უცხო ენის შესწავლის მსურველებისთვის უამრავი კერძო რეპეტიტორი თუ საგანმანათლებლო ცენტრი არსებობს და, ერთი შეხედვით, ძნელია მათ შორის შენთვის ყველაზე მისაღები იპოვო, რომელზეც არჩევანს შეაჩერებ. მეორე მხრივ, დიდი კონკურენცია ენების ცენტრებს აიძულებს იყვნენ გამორჩეულები და მოიფიქრონ რაიმე ისეთი, რაც ენის შესწავლაშიც დაეხმარება ადამიანს და სხვა მსგავსი დაწესებულებებისგანაც გამოარჩევს.
ერთ-ერთი სკოლა, რომელიც ინტერნეტში განსაკუთრებით პოპულარულია და შექმნის დღიდან განსაკუთრებული მიდგომების დანერგვას ცდილობს, “ბექას სკოლაა”, რომელიც მისი დამფუძნებლის, ბექა ბერიკაშვილის, სახელს ატარებს და მხოლოდ ზრდასრულ ადამიანებს სთავაზობს ინგლისურის სწავლებას ან არსებული ცოდნის გაუმჯობესებას. სწავლების მოდელი მარტივია: ბექა და მისი ამერიკელი მეგობარი, მრავალწლიანი პედაგოგიური გამოცდილებით, ერთდროულად ზრუნავენ მოსწავლის ენობრივი კომპეტენციის გაუმჯობესებაზე.
Your browser doesn’t support HTML5
“მთავარი მიზეზი ამის იყო ის, რომ ქართველი ქართველს უკეთესად ასწავლის, მაგალითად, გრამატიკის საკითხებს, სალაპარაკო ინგლისურს კი, ცხადია, ამერიკელი და ბრიტანელი უკეთესად ასწავლის, ანუ ის, ვისთვისაც ეს ენა მშობლიურია”.
გარდა სწავლების მეთოდისა, გამორჩეულია სახელიც.
“ბევრი ვიფიქრეთ სახელზე და რომ გადავხედეთ, ასეთი სკოლების სახელებში უმეტესად ფიგურირებს ოქსფორდი, კემბრიჯი, ცენტრი, აკადემია და ა.შ. ჩვენ გვინდოდა რაღაც განსაკუთრებული და უცბად ვიფიქრეთ, „ბექას სკოლა“ ხომ არ დავარქვათ და, საბოლოოდ, ასეც მოვიქეცით. რეალურად არის ბექას სკოლა, რომელსაც არ ჰყავს ბევრი მოსწავლე, რომლისთვისაც მნიშვნელოვანია კარგად სწავლება, სადაც ბევრ დროს და ენერგიას ვხარჯავთ იმისთვის, რომ ყველას უნარები განვავითაროთ და ვფიქრობთ, ეს სახელი კარგად უხდება, რატომაც არა! ვინ არის ბექა? ვინც არ იცის, უჩნდება სურვილი, გაიგოს".
“ბექას სკოლაზე” წარმოდგენის შექმნა დაინტერესებულ ადამიანს ინტერნეტშივე შეუძლია, კონკრეტულ მისამართზე მისვლის გარეშე.
“აქტიურად ვიყენებთ ფეისბუქს, როგორც საგანმანათლებლო რესურსს. გარდა ამისა, ყველას, ვინც მოგვცემს ელექტრონული ფოსტის მისამართს, სრულიად უფასოდ ვუგზავნით ყოველ კვირაში ინგლისურის ყოველკვირეულ დოზას. ძალიან საინტერესო რამეები შეიძლება მიიღო ამ გზით. ამ გზით ვაჩვენებთ ადამიანებს, რომ ჩვენთვის იმდენად მნიშვნელოვანია მათი ინგლისურის გაუმჯობესება, რაღაცები შეგვიძლია უფასოდაც გავცეთ. ასე უფრო მეტია შანსი, რომ ისინი, ვისაც ეს მასალები მოსწონს, სკოლაშიც დაიწყებს სიარულს”.
