ბარიერად ქცეული თავსაფარი - ამბები ქართველ მუსლიმ ქალებზე

კადრი ფილმიდან "მუსლიმი ქალები თანასწორობისათვის"

ის, ვინც ღიად და ხმამაღლა ლაპარაკობს მუსლიმი ქალების პრობლემებსა და სურვილებზე, ვინც სწავლობს და მუშაობს, ვინც წარმატებას მიაღწია, ვინც გაბედა და, კრიტიკის მიუხედავად, უნივერსიტეტში თავსაბურავს მაინც ატარებს, ან ვინც გაბედა, სურვილი აისრულა და პირსინგი გაიკეთა, ვინც სამოქალაქო აქტივიზმში ჩაება, ვინც ცდილობს დამოკიდებულებები შეცვალოს - ასეთი ქალების რიცხვი საქართველოში მცხოვრებ მუსლიმ ქალთა შორის ნელ-ნელა, მაგრამ მაინც იზრდება.

კადრი ფილმიდან "მუსლიმი ქალები თანასწორობისათვის"

ისინი ერთმანეთისგან განსხვავდებიან, მაგრამ აერთიანებთ ერთი მთავარი იდეა - ბრძოლა საკუთარი უფლებებისთვის, ბრძოლა იმ ბარიერების დასაძლევად, რომლებიც მუსლიმი ქალებისათვის - მათ თემშიც და თემს გარეთაც - დღემდე არსებობს. განათლების უფლება, სოციალური და პოლიტიკური მონაწილეობა, ხელმისაწვდომობა სერვისებზე - გრძელი ჩამონათვალი გამოვა.

ამ პრობლემებზე, საჭიროებებზე, სურვილებსა და შესაძლებლობებზეა ლაპარაკი გამოკვლევაში, რომელიც ქართველ მუსლიმთა კავშირის დაკვეთით ორგანიზაცია ,,We Research“-მა ჩაატარა, ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტის, ასევე საქართველოს გაეროს ასოციაციის მხარდაჭერით.

ამ კვლევაში ბათუმში, ქედაში, შუახევსა და ხულოში მცხოვრები 44 მუსლიმი ქალი მონაწილეობდა.

უკვე არაერთი მაგალითი არსებობს ამისა. სკოლებში პედაგოგები მწყრალად უყურებენ იმ მუსლიმ გოგონებს, ვინც ჰიჯაბს ატარებს. თუ დაუშვეს და თავსაბურავიანი ქალი სამსახურში მაინც მიიღეს (ოღონდ არავითარ შემთხვევაში საჯარო დაწესებულებაში), იქ უკვე გაუთავებელი ქილიკი იწყება, რისი უსასრულოდ მოთმენაც შეუძლებელია...
ლელა რეხვიაშვილი

„პირველ კურსზე მაგიტომ ვერ დავიფარე (თავსაფარი). მრცხვენოდა და ვერ გადავდგი ეგ ნაბიჯი, მაგრამ აღმოჩნდა, რომ შეიძლება“.

„ოთხი შვილის დედა ვერ ივლის ყოველდღე სამსახურში“.

„ჯერ მამაკაცი მუსლიმანი უნდ მოხვდეს სადღაც თანამდებობაზე, რომ აგიტაცია გააკეთოს, მუსლიმანი ქალიც რომ დასაქმდეს დ საზოგადოებამ მიიღოს“.

„სადმე რომ წავიდე და ვიმუშაო, ყველაზე დიდი ბარიერი არი თავსაფარი“.

„შევისწავლეთ, რომ ქალი და კაცი არის თანასწორი, მაგრამ მასე ვლაპარაკობთ და არ ვაკეთებთ“.

„ყავაზე ერთმანეთს დავუძახებთ. ყველაფერს ვაკეთებთ, რომ მივიდეთ, იმისთვის მივიდეთ, რომ განტვირთვა მოვახერხოთ“.

მუსლიმი ქალების ეს სიტყვები (სტილი დაცულია) ზუსტად ასახავს იმ სინამდვილეს, რომელშიც მათ უწევთ ცხოვრება.

მკვლევარმა ლელა ჯავახიშვილმა რადიო თავისუფლებასთან საუბარში აღნიშნა კიდეც, რომ ეს ქალები დისკრიმინაციას აწყდებიან სკოლაში, უმაღლეს სასწავლებელში, სამსახურებში (თუ ისე მოხდა, რომ ვინმე დასაქმდა), ოჯახში და, ზოგადად, თემის შიგნით. მათ პრობლემები აქვთ იმიტომ, რომ ქალები არიან და იმიტომაც, რომ მუსლიმი ქალები არიან. მათი აზრით, მთავარი შემზღუდველი ფაქტორი მათი რელიგია კი არა, საზოგადოებაში მათ მიმართ არსებული დამოკიდებულებაა.

