16 მარტს რუსთავის საქალაქო სასამართლოში სააქციო საზოგადოება “აზოტიდან“ გათავისუფლებული თანამშრომლების სარჩელის არსებითი განხილვა გაიმართა. მოსარჩელეები სამსახურში აღდგენას და კომპენსაციის გადახდას ითხოვენ. მოსამართლე საბოლოო გადაწყვეტილებას 28 მარტს მიიღებს.
Your browser doesn’t support HTML5
მოსარჩელეთა ადვოკატის, თამარ სურმავას თქმით, სააქციო საზოგადოება „აზოტიდან“ გათავისუფლებულ ადამიანებს რამდენიმე მოთხოვნა აქვთ:
ყოველგვარი ვალდებულებებისგან თავისუფალი ქონება იქნა შეძენილი „ეუ ინვესტმენტის“ მიერ. არსად არც ერთ ჩანაწერში, არც ერთ ხელშეკრულებაში არ არის არსად ნათქვამი, რომ მოძრავ-უძრავი ქონება იყიდება ადამიანებთან ერთად. ადამიანებით ვაჭრობა აკრძალულია...გიორგი მაღრაძე
„მოსარჩელეების ძირითადი მოთხოვნაა სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლების შესახებ ბრძანების გაბათილება, მეორე მოთხოვნაა სამსახურში აღდგენა და იძულებით განაცდურის აღდგენა და, ამასთანავე, შრომითი კოდექსით გათვალისწინებული ჯარიმის დაკისრება“.
თამარ სურმავამ დასძინა, რომ სულ 357 ადამიანი გაათავისუფლეს, თუმცა რატომ ჩივის მხოლოდ 56 ადამიანი, ამას პროცესზე მყოფი საქართველოს გაერთიანებული პროფკავშირის თავმჯდომარის მოადგილე თამაზ დოლაბერიძე განმარტავს. მისი თქმით, გათავისუფლებული თანამშრომლების უმეტესობა კომპენსაციაზე დათანხმდა. ამასთან, დოლაბერიძის თქმით, სასამართლო დავის პერიოდში ერთი მომჩივანი გარდაიცვალა, როგორც ჩანს, ნერვიულობის ნიადაგზე.
მოსარჩელეეები შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „აზოტში“ მუშაობდნენ, მაგრამ 2016 წლის ნოემბერში, როცა საწარმომ გაკოტრების შესახებ ოფიციალურად განაცხადა, მისი მოძრავი და უძრავი ქონება საინვესტიციო კომპანია „ეუ ინვესტმენტმა“ შეისყიდა. ინვესტორებმა შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებას 2017 წელს იურიდიული სტატუსი შეუცვალეს და სააქციო საზოგადოებად დაარეგისტრირეს. მთლიანად შეიცვალა მენეჯმენტი.
როგორც „აზოტის“ ადვოკატი გიორგი მაღრაძე განმარტავს, „ეუ ინვესტმენტმა“ მხოლოდ საწარმო შეისყიდა, მას შემდეგ კი, რაც „აზოტის“ იურიდიული მხარე შეიცვალა, ინვესტორ კომპანიას ძველი საწარმოს თანამშრომლებთან სამართლებრივად არაფერი აკავშირებდა.
„ყოველგვარი ვალდებულებებისგან თავისუფალი ქონება იქნა შეძენილი „ეუ ინვესტმენტის“ მიერ. არსად არც ერთ ჩანაწერში, არც ერთ ხელშეკრულებაში არ არის არსად ნათქვამი, რომ მოძრავ-უძრავი ქონება იყიდება ადამიანებთან ერთად. ადამიანებით ვაჭრობა აკრძალულია“.
