შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი „კანონიერ ქურდებს“ შორის

ბაჩანა ახალაია

თავდაცვისა და შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის ბაჩო ახალაიას გლდანის ციხიდან სასჯელაღსრულების მეშვიდე საპყრობილეში გადაყვანა საპარლამენტო უმცირესობამ და ბრალდებულის ოჯახმა გააპროტესტეს. მათი თქმით, იმ საპყრობილეში მოთავსებით, სადაც სასჯელს იხდიან ე.წ. „კანონიერი ქურდები“, ბაჩო ახალაიაზე ფსიქოლოგიური ზეწოლა ხორციელდება. ყოფილი მინისტრის ოჯახი ასევე არ გამორიცხავს ფიზიკური ანგარიშსწორების შესაძლებლობასაც, თუმცა პასუხად სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში განაცხადეს, რომ მეშვიდე საპყრობილეში გადაყვანით ბაჩო ახალაია დაცული იქნება როგორც ფიზიკური, ასევე სიტყვიერი შეურაცხყოფისაგან, რასაც შესაძლოა ადგილი ჰქონოდა გლდანის ციხეში მყოფი სხვა პატიმრებისგან. რა პირობებში იმყოფება ბაჩო ახალაია მეშვიდე საპყრობილეში და რატომ გადაწყვიტა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა მისი ერთი საპყრობილიდან მეორეში გადაყვანა?

ბაჩო ახალაიას მეშვიდე საპყრობილეში გადაყვანის გადაწყვეტილება პირადად სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა სოზარ სუბარმა მიიღო, თუმცა, როგორც ბრალდებულის მამა, დეპუტატი როლანდ ახალაია ამბობს, ამის შესახებ ადვოკატებისა და ოჯახის წევრებისათვის არაფერი უცნობებიათ:

„ამ დილით ჩვენთვის იყო სიურპრიზი, როცა წიგნების შესაგზავნად მივედით და გვითხრეს, რომ გადაყვანილია მე-7 საპყრობილეში, „კანონიერ ქურდებთან...“

როლანდ ახალაია და საპარლამენტო უმცირესობის სხვა წევრები სოზარ სუბარის გადაწყვეტილების გასაპროტესტებლად ორთაჭალაში, საპყრობილის მიმდებარე ტერიტორიაზე შეიკრიბნენ. მოგვიანებით მათთან მივიდა საპყრობილიდან გამოსული ადვოკატი იოსებ ჯანაშია, რომელიც ბაჩო ახალაიას საგამოძიებო ოთახში შეხვდა:

„ბაჩო ახალაიას თქმით, მისი მოთავსება იქ, სადაც კრიმინალური ავტორიტეტები სხედან, არის ცინიზმი. ჩვენ მივმართავთ დეპარტამენტის უფროსს, რომ მოხდეს მისი გადაყვანა სხვაგან, თუნდაც ”მატროსოვზე“.

თუმცა მოგვიანებით გამართულ ბრიფინგზე სასჯელაღსრულების მინისტრმა სოზარ სუბარმა განაცხადა, რომ მეშვიდე საპყრობილე საგანგებოდ, უსაფრთხოების მაქსიმალურად კარგი პირობების გამო შეირჩა:

„იქ არის თავისუფალი სამი ოთახი, თავის დერეფნიანად; დამონტაჟებულია კამერები, რომელთა არსებობა მისთვის ცნობილია; ასევე დგას დაცვა ყველა მხრიდან. სეირნობისას აბსოლუტურად იზოლირებულია ყველა დანარჩენი პატიმრისგან. სხვა ნებისმიერ საპყრობილეში მისი უსაფრთხოება იქნებოდა ასევე დაცული, მაგრამ, მოგეხსენებათ, ძალიან ბევრი განაწყენებული ადამიანი ჰყავს და ყვირილისგან თუ სიტყვიერი შეურაცხყოფისგან დაზღვეული არ იქნებოდა. ჩვენ, უბრალოდ, ვიზრუნეთ მასზე, მის უსაფრთხოებაზე“.

სოზარ სუბარის გულწრფელობაში ეჭვი ეპარება თავისუფლების ინსტიტუტის წევრს თეა თუთბერიძეს, რომელსაც არ სჯერა იმისა, რომ გლდანიდან ორთაჭალაში გადაყვანით მინისტრმა ახალაიას უსაფრთხოებაზე იზრუნა.

