2 აპრილს მსოფლიოში საბავშვო წიგნის დღე აღინიშნება. ამ თარიღთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ ისმის კითხვა, რა ვითარება გვაქვს ქვეყანაში საბავშვო ლიტერატურის მხრივ. როგორც ლიტერატორები ამბობენ, საქართველოში ნათარგმნი საბავშვო წიგნი უფრო პოპულარულია, ვიდრე ადგილობრივი ავტორის, მიუხედავად იმისა, რომ არიან თანამედროვე მწერლები და ილუსტრატორები, რომლებიც არანაკლებ კარგ წიგნებს ქმნიან.
წიგნის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი მედეა მეტრეველი ამბობს, რომ, სხვა ლიტერატურასთან შედარებით, საქართველოში ყველაზე მეტად მაინც საბავშვო წიგნები იყიდება, თუმცა არა ადგილობრივი, არამედ ნათარგმნი, ამასთან, საუბარია ისევ საბავშვო ლიტერატურაზე, არა - საყმაწვილოზე:
„თუმცაღა, თუ უშუალოდ ქართველი ავტორების ნაწარმოებებზე ვისაუბრებთ, აქ მართლა მძიმე მდგომარეობაა იმ მხრივ, რომ ქართველი საბავშვო ავტორები არ არიან ისე პოპულარულები, როგორც, ვთქვათ, თარგმნილი ლიტერატურა. ამას ძალიან ბევრი ფაქტორი განაპირობებს. ამ მხრივაც არის გასატარებელი ძალიან ბევრი ღონისძიება, რომ საბავშვო ლიტერატურის მკითხველს სათანადო პროდუქტი შეეთავაზოს - არა მარტო ტექსტს ვგულისხმობ, არამედ თავისი სრული შეფუთვით და მარკეტინგული აქტივობებით“.
მისივე თქმით, ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება ილუსტრაციებს და, ამ მხრივ, საქართველოს კარგი შედეგი აქვს. წიგნის ხელოვნების ცენტრი, რომელიც სწორედ ილუსტრირებულ წიგნებზე მუშაობს, წელს ბოლონიის წიგნის ბაზრობაზე საკუთარ სტენდს წარმოადგენს. რითი განსხვავდება ქართული ილუსტრაციები დანარჩენისგან? ცენტრის ხელმძღვანელი ოთარ ყარალაშვილი ამბობს, რომ მკვეთრი სხვაობა არაა, მაგრამ ერთი, რაც შეიმჩნევა, არის ის, რომ ქართული ილუსტრაციები შედარებით გახსნილია, არ არის ხისტი, აგრესიული:
„მკაფიოდ გამოხატული ნაციონალური ხასიათი არა აქვს. მაგალითად, ირანული ილუსტრაცია მთლიანად ეფუძნება ირანული წიგნის მინიატურის ტრადიციებს. ასევე, უკრაინულ ილუსტრაციებსაც რომ შეხედოთ, იქაც არის მკაფიო ეროვნული ნიშნები. ქართულს ასეთი არა აქვს, უფრო მრავალფეროვანია“.
ოთარ ყარალაშვილის თქმით, ქართველ ილუსტრატორებზე საზღვარგარეთ უფრო დიდი მოთხოვნაა, ვიდრე სამშობლოში, რადგან საქართველოში არსებული გამომცემლობები მცირე რაოდენობის წიგნებს გამოსცემენ და, ამასთან, უმეტესად თარგმანებს, რადგანაც ამ შემთხვევაში რისკი ნაკლებია:
„მწირი ბაზრის პირობებში ძალიან დიდი პრობლემები აქვს გამომცემლობებს. ყველა გამომცემლობა, რომელიც მე ვიცი, აცხადებს, რომ უკუსვლაა. ვიცი, რომ იხურება წიგნის მაღაზიები, შესაბამისად, რაოდენობა არის მცირე“.
საბავშვო მწერალი მარიამ წიკლაური ერთ-ერთი იმათგანია, ვინც წიგნის გამოსაცემად გამომცემლობა ვერ იპოვა და გადაწყვიტა პრობლემა არაორდინარული გზით მოეგვარებინა: ფეისბუქზე შექმნა გვერდი, სადაც წიგნი წინასწარ გაყიდა, შემდეგ კი მის დაბეჭდვაზე დაიწყო ზრუნვა:
„ორ თვეში გავყიდეთ 400 წიგნი და ყოველდღე ჩვენი ჩანარიცხვების შესახებ გზავნილებს ვაქვეყნებდით. პრეზენტაციაზე, რა თქმა უნდა, მესაკუთრე ქვითრის საფუძველზე წაიღებს წიგნს“.
რამდენად რეალურია ქართული წიგნის საზღვარგარეთ, უფრო დიდ ბაზარზე გატანა? მედეა მეტრეველის თქმით, უშუალოდ ავტორს, თუ მას ლიტერატურული აგენტი არ ჰყავს და არც გამომცემლობასთან აქვს ურთიერთობა, თავისი ტექსტის საზღვარგარეთ გაყიდვა ძალიან გაუჭირდება, მით უფრო, თუ წიგნი კარგი ილუსტრაციებით არ არის გაფორმებული. თუმცა, ავტორს ამ შემთხვევაში შეუძლია წიგნის ცენტრს მიმართოს:
„წელს პირველად, წიგნის ცენტრის თაოსნობით, 2016 წლის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობისთვის მზადდება სპეციალური წიგნის კატალოგი, საბავშვო ლიტერატურა საქართველოდან, სადაც გაერთიანდება ესა თუ ის გამოცემა, რომლითაც შესაძლოა პოტენციური გამომცემელი დაინტერესდეს“.
