სივრცე ქალებისთვის - ბარბარე ჯორჯაძის „საკუთარი ოთახი“

ბარბარე ჯორჯაძის სახელობის კაბინეტი

ქალთა საერთაშორისო დღეს, 8 მარტს, თბილისში, ეროვნული ბიბლიოთეკის მე-5 კორპუსში, გაიხსნა ცნობილი ქართველი განმანათლებელი ქალის, ბარბარე ჯორჯაძის სახელობის ფემინისტური კაბინეტი. როგორც იდეის ავტორები ამბობენ, ეს იქნება ღია სივრცე ყველა ქალისთვის, ვინც ფემინიზმით და გენდერის კვლევით არის დაინტერესებული. და არა მხოლოდ მათთვის - ბარბარე ჯორჯაძის კაბინეტში მისვლა, მუშაობა, ბიბლიოთეკით სარგებლობა და სამუშაო შეხვედრების გამართვა ყველა მსურველ ქალს შეეძლება.

Your browser doesn’t support HTML5

სივრცე ქალებისთვის - ბარბარე ჯორჯაძის „საკუთარი ოთახი“

ბარბარე ჯორჯაძის სახელობის ფემინისტურმა კაბინეტმა საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის მე-5 კორპუსში დაიდო ბინა. იდეის ავტორებს სურთ, რომ ეს ადგილი ქალთა სხვადასხვა ჯგუფისთვის ერთგვარ „საკუთარ ოთახად“ იქცეს, სადაც იმუშავებენ, ერთმანეთს შეხვდებიან, ერთობლივ აქტივობებს დაგეგმავენ, თავისთვის საინტერესო საკითხებზე იმუშავებენ, დაწერენ და ა.შ. ამ კაბინეტის დაარსების საინიციატივო ჯგუფის ერთ-ერთი წევრია ფემინისტი იდა ბახტურიძეც. მან გვითხრა, რომ ბარბარე ჯორჯაძის კაბინეტში თავს მოიყრის თემატური ლიტერატურა ფემინიზმის, გენდერის საკითხების შესახებ:

იდა ბახტურიძე

„ჩვენ გვინდოდა, რომ ეს სივრცე დაგვეთმო იმ ქალებისთვის, ვინც დღეს არის დაინტერესებული ქალთა საკითხებით და, მეორე მხრივ, მომხდარიყო იმ ქალთა დამსახურების, ღვაწლის კიდევ ერთხელ აღიარება, ვინც მე-19 საუკუნეში პირველ ნაბიჯებს დგამდა ფემინისტურ მოძრაობაში და მაშინ ასეთი საქმიანობა გაცილებით რთულიც იყო და საფრთხის შემცველიც. ბარბარე ჯორჯაძე კი სწორედ პირველი იყო მათ შორის, ვინც ეს ფემინისტური ხმა შემოიტანა საჯარო დისკურსში. ეს ქალი უმრავლესობისთვის მხოლოდ სამზარეულოს წიგნთან ასოცირდება და გვინდოდა ეს დამოკიდებულებაც შეგვეცვალა და ყველასთვის გაგვეცნო მისი სხვა, არანაკლებ მნიშვნელოვანი, მხარეები“.

ბარბარე ჯორჯაძის სახელობის ფემინისტური კაბინეტის მოწყობის მხარდამჭერები არიან ქალთა ფონდი საქართველოში, გაეროს განვითარების პროგრამა და შვედეთის მთავრობა, გაეროს ერთობლივი პროგრამის „გენდერული თანასწორობისათვის“ ფარგლებში. ამ კაბინეტში თავს მოიყრის ქართული ფემინიზმის ისტორიის ყველა მნიშვნელოვანი ფაქტის შესახებ ინფორმაცია, გვითხრა ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორმა გიორგი კეკელიძემ. მისი თქმით, უკვე მოძიებულია ყველა ის მასალა, რომელიც ამ კაბინეტში იქნება და რომლით სარგებლობაც ყველა დაინტერესებულ ადამიანს შეეძლება:

ბარბარე ჯორჯაძის სახელობის კაბინეტი

„ბიბლიოთეკა+სადისკუსიო სივრცე - ასე ვხედავ მე ამ კაბინეტის დანიშნულებას. და ჩვენ გეგმაში გვაქვს ისიც, რომ ყველა მასალა, რაც აქ მოიყრის თავს, ციფრულ ფორმატშიც იყოს, რათა სარგებლობა ქალებს სახლებიდანაც შეეძლოთ“.

