2017 წლის პირველ ორ თვეში საქართველოს საავტომობილო გზებზე 87 ადამიანი დაიღუპა, ათას სამასამდე კი დაშავდა. დაღუპულთა შორის 19 ქვეითია, დაშავებული ქვეითების რაოდენობა კი 265-ს შეადგენს. დაშავებულთა შორისაა 136 არასრულწლოვანი, რომელთაგან ხუთი დაიღუპა. სპეციალისტების შეფასებით, ავტოავარიის გამომწვევ მიზეზთა შორისაა: სიჩქარის გადაჭარბება, შემხვედრ ზოლში გადასვლა, ნასვამ მდგომარეობაში ავტომობილის მართვა.
Your browser doesn’t support HTML5
31 მარტს გურჯაანში 4 წლის ბავშვს სატვირთო ავტომანქანა დაეჯახა. როგორც საინფორმაციო სააგენტოები იუწყებიან, ბავშვის მდგომარეობა მძიმეა. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მომხდართან დაკავშირებით აღძრულია საქმე სისხლის სამართლის კოდექსის276-ე მუხლის პირველი ნაწილის ნიშნებით, რაც „ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას“ გულისხმობს. როგორც ეკა ლალიაშვილი, „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ გამგეობის თავმჯდომარე, ამბობს, დღე არ გავა, რომ საქართველოში ავტოავარიამ ადამიანის სიცოცხლე არ იმსხვერპლოს, ამასთან, ბოლო წლების ტენდენცია ისეთია, რომ ავტოსაგზაო შემთხვევების სტატისტიკა არ მცირდება:
„2017 წლის იანვარ-თებერვლის მონაცემებით, 87 ადამიანია დაღუპული და ეს მონაცემი რომ შევადაროთ 2015-16 წლებს, დაახლოებით იგივე დინამიკა გვაქვს, თუმცა ბევრად აღემატება 2014 წლის პირველი ორი თვის მონაცემებს. პრაქტიკულად ბოლო სამი წელი არის სტაბილურად მძიმე. არაფერი იცვლება გაუმჯობესების კუთხით. ავარიების რაოდენობა იზრდება. შარშან, მაგალითად, წლის განმავლობაში 750 ერთეულით მეტი შემთხვევა მოხდა და 500-ით მეტი ადამიანი დაშავდა“, უთხრა რადიო თავისუფლებას ეკა ლალიაშვილმა, რომლის თქმით, საქართველოს გზებზე უბედური შემთხვევების რიცხვის ზრდას ხელს უწყობს ქვეითად მოსიარულეთათვის საჭირო და სათანადო ინფრასტრუქტურის არარსებობა, თუმცა, მონიშვნებისა და საგზაო ნიშნების თვალსაზრისით, უკეთესი ვითარება არც მძღოლებისთვისაა. და კიდევ:
„სიჩქარის ლიმიტი, რომელიც ძალიან მაღალია ქალაქის გზებზე, დასახლებულ პუნქტებში. ეს აძლევს მძღოლს საშუალებას მაღალი სიჩქარე განავითაროს. კატასტროფების გამომწვევ მიზეზებს შორის მაღალი სიჩქარე, სიჩქარის გადაჭარბება ლიდერობს. რაც შეეხება ქვეითებს, არის კი გაჩერებები იმ ადგილებზე მოწყობილი, სადაც უნდა იყოს? არის კი ისინი უსაფრთხო ადგილებზე? ისევ და ისევ გადასასვლელები, რომლებიც ისეთ ადგილზე არის მოწყობილი, სადაც მაღალი სიჩქარით მოძრაობს ავტომობილი და შუქნიშანიც არ არის, რომ გაჩერდეს. პრაქტიკულად ეს არის შავი წერტილი ქვეითისთვის“.
