ავდეევკა - სამ დღეში ფრონტისპირად ქცეული ქალაქი

ავდეევკა

გაყინულ მიწაზე მუხლებზე დაჩოქილი ნადია ვოლკოვა თავის წინ მდებარე 60 წლის დედის, კატიას, გასისხლიანებულ სხეულს სინჯავს. ქარმა რომ არ წაიღოს, აგურები ადევს ბომბის ნამსხვრევებით დაფლეთილი ქალის სხეულზე გადაფარებულ ჭილოფს. 24 წლის თვალცრემლიანი ნადია ვოლკოვა მოკლულ დედას ხელზე ეფერება და ელოდება პათოლოგანატომს, რომელმაც სპეციალური მანქანით გვამი პროზექტურაში უნდა წაიღოს. ქალაქ ავდეევკის ქუჩაში გადაღებულმა ამ ვიდეოკადრებმა მთელი მსოფლიო მოიარა, ისევე როგორც ცნობამ აღმოსავლეთ უკრაინის დონეცკის ოლქში მიმდინარე სასტიკი საბრძოლო მოქმედებების შესახებ, რასაც ათეულამდე ადამიანის, მათ შორის ნადია ვოლკოვას დედისა და ბებიის, სიცოცხლე შეეწირა.

Your browser doesn’t support HTML5

ავდეევკა - სამ დღეში ფრონტისპირად ქცეული ქალაქი

მათ ჭურვი იმ დროს მოხვდათ, როდესაც ბაზარში საყიდლებზე მიმავალნი ქუჩაში ფეხით მიდიოდნენ. 29-31 იანვრის სამდღიანი საომარი მოქმედებების შედეგად, რაშიც უკრაინის ხელისუფლება და დონეცკელი სეპარატისტები ერთმანეთს ადანაშაულებენ, ჰუმანიტარული კატასტროფა დაემუქრა ფრონტის პირას მდებარე ქალაქ ავდეევკას. ქალაქში, რომელსაც უკრაინის ხელისუფლება აკონტროლებს, დაახლოებით, 22 ათასი კაცი ცხოვრობს. საარტილერიო და სარაკეტო დაბომბვის შედეგად ქალაქის უდიდესი ნაწილი, ფაქტობრივად, ელექტროენერგიისა და გათბობის გარეშე დარჩა. მძიმე ზამთრის პირობებში ადამიანების შიმშილითა და სიცივით დახოცვა რომ თავიდან აეცილებინა, ადგილობრივმა ხელისუფლებამ და არმიის სარდლობამ ნებაყოფლობითი ევაკუაციის გადაწყვეტილება მიიღო.

Your browser doesn’t support HTML5

ავდეევკიდან დაიწყო ბავშვების ევაკუაცია

ჩვენ წასასვლელი არსაით გვაქვს. უფულოდ ვართ. და ესეც რომ არ იყოს, არსადაც არ წავალთ, იმიტომ რომ ჩვენ უკვე ვიყავით სლავიანსკიში და გვეყო...

„პატივცემულებო, შეგახსენებთ, რომ პირველ კარავში მიმდინარეობს ჩაწერა ქალაქ მარიუპოლში ევაკუაციისათვის. ყველა სამოქალაქო პირს, ყველა ოჯახს, მათ შვილებსა და ნათესავებს, რომლებსაც გსურთ ავდეევკის ცეცხლის ხაზიდან გასვლა, ჩვენ გთავაზობთ ევაკუაციას და მარიუპოლის სანატორიუმში სრულიად უფასო ცხოვრებას განუსაზღვრელი ვადით, ვითარების სრულ ნორმალიზებამდე. ვისაც აქედან წასვლა სურს, გთხოვთ ერთი საათის განმავლობაში გამოცხადდეთ პირველ კარავში, სადაც ევაკუაციის მსურველები ჩაეწერებიან. მობრძანდით და ჩაეწერეთ“.

ორგანიზებული ევაკუაციის შეთავაზებას, უკრაინის საგანგებო სიტუაციათა უწყების ოფიციალური წარმომადგენლის, ვლადისლავ ჰუსინსკის, ინფორმაციით, ქალაქ ავდეევკის 175 მცხოვრები დაეთანხმა. მარიუპოლში ევაკუირებულთა შორის 88 ბავშვი იყო. როგორც გაირკვა, რამდენიმე ოჯახმა მხოლოდ შვილების ევაკუაციის გადაწყვეტილება მიიღო, მშობლები კი ავდეევკაში დარჩნენ.

„ეს ძალიან, ძალიან სამწუხაროა ჩემთვის, მაგრამ, მეორე მხრივ, კარგია, თუ ისინი მიდიან. იქ ისინი უფრო კარგად იქნებიან. მეც აქ მშვიდად ვიქნები. არ ვიცი, აქ რა მომივა, მაგრამ ის მაინც მეცოდინება, რომ შვილები იქ სითბოში იქნებიან, რომ კარგად გრძნობენ თავს და ყველაფერი მშვენივრადაა“.

ავდეევკა

ქალაქ ავდეევკაში, ცეცხლის ხაზის სიახლოვეს, უსახლკაროდ დარჩენილებისა და დევნილებისთვის ორგანიზებულ კარვებში მცხოვრებთა ნაწილი კი არ დათანხმდა მარიუპოლში წასვლაზე. ერთ-ერთმა ისიც კი განაცხადა, არა ვარ დარწმუნებული, რომ მარიუპოლიდანაც არ მომიწვეს სადმე სხვაგან ევაკუაციაო:

„ჩვენ წასასვლელი არსაით გვაქვს. უფულოდ ვართ. და ესეც რომ არ იყოს, არსადაც არ წავალთ, იმიტომ რომ ჩვენ უკვე ვიყავით სლავიანსკიში და გვეყო“.

1 თებერვალს ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა შეშფოთება გამოთქვა ავდეევკაში მძიმე ჰუმანიტარული მდგომარეობის გამო. ქალაქში, რომელსაც უკრაინის მთავრობა აკონტროლებს, სტოლტენბერგის ინფორმაციით, 20 ათასამდე ადამიანს უწევს ზამთრის ყინვას გაუძლოს გათბობის, ელექტროენერგიისა და წყალმომარაგების გარეშე. საკონტაქტო ჯგუფის აქტიური ჩართვის შედეგად, დონეცკის ოლქში ცეცხლი შეწყდა, თუმცა ავდეევკა კვლავ საგანგებო რეჟიმში ცხოვრობს. ქალაქის მხოლოდ 20 პროცენტს მიეწოდება დენი და წყალი, დაახლოებით 2 000 კაცისთვის კი ორგანიზებულია სპეციალური კარვები, სადაც მათ ცხელი საჭმლის მიღება და ღამის გათევა შეუძლიათ.