აზერბაიჯანს "სიჩუმის ყიდვასა" და კრიტიკოსების გაჩუმებაში ედება ბრალი

საერთაშორისო გამოძიების თანახმად, აზერბაიჯანში ორ წელიწადს მოქმედებდა საიდუმლო ფონდი, რომელსაც მმართველი ელიტა იყენებდა ევროპელი პოლიტიკოსების მოქრთამვისა და საკუთარი ძვირადღირებული შენაძენების დაფინანსების მიზნით. აზერბაიჯანის მთავრობა ამ ინფორმაციას უარყოფს.

Your browser doesn’t support HTML5

აზერბაიჯანს "სიჩუმის ყიდვასა" და კრიტიკოსების გაჩუმებაში ედება ბრალი

აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის მთავრობამ უარყო საერთაშორისო გამოძიების მიერ გავრცელებული ცნობა, რომ ამ ქვეყნის ელიტა ორი წლის განმავლობაში იყენებდა 2.8-მილიარდდოლარიან საიდუმლო ფონდს, ევროპელი პოლიტიკოსების მოქრთამვის, ფუფუნების საგნების შეძენისა და ფულის გათეთრების მიზნით.

„არც პრეზიდენტს და არც მისი ოჯახის წევრებს არავითარი კავშირი არ აქვთ ორგანიზებული დანაშაულისა და კორუფციის გაშუქების პროექტის ანგარიშში მოტანილ ბრალდებებთან“ – ვკითხულობთ პრეზიდენტის ოფისის მიერ 5 სექტემბერს გავრცელებულ განცხადებაში.

ანგარიში, რომელიც ერთი დღით ადრე, 4 სექტემბერს გამოქვეყნდა, მოიცავს ცნობას, რომ 2012-2014 წლებში ათასობით გადარიცხვა განხორციელდა დიდ ბრიტანეთში რეგისტრირებული ოთხი კომპანიის მეშვეობით, „სიჩუმის“ ყიდვის მიზნით.

ანგარიშის თანახმად, საიდუმლო ფონდიდან მილიონობით დოლარი აღმოჩნდა სხვადასხვა კომპანიისა თუ პირთა ანგარიშებზე, მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

ორგანიზებული დანაშაულისა და კორუფციის გაშუქების პროექტთან ერთად, გამოძიებაში მონაწილეობდა ევროპის, რუსეთისა და აშშ-ის რამდენიმე საინფორმაციო საშუალება. ანგარიშის მიხედვით, ფულის მიმღებ პირებს შესაძლოა, არ სცოდნოდათ, საიდან მისდიოდათ თანხები.

როგორც გამოძიებამ დაადგინა, საიდუმლო ფონდი ორ წელიწადს მოქმედებდა და 2014 წელს შეწყვიტა არსებობა. ანგარიშის ცნობით, ფულის წყაროს დადგენა ვერ მოხერხდა, მაგრამ არსებობს საფუძველი ვივარაუდოთ, რომ ეს თანხები უშუალო კავშირშია პრეზიდენტ ალიევის ოჯახთან.

ალიევის ოფისი კი აცხადებს, რომ ანგარიში ჯორჯ სოროსისა და ამ ამერიკელი ფილანთროპისთვის მომუშავე პირების შედგენილია.

„ჯორჯ სოროსის ბინძური მიზნები გამოსაძიებელია“, – ვკითხულობთ განცხადებაში.

მთავრობის ოპონენტები და უფლებადამცველები ამ ნავთობით მდიდარი ქვეყნის მთავრობას დიდი ხანია ბრალს სდებენ სისტემურ კორუფციაში, არჩევნების გაყალბებასა და ოპოზიციონერი პოლიტიკოსების, აქტივისტებისა თუ ჟურნალისტების პოლიტიკურ დევნაში.

ახალი ანგარიშის თანახმად, თანხების ნაწილი მოხმარდა, სულ მცირე, სამი ევროპელი პოლიტიკოსის, ერთი ჟურნალისტისა და ბიზნესმენების მოქრთამვას, ლობისტური კამპანიის ფარგლებში, რომლის მიზანი იყო ბაქოს მიმართ ადამიანის უფლებების დარღვევისთვის კრიტიკის შემსუბუქება.

ბრიტანეთში გამომავალი „გარდიანის“ ინფორმაციით, „ინტენსიური ლობისტური ოპერაცია იმდენად წარმატებული იყო, რომ ევროპის საბჭოს წევრებმა 2013 წელს აზერბაიჯანის მიმართ კრიტიკული ანგარიშის წინააღმდეგ მისცეს ხმა“.

ანგარიშის ცნობით, საიდუმლო ფონდი სწორედ იმ პერიოდში მოქმედებდა, როცა აზერბაიჯანის მთავრობამ 90-ზე მეტი უფლებადამცველი აქტივისტი, ოპოზიციონერი პოლიტიკოსი და ჟურნალისტი ჩასვა ციხეში – მათ შორის, ხადიჯა ისმაილოვა, რადიო „თავისუფლების“ აზერბაიჯანული სამსახურის გამომძიებელი ჟურნალისტი.

„გარდიანის“ ინფორმაციით, დანიაში გამომავალი გაზეთის, „ბერლინგსკეს“ მიერ მოპოვებული საბანკო მონაცემები მიუთითებს არაერთ გადარიცხვაზე ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რამდენიმე ყოფილი წევრის ანგარიშებზე.

ბიბისი იუწყება, რომ ევროსაბჭო – ევროპაში ადამიანის უფლებების დამცველი მთავარი ოფიციალური ორგანიზაცია – იძიებს ცნობებს ანგარიშის თაობაზე კენჭისყრის პროცესში კორუფციის შესახებ.