აზერბაიჯანი და საქართველო - სტრატეგიული პარტნიორები, მოკრძალებული სამხედრო კავშირებით

ჯავშანტრანსპორტიორი "დიდგორი" სამრეწველო ალღუმზე თბილისში. 2012 წლის 26 მაისი

გასულ კვირაში ერთ-ერთ დამოუკიდებელ აზერბაიჯანულ სამხედრო საიტზე გამოქვეყნდა ამ ქვეყნის მიერ 2003-2008 წლებში განხორციელებული სამხედრო შესყიდვების ანგარიში, რომელშიც საქართველო აზერბაიჯანის იარაღის ერთ-ერთ ექსპორტიორად არის მოხსენიებული რუსეთთან და უკრაინასთან ერთად. ეს განცხადება საინტერესოდ გამოიყურება იმ ფონზე, როდესაც საქართველოს არმია იმავე პერიოდში თავად განიცდიდა საბრძოლო ტექნიკისა და იარაღის მწვავე დეფიციტს.

აზერბაიჯანული საიტის „დეფენს აზის“ თანახმად, 2003-2008 წლებში აზერბაიჯანის მთავარი იარაღის მიმწოდებელი ქვეყნები იყვნენ უკრაინა, რუსეთი და საქართველო. ამ სამეულიდან ყველაზე მეტი - 364 მილიონი დოლარის - აღჭურვილობა აზერბაიჯანმა უკრაინისაგან შეიძინა, 128 მილიონი დოლარი გადაუხადა სამხედრო კონტრაქტების გასანაღდებლად რუსეთს. საქართველოსგან, რომელიც ინტენსიური იმპორტის ხარჯზე 2003-2008 წლებში თავად ცდილობდა სამხედრო საწყობების შევსებას, აზერბაიჯანს 108 მილიონი დოლარის ღირებულების აღჭურვილობა შეუძენია.

აზერბაიჯანულ საიტზე საუბარია შესყიდვის საერთო მოცულობის შესახებ, მაგრამ არ არის დაკონკრეტებული ამ იარაღის სახეობა. გამოცემა, თავის მხრივ, ეყრდნობა სტოკჰოლმის საერთაშორისო მშვიდობის შემსწავლელ ინსტიტუტს, რომელსაც ასევე ზოგადი მონაცემები მოაქვს.
შესაძლოა იყო იარაღის მიყიდვის ფაქტი, მაგრამ მე არ მოვყვებოდი იმის მტკიცებას, რომ ამ შესყიდვას ჰქონდა მასობრივი ხასიათი და რომ აქ დიდი რაოდენობით იარაღზე უნდა იყოს საუბარი...
უიზირ ჯაფაროვი

მიუხედავად იმისა, რომ არც აზერბაიჯანის და არც საქართველოს სამხედრო უწყებები საანგარიშო პერიოდში არ ამხელდნენ ინფორმაციებს სამხედრო-ტექნიკურ სფეროში თანამშრომლობის შესახებ, საქართველოსაგან საბრძოლო იარაღის შეძენა არ უკვირს აზერბაიჯანელ ექსპერტ უიზირ ჯაფაროვს, რომელიც 2003-2008 წლებში აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროში მუშაობდა.

„შესაძლოა, რომ გარკვეულ მაკომპლექტებელ მასალებს აზერბაიჯანი იძენდა საქართველოსაგან და ამაში არაფერია საიდუმლო. თავის დროზე აზერბაიჯანიც და საქართველოც ამიერკავკასიის სამხედრო ოლქში იმყოფებოდნენ. შესაძლოა იყო იარაღის მიყიდვის ფაქტი, მაგრამ მე არ მოვყვებოდი იმის მტკიცებას, რომ ამ შესყიდვას ჰქონდა მასობრივი ხასიათი და რომ აქ დიდი რაოდენობით იარაღზე უნდა იყოს საუბარი.“

5 წლის განმავლობაში 108 მილიონი დოლარის მოცულობის ვაჭრობა დიდ ციფრად არ მიაჩნია სამხედრო ჟურნალ „არსენალის“ მთავარ რედაქტორს ირაკლი ალადაშვილს. ქართველი სამხედრო ექსპერტი ვარაუდობს, რომ ხსენებულ პერიოდში და შემდეგაც აზერბაიჯანი შეიძლებოდა დაინტერესებული ყოფილიყო საქართველოში სამხედრო თვითმფრინავების რემონტის მომსახურებით ანდა ქართველი ავიამშენებლების მიერ გამოშვებული საფრენი აპარატების შეძენით:

ირაკლი ალადაშვილი


„საერთოდ, საქართველოს მოსახლეობა მიჩვეულია, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალები, როგორც წესი, საზღვარგარეთიდან ყიდულობენ შეიარაღებას. თუმცა არის რაღაც მიმართულებები, როცა საქართველო ყიდის სხვა ქვეყნებში და, პირველ რიგში, ეს უნდა ყოფილიყო თურქმენეთი და აზერბაიჯანი. ძირითადად, რაც შეიძლებოდა გაყიდულიყო და ამ თანხამდე (108 მილიონ დოლარამდე) ასულიყო, ეს, ჩემი პირადი ვარაუდია, შეიძლება შეეხებოდეს თვითმფრინავების რემონტს ანდა თვითმფრინავების გაყიდვას - კერძოდ, სუ-25 ტიპის მოიერიშე თვითმფრინავების გაყიდვას.“

