თბილისის მთავარი ბიბლიოთეკა 36 ფილიალსა და 340 თანამშრომელს აერთიანებს. წამყვანი ბიბლიოთეკარის ხელფასი 252 ლარია, ნახევარ განაკვეთზე მომუშავე ბიბლიოთეკარი კი ყოველთვიურად 136 ლარს იღებს. ქალაქის მთავარი ბიბლიოთეკა კულტურის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირია და მას დედაქალაქის მერია აფინანსებს. მისი წლიური ბიუჯეტია 1 916 478 ლარი. თბილისის მერიაში აცხადებენ, რომ მთავარი ბიბლიოთეკის 36 ფილიალიდან 30 სავალალო მდგომარეობაშია. სწორედ მძიმე ინფრასტრუქტურული ვითარება და დაბალი ხელფასი დაასახელა ქალაქის მერიამ ბიბლიოთეკებში დაგეგმილი ცვლილებების მიზეზებად.
ქალაქის მთავარი ბიბლიოთეკის #3 ფილიალი
რუსუდან დემურიშვილი, წამყვანი ბიბლიოთეკარი,13 წელია, ნომერ მესამე ბიბლიოთეკაში მუშაობს. დღეს მისი ხელფასი 252 ლარია.
„ჩვენი ბიბლიოთეკა 1926 წლიდან ფუნქციონირებს. მას ყოველთვის ჰყავდა მკითხველი და დღემდე ასეა. ყოველწლიურად 1300-მდე მკითხველი გვყავს დარეგისტრირებული. ბიბლიოთეკის ფართი 200 კვ.მ-მდე იყო, თუმცა 2009 წელს ფართის ნახევარზე მეტი მუნიციპალიტეტმა წაიღო და დღეს ბიბლიოთეკის ფართი მხოლოდ 80 კვ.მ-ს შეადგენს. ჩვენი წიგნადი ფონდი 10 ათასამდე წიგნს შეადგენს. აქვე გვაქვს პატარა სამკითხველოც. გარშემო სკოლებიდან მოდიან ბავშვები, პერიოდულად მათთვის ვატარებთ სხვადასხვა ღონისძიებას. განსაკუთრებით ძვირფასია ჩვენთვის სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვების სტუმრობა, რომლებიც აქვე, 87-ე საჯარო სკოლაში, სწავლობენ და ჩვენი ბიბლიოთეკის აქტიური მომხმარებლები არიან. მიუხედავად იმისა, რომ არაერთი წელია ვითხოვთ რემონტს, აქაურობა არ გარემონტებულა. რამდენჯერმე წყალი ჩამოვიდა ბიბლიოთეკაში, დასველდა წიგნები და დარჩა ასე. არის ვარაუდი, რომ, შესაძლოა, ჩვენი ბიბლიოთეკა მძიმე ინსფრასტრუქტურული მდგომარეობის გამო დაიხუროს, თუმცა ეს წარმოუდგენელი იქნება. ბარათაშვილის ხიდიდან მოყოლებული, ნავთლუღამდე ეს ერთი ბიბლიოთეკაა და მკითხველი სწორედ ამ ბიბლიოთეკით სარგებლობს“.
კუსა მიქელაძე: „ჩვენ, პენსიონერებს, არ გვაქვს იმდენი ფული, რომ ჟურნალ-გაზეთები შევიძინოთ, ამიტომ ყოველდღიურად მოვდივარ ბიბლიოთეკაში და აქ ვეცნობით პრესას. ეს არის ჩვენი საკვები, ნათელი წერტილი. ამით ვცოცხლობთ და ესეც თუ უნდათ, რომ წაგვართვან, ჩვენთვის ძალიან რთული იქნება. მაგრამ მარტო პენსიონერები კი არა, ბავშვიც ბევრი შემოდის სკოლებიდან, აქვე, საბავშვო ბაღიდან “.
გულნარა ახობაძე, ქალაქის მთავარი ბიბლიოთეკის #3 ფილიალის მკითხველი: „50 წელია, ავლაბარში ვცხოვრობ და ამ ბიბლიოთეკით ვსარგებლობ. აქ დადიოდნენ ჩემი შვილებიც და ამ ბიბლიოთეკაში დავდივარ დღემდე მეც. ახლად გამოსულ წიგნებს სწორედ აქ ვკითხულობ. არც კი წარმომიდგენია, რომ ერთ დღესაც ბიბლიოთეკის კარი დახურული დამხვდეს“.