თამთა მელაშვილი, რომელიც ასევე საინიციატივო ჯგუფის წევრია, ფიქრობს, რომ ქალებმა ეს ადგილი უნდა გამოიყენონ საჯარო ლექციებისთვის, საქმიანი შეხვედრებისთვის. ის მოგვითხრობს, რომ ბარბარე ჯორჯაძის სახელობის კაბინეტი ფემინისტმა მხატვარმა ანუკა ბელუგამ მოხატა. ერთ-ერთი კედელი სწორედ ბარბარე ჯორჯაძის პორტრეტს უჭირავს, მას კი გვერდით ამავე პერიოდის მეორე განმანათლებელი, მწერალი ეკატერინე გაბაშვილი უმშვენებს. მოპირდაპირე კედელზე სოციალისტური ფემინიზმის წარმომადგენლების -ლიდია მეგრელიძისა და ნინო ტყეშელაშვილის - პორტრეტებია, მათ გვერდით კი სუფრაჟისტ კატო მიქელაძისა და მარიამ გარიყულის, რომელიც ასევე უთავსებდა წერას, ხელოვნებას ფემინისტურ აქტივიზმს. და მაინც, კაბინეტს ეწოდა ბარბარე ჯორჯაძის სახელი, როგორც პირველი ქართველი ფემინისტისა,რომელმაც საჯარო სივრცეში ერთ-ერთმა პირველმა შემოიტანა ქალის ხმა. თამთა მელაშვილი იხსენებს ერთ საინტერესო დეტალს მისი ბიოგრაფიიდან, რომელიც შედარებით ნაკლებად არის ცნობილი, ვიდრე მისი „სრული სამზარეულო“:

თამთა მელაშვილი

„ჩვენ ვიცით, რომ იაკობ გოგებაშვილამდე სწორედ ბარბარე ჯორჯაძემ სცადა შეექმნა დედაენის პირველი ვერსია, რომელსაც დაარქვა „დასაწყისი სწავლისა“. სამწუხაროდ, ეს ნაშრომი დაკარგულია, შემორჩენილია მხოლოდ წერილი, რომელშიც ამის შესახებ ვკითხულობთ, მაგრამ უკვე მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ქალმა იზრუნა და იმუშავა მომავალი თაობების განათლებაზე. ბარბარე ამბობდა, რომ ეს სახელმძღვანელო, რომელიც შედგებოდა ნახატებისა და სიტყვებისგან, ძალიან გაუადვილებდა ბიჭებს და გოგონებს ანბანის სწავლის პროცესს“.

ბარბარე ჯორჯაძის ბიოგრაფიას წლებია იკვლევს კაბინეტის გახსნის იდეის ერთ-ერთი ავტორი, ფემინისტი ლელა გაფრინდაშვილიც. ბარბარეზე საუბარი მან ერთი საყურადღებო დეტალით დაიწყო - ბარბარე ქმრის გვარით არის ისტორიაში შემორჩენილი, თუმცა თავად ერისთავი იყო და პირად წერილებსაც სწორედ ამ გვარით აწერდა ხელს. ქართულმა კულტურამ, ამბობს ლელა გაფრინდაშვილი, ის მაინც ჯორჯაძის გვარით დაიმახსოვრა. ყველა წინადადება ბარბარე ჯორჯაძის ცნობილ წერილში, რომლის სათაურია „ორიოდე სიტყვა ყმაწვილ კაცების საყურადღებოდ“ და რომელიც მე-19 საუკუნის 90-იან წლებში „ქალთა საკითხების“ გარშემო გამართულ პოლემიკას მიეძღვნა, დღესაც აქტუალურია, ამბობს ლელა გაფრინდაშვილი. აი, ციტატაც იმ ცნობილი წერილიდან:

თუ დავაკვირდებით ბარბარე ჯორჯაძის სხვადასხვა ჟანრის ტექსტებს - მის პუბლიცისტიკას, ლექსებს, დრამატურგიას, ვნახავთ, რომ ის ენობრივი პურისტია, ძალიან აკადემიურია, ფრთხილად არჩევს სიტყვებს და ამ დროს, თუ ჩავხედავთ მის „სრულ სამზარეულოს“, იქ სულ სხვა თავისუფალი ენა დაგვხვდება, თითქოს ორი ბარბარეა...
დიანა ანფიმიადი

