სად გავაჩეროთ ავტომობილი?

თბილისი

თბილისში გადაუჭრელ პრობლემად რჩება ავტომობილის გასაჩერებელი ადგილების სიმცირე, რაც მრავალ პრობლემას უქმნის როგორც მძღოლებს, ასევე ქვეითად მოსიარულეებს. ძნელია იმის არშემჩნევა, რომ ტროტუარების დიდი ნაწილი ავტომანქანის სადგომად იქცა. ადგილობრივი არჩევნების მოახლოებასთან ერთად სულ უფრო ხშირად ისმის კითხვა იმის თაობაზე, თუ როგორი უნდა იყოს ავტომობილის გასაჩერებელი ადგილების მართვის სისტემა. რას ფიქრობენ ამ საკითხზე დარგის სპეციალისტები და მერობის კანდიდატები?

Your browser doesn’t support HTML5

სად გავაჩეროთ ავტომობილი?

იუზა ვასაძე გამოცდილი მძღოლია, ავტომობილის მართვის 44-წლიანი სტაჟით, თუმცა, მისი თქმით, თბილისში ავტომობილების გაჩერების პრობლემა იმდენად მწვავედ დგას, რომ ხშირ შემთხვევაში ავტომობილის ფარეხიდან გამოყვანას აზრი არცა აქვს:

„კაცი პატრონს ვერ ცნობს, ისეთი სიტუაციაა! ფულს ვიხდით, პარკირების ფულს, მაგრამ ადგილი მაინც არსად არ არის. „სტაიანშიკებს“ ყველა შემთხვევაში მიაქვთ ფული. თუ არ მისცემ, გაგიჭრიან საბურავს და თავისუფალი ხარ. ...მანქანით სიარულს ვერიდები. მირჩევნია, ფეხით ვიარო ან საზოგადოებრივი ტრანსპორტით. ვინმემ უნდა მიხედოს ამ საქმეს“.

ვისიც გინდა, იმისი იყოს, ოღონდ წესრიგი დაამყარონ, ჩვენ ხომ თანხას ვიხდით ამაში! ძველები უნდა წავიდნენ და ახლები მოვიდნენ. პარკირებას უნდა ადგილი. ან ააშენონ, ან გააკეთონ, რამე იღონონ. ძალიან რთული მდგომარეობაა ქალაქში!..
იუზა ვასაძე

სწორედ საქმის გაკეთებას, ანუ ავტომობილების გასაჩერებელი ადგილების მართვის სისტემის მოწესრიგებას, ჰპირდებიან მერობის კანდიდატები თბილისელებს. კახა კალაძე მიიჩნევს, რომ სისტემას ადგილობრივი ხელისუფლება უნდა მართავდეს. „ევროპული საქართველოს“ მერობის კანდიდატი ელენე ხოშტარია კი ავტოსადგომების საერთო ფართობის გაზრდის აუცილებლობაზე ლაპარაკობს. მისი თქმით, ქალაქში, სადაც 400 ათასამდე ავტომობილი მოძრაობს, არსებული 38 ათასი ადგილი საკმარისი არ არის. შესაბამისად, უნდა გაიზარდოს სადგომების მოცულობა მიწისქვეშა სივრცეების ხარჯზე და შეიქმნას დროზე მიბმული დგომის სისტემა. ავტომობილის გასაჩერებელი ადგილების მართვის სისტემის რადიკალურად შეცვლას აპირებენ მერობის კანდიდატები - ალექსანდრე ელისაშვილი და ზაალ უდუმაშვილი, რომლებიც მმართველ კომპანია „სიტი პარკთან“ აპირებენ კონტრაქტის გაწყვეტას. „შენების მოძრაობის“ მერობის კანდიდატი თენგიზ შერგილაშვილი კი ფიქრობს, რომ უნდა შეიცვალოს მთლიანად სატრანსპორტო მოძრაობისა და ავტოსადგომების მართვის სქემა.

