„აუდიტორია 115“-ის ხმაური სწავლის პირველ დღეს

ახალ სასწავლო წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი საპროტესტო აქციითა და ხმაურით შეხვდა. სტუდენტური მოძრაობის წევრებმა ახლად არჩეულ რექტორს ის მოთხოვნები წაუყენეს, რომლებსაც ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ მასთან, როგორც განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილესთან, განიხილავდნენ. ახლად არჩეული რექტორი პირობას დებს, რომ მომდევნო სამ თვეში სტუდენტების თანამონაწილეობით დაიწერება უნივერსიტეტის სტრატეგიული განვითარების გეგმა. სტუდენტები მის ამ განცხადებას სკეპტიკურად უყურებენ.

Your browser doesn’t support HTML5

„აუდიტორია 115“-ის ხმაური სწავლის პირველ დღეს

უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან შეკრებილ სტუდენტებს ახლად არჩეულმა რექტორმა, გიორგი შარვაშიძემ, სასწავლო წლის დაწყება ვერ მიულოცა. ამის საშუალება მას სტუდენტური მოძრაობა „აუდიტორია 115“-ის წევრებმა არ მისცეს. მათი აქცია, სახელწოდებით „ხარისხიანი და ხელმისაწვდომი განათლება“, უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან დილის 10 საათზე დაიწყო. „აუდიტორია 115“-ის წევრების თქმით, 23 სექტემბერს უნივერსიტეტის რექტორის არჩევნებმა კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ მმართველი პარტია უხეშად ერევა შიდა საუნივერსიტეტო ცხოვრებაში. მათ განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ყოფილ მოადგილესა და ამჟამად უკვე რექტორს საკუთარი ექვსპუნქტიანი,მოთხოვნები კიდევ ერთხელ გააცნეს. თუმცა, სანამ „აუდიტორია 115“-ის წევრები ახლად არჩეულ რექტორს თავიანთ მოთხოვნებს გააცნობდნენ, უნივერსიტეტის პირველ კორპუსში შესასვლელად მათ უნივერსიტეტის დაცვის კორდონის გარღვევა მოუხდათ.

სტუდენტების ხმაურს შედეგი მოჰყვა. მათ გიორგი შარვაშიძე 115-ე აუდიტორიაში შეხვდა და სტუდენტების მოთხოვნები მოისმინა. სტუდენტები კი მოითხოვენ ავტონომიურ უნივერსიტეტს, გარე რეფერირების პრინციპის დანერგვას, სტუდენტებისთვის, რომელთაც სურთ სწავლის გაგრძელება და თანხის გადაუხდელობის გამო ბაზა არ ეხსნებათ, აკადემიური რეგისტრაციის შესაძლებლობის მიცემას; სტუდენტურ საცხოვრებლებში პირობების დაუყოვნებლივ გაუმჯობესებას, სტუდენტურ თვითმმართველობათა არსებული სტრუქტურის ძირეულ რეფორმას. სტუდენტებთან შეხვედრიდან გამოსული რექტორი ზოგადი კომენტარით შემოიფარგლა. მისი თქმით, ეს არ იყო უბრალოდ შეხვედრა შეხვედრისთვის და მან სტუდენტებთან ერთად ბევრი მტკივნეული საკითხი განიხილა:

„ძალიან ბევრი საკითხია, რომლის გადაწყვეტაც მართლა შეიძლება და თან ძალიან სწრაფად და ვიმსჯელეთ ამაზეც, როგორ და როდის გადაწყდება ეს საკითხები. არის საკითხების მთელი წყება, რომელიც მიეკუთვნება კანონმდებლობას და ამასთან დაკავშირებით ჩვენ მზად ვართ, რომ მოვამზადოთ საკნონმდებლო ცვლილებები და ინიცირება გააკეთოს უნივერსიტეტმა ისე, როგორც საჭიროა. რაც შეეხება სხვა საკითხებს, იყო აქ საუბარი სტუდენტური ბაზების გახსნაზე, სტიპენდიებზე, სტატუსშეჩერებულ სტუდენტების პრობლემებზე და ა.შ.“

მან გვითხრა, რომ ჩვენ ვქმნით სტრატეგიული განვითარების გეგმის შემმუშავებელ კომისიას, რომელიც სამ თვეში მიიღებს დოკუმენტს და ჩაერთვეთ ამ კომისიის მუშაობაში და სამ თვეში იქნება შედეგებიო, მაგრამ ასე გვითხრეს ჩვენ გაზაფხულზეც, რომ მიღებულია ყველა გადაწყვეტილება და კანონში ცვლილებები შეგვაქვსო, მაგრამ ეს ცვლილებები არ განხორციელდა...
ლევან ლორთქიფანიძე

