ერთი თავდასხმა და სამი დაღუპული ქართველი ჯარისკაცი ავღანეთში

ავღანეთში ქართული ქვედანაყოფის ბაზაზე თავდასხმის შედეგად, სამი ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა და რამდენიმე დაიჭრა. ირაკლი ალასანიამ საქართველოს 42-ე ქართულ ბატალიონზე ამ თავდასხმას „ყველაზე მასშტაბური“ უწოდა იმ 4 წლის განმავლობაში, რაც საქართველო ავღანეთის საერთაშორისო უსაფრთხოების ოპერაციაში მონაწილეობს. 13 მაისის თავდასხმის შემდეგ საქართველოს არმიის დანაკარგი ავღანეთში 22-მდე გაიზარდა.

ოთხი წლის განმავლობაში, რაც ავღანეთში ქართული სამხედრო მისია არსებობს, ეს იყო პირველი შემთხვევა, რომ საქართველოს სამხედრო უწყების ხელმძღვანელობამ ავღანეთში ქართველი ჯარისკაცების დაღუპვის ფაქტი იმავე დღეს გაავრცელა. მეტიც, ირაკლი ალასანიამ სისხლისმღვრელი თავდასხმიდან უკვე სამი საათის შემდეგ გამართა ბრიფინგი და საზოგადოებას სამი ქართველი ჯარისკაცის დაღუპვის ამბავი აცნობა:

„დიდი მწუხარებით მინდა აღვნიშნო, რომ თავდასხმას შეეწირა სამი ქართველი სამხედრო მოსამსახურე - კაპრალი ალექსანდრე კვიწინაძე, უმცროსი სერჟანტი ზვიად დავითაძე და კაპრალი ვლადიმერ შანავა“.

ალექსანდრე კვიწინაძე


ირაკლი ალასანიამ „ყველაზე მასშტაბური“ უწოდა 13 მაისს თვითმკვლელი ტერორისტის მონაწილეობით მეამბოხეთა ჯგუფის თავდასხმას საქართველოს შეიარაღებული ძალების 42-ბატალიონზე, რომელიც ISAF-ის ოპერაციაში სულ ახალხან, აპრილის ბოლოს, ჩაება, ჩაანაცვლა რა ჰელმანდის პროვინციაში მყოფი მესამე ქვეითი ბრიგადის 32-ე ბატალიონი.

„დღეს, 16 საათსა და 17 წუთზე, განხორციელდა დღემდე ყველაზე მასშტაბური თავდასხმა ავღანეთში ნატოს ოპერაციაში მონაწილე ქართულ ქვედანაყოფებზე. მეამბოხეთა ჯგუფმა, თვითმკვლელი ტერორისტის მიერ სატვირთო მანქანაზე დამონტაჟებული ასაფეთქებელი მოწყობილობის გამოყენებით, კომბინირებული იერიში მიიტანა 42-ე ბატალიონის ბაზაზე“, - განაცხადა ალასანიამ.

მე-4 ქვეითი ბრიგადის 42-ე ბატალიონი, რომელზეც 13 მაისს მასშტაბური იერიში განხორციელდა, ავღანეთის უსაფრთხოების მხარდამჭერ ოპერაციაში სულ აპრილის

ვლადიმერ შანავა

თვეში ჩაება. ეს ის პერიოდია, როდესაც ავღანეთის თალიბანმა კოალიციურ ძალებზე ახალი საგაზაფხულო ნადირობის სეზონი გამოაცხადა. ამ ინფორმაციის გათვალისწინებით, ქართული ბატალიონი მომეტებულ საბრძოლო მზადყოფნაში უნდა ყოფილიყო, რაც ერთი კვირის წინ ავღანეთში მყოფმა საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსის პირველმა მოადგილემ გენერალმა ვახტანგ კაპანაძემ სატელეფონო საუბარშიც დაადასტურა.

„ქართველი ჯარისკაცები არიან მუდმივ საბრძოლო მზადყოფნაში. ავღანეთისათვის ეს ჩვეულებრივი ყოველდღიურობაა. შორიდან უფრო საბრძოლო ვითარებას ჰგავს, მაგრამ რეალურად აქ ეს ყოველდღიურობაა და ქართველი ჯარისკაცები ყოველდღიურად ასრულებენ საბრძოლო ამოცანას და, სხვათა შორის, შემიძლია გითხრათ, რომ ძალიან კარგად და ძალიან მაღალ დონეზე“, - განაცხადა რადიო თავისუფლებასთან საუბარში 4 მაისს გენერალმა კაპანაძემ.

ზვიად დავითაძე


საქართველოს სამხედრო ხელმძღვანელობის ამ განცხადების ფონზე, ჯერჯერობით უცნობია, თუ როგორ მოახერხეს თვითმკვლელმა ტერორისტმა და მოიერიშეთა ჯგუფმა ქართული ქვედანაყოფის დაცულ ტერიტორიაზე შეღწევა. ასევე უცნობია და თავდაცვის მინისტრს არ დაუზუსტებია 13 მაისის თავდასხმის შედეგად დაჭრილების რაოდენობა.

ირაკლი ალასანიამ განაცხადა, რომ ქართველმა სამხედროებმა მოიგერიეს შეტევა, გაანადგურეს ყველა მოიერიშე და სამხედრო ბაზაზე ოპერატიული კონტროლი აღადგინეს.

13 მაისის თავდასხმა ექსტრემისტების მეორე ყველაზე სისხლისმღვრელი ოპერაციაა, ჩატარებული ქართული ქვედანაყოფის წინააღმდეგ. 2010 წლის 30 სექტემბერს, სამხედრო ოპერაციის დროს ნაღმზე აფეთქების შედეგად, ერთბაშად 4 ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა. ავღანეთში საქართველო 1600-მდე ჯარისკაცით არის წარმოდგენილი და მეოთხე ადგილზეა აშშ-ის, დიდი ბრიტანეთისა და გერმანიის შემდეგ. და თუმცა 13 მაისის თავდასხმის შედეგად საქართველოს არმიის დანაკარგი ავღანეთში 22-მდე გაიზარდა, საქართველოს ხელისუფლება არ აპირებს იქ ქვედანაყოფის რაოდენობის შემცირებას და, როგორც არაერთხელ განუცხადებია, მეტად რთული ამოცანების მიუხედავად, მას ავღანეთში საბრძოლო ოპერაციის დასრულებამდე, 2014 წლის ბოლომდე, დატოვებს.