მაღრაძის თქმით,ხელშეკრულებით „აზოტში“ დააბრუნეს მხოლოდ ის ადამიანები, - მათი რაოდენობა კი ორი ათასს აჭარბებს,- რომლებიც საწარმოო პროცესისთვის იყო საჭირო. „ეს უფლება თავისუფალი მეწარმეობის პრინციპს ეფუძნება, რომელიც საქართველოში დამკვიდრდა“, დასძინა ადვოკატმა გიორგი მაღრაძემ.
ამავე დროს, როგორც „აზოტის“ დაცვის უფროსის ყოფილი მოადგილე, გურამ კვარაცხელია, იხსენებს, საწარმოს ჯერ კიდევ ძველმა მენეჯმენტმა, მისთვის გაუგებარი მიზეზის გამო, უბრძანა თანამშრომლების საშვები დაებლოკა და საწარმოს ტერიტორიაზე არ შეეშვა, მაგრამ შემდეგ ეს გადაწყვეტილება შეცვალეს, რათა საწარმოო პროცესის გამართულ მუშაობას ხელი არ შეშლოდა.
მას შემდეგ კი, რაც 2017 წლის თებერვალში „აზოტი“ სააქციო საზოგადოებად გადაკეთდა და მენეჯმენტი მთლიანად შეიცვალა,სამსახურიდან ისიც გაუშვეს:
სირცხვილია, ხალხი აქ დავიბადეთ, სკოლის მერხიდან ქარხანაში ვმუშაობთ და „დუბინკებით“ პოლიცია დაგვდევდა. მამაკაცები ცემა პოლიციამ, ქალებსაც ბევრჯერ მოხვდა, გეგონება ქარხანა უნდა აგვეფეთქებინა. საწარმოშიც კი არ შეგვიშვეს, ჩვენი ჭურჭელი და ტანსაცმელი გამოგვეტანა...გულნაზ ილურიძე
„სათითაოდ შეჰყავდათ და ეუბნებოდნენ, თქვენ აღარ გვჭირდებითო. მეც შემიყვანეს... ჩემთვის ნამდვილად გასაკვირი იყო, რადგან მთელი ამ თვის განმავლობაში ჩემთან კომუნიკაციას ამყარებდა პაატა მხეიძე, ჩვენი მაჟორიტარი პარლამენტიდან, რომელმაც მკითხა, ხომ არ ათავისუფლებენ ხალხსო. მთელი ამ ხნის განმავლობაში ვეკითხებოდი [ხელმძღვანელობას], მე პასუხი გასაცემი მაქვს. მეუბნებოდნენ, არანაირი განთავისუფლება, პირიქით, ჩვენ ახლა გავაუმჯობესებთ ტექნოლოგიას, დავხვეწავთ და, პირიქით, ხალხის მიღება დაგვჭირდებაო“.
საგულისხმოა, რომ სასამართლო პროცესზე მოსარჩელეეები ემოციებს ვერ მალავდნენ, რის გამოც მოსამართლე ეკა ყანჩაველი მათ დარბაზიდან გაგდებით და დაჯარიმებით ემუქრებოდა. მაგალითად, მუქარა, რომელიც, საბოლოოდ, მუქარად დარჩა, მოჰყვა ყოფილი აზოტელის, გულნაზ ილურიძის, განცხადებას:
„სირცხვილია, ხალხი აქ დავიბადეთ, სკოლის მერხიდან ქარხანაში ვმუშაობთ და „დუბინკებით“ პოლიცია დაგვდევდა. მამაკაცები ცემა პოლიციამ, ქალებსაც ბევრჯერ მოხვდა, გეგონება ქარხანა უნდა აგვეფეთქებინა. საწარმოშიც კი არ შეგვიშვეს, ჩვენი ჭურჭელი და ტანსაცმელი გამოგვეტანა“.
სამსაათიანი პროცესის - საქმის არსებითი განხილვის - შემდეგ, მოსამართლე ეკა ყანჩაველმა მოდავე მხარეებს განუცხადა, რომ საბოლოო გადაწყვეტილებას 28 მარტს მიიღებს.