საინტერესოა, რას ფიქრობენ პრობლემის შესახებ სპეციალისტები. გელა კვაშილავა, თავმჯდომარე ფონდისა „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“, ამბობს, რომ პრობლემას ქმნის ავტომობილების გასაჩერებელი ადგილების ინფრასტრუქტურისა და მართვის ერთიანი გეგმის არარსებობა:

„სადაც, კერძო იქნება თუ სახელმწიფო ოპერატორი, შეასრულებენ იმ ამოცანებს, რაც დღეს ქალაქის წინაშე დგას. კერძოდ, ხელს შეუწყობენ საპარკინგე ინფრასტრუქტურის შექმნას, ქალაქის ზონირებას. პარკინგი არის ისეთივე პროდუქტი, როგორიც სხვა პროდუქტები. ბუნებრივია, იქ, სადაც მეტი მოთხოვნილებაა პარკინგზე, უნდა იყოს საათობრივი რეგულაციები. მეორე, ბუნებრივია, შემოსავლები უნდა ხმარდებოდეს ქალაქში ტრანსპორტის განვითარებას, მობილობის განვითარებას. ესე იგი, ჩვენ ვკარგავთ როგორც სივრცეებს, ასევე თანხებს, რესურსებს, რომელიც თავისუფლად შეიძლება მოხმარდეს ქალაქში არსებული ეკონომიკური პრობლემების მოგვარებას“.

ავტომობილების გასაჩერებელი ადგილების ინფრასტრუქტურისა და მართვის სისტემის კრიზისზე ლაპარაკობს ორგანიზაცია „ჰაბჯორჯიას“ ხელმძღვანელი, ვასილ ურუშაძე, რომლის თქმითაც, თბილისში 15 ავტომობილზე მხოლოდ ერთი გასაჩერებელი ადგილი მოდის:

„არ უნდა ვიფიქროთ, რომ დღეს არსებული პრობლემა შეიძლება მოაგვაროს მხოლოდ კერძო სექტორმა. ბალანსი დარღვეულია უკიდურესად: ავტომობილების რაოდენობა ბევრად აღემატება პარკირების ადგილების რაოდენობას. კერძო კომპანიამ შეიძლება უზრუნველყოს სერვისი, მაგრამ ვერ უზრუნველყოს ამ ბალანსის აღდგენა. შესაბამისად, აუცილებელია ადგილობრივი ხელისუფლების, ანუ მერიის, ჩართულობა. შესაძლებელია კერძო სექტორთან თანამშრომლობით, ერთიანი ინვესტიციების განხორციელებით ახალი ადგილები შეიქმნას“.

პრობლემის გადაჭრაზე ფიქრობს თბილისის მერიაც, რომელმაც მრავალდონიანი პარკინგების ასაშენებლად დედაქალაქის მასშტაბით 10 ადგილი შეარჩია (რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორია, მეტრო მარჯანიშვილის, ფილარმონიის, პუშკინის მოედნის მიმდებარე ტერიტორიები, ისნის მეტროსთან, დინამოს სტადიონთან, ქალაქ თბილისის მერიასთან, გულუას მოედანთან, ვარკეთილის მეტროსა და გეგეშიძის ბაღთან ახლოს მდებარე ადგილები), თუმცთა ტენდერის გამოცხადება დროში გაჭიანურდა. შესაბამისად, იუზა ვასაძე და სხვა თბილისელები თავიან თავზე გრძნობენ სადგომების სიმცირით გამოწვეულ დისკომფორტს, რასთან შეგუებასაც არ აპირებენ:

„ვისიც გინდა, იმისი იყოს, ოღონდ წესრიგი დაამყარონ, ჩვენ ხომ თანხას ვიხდით ამაში! ძველები უნდა წავიდნენ და ახლები მოვიდნენ. პარკირებას უნდა ადგილი. ან ააშენონ, ან გააკეთონ, რამე იღონონ. ძალიან რთული მდგომარეობაა ქალაქში!“