“პირველიდანვე დაწყებული ყოველი კაცი დედაკაცების გაკილვაში ყოფილა და არის; ყოველივე ბრალეულობა ქალს მიაწერეს და დიდად ცდილობენ ეს თავის ამხანაგი ყოვლის გზით დაეცათ და დაემდაბლებინათ. სიყრმიდანვე ამას ჩასძახოდენ - შენ რადგან შემოქმედს ქალად დაუბადებიხარ, შენი წესი ეს უნდა იყოს. ხმაგაკმედილი ჩუმად იყო, არავის შეჰხედო, არსად წახვიდე, ყურები დაიხშო, თვალები დახუჭე და იჯექ... სწავლა და სხვა ენებით განათლება რა შენი საქმეაო. თითონ მამაკაცმა კი შეისხა ამპარტავნობის და ზვაობის ფრთები, დაიჭირა ვრცელი ასპარეზი და სთქვა: `მე რადგან კაცი ვარ, გავსწევ, გავქუსლავ ცის კიდემდე, ჩემი დამაბრკოლებელი არა არის-რა, ვიმჭევრმეტყველებ, ვისწავლი, ყოველგვარი თავისუფლება და ქვეყნის მფლობელობა ხელთ მიპყრიაო“. გაიფართოვა გზა და დედაკაცი ვითომ ვალდებულებაში ჩააგდო, თუ მე არა, ლუკმას ვერ შესჭამო, - რა იყო უფრო დაემონებინა... მამაკაცმა ოჯახშიაც კი არად ჩააგდო დედაკაცის შრომა, უპირატესობა თვითონ დაიპყრო და ყურები გამოუჭედა: `თქვენ ჭკუა არა გაქვთ, არა გაქვთ გული და გრძნობა, არც არა გესმით... ხართ დაუნდობელნი, მოღალატენი“...

ლელა გაფრინდაშვილი

როგორც ლელა გაფრინდაშვილი მოგვითხრობს, ბარბარე ჯორჯაძე იყო ერთადერთი ქალი, რომელმაც გაბედა და 1861 წელს ქართული ენის მოდერნიზაციასთან დაკავშირებულ პოლემიკაში ილია ჭავჭავაძეს შეეკამათა.

დიანა ანფიმიადს, მწერალსა და ლინგვისტს, ასევე ავტორს წიგნებისა „პირადი კულინარია“ და „წინასწარმეტყველება მურაბით“, ბარბარე ჯორჯაძე სწორედ მისი მრავალმხრივობის გამო უყვარს - მისი „სრული სამზარეულო“ კი დღეს დიანას ერთ-ერთი სამაგიდო წიგნია და, ცხადია, არა მხოლოდ კულინარიული შინაარსის გამო. ბარბარეს ენა იმ ამბებს მოგვითხრობს და გვინახავს, რაც მე-19 საუკუნის საქართველოში ხდებოდა. „სრული სამზარეულო“ ერთგვარი ხიდიცაა, ამბობს დიანა, სხვადასხვა სოციალურ ფენებს შორის:

„თუ დავაკვირდებით ბარბარე ჯორჯაძის სხვადასხვა ჟანრის ტექსტებს - მის პუბლიცისტიკას, ლექსებს, დრამატურგიას, ვნახავთ, რომ ის ენობრივი პურისტია, ძალიან აკადემიურია, ფრთხილად არჩევს სიტყვებს და ამ დროს, თუ ჩავხედავთ მის „სრულ სამზარეულოს“, იქ სულ სხვა თავისუფალი ენა დაგვხვდება, თითქოს ორი ბარბარეა“.

ბარბარე ჯორჯაძის სახელობის კაბინეტი

თავისთავად „სრულ სამზარეულოს“ კი, დიანას აზრით, თავისუფლად შეიძლება ვუწოდოთ მეცნიერული ნაშრომი გასტრონომიული კულტურის შესახებ.

„ასეთი ტიპის წიგნები კი, სხვადასხვა ქვეყნის კულინარიის შესახებ მთელ მსოფლიოში ძალიან მნიშვნელოვან ავტორებს აქვთ დაწერილი. მაგალითად ალექსანდრე დიუმას წიგნის მოყვანაც კმარა ფრანგული სამზარეულოს შესახებ. გარდა იმისა, რომ ეს წიგნი მისი მთელი ცხოვრების ნაშრომია, მნიშვნელოვანია, თუ რისთვის დაწერა მან ეს წიგნი და რაზეც ის თავად წერს ამ წიგნის შესავალ წერილში, რომ „ეს არის ქალების გაძლიერებისთვის დაწერილი წიგნი“.