ციფრულ სამყაროში, სადაც ადამიანთა უმეტესობა სიახლეებს ინტერნეტიდან იგებს, ხშირად სვამენ კითხვას ბეჭდური მედიის მომავლის შესახებ. დისკუსიის პარალელურად იქმნება უამრავი ინტერნეტპორტალი, რომლებიც მომხმარებელს სიახლეებს ყოველდღიურად სთავაზობს და ამით ერთგვარად უკანა პლანზე სწევს სქელ ფერად გამოცემებს, რომლებიც კვირაში, თვეში ან კვარტალში ერთხელ გამოდის.
საქართველოში დღეს სხვადასხვა თემატიკის ათამდე სქელტანიანი ფერადი ჟურნალი გამოიცემა და ბევრად მეტი ონლაინპორტალი არსებობს. მათი წარმოება გაცილებით მარტივია და ნაკლებ ფინანსურ რესურსს მოითხოვს. თემო ბარათაშვილი, რომელიც უკვე წლებია ონლაინგამომცემლობით არის დაკავებული, მის მთავარ ხიბლად ციფრული მედიის წარმოების სიმარტივეს ასახელებს:
“ონლაინგამოცემები იმით განსხვავდება ბეჭდვითი მედიისგან, რომ გჭირდება ნაკლები კაპიტალი. იმისთვის რომ დაბეჭდო, სტამბა, სტაფი, რედაქტორი, რომელიც ამ ყველაფერს შეგიმოწმებს... რედაქტორი ონლაინშიც გჭირდება, მაგრამ ნეტი უკეთ იტანს შეცდომებს. იმ საიტებზე, სადაც მე მიმუშავია, უმეტესობა მასალების არის ვიდეოები და პატარა ტექსტი, რომელიც ხსნის, რა ხდება. ამას დიდი რედაქტორული გამოცდილება არ სჭირდება, ყველას შეუძლია გააკეთოს. შესაბამისად, ონლაინში მედიის წარმოება არის უფრო მარტივი + სოცმედია გვეხმარება დისტრიბუციაში. რაღაცას რომ წერ, ფეისბუქზე აშეარებ და ადვილად ხვდება ხალხს თვალში. ამას თავისი მინუსიც აქვს: მომხმარებლები მიბმულები არ არიან შენს პროდუქტზე და მხოლოდ ცალკეული მასალები შეიძლება წააკითხო, ერთ მთლიანობაში არ აღიქმება გამოცემა”.
ისეთი ელემენტარული ცოდნა არ გააჩნია მკითხველს, რომ ხანდახან თვალები შუბლზე აგვდის. ავტორებსაც ისეთი ნიშნით ვარჩევთ, რომ შეეძლოთ კარგად წერონ სხვადასხვა თემაზე: ზოგი ექიმია, მაგალითად, ზოგი - იურისტი და ა. შ...მარიამ ტალახაძე
ის, რომ ინტერნეტმომხმარებელს უჭირს ცალკეული სტატიების გამორჩევა იმ უამრავი მასალისგან, რასაც ყოველდღიურად ხვდება ინტერნეტში, მართლაც შეიძლება პრობლემად განვიხილოთ. ადამიანი სათაურებს და ბმულებს ხშირად ისე მიჰყვება, არც კი იმახსოვრებს იმ გამოცემის სახელს, რომელიც ამ მასალის უკან დგას - მეორედ აქ შეგნებულად შედარებით ძნელად თუ მოხვდება. მეორე და უფრო დიდი სირთულე კომერციალიზაციაა. ბიზნესი ძნელად იღებს გადაწყვეტილებას ინტერნეტმედიაში რეკლამის განთავსების შესახებ. შესაბამისად, ფინანსური სირთულეები ამ დარგს თან სდევს და განვითარებას აფერხებს.
