“ბაკურიანის მიწების“ საქმეზე “X ჯგუფის“ ხელმძღვანელი დააკავეს

ნიკოლოზ მეტრეველს აღკვეთის ღონისძიებად წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. ახალციხის რაიონულ სასამართლოში სხდომა 16 ივლისს გაიმართა.

„ბაკურიანის მიწების“ საქმეზე დაკავებულ კომპანია "X ჯგუფის“ დამფუძნებელს ახალციხის რაიონულმა სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ნიკოლოზ მეტრეველს ბრალად ედება დაკანონება 7 მილიონ ლარამდე ქონებისა, საიდანაც, პროკურატურის მტკიცებით, სარგებელს თავადაც იღებდა. სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურის განყოფილების უფროსის, პეტრე მანველიშვილის, ვარაუდით, არსებობს მიმალვის საფრთხე, რის გამოც ბრალდებული პატიმრობაში უნდა დარჩენილიყო.

დაცვის მხარე აცხადებს, რომ ნიკოლოზ მეტრეველის წინააღმდეგ ჩვენებებს მხოლოდ პროკურატურის მიერ დაშინებული მოწმეები იძლევიან. მეტრეველი 2011 წელსაც ყალბი დოკუმენტების დამზადებისთვის გაასამართლეს. მას მაშინ რვა ეპიზოდში ადანაშაულებდნენ. ადვოკატ ირაკლი ბარძიმაძის თქმით, ეს საქმე სამოქალაქო დავის საგანია, თუმცა შეგნებულად არის გადაკვალიფიცირებული სისხლის სამართლის საქმედ, რადგან პროკურატურას მისი დაცვის ქვეშ მყოფის განადგურება სურს.

ადვოკატმა ნიკოლოზ მეტრეველისთვის გირაოს სახით 50 000 ლარის შეფარდება მოითხოვა. ნიკოლოზ მეტრეველი საკუთარ ოფისში 14 ივლისს აიყვანეს. კომპანია "X ჯგუფმა“ იმ ნაკვეთების საკადასტრო აზომვითი ნახაზები მოამზადა, რომელთა რეგისტრაციაც გამოძიებამ უკანონოდ ცნო. გარდა ამისა, კომპანიის დამფუძნებელი „ბაკურიანის მიწების“ საქმეში ბრალდებულებს იურიდიულ კონსულტაციას უწევდა. ბრალდებულის მამა, თამაზ მეტრეველი, სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას არაობიექტურად მიიჩნევს.

საქმეს სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურა თაღლითობაში დახმარების მუხლით იძიებს, რაც ჯარიმას ან პატიმრობას 6-დან 9 წლამდე ვადით ითვალისწინებს. ნიკოლოზ მეტრეველი ე. წ. "ბაკურიანის მიწის“ საქმეზე მეექვსე ბრალდებულია, რომელიც პროკურატურამ დააკავა. ბაკურიანში ტყის ნაწილი, რომელიც ადგილობრივებმა, დაახლოებით, ერთი თვის განმავლობაში დაისაკუთრეს და ნაწილმა გაყიდა კიდეც, დაყადაღებულია. ყადაღა ამ დროისთვის 46 მიწის ნაკვეთს ადევს.