საქართველოს პარლამენტმა 18 ივლისს კენჭი უყარა ევროკავშირთან საქართველოს ასოცირების შესახებ შეთანხმების რატიფიცირებას. 123 მომხრე და არც ერთი წინააღმდეგი - დღის ბოლოს სწორედ ამ შედეგით დასრულდა კენჭისყრა. ეს ნაბიჯი, საპარლამენტო უმრავლესობის განცხადებით, არის ფრთხილი კაკუნი ევროკავშირის კარზე, როგორც წინაპირობა ამ კარის მომავალში უფრო ფართოდ გაღებისა.
„123 მომხრე, არც ერთი წინააღმდეგი, ხელშეკრულება რატიფიცირებულია“, - ამ სიტყვების შემდეგ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა ხელი მოაწერა პარლამენტის დადგენილებას საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმების რატიფიცირების თაობაზე.
ასოცირების შესახებ შეთანხმების დოკუმენტის კენჭისყრამდე პარლამენტის წევრებს პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა მოკლე სიტყვით მიმართა და ყველას ამ უმნიშვნელოვანესი დოკუმენტის მხარდაჭერისკენ მოუწოდა:
„ქართველმა ხალხმა აირჩია ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია - არა როგორც საუკეთესო, არამედ როგორც ერთადერთი საგარეო პოლიტიკური ორიენტაცია, რომელიც სრულად შეესაბამება ჩვენს ღირებულებებს და მისწრაფებებს დემოკრატიის, მშვიდობის და კეთილდღეობისაკენ მიმავალ გზაზე. კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ ყველას მხარი დაუჭიროთ ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალს იმისათვის, რომ ჩვენი ქვეყანა ერთხელ და სამუდამოდ გახდეს თანამედროვე, ძლიერი ევროპული სახემწიფო“.
ნება მიბოძეთ გარკვევით ვთქვა, რომ როდესაც მე ვახსენებ საქართველოს, პატივს ვცემ მის ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს, ხოლო როდესაც ვლაპარაკობთ ევროკავშირთან საქართველოს ასოცირების შესახებ შეთანხმების სარგებელზე, მე ვგულისხმობ სარგებელს საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრები ყველა მოქალაქისათვის...შტეფან ფიულე
ევროკომისარმა გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში შტეფან ფიულემ კიდევ ერთხელ დააფიქსირა ევროკავშირის მხარდაჭერა საქართველოს მიმართ და ასოცირების შესახებ შეთანხმების სიკეთეებზე საუბრისას თქვა, რომ ყველა ეს სარგებელი ერთნაირად შეეხება საქართველოს ყველა მოქალაქეს, მათ შორის აფხაზებსა და ოსებს:
„ნება მიბოძეთ გარკვევით ვთქვა, რომ როდესაც მე ვახსენებ საქართველოს, პატივს ვცემ მის ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს, ხოლო როდესაც ვლაპარაკობთ ევროკავშირთან საქართველოს ასოცირების შესახებ შეთანხმების სარგებელზე, მე ვგულისხმობ სარგებელს საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრები ყველა მოქალაქისათვის. მჯერა, ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციის გზაზე საქართველო მომდევნო წლებში დიდ ტრანსფორმაციას განიცდის. ქვეყანა გაატარებს რეფორმებს, რომლებიც ქვეყანას ევროპულ სივრცეს დაუახლოებს როგორც ეკონომიკურად, ისე პოლიტიკურად და სოციალურად“.
პარლამენტის რიგგარეშე სესიაზე მთელი დღის განმავლობაში დეპუტატების გამოსვლები ერთმანეთს ცვლიდა. დოკუმენტი დეპუტატებს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ წარუდგენა. მან ჯერ მოკლედ მიმოიხილა, თუ რა არის ევროკავშირის იდეა, რას მოუტანს ევროპის ნაწილად ყოფნა საქართველოს და თქვა, რომ ეს არის სივრცე, რომელიც საშუალებას აძლევს მის წევრ ქვეყნებს თავად მართონ საკუთარი მომავალი.
„საქართველოს ისტორიაში ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც საერთო ეროვნული თანხმობისა და ფასეულობების საფუძველზე ნებაყოფლობით ვირჩევთ ჩვენი მომავალი განვითარების გზას, რომელიც ევროკავშირში გაერთიანებისაკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია“.
ეს შეთანხმება არ არის უბრალოდ ორ საერთაშორისო სუბიექტს შორის დადებული შეთანხმება. ეს არის ქართველთა ეროვნული იდეის, საქართველოს ერთიანი ევროპული ოჯახის სრულუფლებიანი წევრობისკენ გადადგმული უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი...მაია ფანჯიკიძე
საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ასოცირების შეთანხმების 1600-გვერდიანი დოკუმენტის მთავარ აქცენტებზე გაამახვილა ყურადღება და განმარტა, თუ რას ავალდებულებს დოკუმენტი საქართველოს და, თავის მხრივ, როგორია ევროკავშირის როლი საქართველოს ევროპასთან დაახლოების გზაზე:
„თქვენს წინაშე წარმოდგენილი დოკუმენტი მთლიანად განსხვავდება ყველა იმ ხელშეკრულებისგან, რომლებზეც აქამდე გვიმუშავია. ეს შეთანხმება არ არის უბრალოდ ორ საერთაშორისო სუბიექტს შორის დადებული შეთანხმება. ეს არის ქართველთა ეროვნული იდეის, საქართველოს ერთიანი ევროპული ოჯახის სრულუფლებიანი წევრობისკენ გადადგმული უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი. ასოცირების შეთანხმება მთელ საქართველოს მოიცავს და განკუთვნილია თითოეული ჩვენი მოქალაქისათვის, მათ შორის ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ჩვენი მოქალაქეებისათვის“.
