დაკარგული მანდატები და სახლში ჩატარებული არჩევნები

კოალიციაში 5-დღიანი დაპირისპირების შემდეგ ასპინძის „ქართული ოცნების“ რაიონული ორგანიზაცია დაფუძნდა. ასპინძაში „ქართული ოცნების“ რაიონულ ორგანიზაციას ადგილობრივი მკვიდრი მამუკა მელიქიძე უხელმძღვანელებს. ამ ფაქტს პაატა მაისურაძის მომხრეები ეწინააღმდეგებიან. მათი მტკიცებით, ყრილობაზე დელეგატებმა თავმჯდომარე ფარულად აირჩიეს.

კოალიციაში დაპირისპირება თავმჯდომარის თანამდებობაზე მამუკა მელიქიძის კანდიდატურის დასახელების შემდეგ დაიწყო. აქტივისტების ერთმა ჯგუფმა ყრილობა, სადაც ბიურო უნდა ჩამოეყალიბებინათ და თავმჯდომარე აერჩიათ, რამდენჯერმე ჩაშალა. ისინი ამბობდნენ, რომ ცენტრალური ორგანიზაციის მიერ წარმოდგენილი კანდიდატის დანიშვნას არ დაუშვებდნენ. კოალიციის წევრები მმართველ პარტიას თავიანთი თანამოაზრის, პაატა მაისურაძის, კანდიდატურას სთავაზობდნენ. იგი კონკურენტს თავშეკავებისკენ მოუწოდებდა.

2 თებერვალს მამუკა მელიქიძის მხარდამჭერებმა კონფერენციის ჩატარება კულტურის სახლში კიდევ ერთხელ სცადეს. პაატა მაისურაძის მომხრეებმა ყრილობის ჩაშლა მაინც შეძლეს, თუმცა ირწმუნებოდნენ, რომ შენობას მძიმეწონიანი მამაკაცები დარაჯობდნენ. მამუკა მელიქიძე აცხადებს, რომ ის ჯგუფი, რომელიც მის წინააღმდეგ მოქმედებს, კოალიციის შემადგენლობაში არ შედის.

კოალიციის წევრები კონფერენციის შედეგის გაუქმებასთან ერთად მანდატების მიღებასაც ითხოვენ, რის შემდეგაც ისინი თავმჯდომარის ხელახალ არჩევნებს გამართავენ. წინააღმდეგ შემთხვევაში, აქტივისტები საყოველთაო აქციების გამართვით იმუქრებიან.

მამუკა მელიქიძის მოწინააღმდეგეები მოითხოვენ, რომ 2 თებერვალს ჩატარებული კონფერენციის შედეგები ბათილად ჩაითვალოს, რადგან თავმჯდომარის არჩევა არაკანონიერად მოხდა. აქტივისტები აცხადებენ, რომ მათი მანდატები გაურკვეველ ვითარებაში გაუჩინარდა, რის შემდეგაც ყრილობაში მონაწილეობის უფლება დაკარგეს.