კადრი ფილმიდან "მუსლიმი ქალები თანასწორობისათვის"

„ისინი ხშირად თავად უწესებენ საზღვრებს საკუთარ თავს, იმიტომ რომ უკმაყოფილება არ გამოიწვიონ“, - გვეუბნება ლელა. მუსლიმი ქალები ფიქრობენ, რომ სამოქალაქო აქტივობა კაცების საქმეა, სოციალური ცხოვრება ქალებისთვის, ფაქტობრივად, არ არსებობს - მრავალ მიზეზთა შორის ერთ-ერთი უსახსრობაცაა. არჩევანი ასე დგას: თუ თავსაბურავს დაიფარებენ, სამსახურს ვერ იპოვიან, სკოლასა და უნივერსიტეტში კი ისეთი კრიტიკისა და განსჯის ობიექტებად იქცევიან, რომ გამოსავალი ან ჰიჯაბის მოხსნაა მათი სურვილის საწინააღმდეგოდ, ან სწავლის თუ სამსახურის მიტოვება.

„უკვე არაერთი მაგალითი არსებობს ამისა. სკოლებში პედაგოგები მწყრალად უყურებენ იმ მუსლიმ გოგონებს, ვინც ჰიჯაბს ატარებს. თუ დაუშვეს და თავსაბურავიანი ქალი სამსახურში მაინც მიიღეს (ოღონდ არავითარ შემთხვევაში საჯარო დაწესებულებაში), იქ უკვე გაუთავებელი ქილიკი იწყება, რისი უსასრულოდ მოთმენაც შეუძლებელია“, - ამბობს ლელა რეხვიაშვილი.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს კანონმდებლობა სასწავლო დაწესებულებებში თავსაფრის ტარებას არ კრძალავს, არის სკოლები, სადაც დირექტორები მუსლიმ გოგონებს პირდაპირ მიუთითებენ, თავსაფარი მოიხსნან. ეს ზეწოლა, პესიმიზმი და უიმედობა, რომ არაფერი შეიცვლება, იწვევს კიდეც თვითდისკრიმინაციას - ასე ფიქრობს ქართველ მუსლიმთა კავშირის თავმჯდომარე, ტარიელ ნაკაიძე:

ტარიელ ნაკაიძე

„დღემდე ერთ-ერთ აზერბაიჯანულ სოფელში არის ეს პრობლემა: მუსლიმი გოგონა ვერ დადის თავსაბურავით სკოლაში, რადგან ამას დირექტორი უკრძალავს. არც განათლების სამინისტრომ, არც ადგილობრივმა ხელისუფლებამ გოგონას მხარე არ დაიჭირა“.

გოგონამ ჰიჯაბი მოიხსნა, რომ სკოლაში ეარა, თუმცა ეს არ ყოფილა ადვილი არჩევანი. ეს საერთოდ არ ყოფილა არჩევანი. ასეც ხდება: ზოგიერთი მუსლიმი ქალი ამჯობინებს უარი თქვას სწავლაზე, სხვა საზოგადოებრივ სიკეთეებზე, მაგრამ არ დათმოს თავისი რელიგიური ატრიბუტიკა. ასეთია დანებების ფასიო, - ამბობს ტარიელ ნაკაიძე.

თუმცა არიან მუსლიმი ქალები, ვინც გაბედა და თავსაბურავი მაინც დაიხურა. ასეთია ჰურიე. ასეთია ინგა. ასეთია დალი.

მაგრამ ეს არ არის ადვილი. დალი სოლომონიძე, რომელიც დღეს ქართველ მუსლიმთა კავშირის ქალთა ფრთის ხელმძღვანელია, გვიამბობს, როგორ ვერ მიიღო მისმა მეგობარმა ბათუმის უნივერსიტეტში სტიპენდია მხოლოდ იმიტომ, რომ თავსაფრის ტარების გამო ნიშანი დააკლეს. სხვა ბევრი რამის ატანაც უწევთ დალის და მის მეგობარ მუსლიმ გოგონებს:

დალი სოლომონიძე

„მეუბნებიან, რომ მოღალატე ვარ, იმიტომ რომ მტრის რელიგიის წარმომადგენელი ვარ. სკოლებში ისტორიის მასწავლებლები ბავშვებს აიძულებენ პირჯვარი გადაიწერონ. და როცა ისინი ამაზე უარს აცხადებენ და ამბობენ, რომ მუსლიმები არიან, მერე მორალის კითხვა იწყება, რომ ქართველი არ შეიძლება იყოს მუსლიმი... ეს აჩენს კომპლექსებს. ჩვენი ქალები პოლიტიკურ ცხოვრებაშიც პასიურები ხდებიან. ასე სჯერათ, რადგან მუსლიმები ვართ, ვერაფერს გავაკეთებთო. საკმარისია, ერთმა მუსლიმმა გოგომ ვერ იშოვოს სამსახური, ან იშოვოს, მაგრამ იძულებული გახდეს დისკრიმინაციის გამო დატოვოს, რომ ეს უკვე სხვებისთვის მაგალითია. მაშინვე კარგავენ ბრძოლის სურვილს“.

