კომერციული ბანკების მიერ არაპროფილური აქტივების ფლობასთან დაკავშირებული რეგულაციები

საქართველოში კომერციული ბანკების მიერ არაპროფილური აქტივების ფლობასთან დაკავშირებით რეგულაციები, სავარაუდოდ, ოქტომბრის ბოლომდე შეიცვლება. ცვლილებები ასეთი აქტივების ფლობის შეზღუდვას ან, შესაძლოა, აკრძალვასაც კი გულისხმობდეს.

მსგავსი აკრძალვების ერთ-ერთი მიზანია კონკურენტული გარემოს განვითარების ხელშეწყობა ქვეყანაში. ითვლება, რომ ბანკის საკუთრებაში არსებულ კომპანიებს უადვილდებათ დიდი ოდენობით იაფი ფინანსური რესურსის მოზიდვა, რაც არაკონკურენტულ მდგომარეობაში აყენებს სხვა, ამავე სფეროში მოქმედ, კომპანიებს, რომლებსაც ეს არ შეუძლიათ.

განსაკუთრებით პრობლემატურია ხოლმე ეს უძრავ ქონებასთან დაკავშირებული ბიზნესისთვის, რომელიც უკვე კარგა ხანია ბაზარზე მსგავსი შეზღუდვების შემოღებას ითხოვს.

ჩვენ უკვე ვისაუბრეთ იმის შესახებ, რომ დღეს საქართველოში არაპროფილური აქტივების მფლობელ ბანკებს შორის ძირითადად ორი - საქართველოს ბანკი და თიბისია.

ამასთან, მათ მფლობელობაში არსებულ აქტივებს შორის არის როგორც სადაზღვევო, ასევე საკრედიტო ორგანიზაციები, საბროკერო კომპანია, ფინანსური კორპორაციები, სამედიცინო კლინიკები და სხვა ტიპის ბიზნესი, საკალათბურთო გუნდიც კი.

როგორც ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, ჯერ საბოლოოდ არ არის გადაწყვეტილი არაპროფილური აქტივების სრულ აკრძალვაზე იქნება საუბარი თუ ნაწილობრივზე. მაგალითად, არ არის გადაწყვეტილი, შეეხება თუ არა აკრძალვა საფინანსო აქტივებსა თუ სადაზღვევო კომპანიებს.

საერთაშორისო გამოცდილება ამ თვალსაზრისით ცალსახა პასუხს ვერ იძლევა. მსოფლიო ბანკის 2012 წლის მონაცემებით, მსოფლიოს მასშტაბით ბანკების მიერ არაპროფილური ბიზნესის ფლობის რეგულაციის განსხვავებული სისტემები არსებობს.

ქვეყნების უმეტეობაში კომერციული ბანკებისთვის ფასიანი ქაღალდების ფლობა აკრძალული არ არის, მაგრამ, სამაგიეროდ, ქვეყნების დიდ ნაწილში ბანკებს უძრავი ქონების ბიზნესში აქტივების ფლობა ეკრძალებათ.

კერძოდ, 135 ქვეყნიდან 63 ქვეყანაში კომერციულ ბანკებს შეუზღუდავად შეუძლიათ განახორციელონ ფასიანი ქაღალდებით ოპერაციები; კიდევ 43 ქვეყანაში ბანკს შეუძლია განახორციელოს ეს საქმიანობა, მაგრამ შვილობილი კომპანიის მეშვეობით.

კიდევ 17 ქვეყანაში ფასიანი ქაღალდებით ოპერაციების მხოლოდ ნაწილის განხორციელება შეუძლია კომერციულ ბანკს და ისიც შვილობილი კომპანიის საშუალებით. მხოლოდ 9 ქვეყანაშია მთლიანად აკრძალული.

უძრავ ქონებაში საქმიანობის წარმოება 134 ქვეყნიდან 50 ქვეყნის კომერციული ბანკებისთვის აკრძალულია და შეუზღუდავად მხოლოდ 29 ქვეყანაშია ნებადართული. რაც შეეხება სადაზღვევო საქმიანობას, ის 137 ქვეყნიდან 7 ქვეყანაში შეუზღუდავია, 72 ქვეყანაში - ნებადართული, 36 ქვეყანაში - შეზღუდული, 22-ში კი აკრძალულია.

ყველა შემთხვევაში, აკრძალვები საბანკო აქტივების ნაწილს მაინც შეეხება და კომერციულ ბანკებს მათი რეალიზაცია მოუწევთ. წინასწარი განცხადებები და საერთაშორისო პრაქტიკაც მოწმობს, რომ აკრძალვები არ შეეხება ბანკის ცალკეულ აქციონერებს, რომელთაც სხვადასხვა ტიპის საქმიანობის განხორციელების უფლება, ცხადია, შეუნარჩუნდებათ.