ქალაქის მთავარი ბიბლიოთეკის #15 ფილიალი
ქალაქის მთავარი ბიბლიოთეკის #15 ფილიალი, 70 წელია, ლეონიძის 7 ნომერში მდებარეობს, თუმცა ბიბლიოთეკას ასწლიანი ისტორია აქვს. ის გასული საუკუნის დასაწყისში დაარსდა და თავდაპირველად რუსთაველის გამზირზე, ლაღიძის წყლებთან, მდებარეობდა. ხათუნა ჭაბუკიანის, ბიბლიოთეკის უფროსის, თქმით, დღეს ბიბლიოთეკას საკმაოდ ბევრი მკითხველი ჰყავს:
„დღეს ჩვენს ფონდში 18 ათასამდე წიგნია დაცული. ბოლო პერიოდში ბევრი ახალი წიგნი შემოვიტანეთ და მოხდა ძველი წიგნების ჩანაცვლება. ჩვენს ბიბლიოთეკას აქტიური მკითხველი ჰყავს - სკოლებიდან დაწყებული, თეატრებით დასრულებული. ყოველწლიურად 1500-მდე მკითხველი გვყავს დარეგისტრირებული, თუმცა, მათ გარდა, სხვა მკითხველებიც შემოდიან. წიგნების ბრუნვა ძალიან კარგი გვაქვს. ამ ბიბლიოთეკაში დადიოდნენ ლადო გუდიაშვილი, ვერიკო ანჯაფარიძე. მე თვითონ მახსოვს, როგორ მოდიოდა ხოლმე ჩვენს ბიბლიოთეკაში დოდო ჭიჭინაძე. ბიბლიოთეკაში ექვსი თანამშრომელი მუშაობს. გვყავს თანამშრომლები, რომლებიც ნახევარ განაკვეთზე მუშაობენ, 136 ლარი აქვთ ხელფასი და რომლებმაც აქაურობას შეალიეს ცხოვრება. ჩვენ, ცხადია, არ ვართ წინააღმდეგი ბიბლიოთეკების მოდერნიზაციისა, მაგრამ არის საშიშროება, რომ ამ მოდერნიზაციას ბიბლიოთეკის ძვირფასი, პროფესიონალი თანამშრომლები შეეწირონ, რაც ძალიან სამწუხარო იქნება“.
ქალაქის მთავარი ბიბლიოთეკის აკაკი წერეთლის სახელობის #9 ფილიალი
ქალაქის მთავარი ბიბლიოთეკის აკაკი წერეთლის სახელობის #9 ფილიალი დაარსდა 1897 წელს ვერის ბაღში წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მიერ. ნახევარი საუკუნის შემდეგ, 1953 წელს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის, ნიკო კეცხოველის, ინიციატივით, ბიბლიოთეკამ ჭავჭავაძის გამზირზე გადმოინაცვლა. დღეს ბიბლიოთეკაში 12 თანამშრომელი მუშაობს და საცავში 37 ათასი წიგნია. ელენე კარსაძე, ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი, ამბობს, რომ იოსებ გრიშაშვილმა პირველი ლექსი სწორედ ამ ბიბლიოთეკაში წაიკითხა. მისივე თქმით, ბიბლიოთეკას დღესაც ბევრი მკითხველი ჰყავს:
„იქიდან გამომდინარე, რომ ბიბლიოთეკა ჭავჭავაძის გამზირზე მდებარეობს და გარშემო არაერთი უმაღლესი სასწავლებელი თუ სკოლაა, საკმაოდ ბევრი მკითხველი გვყავს. მაგალითად, გასულ წელს 1200-მდე დარეგისტრირებული მკითხველი გვყავდა. მართალია, ჩვენს საცავში ამ ეტაპზე საგანგშო მდგომარეობა ნამდვილად არ არის, მაგრამ, ცხადია, კარგი იქნება, თუკი რემონტი ჩატარდება, რადგან წიგნებს სპეციალური კლიმატ-კონტროლი სჭირდება, რაც ჩვენთან არ არის“.