თანამედროვე ლიტერატურის ერთ-ერთი თანამდევი აქტივობა არის ტრენინგები, რომელსაც, როგორც მედეა მეტრეველი ამბობს, განსაკუთრებით დამწყებ მწერლებს უტარებენ. მისივე თქმით, ამ მხრივ საქართველოშიც იგეგმება გარკვეული ღონისძიებები. წიგნის ცენტრი ამსტერდამის ერთ-ერთი გამომცემლობის ხელმძღვანელის ჩამოყვანას გეგმავს, რომელსაც სურვილი აქვს მწერლებსა და რედაქტორებს ტრენინგი ჩაუტაროს.
საბავშვო ლიტერატურის მიმომხილველი მაკა ლდოკონენი ამბობს, რომ საბავშვო მწერლობა ძალიან საპასუხისმგებლოა, თუმცა ბევრი ამას სათანადო ყურადღებას არ აქცევს. ლდოკონენის თქმით, როცა ლიტერატურულ კლუბებში ის ბავშვებს ქართველი თუ უცხოელი ავტორების წიგნებს უკითხავს, პატარები ხელოვნურობას მაშინვე გრძნობენ და წაკითხულს აღარ უსმენენ:
„საბავშვო მწერალი ყველა დანარჩენი მწერლისგან განსხვავებულია მარტო იმით კი არა, რომ ის განსაკუთრებულად წერს, მის ტვინში მხოლოდ მეტი ხვეულები და ღარები კი არ არის, ეს ხვეულებიც უფრო სხვანაირად არის ჩახვეული და ღარებიც უფრო ღრმაა“.
რაც შეეხება თანამედროვე ქართველ ავტორებს, ლდოკონენი გამოყოფს ნაირა გელაშვილის ზღაპარს „ტროლეიბუსი, ასტარიონი და მისი მგზავრები“ და ზაზა თვარაძის „მონტებულსუ, ანუ ელის არაჩვეულებრივი მოგზაურობა“. ის ეხება ასევე გამოგონილი სამყაროების ფენომენს და ირმა მალაციძის ზღაპრებზე საუბრობს. მალაციძეს ცატკბილეთის ქვეყანა აქვს აღწერილი, სადაც პერსონაჟები მურაბის ქილებში ცხოვრობენ.
„რა თქმა უნდა, კარგი ნაწარმოები ბევრია, მაგრამ ნაკლს რას ვიტყოდი, იცით? სიუჟეტი უფრო გამართული, ფაბულა კი უფრო დახვეწილი უნდა იყოს. ანუ ამბავი რომ იწყება, ის უნდა მთავრდებოდეს კიდეც. ზოგჯერ ხდება ისე, რომ ნაწარმოები მშვენივრად იწყება, ჩაგითრევს და დასასრული კი სახტად გტოვებს“.
ნატო დავითაშვილი, რომელიც ფენტეზის ჟანრში წერს და „იროელთა ქრონიკების“ ავტორია,ჰყვება, როგორ მუშაობს თავის წიგნებზე. ნაწარმოებში აღწერილი ფაქტები რომ ერთმანეთში არ აერიოს, მათ სხვადასხვა რვეულებში ინიშნავს და თან რუკასაც ადგენს.
„ახლა ,,მთვარის შვილობილებზე“ ვმუშაობ, სადაც 28 მთავარი გმირი მყავს. თითოეულს თავისი ისტორია, თავის დაბადების ადგილი აქვს, თავისი მისწრაფებები, ბოლოს და ბოლოს, თვალის ფერი, ამიტომ ყველა მათგანზე უამრავ ჩანაწერებს ვაკეთებ, სად რა ეწყინა თუ გაუხარდა. დამხმარე რვეულებში მიწერია ეს ყველაფერი. ახლა უკვე კომპიუტერშიც მაქვს დახარისხებული“.
ნატო დავითაშვილის ფენტეზის გმირები ძირითადად ქართული მითოსიდან, ფოლკლორიდან არის აღებული. მის წიგნებში არიან ღვთისშვილები, დევები, დევების შვილობილები, ალქაჯები და ზოლიანი (ვეფხვი), სამსალა, რომელიც მიწაში იმალება და, ბოლოს, ჯამა. ჯამა ავი, მავნე ვინმეა, რომელიც ყველაფერს აფუჭებს. ეს დავიწყებული კაცი ნატო დავითაშვილმა სვანური მითოსის ლექსიკონში შემთხვევით იპოვა და საკუთარ წიგნში წამოიყვანა. ჯამა ახალ წიგნში ერთ-ერთი პერსონაჟი იქნება და ამით თვითონაც კიდევ ერთი, ახალი სიცოცხლე მიეცემა.