ავიაცია საქართველო-უნგრეთის ეკონომიკური თანამშრომლობის სათავეებთან

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი თბილისს "ვიზეარის" თვითმფრინავით ეწვია.

მიმდინარე კვირის მიწურულს თბილისს უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, ვიქტორ ორბანი, და უნგრელი ბიზნესმენების დიდი ჯგუფი ეწვია. ისინი თბილისში დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია „ვიზეარის“ თბითმფრინავით ჩამოვიდნენ. სწორედ ეს ავიაკომპანიაა საქართველო-უნგრეთის ეკონომიკური თანამშრომლობის თვალსაჩინო მაგალითი.

Your browser doesn’t support HTML5

ავიაცია საქართველო-უნგრეთის ეკონომიკური თანამშრომლობის სათავეებთან

თბილისში ჩამოსული უნგრეთის დელეგაციის შემადგენლობაში სხვა ბიზნესმენებთან ერთად იყო ავიაკომპანია „ვიზეარის“ პრეზიდენტი, ჯოზეფ ვარადი. მან სპეციალური პრესკონფერენცია გამართა და საქართველოში საკუთარი ავიაკომპანიის მუშაობის შედეგებზე ისაუბრა.

როგორც ცნობილია, ამ უნგრულმა ავიაკომპანიამ, რომელიც დაბალბიუჯეტიან ავიარეისებს ასრულებს, გასულ წელს საქართველოში 100 მილიონამდე აშშ დოლარის ინვესტიცია განახორციელა და ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ბაზა მოაწყო. ჯოზეფ ვარადის განცხადებით, ბაზირებიდან 6 თვეში ,,ვიზეარი” 100 ათასზე მეტ მგზავრს მოემსახურა.

ჯოზეფ ვარადის პრესკონფერენცია

გარდა ამისა, 2017 წლის პირველი კვარტალი (იანვარი-მარტი) ავიაკომპანიამ, 2016 წლის იმავე პერიოდთან შედარებით, მგზავრთა რაოდენობის 200 %-იანი ზრდით დაასრულა, რაც მის პრეზიდენტს ოპტიმისტური განცხადებების საფუძველს აძლევს.

ჯოზეფ ვარადის თქმით, ბაზრის გაფართოების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ხელშემწყობი ფაქტორი ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის ამოქმედებაა:

“ჩვენ გვაქვს გამოცდილება, გვინახავს ქვეყნები, სადაც უვიზო მიმოსვლა ამოქმედდა. ეს მნიშვნელოვანი მოტივაციაა მოგზაურობისთვის. უვიზო მიმოსვლის ამოქმედების შემდეგ იზრდება მოთხოვნა როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო მომხმარებლების მიერ და, ცხადია, მოგზაურობა უფრო იაფი და ნაკლებად ბიუროკრატიული ხდება. საბოლოო ჯამში, ეს ქმნის მოთხოვნას და ჩვენ ველოდებით მოთხოვნის ზრდას, რაც გვაძლევს საფუძველს, ინტენსიურად ვიფიქროთ ქსელის გაფართოებაზე. ჩვენ ახლა ქსელის გაფართოებაზე ვფიქრობთ, თუმცა ჯერჯერობით ახალ მიმართულებებზე ვერ ვისაუბრებთ“, – ამბობს „ვიზეარის” პრეზიდენტი.

ბაზირების დაწყების შემდეგ „ვიზეარმა“ არსებულ 4 მიმართულებას კიდევ 7 დაამატა და საქართველოს ავიაბაზრის 8 პროცენტი და ავიაგადამზიდველებს შორის მესამე ადგილი დაიკავა.

ვერა ქობალია. ქუთაისის აეროპორტი, 4 ივნისი 2012 წ.

2012 წელს საქართველოს ავიაბაზარზე „ვიზეარის“ შემოყვანაში დიდი წვლილი მიუძღვის იმჟამინდელ ეკონომიკის მინისტრს, ვერა ქობალიას. მისი თქმით „ვიზეარის“ პრეზიდენტი თავდაპირველად მხოლოდ იმიტომ შეხვდა, რომ მინისტრისთვის უარის თქმა ეუხერხულებოდა. მას არა თუ ქუთაისის საქართველოს გახსენებაც კი უჭირდა, ახლა კი ეს სასიამოვნო მოგონებად შემორჩა.

