თბილისში 1968 წლიდან ფუნქციონირებს ბავშვთა სურათების გალერეა, სადაც ბავშვები ხატვას სწავლობენ, მათი ნახატები კი იქვე გამოიფინება. გალერეაში დაცულია რამდენიმე თაობის ნამუშევრები. მათი ავტორებიდან ბევრი დღეს უკვე ცნობილი მხატვარია. გალერეაში ბავშვებს, ერთდროულად, ხატვას და აზროვნებას ასწავლიან.
გალერეა 1968 წელს დაარსდა. მისი დაარსება აუცილებელი გახდა, რადგან არსებობდა ბავშვების ნახატები, რომლებსაც უკვე ვეღარსად ატევდნენ.განათლების სამინისტროს ჰქონდა ესთეტიკური აღზრდის კაბინეტი, სხვადასხვა განყოფილებებით. ერთ-ერთი განყოფილება სახვითი ხელოვნების იყო და მას ელენე გორგაძე ხელმძღვანელობდა. სწორედ აქ დაგროვდა ბავშვების ნახატები და გაჩნდა იდეა ბავშვთა ხელოვნების მთელი გალერეა გაეკეთებინათ. წამოწყებას სხვა მხატვრებმაც აუბეს მხარი.
გალერეამ ბევრი შენობა გამოიცვალა, ბოლოს კონკასთან, ფერადაივნებიან შენობაში იყო განთავსებული. მათი ამჟამინდელი მისამართი კი აღმაშენებლის 136-ა და ჰქვია „ელენე ახვლედიანის სახელობის ბავშვთა სურათების გალერეა“. ამ შენობაში არათუ კედლებზე, არამედ კიბის გვერდით თუ კიბის თავშიც ნახატებია ჩამოკიდებული.
„ხატვა ძალიან ავითარებს. ეს უკვე ყველამ იცის, ახალი არ არის. ძალიან ავითარებს და კრეატიულს ხდის ადამიანს, ბავშვს“, ამბობს გალერეის დირექტორი ლია გორგაძე.
გარდა იმისა, რომ ბავშვების ნახატებია გამოფენილი, აქ ბავშვები ხატვასაც სწავლობენ. ხუთი პედაგოგია და თითოეულს თითო ჯგუფი ჰყავს. თავის დროზე ამ გალერეაში აღმოაჩინეს რუსუდან ფეტვიაშვილი. ფეტვიაშვილმა 3-4 წლიდან დაიწყო ხატვა და გალერეაში დღემდე მის ასზე მეტ ნახატს ინახავენ.
აქვეა სხვადასხვა ქვეყნის ბავშვების ნახატების კოლექციებიც. გალერეის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების გამგე ნინო ოქროპირიძე ამბობს, რომ როდესაც მხატვრები უცხო ქვეყნებში მიდიოდნენ, ბავშვების ნამუშევრები ჩამოჰქონდათ და გალერეას აძლევდნენ საჩუქრად. საგანმანათლებლო-შემეცნებითი განყოფილების გამგე მარინა თაბორიძე კი ამბობს, რომ აქაური და სხვა ბავშვების დახატული ერთმანეთისგან საკმაოდ განსხვავდება - მიხვდები, რომ სხვაა:
„ძალიან საინტერესოა ბავშვებთან მუშაობა. უმძიმესი პერიოდი რომ გვქონდა, არც შუქი, არც გაზი, საშინელ დღეში რომ ვიყავით, ჩვენ ნახევარი საათითაც არ შეგვიწყვეტია მუშაობა. უნდა გენახათ, როგორ ჭარბობდა მაშინ ბავშვების ნახატებში შავი ფერი და შემდეგ როგორ გალაღდა და ნათელი გახდა ნამუშევრები“.
მისივე თქმით, გალერეაში მხოლოდ ხატვას არ ასწავლიან, ხშირად არის თემატური ნახატები, მაგალითად, რომელიმე ქვეყანა ან რამე ღირსშესანიშნავი მოვლენა. ამ ზაფხულს ბავშვებს აფრიკა ჰქონდათ დავალებული და რაც კი ხელში მოხვდათ, იმისგან ჟირაფები, ფლამინგოები და აფრიკული საჩხარუნოები დაამზადეს. გამოფენა ბოლო სართულზეა განთავსებული. ბავშვები, ხატვის გარდა, ძერწავენ კიდეც და სხვადახვა ყოვლად გამოუყენებელი ნივთებისგან ახალ ნივთებს ამზადებენ. მაგალითად, იგივე ჟირაფი ოდესღაც ფეხსაცმლის ყუთი იყო, საჩხარუნებლების სხვადასხვანაირი ხმა კი მასში ჩაყრილი ბრინჯისა თუ კენჭების დამსახურებაა.
ლია გორგაძის თქმით, სანამ აფრიკაზე მუშაობას დაიწყებდნენ, მასწავლებელმა ბავშვებს ამ კონტინენტის შესახებ უამბო:
„ძალიან საინტერესო მუშაობა ჩაატარა პედაგოგმა - მოუყვა, მოასმენინა, წაუკითხა, რადგან ძალიან მრავაფეროვანია აფრიკა და ბევრ ქვეყანას მოიცავს“.
აქვეა ბავშვების დახატული ლომი და ფრინველები, ოღონდ არა აფრიკის. ზუსტად ერთი დღით ადრე, სანამ მდინარე ვერე ყველაფერს წალეკავდა, ბავშვები ზოოპარკში იყვნენ ჩანახატების გასაკეთებლად.