ავტოსაგზაო შემთხვევების რიცხვის შესამცირებლად საქართველოს პარლამენტი განიხილავს „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში შესატან ცვლილებებს, რომელთა მიღების შემდეგ, როგორც საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე ამბობს, დაინერგება არაერთი ინოვაცია:
„მათ შორის, მართვის მოწმობის გამოცდის გადატანა რეალურ მოძრაობაში, რაც უფრო საიმედოს გახდის მძღოლების საწყის კვალიფიკაციას. აქვე საუბარია ქულების სისტემის შემოღებაზე, რომელიც საუკეთესო პრაქტიკაა მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში. საუბარია ადმინისტრირების გამკაცრებაზე, იმ რამდენიმე დარღვევაზე, რომლებიც საგზაო შემთხვევების და, მათ შორის, სიკვდილიანობის მთავარი მიზეზია. ჩვენ ვეცდებით, ვინაიდან მხარდაჭერა დიდია საზოგადოების მხრიდან, მათ შორის, პოლიტიკურ სპექტრში, ვეცდებით, რომ მოკლე დროში მივიღოთ ეს რეფორმა“.
საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით უკვე მიიღო ეს ცვლილებები, მეორე მოსმენით განხილვა კი 3 აპრილიდან დაიწყება. ირაკლი იზორია, კანონპროექტის ერთ-ერთი ავტორი და წარმომადგენელი ფონდისა „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისათვის“, ამბობს, რომ ცვლილებები ასევე ითვალისწინებს უკონტაქტო პატრულირების შემოღებას.
დაკვირვების მეთოდი გამოვიყენეთ და სამოცი პროცენტი ღერძულა ხაზების გადაკვეთით მოძრაობს, 62 პროცენტი საჭესთან ლაპარაკობს მობილურ ტელეფონზე, სიგარეტის მოწევის ფაქტები - 45 პროცენტი, გასწრება და მანევრირების წესების დარღვევა - 78 პროცენტი...ირაკლი იზორია
„გვინდა აქვე მესამე კომპონენტად ჩავდოთ ნასვამობაზე უფრო გამკაცრებული სანქციები. ახლა ნასვამობა თუ მართვის მოწმობის ნახევარწლიანი ჩამორთმევით ისჯება, მძღოლს ორი-სამი თვის მერე აქვს საშუალება ჯარიმის გადახდის შემდეგ დაიბრუნოს მოწმობა. ჩვენი მოთხოვნაა, თანხით ვერ ხდებოდებს მართვის მოწმობის დაბრუნება. პირიქით, უფრო უნდა გამკაცრდეს, დაახლოებით ერთწლიანი ჩამორთმევა უნდა ხდებოდეს. ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ მივიღოთ ისეთი კანონები, როგორებიც ევროკავშირში მოქმედებს და ხვალ და ზეგ დავდგებით რეალობის წინაშე და მაინც მოგვიწევს მსგავსი კანონების მიღება“, უთხრა რადიო თავისუფლებას ირაკლი იზორიამ, რომლის თქმით, მოძრაობის უსაფრთხოების თვალსაზრისით, განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაა საქალაქთაშორისო სამგზავრო მიმოსვლის სფეროში. საუბარია ე. წ. სამარშრუტო ავტობუსების მძღოლებისა და მათი მგზავრების უსაფრთხოებაზე. ორგანიზაციის მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ამ მხრივ კატასტროფული ვითარებაა:
„დაკვირვების მეთოდი გამოვიყენეთ და სამოცი პროცენტი ღერძულა ხაზების გადაკვეთით მოძრაობს, 62 პროცენტი საჭესთან ლაპარაკობს მობილურ ტელეფონზე, სიგარეტის მოწევის ფაქტები - 45 პროცენტი, გასწრება და მანევრირების წესების დარღვევა - 78 პროცენტი“.
ირაკლი იზორიას თქმით, საგზაო მოძრაობის წესების დარღვევასთან დაკავშირებული ამგვარი ფაქტები იწვევს დიდ პრობლემებს, რადგან როცა მიკროავტობუსი ხდება ავტოსაგზაო შემთხვევის მონაწილე, როგორც წესი, საუბარია რამდენიმე ადამიანის დაშავებასა და სიკვდილზე. როგორც კვლევამ აჩვენა, ავტოსაგზაო შემთხვევების რისკს ერთი-ორად ზრდის მიკროავტობუსების მძღოლების გადაღლილობა, მგზავრების ჭარბი რაოდენობით გადაყვანა და ტრანსპორტის ტექნიკური გაუმართაობა.