ვერა ქობალიას მიერ აღწერილი ვითარება, როდესაც საქართველო მივიწყებული ან სულაც უცხოა „ახალი ევროპის“ ქვეყნებისთვისაც კი, თანდათან ირღვევა და ამაში თავისი წვლილი „ვიზერსაც“ შეაქვს. ამ ავიაკომპანიამ 20 აპრილს თბილისში პრემიერ-მინისტრსა და მთავრობის სხვა წევრებთან ერთად ბიზნესის წარმომადგენლებიც ჩამოიყვანა, რომლებმაც ვიზიტის მეორე დღეს ქართველ კოლეგებთან ერთად ბიზნესფორუმი გამართეს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა, უნგრელი სტუმრებისთვის საქართველოს ბიზნესგარემოს გაცნობისას განაცხადა, რომ საქართველოსა და უნგრეთს შორის მტკიცე და წარმატებული თანამშრომლობა მრავალი მიმართულებით ჩამოყალიბდა. მისი აზრით, იმედისმომცემია მომავალიც - კერძოდ, მხარეები პოლიტიკურ პარტნიორობასთან ერთად ურთიერთობათა გაღრმავების პოტენციალს ხედავენ ისეთ სფეროებში, როგორიცაა სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები და საინვესტიციო პროექტები.

გიორგი კვირიკაშვილი და ვიქტორ ორბანი

გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, თვალსაჩინოა უნგრული კომპანიების ინტერესის ზრდა ინფრასტრუქტურის, ენერგეტიკის, სოფლის მეურნეობის, სასტუმრო ინდუსტრიისა და სხვა მიმართულებებით. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ფიქრობს, რომ ეკონომიკური კავშირებისა და ბიზნესკონტაქტების გააქტიურებას ხელს შეუწყობს ის ბიზნესფორუმიც, რომელიც 21 აპრილს გაიმართა თბილისში:

„დღეს ხელი მოეწერა რამდენიმე შეთანხმებას, მათ შორის, ეკონომიკური ხასიათის დოკუმენტებს, რაც ასევე სასარგებლო წინაპირობაა თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავებისთვის. აღსანიშნავია საქართველოში უნგრელი ტურისტების მზარდი მაჩვენებელი, რასაც ქუთაისსა და ბუდაპეშტს შორის არსებული პირდაპირი რეისებიც უწყობს ხელს. მისასალმებელია, რომ 2016 წლის სექტემბრიდან უნგრული ავიაკომპანია „Wizz Air” ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტშია ბაზირებული“.

თავის მხრივ, ბიზნესფორუმზე გამოსვლისას უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა, მაღალი შეფასება მისცა საქართველოს მთავრობის მიერ გატარებულ რეფორმებს და ხაზი გაუსვა ქვეყნებს შორის მსგავსებას:

„საქართველოს მთავრობა ცდილობს გაატაროს მთელი რიგი მნიშვნელოვანი რეფორმებისა, რასაც ჩვენ ბოლო წლები ვაკეთებდით. მე შევიტყვე ბევრი პროგრამის შესახებ, რომელიც მიმართულია საგადასახადო სისტემის მოდერნიზებისკენ, განათლების სისტემის ცვლილებისკენ, განათლების საშუალებით ეკონომიკის რეალურ მოთხოვნათა დაახლოებისკენ. ყველა ასეთი საკითხი, მათ შორის, თუ როგორ მოგვარდეს ბიუროკრატიის პრობლემები, რაც შეიძლება აქ ვნახოთ, მიანიშნებს ასევე თქვენს ძირეულ აღქმაზე უნგრეთის ეკონომიკისა და უნგრული საზოგადოების, რაც ძალიან კარგი ნიშანი და შესაძლებლობაა თანამშრომლობისთვის“.

ვიქტორ ორბანის თანახმად, საქართველოსა და უნგრეთს ერთნაირი ამბიციები აქვთ, პოლიტიკური ურთიერთობები ქვეყნებს შორის სრულყოფილია და ახლა ჯერი ბიზნესზეა.