B ჰეპატიტის პროგრამა - გაიგეთ რა გეკუთვნით უფასოდ   

საილუსტრაციო ფოტო

საქართველოში B ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამა დაიწყო. უფასოა B ჰეპატიტის დიაგნოსტიკა, მკურნალობა და ვაქცინაცია.

გიორგი (სახელი შეცვლილია) 35 წლის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირია, როგორც იტყვიან, საავადმყოფოებში გაზრდილი. ერთი წლის იყო, როდესაც საავადმყოფოდან ახლად გამოწერილს B ჰეპატიტი აღმოუჩინეს. გიორგის დედა ვარაუდობს, რომ ბავშვს ვირუსი სისხლის გადასხმისას გადაედო. 90-იან წლებში ასეთი რამ ხშირად ხდებოდა.

ახლა გიორგის B ჰეპატიტის ქრონიკული ფორმა აქვს. „ამის იქით მხოლოდ ციროზია“, - ამბობს გიორგის დედა, რომელმაც უკვე მიმართა კლინიკას, რომ შვილი ახალ პროგრამაში ჩართოს: „10 წლის წინ მკურნალობა „ბარაკლუდით“ დავუწყე. ერთი თვის წამალი 1000 დოლარი ღირდა. თან სულ უნდა სვას. ახლა გაიაფდა, 200 ლარამდე ჯდება. თუმცა, საქართველოში არ იშოვება და ნათესავს ვაბარებ, თურქეთიდან ჩამომიტანოს“.

B ჰეპატიტი ღვიძლს მძიმედ აზიანებს, იმდენად მძიმედ, რომ შესაძლებელია კიბოც გამოიწვიოს. C ჰეპატიტისგან განსხვავებით, მისგან სრული განკურნება არ შეიძლება. გადადის სისხლით, სქესობრივი გზით, ასევე დედიდან ბავშვზე.

„B ჰეპატიტი შეიძლება სრულიად უსიმპტომოდ მიმდინარეობდეს, ან დაავადებული სისუსტეს, მარჯვენა მხარეს სიმძიმეს გრძნობდეს. თუ უკვე ციროზია ჩამოყალიბებული, მაშინ სიყვითლე იჩენს თავს და მუცელში სითხე დგება, - განმარტავს მაია ბუწაშვილი, ექიმი-ინფექციონისტი კლინიკა „ნეო ლაბიდან“, - აქამდე წამალი 250 ლარამდე უჯდებოდათ, თან ვერც შოულობდნენ. ამას ემატება ისიც, რომ ექვს თვეში ერთხელ კვლევები უნდა ჩატარდეს, რაც დამატებით 400 ლარამდე ღირდა. ახლა ამ ყველაფერს სახელმწიფო პროგრამა აფინანსებს. ცუდი ის არის, რომ ეტაპებად დაიყო პროგრამა, ჯერ მხოლოდ დიაგნოსტიკა ფინანსდება, სექტემბრიდან წამალს მივაწვდით, ვაქცინაც ცოტა შეფერხებულია...“

ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის მონაცემებით, საქართველოს მოზრდილი მოსახლეობის 2.7%-ს ქრონიკული B ჰეპატიტი აქვს, ეს დაახლოებით 70 ათასი ადამიანია.

B ჰეპატიტი ცოტა უფრო რთული დაავადებაა, ვიდრე C ჰეპატიტი. C ჰეპატიტი ან არის ორგანიზმში, ან არ არის. B ჰეპატიტი კი შეიძლება აქტიურიც იყოს და, ასე ვთქვათ, მიძინებულიც. მწვავე B ჰეპატიტის შემთხვევების 90% თვითგანკურნებით სრულდება, 10 პროცენტის შემთხვევაში დაავადება ქრონიკული ხდება. განკურნება არ არის აბსოლუტური, ვირუსის გენეტიკური მასალა ორგანიზმში რჩება. თუმცა, ადამიანი მაინც ჯანმრთელია და მას ღვიძლის დაზიანება არ ემუქრება. B ჰეპატიტი ყოველ მეოთხე ადამიანს აქვს გადატანილი“, - ამბობს ცენტრის დირექტორი თენგიზ ცერცვაძე.

პროგრამის პირველ ეტაპზე, პაციენტები B ჰეპატიტზე ტესტირებასა და დიაგნოსტიკას გაივლიან, მკურნალობას კი სექტემბრიდან დაიწყებენ. სახელმწიფო ფარავს სკრინინგის ღირებულებას, ასევე მკურნალობაში ჩასართავად და მკურნალობის მონიტორინგისთვის საჭირო კვლევების საფასურს. პაციენტებს უსასყიდლოდ გადაეცემათ მედიკამენტებიც.

პროგრამაში მონაწილეობის შესაძლებლობა აქვთ პაციენტებს ქრონიკული HBV ინფექციით, აგრეთვე მათ, ვისაც დადგენილი აქვთ ქრონიკული B ჰეპატიტის დიაგნოზი და უკვე მკურნალობენ. მათ, ვისაც ამ ეტაპზე, მკურნალობა არ სჭირდებათ, დიაგნოსტიკური კვლევების ჩატარება წელიწადში ერთხელ შეეძლებათ.

„B ჰეპატიტს ძირითადად მკურნალობენ ორი მედიკამენტით: „ტენოფოვირი“ და „ენტეკავირი“. ამ წამლებზე რეზისტენტობა თითქმის არ ვითარდება, არც გვერდითი მოვლენები აქვს. მთელი სიცოცხლე შეიძლება სვა. ამ პროგრამაში ორივე მედიკამენტია. ძირითადი პრეპარატია „ტენოფოვირი“, მაგრამ მცირე კონტინგენტისთვის, ვისაც თირკმლის პრობლემები აქვს, არის „ენტეკავირი“, - განმარტავს თენგიზ ცერცვაძე.

პროგრამაში ვერ მოხვდა წამლები, რომლებიც D ჰეპატიტის სამკურნალოდ გამოიყენება. ეს არის ვირუსი, რომელიც მხოლოდ იმათ ემართებათ, ვისაც B ჰეპატიტი აქვთ.

„B ჰეპატიტის მქონე პაციენტების ნაწილს (დაახლოებით 1-2%) ასევე აქვს D ჰეპატიტი, რომელიც პაციენტის მდგომარეობას კიდევ უფრო ამძიმებს. მისი მკურნალობა ძალიან ძვირია და არცთუ ეფექტიანი. ალბათ, ამის გამო ვერ მოხვდა პროგრამაში. „ინტერფერონის“ ინიექციები სჭირდება ორი წლის განმავლობაში. ფარმაკოლოგიურ კომპანიებს აღარც შემოაქვთ, რადგან მასზე მოთხოვნა არაა. ერთი თვის სამყოფი ათას დოლარამდე ჯდება“, - ამბობს მაია ბუწაშვილი.

პროგრამის ნაწილია ვაქცინაციაც. მანამდე ეს სერვისი უფასო მხოლოდ მაღალი რისკის ჯგუფებისა და ახალშობილებისთვის იყო.

„2002 წლიდან საქართველოში მასობრივად დაიწყო B ჰეპატიტის ვაქცინაცია. ამის გამო ამ თაობაში B ჰეპატიტის შემთხვევები მინიმალურია. სამშობიაროშივე კეთდება პირველი დოზა, დანარჩენი ორი - უკვე გეგმურად“, - ამბობს მაია ბუწაშვილი.

ამ ეტაპზე B ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამაში 15-მდე კლინიკაა ჩართული.