ასპინძის მოსახლეობა წყლის სისტემის რეაბილიტაციას ითხოვს

ასპინძის მოსახლეობა სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაციას ითხოვს. ადგილობრივები ამბობენ, რომ ონკანში დაბინძურებული წყალი მოდის, რომელიც სასმელად უვარგისია.

გასაწმენდი სათავენაგებობები და დაბინძურებული სასმელი წყალი ასპინძის მუნიციპალიტეტში – დაბის მოსახლეობა სისტემის რეაბილიტაციას ითხოვს. ასპინძელები ამბობენ, რომ ყოველი წლის გაზაფხულზე წყალი ბინძურდება და სასმელად უვარგისი ხდება, ამიტომ იძულებულნი არიან მაღაზიებში შეიძინონ, რაც, მათივე თქმით, წყლის გადასახადთან ერთად, ორმაგ ხარჯებთან არის დაკავშირებული. ადგილობრივები იმასაც ამბობენ, რომ ოთის წყლის სათავე ნაგებობა, საიდანაც სასმელი წყალი მიეწოდებათ, წლებია გასაწმენდია.

იმისთვის, რომ დაბის მოსახლეობამ ოთის წყლით აღარ ისარგებლოს, ხანდოს წყლის სისტემის სრული რეაბილიტაცია იგეგმება, განმარტავენ ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგეობაში. ალექსანდრეპაპაშვილის თქმით, სისტემისმშენებლობა 2007 წელს დაიწყო და გასულ წელს დასრულდა, მაგრამ მისი ექსპლუატაციაში შესვლა ვერ ხერხდება. გამგებლის მოადგილე ირწმუნება, რომ სისტემა ამორტიზებულია, რადგან ძველი არხებით არის დაქსელილი. პაპაშვილის თქმით, ყოფილმა ხელისუფლებამხანდოს წყლის სისტემა ჩაიბარა, მათ კი ხარვეზების გამოსწორება უწევთ.

ასპინძის მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს ხელმძღვანელი და ყოფილი გამგებელი მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილის ბრალდებებს უარყოფს. ბესიკ ბექაურის თქმით, აღნიშნული სამუშაოები მუნიციპალური განვითარების ფონდმა შეასრულა, თუმცა მაშინდელი თვითმმართველობა რეაბილიტაციის პროცესს მუდმივად აკონტროლებდა.იგი ირწმუნება, რომ სისტემის მშენებლობა ძველი და დაზიანებული არხებით არ მომხდარა. ბესიკ ბექაურის თქმით,მოსახლეობისათვის ხარისხიანი წყლის მიწოდება ადგილობრივი ხელისუფლების ვალდებულებაა.

ასპინძის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები ვერ აკონკრეტებენ, როდის დაიწყება ეგრეთ წოდებული „ხანდოს წყლების“ რეაბილიტაცია და როდის მიეწოდება მოსახლეობას სუფთა სასმელი წყალი. გამგეობაში აცხადებენ, რომ პასუხს ამაზე ცენტრალური უწყებიდან დღემდე ელოდებიან.