„ჰიჯაბის ტარებას საქართველოს საზოგადოება მხოლოდ ცალმხრივად, ჩაგვრის კონტექსტში განიხილავს, რაც არასწორია“, - გვითხრა თამთა მიქელაძემ, „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრიდან“. სინამდვილეში, მისი განმარტებით, მუსლიმი ქალები - განსაკუთრებით კი, არაისლამურ ქვეყნებში - ხშირად ამბობენ, რომ ჰიჯაბი მათთვის რელიგიური ცხოვრებისა და მათი იდენტობის ნაწილია. „ამიტომ მათი მხრიდან ასეთი ზეწოლის პირობებში ჰიჯაბის ტარება პოლიტიკური აქტი და მანიფესტიც კია“, - ამბობს თამთა მიქელაძე.

თუმცა თავსაბურავის ტარებით გამოწვეული პრობლემები პრობლემების ზღვაში მხოლოდ ერთი წვეთია. გამოკვლევითაც გამოჩნდა, რომ ხშირად გოგონები სკოლას არ ამთავრებენ. ასეთი შემთხვევები ნაადრევი ქორწინებით სრულდება. ხშირად ქალს ოჯახიც უარს ეუბნება სწავლაზე. წარმოუდგენელია მუსლიმი ქალი სამსახურში გვიანობამდე შერჩეს. არც გართობა არსებობს, არც სხვა არანაირი ინიციატივა. განსაკუთრებით, მაღალმთიან სოფლებში.

პრობლემებზე საუბარი არასოდეს შემიწყვეტია. ვიღაცებისთვის ცხადიც გახდა, რომ მე ისლამი კი არ უარვყავი, არამედ ასე მესმის ჩემი რელიგია. მაგრამ ამ ბრძოლაში მარტო არ ვიყავი, დედაც გვერდით მედგა და მაინც ვფიქრობ, რომ ჩემი მაგალითი ინდივიდუალური წარმატების მაგალითია. ჩვენ კი ბევრი ასეთი მაგალითი გვჭირდება...
ირმა დიმიტრაძე

ამ გამოკვლევის პრეზენტაციისას, რომელიც ბათუმის შემდეგ თბილისშიც გაიმართა 6 მარტს, გამოკვლევის ავტორებს ჩვენ ვკითხეთ, თუ გააცნეს მისი შინაარსი მუსლიმ კაცებს და რა რეაქცია ჰქონდათ მათ. გვიპასუხეს, რომ ისინი მუსლიმ ქალებს მხარს უჭერენ. თუმცა საინტერესო იყო წარმოშობით ხულოელი მუსლიმი გოგოს, ირმა დიმიტრაძის, რეპლიკა: საზოგადოების მხრიდან შექმნილი პრობლემების გარდა, სიძნელეები არსებობს თემის შიგნით და ამაზე ხმამაღლა ლაპარაკია საჭიროო.

„მუსლიმ მამაკაცებს და მათ რელიგიურ შეხედულებებსა და დამოკიდებულებებს გულისხმობთ ქალების მიმართ?“ - ვკითხეთ ჩვენ.

ირმა, ბოლო ოთხი წელია, თბილისში ცხოვრობს. თავსაბურავს არა, მაგრამ პირსინგს ატარებს და ხშირად წერს იმაზე, რაც აწუხებს, წერს ღიად და თამამად.

„დიახ, ასეა. მუსლიმი ქალები ორმაგად ჩაგრულები არიან. მათაც ეხებათ ქვეყანაში გენდერული თანასწორობის მხრივ არსებული ზოგადი ფონი, მაგრამ ამას ემატება თემის შიგნით ჩაგვრაც, რაც თეოლოგიური განათლების უქონლობით არის გამოწვეული. არასწორად ინტერპრეტირებული რელიგიური წარმოდგენები და ცოდნა, როგორც წესი, ხელს უწყობს მუსლიმ თემში მამაკაცების მხრიდან ქალების ჩაგვრას. ვისურვებდი, რომ ეს გამოკვლევა არა მხოლოდ გააცნონ თემში მცხოვრებ კაცებს, არამედ კარგი იქნებოდა, მათთვისაც ეკითხათ რაღაცები“.

არც ირმასთვის ყოფილა ადვილი.

„ამბობდნენ, აი, ირმა წავიდა და ისლამი დაივიწყა. ათას რამეს ამბობდნენ, მაგრამ მე ვიბრძოლე. პრობლემებზე საუბარი არასოდეს შემიწყვეტია. ვიღაცებისთვის ცხადიც გახდა, რომ მე ისლამი კი არ უარვყავი, არამედ ასე მესმის ჩემი რელიგია. მაგრამ ამ ბრძოლაში მარტო არ ვიყავი, დედაც გვერდით მედგა და მაინც ვფიქრობ, რომ ჩემი მაგალითი ინდივიდუალური წარმატების მაგალითია. ჩვენ კი ბევრი ასეთი მაგალითი გვჭირდება“.

კადრი ფილმიდან "მუსლიმი ქალები თანასწორობისათვის"

ბევრი ისეთი მუსლიმი ქალის მაგალითი, ვინც გარისკა და ისწავლა, გარისკა და სამუშაოდ წავიდა, მოუნდა და თავსაფარი დაიხურა, მოუნდა და მოიხსნა, მოუნდა და ბლოგერი გახდა...

ბევრი ჰურიე, ბევრი ინგა, ბევრი დალი და ბევრი ირმა!..