ბაჩო ახალაიას მხარდასაჭერად თბილისში ჩავიდა ზუგდიდის საკრებულოს თანამშრომელთა ნაწილი

ბაჩო ახალაიას მხარდასაჭერი აქცია საქალაქო სასამართლოსთან

ბაჩო ახალაიას მხარდასაჭერად თბილისში ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის თანამშრომლები ჩავიდნენ. მათ შორის არის საკრებულოს პრესსამსახურის ხელმძღვანელი და მაჟორიტარი დეპუტატის როლანდ ახალაიას საარჩევნო შტაბის პიარსამსახურის უფროსი თამარ შონია. მან ჟურნალისტებს თბილისში განუცხადა, რომ დედაქალაქში ბაჩო ახალაიას მხარდასაჭერად რიგითი ზუგდიდელის სტატუსით ჩავიდა.

„ვართ რიგითი ზუგდიდელები, მე პირადად ვარ მისი სკოლელი. ძალიან დადებითად დავახასიათებ მას, ძალიან ჭკვიანი ბიჭი იყო, გამოირჩეოდა საუკეთესო თვისებებით და მე, რიგითმა ზუგდიდელმა, გადავწყვიტე ჩამოსვლა და ჩემი აქ ჩამოსვლით დავუჭირო მას მხარი. თვითონ ჩამოვედით, რად უნდა ამას ორგანიზება. 360 კილომეტრს კი არა, 3060 კილომეტრს გამოვივლით, თუ საჭირო იქნა“, – ეს განუცხადა თამარ შონიამ ჟურნალისტებს თბილისში, მოგვიანებით კი ინტერნეტგამოცემა „ლაივპრესს“ უთხრა, რომ ის თბილისში პირად საქმეზე იმყოფება, რის შესახებაც ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარე ინფორმირებულია. მისივე განმარტებით, ახალაიას მხარდამჭერ აქციაზე შემთხვევით მოხვდა.

თამარ შონიასთან ერთად აქციაზე ზუგდიდის საკრებულოს კიდევ ერთი თანამშრომელი, ვლადიმერ სხულუხია, იმყოფება. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის უფროსის თეიმურაზ ბასილაიას განცხადებით, სხულუხიამ გუშინ გააფრთხილა, რომ სამსახურში პირადი პრობლემების გამო ვერ მოვიდოდა.

„ვლადიმერ სხულუხიამ ითხოვა გუშინ, ბავშვი ჰყავდა ცუდად, ხოლო რაც შეეხება თამუნა შონიას, არაფერი ვიცი “, – ამბობს ბასილაია. თავის მხრივ, ზუგდიდის საკრებულოს თავჯდომარემ ლევან კონჯარიამ განაცხადა, რომ მან არ იცის, სად იმყოფებიან საკრებულოს აპარატის თანამშრომლები.

„ახლა მოვედი სამსახურში და თქვენგან შევიტყვე, რომ თანამშრომლები სამსახურში არ არიან“, – განაცხადა ლევან კონჯარიამ.

რას ფიქრობენ ბაჩო ახალაიას დაკავების შესახებ? – ამ კითხვით რადიო თავისუფლებამ მოქალაქეებს ზუგდიდის ქუჩებში მიმართა. გამოკითხულ რესპონდენტთა უმრავლესობა ფიქრობს, რომ ბაჩო ახალაია სამართლიანად დააკავეს:

„მთელი ოჯახით უნდა დააკავონ ახალაიები, ძმაც და მამაც, იმდენი დანაშაული აქვთ მათ ჩადენილი სამეგრელოშიც და მთლიანად საქართველოში“.

„ეს ხელისუფლება უდანაშაულო კაცს არ დააკავებდა“.

„ის კარგი კაცი იყო და ყველაფერი კარგად იყო მაშინ“.

„მე მძღოლი ვარ და პოლიტიკაში არ ვერევი“.

„ამოისუნთქა სამეგრელომ და საქართველომ“.

„მთლიანად რომ მოაშორებენ ყველას, მაშინ იქნება საქართველო თავისუფალი. ვულოცავ ყველას!“

„პოლიტიკურ ანგარიშსწორებას ყოფილი მთავრობა ეწეოდა და ესენი სამართლიანად იქცევიან“
, – ამბობენ რესპონდენტები.

საქართველოს შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს პროკურატურამ ბრალი ორი მუხლით წაუყენა. ბაჩო ახალაიას ბრალი ედება სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებასა (სსკ 333-ე მუხლის მესამე ნაწილი) და თავისუფლების უკანონო აღკვეთაში (სსკ 143-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილები).