თბილისის საქალაქო სასამართლომ წარმოებაში არ მიიღო თბილისის ბაგა-ბაღების ყოფილი დირექტორების კოლექტიური სარჩელი, რომლის მიხედვითაც თერთმეტი ყოფილი დირექტორი სამსახურში აღდგენას მოითხოვდა. დირექტორთა ერთი ნაწილი სამსახურიდან გაათავისუფლეს თბილისის მერიის შიდა აუდიტის, ხოლო მეორე ნაწილი - ბაღების სააგენტოს მონიტორინგის დასკვნის საფუძველზე. რა არგუმენტებით იხელმძღვანელა თბილისის საქალაქო სასამართლომ და რას ედავება თბილისი მერია ბაგა-ბაღების დირექტორებს?
თბილისის საქალაქო სასამართლომ სარჩელის წარმოებაში მიღებაზე უარი იმის გამო თქვა, რომ კოლექტიური სარჩელის შემტანი პირები თანამდებობიდან სხვადასხვა მიზეზით იყვნენ გათავისუფლებული. სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 86-ე მუხლის პირველი ნაწილით, თუმცა, როგორც მოსარჩელე მხარის ადვოკატი ბექა კვინიკაძე ამტკიცებს, სასარჩელო მოთხოვნები გამომდინარეობდა ერთი და იმავე საფუძვლებიდან და, შესაბამისად, მოსარჩელეებს, იმავე 86-ე მუხლის მიხედვით, ჰქონდათ უფლება მიემართათ სასამართლოსათვის კოლექტიური სარჩელით:
„თუ მოსარჩელეებს მოპასუხეების მიმართ გააჩნიათ ერთი და იგივე მოთხოვნები (რაც ამ შემთხვევაში სახეზეა), მათ პროცესუალური ნორმებით მინიჭებული აქვთ უფლებამოსილება, ერთობლივი სარჩელით მიმართონ საქალაქო სასამართლოს, რომელმაც, ჩვენი აზრით, 86-ე მუხლი განმარტა არასწორად და ამიტომ დავა გადაინაცვლებს თბილისის სააპელაციო სასამართლოში“.
ამორჩეული ბაღები ვერ გახდნენ პოლიტიკით მართვადი, განთავისუფლდნენ კონკურსის საფუძველზე დანიშნული დირექტორები და მათ ადგილზე ყველა შემთხვევაში დაინიშნენ „ქართული ოცნების“ აქტივისტები...ხატია ლაშქარაშვილი
ერთობლივი სარჩელი ბაგა-ბაღების თერთმეტმა გათავისუფლებულმა დირექტორმა სასამართლოში 11 აპრილს შეიტანა. როგორც თბილისის მერიაში განმარტავენ, ბაღებში ინსპექტირება ჩაატარა როგორც თბილისის ბაგა-ბაღების სააგენტოს მონიტორინგის სამსახურმა, ასევე თბილისის მერიის შიდა აუდიტის სამსახურმა. შემოწმდა დაფინანსების მოთხოვნის, მიღებისა და გასული ხარჯების მიზნობრიობა, რის შედეგადაც გამოიკვეთა მნიშვნელოვანი დარღვევები, მათ შორის, ბავშვებისთვის განკუთვნილი საკვების ზედმეტად ჩამოწერა, საკვები პროდუქტისათვის მოთხოვნილი თანხების სააგენტოსთან შეუთანხმებლად სამეურნეო ხარჯების დასაფინანსებლად გამოყენება და სხვა. სააგენტოს წესდების თანახმად კი, ბაგა-ბაღის საერთო საქმიანობას წარმართავს და მის ხარისხზე, კანონიერებასა და ეფექტურობაზე პასუხისმგებელია ბაგა-ბაღის დირექტორი, თუმცა მერიის ამ ბრალდების პასუხად ერთ-ერთი მოსარჩელე, 215-ე ბაგა-ბაღის ყოფილი დირექტორი ხატია ლაშქარაშვილი, ამბობს, რომ ყველა ბრალდება უსაფუძვლოა:
„ამორჩეული ბაღები ვერ გახდნენ პოლიტიკით მართვადი, განთავისუფლდნენ კონკურსის საფუძველზე დანიშნული დირექტორები და მათ ადგილზე ყველა შემთხვევაში დაინიშნენ „ქართული ოცნების“ აქტივისტები, რომელთა უმრავლესობას, ასაკის მიუხედავად, არანაირი გამოცდილება არ აქვს სკოლამდელ აღზრდაში. მსგავსი საქციელით ძირეულად შეირყევა სკოლამდელი აღზრდის სფერო, პრაქტიკულად არაპროფესიონალიზმი დაისადგურებს, რასაც უკვე ვხედავთ სააგენტოში“.