რეკლამის მოზიდვა და თავის რჩენა ტრადიციულ მედიას უკეთ გამოსდის, ვიდრე ინტერნეტგამოცემებს, მიუხედავად იმისა, რომ ციფრულ სამყაროში განთავსებული რეკლამა უფრო ეფექტური, მოქნილი და ინტერაქტიული შეიძლება იყოს. ქართველი მარკეტოლოგები უპირატესობას მაინც ტრადიციულ სარეკლამო საშუალებას ანიჭებენ. ერთადერთი ქართული ონლაინპორტალია, რომელსაც ისეთი სტაბილური შემოსავალი აქვს, მას სრულად რომ ინახავს და მფლობელებს საშუალებას აძლევს, სხვა პროექტებიც განახორციელონ, მარკეტერია. მისი დამფუძნებელი აკო ახალაია ამბობს, რომ მარკეტერის წარმატება მკაფიოდ განსაზღვრულმა კონკრეტულმა აუდიტორიამ გამოიწვია:
“ჩვენ თავიდანვე გვყავდა ძალიან სპეციფიკური მკითხველი, ზუსტად ვიცოდით, ვინ გვკითხულობდა და დავიწყეთ კომუნიკაცია სარეკლამო ბაზართან. მივდიოდით ბიზნესთან და ვეუბნებოდით, ჩვენ გვყავს ზუსტად ის მკითხველი, ვინც თქვენ გჭირდებათ. სხვათა შორის, მერე მივდიოდით ძალიან დიდ რისკზე იმ თვალსაზრისით, რომ მივდიოდით ბიზნესთან და ვეუბნებოდით, ჩვენ გაგიკეთებთ რეკლამას და თქვენ ნახეთ მისი შედეგი. მე მგონია, რომ რაც დრო გავა, უფრო გაიზრდება მოთხოვნა ონლაინრესურსებზე. ახლაც არსებობს, მაგალითად, ტექნიკაზე, ქალების ჟურნალზე მოთხოვნა, მაგრამ მძლავრი ვებგვერდები ამ მიმართულებით არ არსებობს“.
მარიამ ტალახაძე რამდენიმე წელია ქალების ონლაინჟურნალს უძღვება, თუმცა, აკოსგან განსხვავებით, თანხების მოძიება მისი შენახვისთვის ვერ მოახერხა. ყველა ავტორი, ვინც აქ წერს, საზოგადოებრივ საწყისებზე მუშაობს, ჰონორარის გარეშე. მსგავს რესურსებზე რომ მაღალი მოთხოვნა არსებობს, ეს მარიამმაც იცის და ცდილობს ისეთი კონტენტი შესთავაზოს მკითხველს, როგორიც მას სჭირდება:
“ისეთი ელემენტარული ცოდნა არ გააჩნია მკითხველს, რომ ხანდახან თვალები შუბლზე აგვდის. ავტორებსაც ისეთი ნიშნით ვარჩევთ, რომ შეეძლოთ კარგად წერონ სხვადასხვა თემაზე: ზოგი ექიმია, მაგალითად, ზოგი - იურისტი და ა. შ... თუ ვიღაცას რაიმე აქვს სათქმელი ფართო საზოგადოებისთვის, ვცდილობთ ყველას მივცეთ პლატფორმა”.
მარიამის თეორიას ერთგვარად ამყარებს “რედაქცია ნომერი 3"-ის გამოცდილება, რომლის დამფუძნებლებმაც ბეჭდური მედიის წარმოება 3 წლის წინ კულინარიული გამოცემით დაიწყეს და დღეს უკვე სამ სხვადასხვა ყოველთვიურ გამოცემას ამზადებენ.
“ჩვენ, მაგალითად, სულ ვაპირებთ გამოვცეთ ჩვეულებრივი ბეჭდური ჟურნალი მხოლოდ იმიტომ, რომ შემოსავლის წყარო გვქონდეს და ეს არ არის მხოლოდ ჩემი ახირება. საქართველოში მარკეტერები ტრადიციულ მედიას უფრო ანიჭებენ უპირატესობას. ჯერ რაღაც ნდობა არ არის ჩამოყალიბებული. ციფრები რომც დაუდო და რომც აჩვენო უპირატესობა, მაინც არ სჯერათ, რომ ეს სჭირდებათ. ტრადიციული მედიისთვის ბიუჯეტს უფრო ადვილად იმეტებენ”.