ამ - ჩამოთვლილი და კიდევ სხვა, სტუდენტების მიერ მოთხოვნილი - საკითხების მოსაგვარებლად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა დრო ითხოვა - დრო და, ამასთანავე, ამ პროცესში სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის ჩართვა. რექტორის თქმით, ყველა მხარის თანამონაწილეობით, მომდევნო სამი თვის განმავლობაში უნდა შეიქმნას უნივერსიტეტის სტრატეგიული განვითარების გეგმა, რათა უნივერსიტეტი გახდეს კვლევისა და სწავლების სამაგალითო ადგილი.

სკეპტიკურად უყურებენ „აუდიტორია 115“-ის წევრები გიორგი შარვაშიძის შეთავაზებას, რომ სტუდენტები უნდა ჩაერთონ უნივერსიტეტის სტრატეგიული განვითარების გეგმის შემუშავებაში. ლევან ლორთქიფანიძე იხსენებს ბოლო შეხვედრას გიორგი შარვაშიძესთან, როდესაც ის ჯერ კიდევ განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე იყო და სწორედ ის მონაწილეობდა იმ სამუშაო შეხვედრებში, სადაც მიმდინარეობდა მსჯელობა „განათლების შესახებ კანონში“ გასატარებელ ცვლილებებზე. ლევან ლორთქიფანიძე ამბობს, რომ განათლების სამინისტრომ მაშინ დაარღვია დაპირება, რომელიც სწორედ კანონში ცვლილებებს, უფრო კონკრეტულად კი, უნივერსიტეტში მართვის დემოკრატიზაციის საკითხებს, რექტორის არჩევის წესსა თუ სტუდენტურ თვითმმართველობათა უფლებამოსილებებს ეხებოდა. ამის სანაცვლოდ კი, ლევან ლორთქიფანიძის თქმით, ამჟამად უკვე უნივერსიტეტის რექტორი კვლავაც დროს ითხოვს, რაც მათ ისევ და ისევ კითხვებს უჩენს და მის მიმართ სკეპტიკურად განაწყობს:

„მან გვითხრა, რომ ჩვენ ვქმნით სტრატეგიული განვითარების გეგმის შემმუშავებელ კომისიას, რომელიც სამ თვეში მიიღებს დოკუმენტს და ჩაერთვეთ ამ კომისიის მუშაობაში და სამ თვეში იქნება შედეგებიო, მაგრამ ასე გვითხრეს ჩვენ გაზაფხულზეც, რომ მიღებულია ყველა გადაწყვეტილება და კანონში ცვლილებები შეგვაქვსო, მაგრამ ეს ცვლილებები არ განხორციელდა“.

სტუდენტების პროტესტის მოწმე გახდა 26 სექტემბერს უნივერსიტეტში განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავაც, რომლის თქმითაც, მისთვის მისაღებია სტუდენტთა პროტესტის შინაარსი, თუმცა სტუდენტებს გამოხატვის ფორმებს უწუნებს. ალექსანდრე ჯეჯელავას თქმით, ხელისუფლებისა და სტუდენტების სურვილები უნივერსიტეტის მომავალთან დაკავშირებით ერთმანეთს ემთხვევა:

„მე ვიტყვი, რომ ამაზე მეტი ავტონომია და თავისუფლება, როდესაც ჩვენ ვდგავართ, ხელისუფლება, და ვაძლევთ ამ ხალხს საშუალებას, რომ თავისი აზრი გამოხატონ, არ არსებობს. სწორედ ამას ვაპირებთ, ვაპირებთ, რომ უნივერსიტეტს ჰქონდეს მეტი ავტონომია, მეტი, უფრო ძლიერი თვითმმართველობა, საერთაშორისოზე ორიენტირებული უმაღლესი განათლება და სწორედ ის, რომ ამ უნივერსიტეტმა დაიბრუნოს ლიდერობა. მთელი ჩვენი ძალისხმევა სწორედ აქეთ იქნება მიმართული, მათ შორის, ამ ხალხთან ერთად“.

რაც შეეხება უნივერსიტეტის სტრატეგიული განვითარების გეგმის შემუშავების პროცესში ჩართვას, როგორც „აუდიტორია 115“-ის წევრები რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ამბობენ, ისინი ამ შეთავაზებაზე იმსჯელებენ და მიიღებენ გადაწყვეტილებას, ჩაერთონ თუ არა ან რა ფორმით ჩაერთონ გეგმის შემუშავებაში.