და, განსაკუთრებით, ფარული სატელეფონო ჩანაწერების გამოქვეყნების ფაქტს, რასაც ოპოზიციაში ყოფნის დროს ”ქართული ოცნება” აქტიურად აპროტესტებდა:
მე მაინც ვფიქრობ, რომ ბოლო კეთილია, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ბოლო მუქარა ოპოზიციის მხრიდან აპრილში პარლამენტის დათხოვნისა პრემიერმა ხალისით აიტაცა ...
სოსო ცისკარიშვილი

”ჩემთვის ეს მოსმენები მიუღებელია, მაგრამ ამ შემთხვევაში ყველაფერი კანონიერად იყო. სასამართლოს ნებართვის შემთხვევაში თურმე ეს ნებადართულია ყველა ნორმალურ ქვეყანაში და ჩვენც შეგვიძლია შევინარჩუნოთ. ეს არ არის იმ ტიპის მოსმენები, რაც წინა მთავრობას ახასიათებდა”.

პოლიტოლოგი სოსო ცისკარიშვილი მიიჩნევს, რომ პოლიტიკური კინკლაობის დრო დიდი ხანია დასრულდა:

”წინააღმდეგობა, ალბათ, მაინც იქნება, მაგრამ თანდათან ორივე მხარეს მოუწევს მეტი ანგარიში გაუწიოს არსებულ რეალობას. მე მაინც ვფიქრობ, რომ ბოლო კეთილია, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ბოლო მუქარა ოპოზიციის მხრიდან აპრილში პარლამენტის დათხოვნისა პრემიერმა ხალისით აიტაცა და, ვფიქრობ, ახალი ხელისუფლების მზაობა ხელახალი არჩვნების ჩატარებისა ნაციონალებისათვის დამაფიქრებელი იქნება”.

რადიო თავისუფლება ამჯერადაც დაინტერესდა იმ საჯარო მოხელეების ბედით, ვინც ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში რიგით თანამშრომლებად მუშაობენ და ყოველდღე ელიან სამსახურიდან გათავისუფლებას. ივანიშვილი აცხადებს, რომ, მისი ინფორმაციით, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში შტატები ხელოვნურად იყო გაზრდილი, თუმცა, მისივე თქმით, ამ ეტაპზე შემცირება არ იგეგმება.
24 დეკემბერს პრემიერისგან მედიამ ისიც მოისმინა, რომ პირველი იანვრიდან ელექტროენერგიის ტარიფი 3,5 თეთრით შემცირდება.