ქეთა ლომიძე და ბახვა ბრეგაძე, რომლებიც ჟურნალების რედაქტორები არიან, იხსენებენ, რომ ყველაფერი ნულიდან დაიწყეს, საწყისი კაპიტალის გარეშე. გაუმართლათ - ბიზნესმა დაიჯერა, რომ ჟურნალი კარგი გამოვიდოდა:
“ჟურნალი გავაკეთეთ აბსოლუტურად უფულოდ და ამას იმიტომ ვყვები ასე ხმამაღლა, რომ შეიძლება სხვისთვისაც ბიძგი აღმოჩნდეს. ერთი თეთრიც კი არ ჩაგვიდვია ჩვენი. დავდიოდით კომპანიებში, ვთავაზობდით რეკლამას არარსებულ ჟურნალში. ძირითადად, ალბათ, ნდობის ფაქტორმა გადაწყვიტა ის, რომ არა მხოლოდ პირველი ნომრისთვის, სხვა პროდუქტებისთვისაც შევძელით თანხების მოძიება”.
ონლაინი ჩვენთვის ძალიან კომფორტულია ახლა, ონლაინი გაძლევს საშუალებას უფრო მარტივად აკეთო პატარა კონტენტი, მეტ ხალხს მისწვდე და ძალიან დიდი ამბიცია გქონდეს. ამიტომ ყველანაირად ციფრულში ვხედავთ მომავალს...აკო ახალაია
ბახვასა და ქეთასთვის, რომლებიც თვალს ონლაინპორტალებსაც ადევნებენ, ბეჭდურ გამოცემებს განსაკუთრებული დატვირთვა აქვს - ჟურნალი საშუალებას გაძლევს კონკრეტული პერიოდის მნიშვნელოვანი მოვლენები, საინტერესო ადამიანები და ამბები მატერიად აქციო, რომელიც წლების შემდეგ უკვე ისტორიად იქცევა:
“ძალიან საინტერესოა, წლების შემდეგ როგორი იქნება ამ ჟურნალების ნახვა, რასაც ახლა ვაკეთებთ. ეს ხომ რჩება არქივებში, ბიბლიოთეკებში...“
ნაბეჭდი ჟურნალების მომავალს სკეპტიკურად უყურებს მარკეტერის დამფუძნებელი აკო ახალაია. ის ფიქრობს, რომ თანამედროვე მომხმარებლისთვის პატარა ამბები უფრო მარტივად აღსაქმელია და, შესაბამისად, მომავალსაც მხოლოდ ინტერნეტში ხედავს:
“ონლაინი ჩვენთვის ძალიან კომფორტულია ახლა, ონლაინი გაძლევს საშუალებას უფრო მარტივად აკეთო პატარა კონტენტი, მეტ ხალხს მისწვდე და ძალიან დიდი ამბიცია გქონდეს. ამიტომ ყველანაირად ციფრულში ვხედავთ მომავალს. ვფიქრობთ, ისევე როგორც მსოფლიოს დიდი გამოცემების უმეტესობა, ციფრულის უპირატესობები მაქსიმალურად გამოვიყენოთ. ონლაინპორტალები უფრო იაფია, მისი დისტრიბუცია სრულიად უპრობლემოა, სწრაფი რეაგირების საშუალებას გაძლევს, შეცდომების გამოსწორება მომენტალურად შეგიძლია და ა.შ. შესაბამისად, პრინტს საერთოდ არ განვიხილავთ გეგმებში. ერთადერთი, შესაძლებელია საუკეთესო მასალების კომპილაცია გავაკეთოთ, ისიც - საიმიჯოდ და ლიმიტირებული გამოცემა და არა კომერციული გათვლებით“.