ხატია ლაშქარაშვილის თქმით, თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება აუცილებლად გასაჩივრდება სააპელაციო სასამართლოში. თბილისის საკრებულოს ოპოზიციონერი წევრებიც გამოთქვამენ ვარაუდს, რომ ბაგა-ბაღების დირექტორების გათავისუფლებას საფუძვლად უდევს არა აუდიტისა და მონიტორინგის შედეგები, არამედ პოლიტიკური ინტერესი. ასევე ფიქრობს საკრებულოს წევრი „ნაციონალური მოძრაობიდან“, მამუკა ახვლედიანი:
„თბილისის მერია და ბაღების სააგენტო ფიქრობენ ერთადერთ რამეზე, მოხსნან ის ადამიანები, რომლებიც მათი პოლიტიკური მხარდამჭერები არ არიან. მით უფრო, რომ როცა 2014-2015 წლებში მოხდა შემოწმება, გადაამოწმეს ეს ბაღები, შესული იყო სარევიზიო კომისია, მონიტორინგის სამსახური და ახლაღა ხსნიან, სხვა რა საფუძველი შეიძლება იყოს! დღეს ამ ადამიანების მასობრივი გათავისუფლება ნიშნავს იმას, რომ აგერ არჩევნები კარზე მოგვადგა და უნდათ იმათი დასაქმება, ვინც მათი მხარდამჭერია“.
მიუხედავად იმისა, რომ ბაღებში აღმოჩენილი კონკრეტული დარღვევების შესახებ ინფორმაცია არაერთხელ გავრცელდა, გარკვეული პირები ცდილობენ, დირექტორების გათავისუფლება პოლიტიკურ ჭრილში გადაიყვანონ...თბილისის მერია
თბილისის მერია კატეგორიულად უარყოფს ყველა ამ ბრალდებას. ბაგა-ბაღების თანამშრომლებისა და მათი აღსაზრდელების მშობელთა საპროტესტო აქციების დროს თბილისის მერიამ შემდეგი შინაარსის განცხადება გაავრცელა:
„დირექტორების გათავისუფლება მხოლოდ მათი მოვალეობის არაჯეროვნად შესრულებას უკავშირდება და საკითხის პოლიტიზება ჩვენთვის მიუღებელია.
მიუხედავად იმისა, რომ ბაღებში აღმოჩენილი კონკრეტული დარღვევების შესახებ ინფორმაცია არაერთხელ გავრცელდა, გარკვეული პირები ცდილობენ, დირექტორების გათავისუფლება პოლიტიკურ ჭრილში გადაიყვანონ.
აღვნიშნავთ, რომ ბაგა-ბაღებში ბავშვებისთვის უსაფრთხო და ჯანმრთელი გარემოს შექმნაზე პასუხისმგებელი არის თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო. სააგენტოს ხელმძღვანელობა არ დაუშვებს საფრთხე შეექმნას ბავშვების ჯანმრთელობას და უსაფრთხოებას. შესაბამისად, ყველა დარღვევას, მათ შორის, ფინანსურსაც, ადეკვატური რეაგირება მოჰყვება“.
თბილისის მერიის მონაცემებით, დედაქალაქში სულა 161 ბაგა-ბაღია. გათავისუფლებული დირექტორების უმეტესობას აუდიტი თანხების არამართებულ ხარჯვას ედავება.