საერთოდ, იარაღის გაყიდვა ჩვეულებრივი ბიზნესია და ბევრი დასავლეთის ქვეყნის ბიუჯეტი სწორედ სამხედრო იარაღის გაყიდვით მიღებული თანხებით ივსება. საქართველოს სამხედრო მრეწველობამ ბოლო ხანს აკრიფა ტემპები და ქართველმა იარაღის მწარმოებლებმა, თავდაცვის სამინისტროს დაკვეთით, გარკვეული საბრძოლო ტექნიკის საცდელი მოდელებიც შექმნეს. 26 მაისის სამხედრო აღლუმზე, რომელიც ქუთაისში გაიმართა, მოსახლეობამ კიდევ ერთხელ იხილა ქვეითთა მუხლუხოიანი საბრძოლო მანქანა ”ლაზიკა”; ჯავშანტრანსპორტიორი "დიდგორი", ამერიკული „ემრაპის“ ტიპის საბრძოლო მანქანა “დიდგორი 3“, უპილოტო საჰაერო სისტემა თუ 120 მმ-იანი ნაღმმტყორცნი. საქართველოს ხელისუფლება ამ იარაღით ქართულ სამხედრო ძალებს დააკომპლექტებს და შემდეგ სამხედრო საწარმო „დელტას“ ხელმძღვანელობა ქართული ნაწარმის საერთაშორისო ბაზარზე გაყიდვაზეც იფიქრებს. ყველაზე რეალური პოტენციური მყიდველი კი ამ მხრივ შესაძლოა იყოს აზერბაიჯანი, რომლის წლიური სამხედრო ბიუჯეტი თითქმის 3 მილიარდ ამერიკულ დოლარს აღწევს. აზერბაიჯანელი სამხედრო ექპერტი უიზირ ჯაფაროვი მიიჩნევს, რომ ბაქომ ყურადღებით უნდა შეისწავლოს ქართული სამხედრო-სამრეწველო პოტენციალი და, საჭიროების შემთხვევაში, შეიძინოს იარაღი:
პირველ ყოვლისა, ჩვენ მეზობელი და პარტნიორი ქვეყნები ვართ. და მეორეც, ამ სამხედრო ტექნიკის და შეიარაღების შეძენა და ტრანსპორტირება არ მოითხოვდა დიდ დანახარჯებს, როგორც, ვთქვათ, შორეული საზღვარგარეთიდან...
უიზირ ჯაფაროვი


„მე ვფიქრობ, რომ ამაში არაფერია სათაკილო. თუკი სამხედრო აღჭურვილობა და ტექნიკა, რომელიც საქართველოს სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის მიერ იწარმოება, დააინტერესებს აზერბაიჯანს, რატომ არ უნდა შეიძინოს ის? პირველ ყოვლისა, ჩვენ მეზობელი და პარტნიორი ქვეყნები ვართ. და მეორეც, ამ სამხედრო ტექნიკის და შეიარაღების შეძენა და ტრანსპორტირება არ მოითხოვდა დიდ დანახარჯებს, როგორც, ვთქვათ, შორეული საზღვარგარეთიდან.“

შეიძენს თუ არა სამომავლოდ აზერბაიჯანი ჩანასახში მყოფი საქართველოს სამხედრო მრეწველობის მიერ შექმნილ საბრძოლო ტექნიკას და აღჭურვილობას, ამაზე საუბარი სამხედრო ექსპერტებს ჯერჯერობით ძალიან უჭირთ. საქმე ისაა, რომ საქართველოს მიერ შექმნილ ჯავშანტექნიკას და უპილოტო თვითმფრინავებს კავკასიის არეალში სერიოზულ კონკურენციას უწევს ისრაელისა და თურქეთის მოდელები. თანაც, აზერბაიჯანმა ბოლო წლებში არამხოლოდ ისრაელისა და თურქეთისაგან შეიძინა უპილოტო თვითმფრინავები, რეაქტიული საარტილერიო დანადგარები, კავშირგაბმულობის საშუალებები, ნაღმსატყორცნები და სხვადასხვა სახის აღჭურვილობა. როგორც აზერბაიჯანული სამხედრო საიტი „დეფენს აზი“ წერს, აზერბაიჯანის სამხედრო მრეწველობის საწარმოებმა სამხედრო-ტექნიკური დანიშნულების 400 დასახელების პროდუქცია გამოუშვეს, მათ შორის არის როგორც ჯავშანმანქანები, ასევე ცეცხლსასროლი იარაღი და სამხედრო ფორმა. შესაბამისად, საქართველოს იარაღის მწარმოებლებს დიდი შრომა მოუწევთ იმისათვის, რომ მწვავე კონკურენციის პირობებში ქართულ საბრძოლო იარაღზე მოთხოვნა გაჩნდეს თუნდაც სამხრეთ კავკასიის რეგიონის ქვეყნებში.