ასოცირების შეთანხმების ეკონომიკურ მხარეზე დეპუტატების წინაშე მოხსენებით წარდგა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, რომელმაც კიდევ ერთხელ განმარტა საქართველო-ევროკავშირის მომავალი სავაჭრო ეკონომიკური ურთიერთობების მთავარი არსი:
„თავისუფალი სავაჭრო ზონის შეთანხმების ამოქმედებით საქართველოში წარმოებულ საქონელსა და მომსახურებას გარკვეული პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში გაეხსნება მსოფლიოს უმსხვილესი ბაზარი, რომელიც ამ ეტაპზე აერთიანებს 28 ქვეყანას დ 500 მილიონზე მეტ მომხმარებელს.საქონლისა და მომხმარებლის თავისუფალი გადაადგილება ხელს შეუწყობს საქართველოს საექსპორტო პოტენციალის ზრდას, საქართველო გახდება მიმზიდველი ქვეყანა ინვესტორებისათვის, რაც ინვესტიციების ზრდასაც გამოიწვევს, ამ დოკუმენტის ამოქმედება ასევე ხელს შეუწყობს ახალი საწარმოებისა და პროდუქციის გაჩენას“.
შეიძლებოდა დღეს ხელისუფლებას აეცილებინა საუბარი პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეებზე, დაპატიმრებებზე, აბსოლუტურად არაევროპულ მაგალითებზე, როგორიც არის გიგი უგულავას, მოქმედი საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის, დაპატიმრება...გიგი წერეთელი
რა ცვლილებების შეტანა მოუწევს საქართველოს კანონმდებლობაში ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით? ადამიანის უფლებათა კომიტეტის ხელმძღვანელმა ეკა ბესელიამ ჩამოთვალა დღეს არსებული გამოწვევები: „ეს არის მართლმსაჯულების სფეროში კანონის უზენაესობის განმტკიცება და ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა პატივისცემა. ამ თანამშრომლობის მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილია ის შვიდწლიანი სტრატეგია, რომელიც საქართველოს პარლამენტმა დაამტკიცა და ასევე ორწლიანი სამოქმედო გეგმა“.
ასოცირების შეთანხმების მნიშვნელობის შესახებ ცალკეული სფეროების მიხედვით საკუთარი აზრი თითქმის ყველა კომიტეტის წარმომადგენელმა გამოხატა. „ევროკავშირში ინტეგრაცია პირდაპირპროპორციულია ნატოსთან ინტეგრაციისა“, - განაცხადა თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმა. ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ვიქტორ დოლიძემ კი თქვა, რომ ეს ხელმოწერილი შეთანხმება არ არის ბოლო წერტილი საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობის გზაზე, ეს არის წინაპირობა ევროკავშირის ერთიანი ოჯახის წევრობისა, ეს კი იმაზე იქნება დამოკიდებული, როგორ შეძლებს საქართველო აღებული ვალდებულების შესრულებას. ასოცირების შეთანხმების მნიშვნელობაზე ხაზგასმის პარალელურად, საპარლამენტო ოპოზციას არც ხელისუფლების კრიტიკა დავიწყებია. არაევროპული მაგალითები და პრობლემები დემოკრატიზაციის პროცესში - ამ სიტყვებით დაიწყო თავისი გამოსვლა ოპოზიციის წარმომადგენელმა გიგი წერეთელმა:
„შეიძლებოდა დღეს ხელისუფლებას აეცილებინა საუბარი პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეებზე, დაპატიმრებებზე, აბსოლუტურად არაევროპულ მაგალითებზე, როგორიც არის გიგი უგულავას, მოქმედი საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის, დაპატიმრება... ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ეს დიდი საფრთხის შემცველი პროცესია და, პირველ რიგში, რუსეთის მხრიდან“.
ზურაბ ჯაფარიძემ კი ჩაიკითხა სია იმ ადამიანებისა, ვინც ასოცირების შეთანხმებაზე მუშაობა დაიწყო წინა ხელისუფლების დროს და მათ შორის ახსენა კახა ბენდუქიძე და მიხეილ სააკაშვილი. ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ ხელმძღვანელმა დავით დარჩიაშვილმა დოკუმენტის ტექსტის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი, თუმცა იქვე დააყოლა, რომ ის, რა გზასაც ადგას დღეს საქართველო, აცდენილია მასში ჩაწერილ ვალდებულებებს. ნუგზარ წიკლაურის განცხადებით კი, ბიძინა ივანიშვილი და მისდამი უსიტყვო მორჩილება არ ნიშნავს ევროპულ გზას:
„ჩვენ ვერ წავალთ ევროპისაკენ ამ მონური მორჩილებით. ევროპისაკენ ჩვენ პოლიტპატიმრების გარეშე უნდა წავიდეთ, განადგურების წყურვილის გარეშე და ამ არაფორმალური ოლიგარქიული მართვის გარეშე“, განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა.
პარლამენტის რიგგარეშე სესია საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის, მილოცვით დასრულდა.