კიდევ ერთი თემა ოლიმპიადას ეძღვნება. პირველ სართულზე გამოფენილ ნახატებზე ყველა ხტის და დარბის. ამ შემთხვევისთვის სკოლებიდანაც მიიღეს ნახატები. ნინო ოქროპირიძე ამბობს, რომ ხშირად უფროსები ბავშვებს ხატვაში ეხმარებიან, უფრო სწორად, ხატვას არ აცლიან და ეს ყოველთვის შესამჩნევია:
„ზოგჯერ მასწავლებლის ხელი ეტყობა, თან მარტო ერთ ბავშვს არა. აი, მაგალითად, მოიტანა თავისი ჯგუფის რამდენიმე ნახატი და ყველას ერთი ხელი ეტყობა. ვთხოვთ ხოლმე მასწავლებლებს, არ ჩაერიონ, მხოლოდ მიმართულება მისცენ, ასწავლონ ფერთა შეხამება ან კომპოზიცია როგორ უნდა გადაანაწილონ“.
გალერეაში ამჯერად ორმოცდაათამდე ბავშვი სწავლობს, ძირითადად სკოლის მოსწავლეები არიან. გადასახადი თვეში ორმოცი ლარია, რაც კვირაში ორსაათიან მეცადინეობას გულისხმობს. აუცილებელი არ არის ბავშვებს ხატვის განსაკუთრებული ნიჭი ჰქონდეთ. ყველას იღებენ, ვისაც მეცადინეობა უნდა.
ლია გორგაძე ამბობს, რომ შარშან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისთვისაც ჰქონდათ ჯგუფი, მაგრამ წელს ამისთვის სახსრები არ ეყოთ. მისივე თქმით, არის შემთხვევები, როდესაც ექიმები მშობლებს ურჩევენ, ბავშვი თერაპიის მიზნით ხატვაზე ატარონ და მათაც მოჰყავთ ხოლმე. ნუნუ დუჩიძე ერთ-ერთი იყო, რომელიც ბავშვებთან მუშაობდა. ის არტთერაპევტია და ამბობს, რომ ხატვა ნებისმიერი ბავშვისთვის აუცილებელია. მისივე თქმით, თუ ბავშვი მხოლოდ კომპიუტერის ან ტელეფონის ეკრანსაა მიჩერებული, მას ადრე თუ გვიან მართლაც დასჭირდება თერაპია.
„მე მყავს ბავშვები, პაციენტები, სამი წლის ასაკიდან და როდესაც ვეკითხები მშობლებს, ხატავს თუ არა ბავშვი, მპასუხობს, რომ არ ხატავს, მხოლოდ ჯღაბნის. სამი წლის ბავშვისგან რა შედევრებს უნდა ელოდო, მაგრამ ბავშვი ნამდვილად გადის განვითარების გზას. ბავშვმა უნდა ხატოს, ფერი უნდა შეარჩიოს, ხაზი ჩამოუსვას, მასალას ხელი მოჰკიდოს“...
მისივე თქმით, სპეციალისტი ბავშვის ნახატის მიხედვით ადვილად ხვდება, თუ რა მდგომარეობაშია პატარა, რას განიცდის, რა პრობლემები აქვს. თუმცა მშობელი დამოუკიდებლად ამის გარკვევას ვერ შეძლებს. მაგალითად, უკვე ცუდია, თუ სამი წლის ბავშვი მხოლოდ შავი ფანქრით ხატავს, თუმცა 12 წლის ბავშვისთვის ეს ნორმალური ქცევაა. მოზარდისთვის დიაგნოზის დასასმელად უამრავი დეტალის გათვალისწინებაა საჭირო:
„რა ფერებით ხატავს, მერე რა კომპოზიცია შეკრა, სად დაჯდა, რამხელა ფურცელი აირჩია. ქვემოდან უსვამს ხაზს თუ ზემოდან“...
გალერეაში გამოფენილია, ასევე, კლასიკოსების ე. წ. რეპროდუქციები, მაგალითად, ველასკესი და მოდილიანი, ანუ ბავშვებმა შედევრები გადახატეს. მიუხედავად იმისა, რომ განსხვავება ძალიან დიდია, მაინც იცნობ, რომ ფურცელზე აცა-ბაცად დახატული ცისფერთვალება ქალი ჟანაა და სხვა არავინ. ლია გორგაძე ამბობს, რომ მთავარია ბავშვს ხატვისას თავისუფლება მისცე:
„მთავარია, ბავშვს მიუდგე სწორად, შენ თავს არ ახვევ არაფერს, არ კეტავ ჩარჩოებში. ახლა შემოვიდა, ბავშვს ხატვას ასწავლიან: აი, შეგიძლია 22-დან რაღაცა გააკეთო და გამოვიდეს ჩიტი. ეს არის აბსოლუტურად დამანგრეველი ბავშვისთვის“ .
გალერეის პედაგოგები ამბობენ, რომ ძალიან ბევრი ბავშვი, რომელსაც აქ უსწავლია, შემდეგ ცნობილი მხატვარი გახდა. ბევრმა სხვა, მონათესავე პროფესია აირჩია. გარდა ამისა, როგორც ნუნუ დუჩიძე ამბობს, ბავშვების განვითარებისთვის ხატვა ნებისმიერ შემთხვევაში აუცილებელია და თუ ბავშვი რაღაც მიზეზის გამო არ ხატავს, ეს უკვე პრობლემაა.