ინტერნეტს, სმარტფონებს და, ზოგადად, ტექნოლოგიებს „ბექას სკოლა“ სწავლების პროცესშიც წარმატებით იყენებს. გარდა იმისა, რომ დაინტერესებულ ადამიანებს სისტემატურად ურჩევენ სასარგებლო რესურსებს ინტერნეტიდან, მობილურებისთვის განკუთვნილ ენის შესასწავლ აპლიკაციებს და გეგმავენ ვიდეო-გაკვეთილების ჩაწერას დაინტერესებული პირებისთვის, მობილურ ტექნოლოგიებს უშუალოდ საგაკვეთილო პროცესშიც იყენებენ:
“ახლა ახალი დანერგილი გვაქვს გამოკითხვის მეთოდი, რომელიც მთლიანად სმარტფონებზეა დაფუძნებული. ეკრანზე ჩნდება პასუხი და სავარაუდო პასუხები და სმარტფონიდან პასუხობენ მოსწავლეები. სმარტფონები საერთოდ განათლებისთვის ხელის შემშლელი ერთ-ერთი ფაქტორია, ფეისბუქის ასქროლვა-ჩასქროლვა პრობლემას წარმოადგენს, მაგრამ ჩვენ ვფიქრობთ ამის ინტეგრირება მოვახდინოთ და ხელი კი არ შეგვიშალოს, პირიქით, დაგვეხმაროს”.
„ბექას სკოლის“ კარი ღიაა ნებისმიერი ზრდასრულისთვის, რომელიც ინგლისურის შესწავლას ან გაუმჯობესებას გადაწყვეტს. ძირითადად აქ 20-დან 40 წლამდე ასაკის ადამიანები იყრიან თავს. ჰყოლიათ 40 წელს გადაცილებული მოსწავლეებიც, თუმცა ისინი ინდივიდუალურ გაკვეთილებს არჩევენ ჯგუფთან ერთად მეცადინეობას. ჯგუფური გაკვეთილების ფორმატი უფრო მისაღები ახალგაზრდებისთვის არის. ზოგადად, ახალგაზრდების დაინტერესებამ „ბექას სკოლა“ აიძულა ახალი კურსი შეექმნა.
“მეთოდოლოგიურად ძალიან არის განსხვავებული „ბექას სკოლის“ სხვა კურსებისგან, მთლიანად არის მორგებული 13-დან 17 წლამდე ახალგაზრდებისთვის. ასეთი სახელმძღვანელო გვაქვს, ახალგაზრდა მასწავლებლები ავიყვანეთ და ა.შ.
კურსი მოიცავს გასვლით გაკვეთილებს რეალურ გარემოში: კაფეში, მუზეუმებში, პარკში, სავაჭრო ცენტრში და ა.შ. იმის მაგივრად, რომ დავდგათ როლური თამაშები სკოლის შენობაში, ჩვენ მართლა დაგვყავს ბავშვები კაფეში, სადაც ნამდვილი ყავა შეუძლიათ შეუკვეთონ, მართლა დადიან ბავშვები პარკში, სადაც ნამდვილად ხვდებიან მეგობრებს და ესაუბრებიან მათ მნიშვნელოვან თემებზე. ჩვენ გვინდა, რომ ცხოვრებაშივე ვასწავლოთ ენა, რომელსაც მეორე დღესვე გამოიყენებენ. ზოგადად, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ენა და კულტურა ცალ-ცალკე არ არსებობს. თუ გინდა, რომ ინგლისურად კარგად ილაპარაკო და წერო, კარგად უნდა იცოდე, როგორ ცხოვრობენ, მაგალითად, რატომ ლაპარაკობენ ბევრს ამინდზე, როგორია სლენგი და ა.შ.”