მერიის გეგმები დედაქალაქის ბიბლიოთეკებისა და ბიბლიოთეკარებისთვის
სოფიო ხუნწარია, დედაქალაქის მერის მოადგილე, ირწმუნება, რომ იგეგმება არა ბიბლიოთეკების ლიკვიდაცია, არამედ მათი მოდერნიზება. გარდა ამისა, სოფიო ხუნწარიას თქმით, თბილისის მერია აპირებს დააფუძნოს არასამეწარმეო იურიდიული პირი, სადაც გაერთიანდება როგორც ბიბლიოთეკები, ისე სამი მედიათეკა. როგორც სოფიო ხუნწარიამ ბიბლიოთეკების ხელმძღვანელებთან შეხვედრის შემდეგ, 22 თებერვალს, განმარტა, იმისათვის, რომ მოდერნიზებულ ბიბლიოთეკებში თანამშრომლებმა მუშაობა გააგრძელონ, მათ ტესტირების გავლა მოუწევთ:
„ორ კვირაში დაიწყება ბიბლიოთეკართა გადამზადების პროცესი, რაც თვე-ნახევარს გასტანს. სწორედ ამის შემდეგ ჩატარდება ტესტირება საბიბლიოთეკო სტანდარტებისა და ბიბლიოთეკის შესახებ კანონის ცოდნის გამოსავლენად. ჩვენ ვლაპარაკობთ იმ თემის გარშემო, რაც ბიბლიოთეკარებმა ისედაც უნდა იცოდნენ ეს ყველაფერი. ყველა ის თანამშრომელი, რომელიც გადალახავს ტესტირების ბარიერს, შეინარჩუნებს სამსახურს“.
რაც შეეხება ხანდაზმულ თანამშრომლებს, რომლებიც, უკვე ათეული წელია, მუშაობენ ბიბლიოთეკებში, სოფიო ხუნწარია ამბობს, რომ მათთვის შეიქმნება პოზიცია „წიგნის საპატიო მცველი“ და ისინი შეინარჩუნებენ სამსახურებს.
თუ რა ბედი ელის მოდერნიზების შემდეგ ფილიალებს, გაუქმდება თუ არა ზოგიერთი მათგანი, როგორც მერიაში აცხადებენ, ეს გამოკვლევის საგანი იქნება:
„მომავალ კვირას ვაცხადებთ ტენდერს კვლევასთან დაკავშირებით ათივე რაიონში. გავარკვევთ, თუ რა მოთხოვნა აქვს მოსახლეობას. მხოლოდ ამის შემდეგ გადაწყდება, რამდენი ბიბლიოთეკა დარჩება. რამდენიმე ბიბლიოთეკა არის ისეთ მძიმე და სავალალო მდგომარეობაში, რომ, შესაძლოა, კვლევის და ექსპერტიზის საფუძველზე, ეს ბიბლიოთეკები დაიხუროს. თუმცა ეს არ ეხება თანამშრომლებს. ყველა თანამშრომელი, რომელიც დღეს მუშაობს და ტესტირებისას გადალახავს ბარიერს, შეინარჩუნებს სამსახურს“.
23 თებერვალს დედაქალაქის მერიის წარმომადგენლები ბიბლიოთეკების თანამშრომლებს საჯარო ბიბლიოთეკაში შეხვდებიან.
ქალაქის მთავარი ბიბლიოთეკის მცირე ისტორია
ქალაქის მთავარი ბიბლიოთეკა 1909 წელს დაარსდა და მან ბინა დაიდო ამჟამინდელი კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის შენობაში. იქ თავდაპირველად სულ 3,500-მდე წიგნი ინახებოდა, თუმცა წლების შემდეგ წიგნადი ფონდი ისე გაიზარდა, რომ საჭირო გახდა ბიბლიოთეკის გაფართოება.
გასული საუკუნის 80-იანი წლებიდან ბიბლიოთეკა იქცა ქალაქის ცენტრალურ დაწესებულებად და მას დაექვემდებარა თბილისის სხვადასხვა რაიონისა და უბნის 60 ბიბლიოთეკა. 2006 წლის 9 ნოემბერს ძალაში შევიდა საქართველოს პრეზიდენტის №673 ბრძანებულება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქ.თბილისის მთავარი ბიბლიოთეკის შექმნის შესახებ“, რომლის საფუძველზეც ბიბლიოთეკას ეწოდა ქალაქ თბილისის მთავარი ბიბლიოთეკა.