კახეთში ატამს ვერ ყიდიან

გლეხები ატმის მოსავლის რეალიზებას ვერ ახერხებენ. კილო ატმის ფასი კახეთში საშუალოდ 20 თეთრია. გურჯაანის გამგებლის ჯონი ოსიაშვილის თქმით, ატამი განსაკუთრებით მას შემდეგ გაუფასურდა, რაც საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე საბაჟო გადასახადმა მოიმატა.

გურჯაანის რაიონ სოფელ ჩუმლაყში გლეხები პაპანაქება სიცხეში მთელი დღე დგანან. მათი ამოცანაა, როგორმე მოწეული მოსავალი მინიმალურ ფასში მაინც გაყიდონ. წელს ატმის ფასი დაახლოებით 20 თეთრია.

„ყუთში გვაძლევენ სამ მანეთს, მასხარად გვიგდებენ და ეგაა. ყუთში 22-24 კილო ჩადის, კილო 20 კაპიკიც არ გამოდის“.

„ძალიან ძვირი ჯდება მოყვანა. ორმოცდაათ თეთრად ვყიდი, მაგრამ მყიდველი არავინ არის“.

„საბაჟოა გაძვირებული, 20 კაპიკს აქ იხდიან და ლარს და ოცდაათს - საბაჟოზე“.


გურჯაანის გამგებელი ჯონი ოსიაშვილი ამბობს, რომ ატმის გაუფასურება საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე საბაჟო გადასახადის მატებამ გამოიწვია. მისივე თქმით, აზერბაიჯანის მთავრობას გადასახადის დაწევა სთხოვეს, თუმცა პასუხი ჯერ არ მიუღიათ:

„ჩვენ ჯერ კიდევ სეზონის დაწყებამდე მივაწოდეთ ინფორმაცია სოფლის მეურნეობის სამინისტროს. სამინისტრომ აზერბაიჯანულ მხარეს მიმართა თხოვნით საბაჟო გადასახადებთან დაკავშირებით, ვინაიდან შარშან 50 თეთრი იყო საბაჟო გადასახადი გადატანაზე, ახლა არის ლარი და 12 თეთრი. ამან გამოიწვია ის, რომ ჩვენთან პროდუქცია გაიაფდა და, რა თქმა უნდა, ეს სამართლიან გულისწყრომას იწვევს“.
საწარმო არ შეიძლება ერთ კვირაში აშენდეს, მაგრამ ამაზე მუშაობენ და ფერმერებმა ეს უნდა გაიგონ და შევიდნენ მდგომარეობაში. მოცემულ მომენტში ერთადერთი გამოსავალი ისაა, რომ ფერმერმა თავად მოიძიოს კერძო პირები, ვისთანაც საკუთარი მოსავლის რეალიზებას შეძლებს...
მარიკა გელაშვილი

ექსპერტი სოფლის მეურნეობის საკითხებში ავთანდილ კორახაშვილი აცხადებს, რომ ატამი, როგორც მალფუჭებადი პროდუქტი, ბევრ პრობლემას წარმოშობს. გლეხებს მისი შენახვის საშუალება არა აქვთ, რადგან სამაცივრე მეურნეობები არ არსებობს, ასევე არ არის გადამამუშავებელი საწარმოები, რომელიც ხილს ჩაიბარებდა. ავთანდილ კორახაშვილი ამბობს, რომ ზოგადად ატამი ძალიან ძვირად ღირებული პროდუქტია, მაგრამ, სამწუხაროდ, საქართველო მისი რეალიზაციისთვის მოუმზადებელი აღმოჩნდა:

„არ არის აწყობილი მარკეტინგის ქსელი. არ გვაქვს სამაცივრო საწყობები, არ არსებობს დარგობრივი ასოციაციები და, რაც მთავარია, არ გვაქვს გადამამუშავებელი მრეწველობა, რომელმაც უნდა ჩაიბაროს ატამი და გადაამუშაოს ყველაზე ძვირად ღირებულ პროდუქტად, ნატურალურ წვენად“.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობისა და სურსათის დეპარტამენტის წარმომადგენელი მარიკა გელაშვილი ამბობს, რომ სამინისტრო ფასების განსაზღვრაში ვერ ჩაერევა და ეს მთლიანად ბაზარზეა დამოკიდებული:

„საწარმო არ შეიძლება ერთ კვირაში აშენდეს, მაგრამ ამაზე მუშაობენ და ფერმერებმა ეს უნდა გაიგონ და შევიდნენ მდგომარეობაში. მოცემულ მომენტში ერთადერთი გამოსავალი ისაა, რომ ფერმერმა თავად მოიძიოს კერძო პირები, ვისთანაც საკუთარი მოსავლის რეალიზებას შეძლებს. სხვა გამოსავალს მე ამწუთას ვერ ვხედავ“.

მისივე თქმით, იმისათვის, რომ პროდუქცია რუსეთის ბაზარზე გავიდეს, მან ამ ბაზრის სანიტარული მოთხოვნები უნდა დააკმაყოფილოს და ფიტოსანიტარული სერტიფიკატი აიღოს. იმის გაგება, თუ კერძოდ რა პროცედურებია ამასთან დაკავშირებით გასავლელი, ფერმერს სოფლის მეურნეობის სამინისტროში შეუძლია.