„რისი თქმა უნდა სოზარ სუბარს, რომ მერვე დაწესებულებას ვერ აკონტროლებს? ან რომ გადაეყვანათ „მატროსოვზე“, სადაც თანამშრომლები იხდიან სასჯელს, ვერც იქ უზრუნველყოფდა უსაფრთხოებას? გამოდის, მარტო მეშვიდე დაწესებულებას აკონტროლებს. ეს არის სასაცილო და სულელური არგუმენტი იმის გასამართლებლად, რომ ბაჩო ახალაია გადაიყვანეს მერვედან მეშვიდე საპყრობილეში, სადაც მის მიერ დასჯილი „კანონიერი ქურდები“ და კრიმინალური ავტორიტეტები იხდიან სასჯელს“, - უთხრა თეა თუთბერიძემ რადიო თავისუფლებას.

დღის მეორე ნახევარში ბაჩო ახალაია მოინახულეს სასჯელაღსრულების სისტემის მონიტორინგის საბჭოს წევრებმა, რომელთა შორის ჟურნალისტი ნინო ზურიაშვილიც იყო:

„მესამე სართულზე არის მხოლოდ ერთი პატიმარი და ის არის ბაჩო ახალაია! მისი უსაფრთხოება არის გარანტირებული ამ მომენტისთვის. ის თვითონაც ადასტურებს ამას, მაგრამ ამავე სართულზე იმყოფებიან „კანონიერი ქურდობისთვის“ გასამართლებული ადამიანები. ვფიქრობ, რომ ახლა ის არის დაცული, მაგრამ, მთლიანობაში, ეს გარემოება სერიოზულ დისკომფორტს უქმნის და მიაჩნია, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში, შესაძლოა, მისი უსაფრთხოება არ იყოს გარანტირებული“.

მონიტორინგის ჯგუფის კიდევ ერთი წევრი, გიორგი მელაძე, ყურადღებას ამახვილებს საკითხის როგორც იურიდიულ, ასევე მორალურ მხარეზე:

„ყოფილი მინისტრი ციხეში ზის იმ ადამიანებთან, რომლებსაც ებრძოდა როგორც თანამდებობის პირი. აქ ასახსნელი არაფერია! რაც შეეხება უსაფრთხოების დაცვას, ყველამ კარგად ვიცით მსოფლიოს გამოცდილება, რომ ციხე არის ძალიან რთული ინსტიტუტი. ციხეში უსაფრთხოების თემები არის ძალიან რთულად შესრულებადი. ამიტომ, ალბათ, ძალიან ლეგიტიმურია დაისვას ამაზე კითხვები. ასევე უნდა დაისვას კითხვები სისტემის ხელმძღვანელის პროფესიონალიზმზე, რამდენად ფლობს ის სიტუაციას ციხეებში“.

ხელმძღვანელმა, ანუ სასჯელაღსრულების მონისტრმა, სოზარ სუბარმა, საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ თავდაპირველად იგეგმებოდა ახალაიას გადაყვანა პოლიციის თანამშრომლებისათვის განკუთვნილ საპყრობილეში, თუმცა ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე გადაწყვეტილება შეცვლილი იქნა. მინისტრის ამ განმარტებამ საპარლამენტო უმცირესობის წევრს, დავით დარჩიაშვილს, გაუჩინა ეჭვი, რომ სამინისტრო ან ვერ აკონტროლებს სასჯელაღსრულების დაწესებულებებს, ან პატიმრის გატეხას ცდილობს.

„ყველამ იცის, რომ ის ებრძოდა ქურდულ სამყაროს და ახლა სწორედ ამ იდეოლოგიურ მტრებთან მისი ჩასმა არის ისეთი ზეწოლა, რომელსაც მიზნად უნდა ჰქონდეს ან ადამიანის გატეხა და ნებისმიერ ჩვენებაზე ხელის მოწერა, ან ეს შეიძლება იყოს პირდაპირ პრემიერ-მინისტრის პირადი მითითება, ასე დასაჯეთ ახალაიაო“, - უთხრა დავით დარჩიაშვილმა რადიო თავისუფლებას.