თვითმმართველობების როლი ბავშვთა უფლებების დაცვაში

ახალციხე

World Vision-მა ახალციხე-ადიგენის გამგეობისა და სოციალური სააგენტოების წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა, სადაც ბავშვთა მიმართ ძალადობაზე იმსჯელეს. 2016 წლის 12 სექტემბერს მთავრობის დადგენილებით შეიქმნა დოკუმენტი ბავშვთა დაცვის მიმართულების რეფერირების შესახებ, რომელიც ბავშვთა ნებისმიერი სახის ძალადობისგან დაცვის რეგულაციას გულისხმობს. დადგენილების მიღების შემდეგ სამცხე-ჯავახეთი პირველი რეგიონია, რომელიც აღნიშნულ პროექტში ჩაერთო.

Your browser doesn’t support HTML5

თვითმმართველობების როლი ბავშვთა უფლებების დაცვაში

ახალციხისა და ადიგენის სოფლებში გამგებლის წარმომადგენლების უფლება-მოვალეობებს ერთი პუნქტი დაემატა: მათ სოფლებში ბავშვების პრობლემების პირველადი იდენტიფიცირება უნდა მოახდინონ და არსებული შემთხვევების შესახებ ინფორმაცია გამგეობებში არსებულ სოციალურ სამსახურებს მიაწოდონ. ცვლილება გამგებლის წარმომადგენლების უფლება-მოვალეობებში არასამთავრობო ორგანიზაცია „world vision- საქართველოს“ ინიციატივით შევიდა. „არიან სოციალური მუშაკები, მაგრამ ათობით სოფელს მხოლოდ ერთი მათგანი ემსახურება და შეუძლებელია ყველაფრის შესახებ საქმის კურსში იყოს“, ამბობს „world vision- საქართველოს“ სამცხე-ჯავახეთის სამხარეო განვითარების პროგრამის მენეჯერი ნინო ლომიძე.

სოციალურ მუშაკთა სიმცირის გამო ორგანიზაციამ ამ მიმართულებით სოფლებში გამგებელთა წარმომადგენლების ჩართვა გადაწყვიტა და თვითმმართველობებთან მუშაობა დაიწყო. world vision-ი მხოლოდ ადიგენისა და ახალციხის მუნიციპალიტეტების 18 სოფელში მუშაობს, თუმცა რწმუნებულებს ბავშვთა პრობლემების პირველადი იდენტიფიცირება ყველა სოფელში დაევალათ. ბავშვთა პრობლემები ქალაქთან შედარებით სოფლებში რომ უფრო ხშირად რჩება ყურადღების მიღმა, ამაზე ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობაშიც ლაპარაკობენ. გამგებლის პირველი მოადგილე გურამ მელიქიძე ფიქრობს, რომ ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვანია, რწმუნებულები გააქტიურდნენ.

ინიციატივა მისაღებია, თუმცა გამგეობებში აცხადებენ, რომ მათ წარმომადგენლებს ამ მიმართულებით შესაბამისი ცოდნა არ აქვთ, რის გამოც world vision-ი გამგებლის წარმომადგენლებისა და მათი თანაშემწეების გადამზადებას დაიწყებს. ორგანიზაციას ბავშვთა უფლებების დაცვის მიზნით რეგიონალური ჯგუფიც აქვს შექმნილი. სოციალური მომსახურების სააგენტოს მეურვეობა-მზრუნველობისა და სოციალური პროგრამების დეპარტამენტის უფროსი მარი წერეთელი აცხადებს, რომ ბავშვთა უფლებების დაცვის საკითხის გააქტიურება რეგიონებში უმნიშვნელოვანესია.

რწმუნებულები ახალციხისა და ადიგენის მუნიციპალიტეტებში ბავშვთა პრობლემების იდენტიფიცირებას 100-მდე სოფელში მოახდენენ. საკითხის გასააქტიურებლად და პრობლემების გადასაწყვეტად გამგეობის 40-მდე თანამშრომელი იმუშავებს. ბავშვთა დაცვის მიმართულების რეფერირების შესახებ დოკუმენტი ორი თვის წინ, 12 სექტემბერს, შეიქმნა და იგი პატარების ნებისმიერი სახის ძალადობისგან დაცვის რეგულაციას გულისხმობს.