ჰოლოკოსტის გადარჩენილი ტყვეები ოსვენციმის ბანაკს იხსენებენ

ოსვენციმ-ბირკენაუს ნაცისტური საკონცენტრაციო ბანაკის დაახლოებით 300 ყოფილი ტყვე 27 დეკემბერს პოლონეთში შეიკრიბა და ბანაკებში მომწავლავი გაზით გაგუდულ მსხვერპლებს პატივი მიაგო.

სასიკვდილო ბანაკი საბჭოთა ჯარმა 1945 წლის 27 იავნარს გაანთავისუფლა, ჯარისკაცებმა იქ 7 000 ტყვე, მათ შორის 130 ბავშვი აღმოაჩინეს.

გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა 26 იანვარს განაცხადა, რომ „სირცხვილია“, რომ ებრაელებმა გერმანიაში მსგავსი შეურაცხყოფა და ძალადობა გადაიტანეს. მერკელმა მეორე მსოფლიო ომის დროინდელ ყველაზე ცნობილი საკონცენტრაციო ბანაკის მსხვერპლებს პატივი ბანაკის დახურვის 70-ე ცერემონიალზე მიაგო.

პოლონეთში გამგზავრებამდე გერმანიის პრეზიდენტმა იოაჰიმ გაუკმა პარლამენტს მიმართა და თქვა, რომ ოსვენციმის დანაშაულების გაკვეთილებმა გერმანიის „ეროვნული იდენტობა შექმნა“.

„დანაშაულის გრძნობისა და სინდისის ქენჯნიდან თანამედროვე გერმანია ადამიანის უფლებების და თანასწორობის ჩემპიონად იქცა“ თქვა პრეზიდენტმა თავის მიმართვაში.

ოსვენციმის დახურვის 70-ე წლისთავი მსოფლიოს სხვა ლიდერებმაც აღნიშნეს, მათ შორის იყვნენ პოლონეთის, ისრაელის და საფრანგეთის პრეზიდენტები, ასევე რომის პაპი და გაეროს გენერალური მდივანი ბან კი მუნი.

ეს შეიძლება ჰოლოკოსტის აღნიშვნის ბოლო ცერემონია იყოს, რომელშიც გადარჩენილი ტყვეები მონაწილეობენ. ცერემონიაზე ჩასული ყველაზე ახალგაზრდა ყოფილი ტყვეები უკვე 70 წლის არიან.

„ვერავინ ვერ ვიჯერებდით, რომ ხალხი ტალახში მუშაობდა, იმათ კი ვისაც მუშაობა არ შეეძლოთ კლავდნენ, მიცვალებულების ხროვა იყო. აქ ჩამოსვლის შემდეგ ამის წარმოდგენა აღარ მჭირდებოდა, ყველაფერი ჩემი თვალით ვნახე. ამიტომაც აქ 50 წელი ვერ მოვდიოდი. იმიტომ, რომ ხალხს ვერ ვხედავდი, ვხედავდი მხოლოდ ტყვეებს, ცხედრებს ან კრემატორიუმის კვამლს,“ ყვება ალინა დაბროვსკა, რომელიც ოსვენციმში ყოფნის დროს პატარა ბავშვი იყო.

კიდევ ერთი ყოფილი ტყვე, 88 წლის დევიდ უისნია ყვება, რომ მოგონებები შოკისმომგვრელია. „წუხელ საშინელი სიზმარი ვნახე, თვალები რომ გავახილე ფანჯრიდან გავიხედე და თავი ისევ ბირკენაუში, მე-14 საკანში მეგონა, სადაც 1942 წელს მომათავსეს.“

79 წლის პოლონელი როზა კრზივოლვოცკა-ლაუროვი ოსვენციმში 1944 წელს გაგზავნეს, როცა ის მხოლოდ 8 წლის იყო. „ალბათ იმისთვის გადავრჩი, რომ მსგავს რამეს შევწინააღმდეგებოდი,“ თქვა მან „სიკვდილის კედელთან“, სადაც ნაცისტებმა ათასობით ტყვე დახვრიტეს.

1940-1945 წლებში ოსვენციმ--ბირკენაუში სულ 1.3 მილიონი ადამიანი მოხვდა. აქედან მილიონზე მეტი გაზით, შიმშილით და დაავადებებით დაიღუპა.

ოსვენციმის დახურვის იუბილეს გამოეხმაურა შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი ჯო ბაიდენიც. „როგორც ტომ ლანტოსი, ჰოლოკასტის ყოფილი ტყვე და დამსახურებული კონგრესმენი იტყოდა, ცივილიზაციის ბრწყინვალება ქაღალდივით თხელია და ის ყველამ უნდა დავიცვათ. ჩვენ ვერასოდეს დავისვენებთ. ჩვენ უნდა გავიმეოროთ სიტყვები - „არასოდეს ისევ“. ჩვენ ეს მიზნად უნდა ვაქციოთ,“ თქვა ბაიდენმა

ოსკაროსანმა რეჟისორმა, ჰოლოკოსტისადმი მიძღვნილი დრამის „შინდლერის სიის“ ავტორმა სტივენ სპილბერგმა „ევროპიდან ებრალების განდევნის მცდელობის ზრდა“ დაგმო.

მათი შემზარავი მოგონებებით და მტკივნეული ისტორიებით ჰოლოკოსტის გადარჩენილი ტყვეები ერთ მესიჯს აერთიანებენ -„არ დავივიწყოთ, არ დავუშვათ ამის გამეორება!“